სექსუალობის თვითაღქმა ძუძუს კიბოს შემდეგ





ჯანდაცვა

სექსუალობის თვითაღქმა ძუძუს კიბოს შემდეგ




ძუძუს კიბოს მკურნალობისას, ქიმიოთერაპიის პირველ ტრიმესტრში, ნინოს ჭარბი მენსტრუაცია დაეწყო: შესაძლოა, ორ კვირაში ერთხელ ჰქონოდა ციკლი. შემდეგ განრიგიც აერია: მენზესმა იკლო და მკურნალობის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ მენსტრუაცია საერთოდ გაუქრა.

ექიმმა გააფრთხილა, რომ შესაძლოა, მენსტრუაცია დროებით არეულიყო და შეწყვეტილიყო კიდეც, მაგრამ 32 წლის ნინოს მაინც შეეშინდა ადრეული კლიმაქსის.

- ყველაფრის გეშინია მაგ დროს: წონაში მატების, ჰორმონალური ცვლილებების. ფსიქოლოგიური ფაქტორიც არის: როცა მენსტრუაცია გაქვს, თავს ახალგაზრდად და ჯანმრთელად გრძნობ. კლიმაქსი კი საშინლად ჟღერს.

მენსტრუაცია ნინოს სრულფასოვნად მკურნალობის დასრულებიდან 9 თვეში აღუდგა. იქამდე კი ქიმიოთერაპიის დროს ვენებში ძლიერმოქმედ პრეპარატ 'ტაქსოტერეს' უსხამდნენ, რომელსაც არაერთი გვერდითი მოვლენა აქვს: სითხის შეკავება ორგანიზმში (რაც შეშუპებას იწვევს), პერიფერიული ნევროპათია, გულისრევა, დიარეა, ტუჩების დახეთქვა, თმის ცვენა, საერთო სისუსტე, ფრჩხილების ფერის ცვლილება.

თითქმის ყველა ეს სიმპტომი ნინოს ჰქონდა. მაგრამ ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის კურსების გავლის შემდეგ ყველაფერს ერთი ‘სიმპტომიც’ დაემატა: ნინოს ქმრის მიმართ სქესობრივი ინტერესი საერთოდ გაუქრა. ნინო ამბობს, რომ მკურნალობის დროს სექსის სიხშირე არ შეცვლილა, თუმცა ალერსის სურვილი და ინიციატივა ქმრისგან მოდიოდა.

სქესობრივი ანჰედონია -  სიამოვნების მიღების შეუძლებლობა, საყვარელი პარტნიორის მიმართ ინტერესისა და ლტოლვის დაკარგვა, სქესობრივი დისფუნქცია ვიზუალურად, ნევროლოგიურად და სქესობრივად ქალისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოს - ძუძუს - მოკვეთის და თანმდევი მკურნალობის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ტაბუირებული და იგნორირებული საკითხია.

მოკვეთილი სარძევე ჯირკვალი, ნაიარევი მოკვეთილ ადგილას, გამეჩხერებული თმები, დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება,  რადიოლოგიური მკურნალობის დროს მიღებული დამწვრობები, გულისრევა, ჰორმონების დამთრგუნველი პრეპარატების კასკადი, ქიმიოთერაპიის გამო სხეულის გარკვეული უბნების გაუგრძნობელობა, წონაში მატება ან ძალიან კლება, დასიება, შფოთი, შიში - ნინო ერთ-ერთია იმ მრავალ ქალს შორის, ვისაც რთული და ხანგრძლივვადიანი მკურნალობის შემდეგ სქესობრივი ანჰედონია ემართება და არც პარტნიორს უმხელს პრობლემას და არც ექიმს.

“სექსი და კიბო - ინტიმი, რომანტიკა და სიყვარული კიბოს დიაგნოზისა და მკურნალობის შემდეგ” - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც  გინეკოლოგიური კიბოს სპეციალისტმა საკეტ გუნტუპალიმ და მწერალმა მარიან კარინჩიმ 2017 წელს გამოუშვეს.  გუნტუპალის წლების განმავლობაში ჰქონდა შეხება არა მხოლოდ ძუძუს კიბოს, არამედ გინეკოლოგიური სიმსივნეების პაციენტებთან და გადაწყვიტა, რომ მისი გამოცდილება წიგნის სახით გამოეცა და რჩევები მიეცა როგორც კოლეგა ექიმების, ასევე პაციენტებითვის.   

“პაციენტებთან ურთიერთობისას აღმოვაჩინე, რომ კიბოს დიაგნოზისა და მკურნალობის შემდეგ ყველა სახის სექსი - ორალური, ვაგინალური თუ ანალური - ნაკლებად სასიამოვნო იყო ქალისთვის, ვიდრე იქამდე - და უფრო და უფრო მცირდებოდა მისი სიხშირე.”

წიგნის ავტორებს უნდოდათ, რომ ‘დაავადებათა მეფეს’ - კიბოს - არ გაემარჯვა პაციენტებზე და მათთვის ყველაზე ძვირფასი ურთიერთობები არ დაენგრია.  

“თუ ამ წიგნს კითხულობ, დიდი შანსია, იყო იმ წყვილიდან ერთ-ერთი, რომელთაც სიმსივნე ერთად დაამარცხეს. თუ გაუძელით და არ დაშორდით ერთმანეთს, ახლა, შესაძლოა, უფრო გიყვართ ერთმანეთი, ვიდრე კიბოს დიაგნოზამდე. დაგაიმედებთ და გეტყვით, რომ დიდი რაოდენობით მონაცემები არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ის პაციენტები, რომლებიც ძლიერ და სანდო ურთიერთობაში იყვნენ, უკეთესად გაუმკლავდნენ დაავადებას, ვიდრე ისინი, ვინც მარტო იბრძოდნენ,” - უყვებიან წიგნის ავტორები პაციენტებს და მათ პარტნიორებს.  

კვლევის მიხედვით, რომელიც ორი მედიკოსის - ერიკა ბოსუელისა და დონ დაიზონის ავტორობით, ჟურნალ Translational Andrology and Urology-ში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ქალის ჯანსაღი სექსუალური ფუნქციონირება უფრო მეტ ასპექტს მოიცავს, ვიდრე მისი მხოლოდ ტრადიციული გაგება: აღგზნება ან ორგაზმის ერთჯერადად მიღწევა.

კვლევის ავტორებით აზრით, ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრება უფრო დეტალური და ჩაღრმავებული კითხვარებითა და მაჩვენებლებით უნდა გაიზომოს, როგორებიცაა:  

  • რამდენ ხანში ერთხელ აქვს ქალს სექსი თავის პარტნიორთან?
  • რამდენად ხშირად უნდება სექსი?
  • რამდენად ხშირად მასტურბირებს?
  • მისი აღგზნება სუბიექტურია თუ ორგაზმს მართლა აღწევს?  
  • გამოყოფს თუ არა მისი ვაგინა საკმარის სითხეს, რომ პენეტრაცია კომფორტული იყოს და არა მტკივნეული?
  • რა სახის სტიმულაციები სჭირდება ქალს, რომ ორგაზმს მიაღწიოს?

მნიშვნელოვანია პარტნიორის სტატუსი, მისდამი ნდობა და სიახლოვე; ასევე ის როლები, რაც პარტნიორებს ერთმანეთისთვის აქვთ განსაზღვრული.

სხვადასხვა მკვლევარი, მეტნაკლებად, ყველა ამ კომპონენტს თვლის მნიშვნელოვნად სექსუალობის ხარისხის განსაზღვრის დროს. კიბოს ‘შეჭრამ’ ქალისა და მისი პარტნიორის ცხოვრებაში კი, შესაძლოა, ყველა ეს  ასპექტი სრულიად შეცვალოს და ქალი სექსუალურ დისფუნქციამდე მიიყვანოს.

Diagnostic and Statistical Manual-ის მეხუთე გამოცემა სქესობრივი ცხოვრების აშლას ასე ახასიათებს:  სქესობრივი ინტერესისა და აღგზნების დაკარგვა; ორგაზმის მიღწევის სიძნელე, ვაგინის სიმშრალე და თანმდევი ტკივილი პენეტრაციის დროს.  ჩამოთვლილი სიმპტომი, სულ მცირე, ბოლო 6 თვის განმავლობაში მაინც უნდა გრძელდებოდეს, რომ მისი, როგორც აშლილობის, კვალიფიკაცია მოხდეს.  

მდგომარეობას აუარესებს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრესორი: ურთიერთობის გამწვავება პარტნიორთან.   

გარეგნულმა ცვლილებებმა (ძუძუს მოკვეთა), შესაძლოა, ქალში პარტნიორის მხრიდან უარყოფის შიში გამოიწვის. საბედნიეროდ, აქამდე არსებული ლიტერატურა მიუთითებს, რომ პაციენტების დიდი ნაწილი, რომლებიც დაქორწინებულები არიან,  სტაბილურ ურთიერთობაშივე რჩებიან დიაგნოზის შემდეგ.  ამასთან დაკავშირებით 2000 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემდეგ ქმრები ცოლებს, ძირითადად, არ ტოვებდნენ. მხოლოდ ისეთი წყვილები შორდებოდნენ, რომლებსაც პრობლემები დიაგნოზამდეც ჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა პაციენტისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათი მხოლოდ ნახევარზე ნაკლები იღებს სქესობრივი ცხოვრების ცვლილებზე სათანადო სამედიცინო შეფასებასა და მკურნალობას.

ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ისიცაა, რომ ქალებს არ უნდათ ასეთი პირადი ინფორმაციის გაზიარება ონკოლოგებთან; არც ონკოლოგებს აქვთ ხშირად არც შესაბამისი  განათლება ან ნდობის ის დონე პაციენტთან, რომ ჯეროვნად მოუსმინონ მათ და საჭიროების შემთხვევაში, ქალი შესაბამის სპეციალისტთან გადაამისამართონ.

2014 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევის თანახმად, იყო შემთხვევები, როდესაც ქალები მომსახურე კლინიკებში სქესობრივი ცხოვრების ცვლილებებზე მიუთითებდნენ, მაგრამ კლინიკის ადმინისტრაცია ამას სერიოზულად არ იღებდა ან პრობლემას ამარტივებდა: სექსი მხოლოდ ფიზიკურ ფაქტორამდე დაჰყავდა და იგნორირებდა უფრო რთულ და გლობალურ საკითხს, როგორიცაა წყვილის ურთიერთობა, სექსის ფიზიკური განზომილება რომლის მხოლოდ ერთი ნაწილია და არა ყველაფერი.

2014 წელს კიბოს ადრეული სტადიის დიაგნოზის მქონე ქალებს შორის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათი სექსუალური ფუნქციონირება მკურნალობიდან 6 თვის შემდეგ გაუარესდა დიაგნოზამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით. იმ ქალებში, რომლებმაც მასტექტომია გაიარეს, სქესობრივი ლტოლვის, აღგზნებისა, ორგაზმის მიღწევის სირთულე აღენიშნებოდათ.   

იგივე შედეგები მოჰყვა კვლევას, რომელიც 990 ქალში ჩატარდა.  პაციენტი ქალები ქირურგიული ოპერაციიდან 5 წლის განმავლობაში, რეგულარული ინტერვალებით, გამოიკვლიეს.  საკუთარი სხეულის მიმართ მათი აღქმა, სქესობრივი როლის შენარჩუნება და ლტოლვა შედარებით დაბალი იყო. თუმცა, მომავლის შიში და სოციალური შფოთი მასტექტომიაგამოვლილ ახალგაზრდა პაციენტებში უფრო დიდი იყო, ვიდრე უფრო ასაკოვან პაციენტებში.

კვლევების ნაწილი ამბობს, რომ ძუძუს რეკონსტრუქცია სქესობრივ პრობლემებს ნაწილობრივ აგვარებს (კვლევა I, კვლევა II), კვლევების ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ეს ასე არ არის:  ქალებს მაინც რჩებათ პრობლემები საკუთარი სხეულის აღქმაში, აწუხებთ დეპრესია, შფოთი და აქვთ საერთო სევდის ფონი.  

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც 600 ქალს შორის ჩატარდა, რომლებმაც იმპლანტით ჩაიტარეს ძუძუს რეკონსტრუქცია, 219-ს რადიოთერაპიაც ჰქონდა ჩატარებული.  იმ ქალებში, რომლებსაც რადიოთერაპია ჰქონდათ ჩატარებული, ამბობდნენ, რომ სიამოვნებას ნაკლებად იღებდნენ და მათი სქესობრივი ცხოვრების დონე დაბალი იყო იმათთან შედარებით, ვისაც რადიოთერაპია არ ჰქონდა ჩატარებული.  

ამ შედეგების მიუხედავად, მკვლევრების აზრით, რადიოთერაპიასა და სქესობრივი ცხოვრების ხარისხის დაცემას შორის ზუსტი პარალელების გავლება რთულია იქიდან გამომდინარე, რომ რადიოთერაპია, ზოგადად, სიმსივნის მკურნალობის უმეტეს ძირითად სქემაში ჯდება და რთულია დადგენა, ცუდი შედეგები მხოლოდ ამის მიზეზია თუ მთლიანად მკურნალობის რეჟიმის.

მიუხედავად იმისა, რომ პერსონალიზებულ და დამიზნებით თერაპიაში დიდი გარღვევებია, ძუძუს კიბოს პაციენტების უმრავლესობას მაინც უწევს ქიმიოთერაპიის კურსის გავლა.  იმ ქალებისთვის, ვინც ქიმიოს დროს პრემენსტრუალურ პერიოდში არიან, მენოპაუზის დაჩქარების საფრთხე ჩნდება, რასაც თან ახლავს სქესობრივი დისფუნქციაც.

აქტიური აგენტები - ანტრაციკლინი და ტაქსანი -  რასაც ქიმიოთერაპიის პრეპარატები შეიცავს, ცუდად მოქმედებს ზოგად ფიზიკურ ფუნქციონირებაზე. ამას ემატება მთელი რიგი ფიზიკური ცვლილებები: დაღლილობა, თმის ცვენა, კუჭ-ნაწლავის სისტემის გაღიზიანება და მიელოსუპრესია (სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების შემცირება), რაც აქრობს ინტერესს სექსის, აჩლუნგებს აღმზნები გამაღიზიანებლების მიმართ რეაქციას.  

ქალების უმრავლესობაში ეს სიმპტომები მკურნალობასთან ერთად ქრება, ზოგ შემთხვევებში კი - მკურნალობის შემდეგად გრძელდება.

თუ პაციენტი ჰორნომალური მკურნალობის რეჟიმშია, შესაძლოა, ჰორმონ ესტროგენის დონემ დაიწიოს, რაც ვაგინის სიმშრალეს იწვევს. ვაგინის სიმშრალე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, რომელიც ქალებს ძუძუს კიბოს მკურნალობის დროს აქვთ.  

მკვლევრების აზრით, ძუძუს კიბოს გადარჩენილი პაციენტის სექსუალობის პრობლემების შეფასება მხოლოდ მათი აწმყო მდგომარეობის შეფასებით არ უნდა შემოიფარგლოს.  მნიშვნელოვანია ავადმყოფობის ისტორიაც, ვინაიდან სქესობრივი დისფუნქცია სხვა მრავალმა წინა დაავადებამაც შეიძლება გამოიწვიოს (დიაბეტი, ბეტა-ბლოკერი მედიკამენტები და ასე შემდეგ), რაც გასათვალისწინებელია დასკვნის გამოტანამდე.  

სქესობრივი ცხოვრების განხილვა ექიმსა და პაციენტს შორის, კვლევის ავტორების აზრით,  სამ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს: ღია კომუნიკაციას; სამედიცინო საკითხებში ჩახედულობასა და განათლებას.

“ჩვენ, ექიმებს, ხშირად სქესობრივი სიჯანსაღე და ბედნიერება ფიზიკურ აქტამდე დაგვყავს,” - ამბობენ კვლევის ავტორები. -  “თვითონ პაციენტები კი ხშირად ხაზს უსვამდნენ უფრო მაღალი ხარისხის ინტიმურობას, როგორც ცალკე ღირებულებას. ასეთი სახის ინტიმურობაში ხშირად ფიზიკური ფაქტორი არ მოიაზრება.”

ნინო ამბობს, რომ მისი და ქმრის ურთიერთობაში, რომელიც 20 წელია გრძელდება, მართალია სქესობრივი ლტოვა შენელდა დაავადების შემდეგ, მაგრამ ავადმყოფობის გამოცდილებამ მეტად საიმედო და მყარი გახადა მათი კავშირი. ნინო ამბობს, რომ იცნობს არაერთ ქალს, რომელსაც პარტნიორთან ნდობის პრობლემა აქვს: ნაოპერაციებ მკერდს არ აჩვენებს და არც ალერსის დროს შიშვლდება სრულიად.

- სექსი ან წელზევით ჩაცმულებს აქვთ, ან - სრულ სიბნელეში.

ნინო ამბობს, რომ არც მას გაუმხელია ქმრისთვის, რომ მის მიმართ ფიზიკური ლტოლვა დაკარგა.

- ჩემი მკურნალობიდან მხოლოდ 6 თვე გავიდა.  თუ არ გამოსწორდა მდგომარეობა, აუცილებლად მივმართავ სპეციალისტს.

კვლევის ავტორების რეკომენდაციაც სწორედ ეს არის ონკოლოგების მიმართ: ისინი მუდმივად უნდა ელაპარაკონ პაციენტებს სქესობრივი ცხოვრებისა ხარისხის შესახებ. ისინი ონკოლოგებს გამოკითხვისა და მდგომარეობის შეფასების სამ, მათი აზრით, ყველაზე ეფექტურ გზას სთავაზობენ.

სქესობრივად ჯანსაღი ურთიერთობა, მათი თქმით, სპეციფიურ შეფასებას საჭიროებს, რაც ხშირად უგულებელყოფილია თვით ექიმების მიერ, პაციენტების გამოკითხვისა და შეფასების დროს.  მათი აზრით, ინტიმურობა არის ემოციური კავშირი და სიახლოვე და შესაძლოა, ყოველთვის არ გულისხმობდეს ‘კოიტალურ იმპერატივს’ - პენეტრაციას ან სექსის სხვა ტრადიციულ სახეებს და შესაძლოა, მის გარეშეც წყვილისთვის არანაკლებ ძვირფასი იყოს.  

ბედნიერი სექსუალური ცხოვრება არ არის მხოლოდ სექსის აქტი, წერია American Cancer Society-ს ვებ-გვერდზეც: “როცა პარტნიორი სუსტადაა, მასთან ხელით შეხება, თბილი მზერა, ზრუნვა, ჩახუტება თუ კოცნა უფრო ფასეულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ.”

უფრო დეტალურად განიხილავს ამ საკითხს ბრიტანული ორგანიზაცია Breast Cancer Care. ეს ორგანიზაცია 1973 წელს დააარსა ბრიტანელმა ბეტი უესთგეითმა, საკუთარი დიაგნოზიდან 5 წლის შემდეგ. ორგანიზაცია დღემდე აქტიურად მუშაობს მთელ გაერთიანებულ სამეფოში და აქვს არაერთი მნიშვნელოვანი ანგარიში საკუთარ ვებ-გვერდზე.

“ძუძუს კიბოს მიმართ თქვენი პარტნიორის დამოკიდებულება, ხშირად, შესაძლოა, თქვენივე დამოკიდებულებიდან გამომდინარეობდეს. ზოგი წყვილის სქესობრივი ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება, ზოგი პატრნიორი კი ასეთ პოზიციას იკავებს: ავადმყოფი პატრნიორის მიმართ ძალიან დამცავ როლს ირგებს, ცდილობს, საყვარელი ადამიანი ყველანაირი სტრესისგან დაიცვას. ამიტომაც, ალერსს არასოდეს იწყებს თვითონ, სექსს არც ახსენებს, მის რეაქციას უფრთხილდება, ეშინია, რომ ავადმყოფი ამაზე არ გაღიზიანდეს.

ზოგ პარტნიორს დრო სჭირდება იმის მისაღებად, რაც მოხდა. ზოგი ვერასოდეს ეგუება ძუძუს კიბოს შედეგებს, უარყოფს პარტნიორს, დროებით ან სამუდამოდ.

საუბარი და კომუნიკაცია საუკეთესო გამოსავალია. ელაპარაკეთ თქვენს პარტნიორს იმაზე, თუ რას გრძნობთ. ერთი მხარე მხოლოდ მას მერე იქნება გახსნილი, როცა მეორე მხარე ელაპარაკება.  სხვანაირად, შესაძლოა, ორივენი არასწორ დასკვნებს აკეთებდეთ იმაზე, რას გრძნობთ და ამას ვერც აცნობიერებდეთ,” - წერია ორგანიზაცია Breast Cancer Care-ის ვებ-გვერდზე.

არის რჩევები მათთვისაც, ვისაც კიბოს დამარცხების შემდეგ ახალი ურთიერთობის დაწყება უნდა.

“თუ პარტნიორი არ გყავთ, შესაძლოა, ახალი ურთიერთობის დაწყებაზე ფიქრმა ცოტათი შეგაშინოთ.  შესაძლოა, ეს იმიტომ მოხდეს, რომ საკუთარ თავსა და გარეგნობაში რწმენა გაქვთ დაკარგული. გეშინიათ, როგორ აღიქვამენ თქვენს შეცვლილ გარეგნობას სხვები.

ძნელია იმის გადაწყვეტაც, თუ როდის უნდა შეატყობინოთ თქვენი ოპერაციისა და კიბოს ამბები ახალ ადამიანს.

თუ არ გყავდათ პარტნიორი დიაგნოზის დროს, მკურნალობის განმავლობაში ან შემდეგ დაშორდით, ახალ პარტნიორთან, ალბათ, ისევ მოგიწევთ ამ საკითხის წამოწევა. თუ როგორ და როდის უნდა გააკეთოთ ეს, არაა მარტივი გადასაწყვეტი.

ძნელია საჭირო და სწორი სიტყვების პოვნა.  მას შემდეგ, რაც უკეთ გაიცნობთ ახალ ადამიანს და მასთან საუბარი და გაზიარება მარტივი გახდება, არა მხოლოდ ძუძუს კიბოზე, არამედ თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე, შესაძლოა, ეს იყოს ყველაზე სწორი დრო სათქმელისთვის.

მისი რეაქციები, შესაძლოა, ბევრნაირი იყოს.  თავიდან, შეიძლება,  თქვენი მეგობარი შოკში ჩავარდეს და ახალ ამბავს ვერ შეეგუოს - ყველას საკუთარი შიშები ან ცრურწმენები აქვს კიბოზე.  

შესაძლოა, გაგიმართლოთ და თქვენი ახალი მეგობარი და პარტნიორი სრულიად ღია და მიმღები აღმოჩნდეს ამ ახალი ამბის მიმართ, ეს ისტორია კი თქვენი ერთობლივი იდენტობის ნაწილად იქცეს.

როცა ახალ ურთიერთობას დაიწყებთ, თქვენი და თქვენი პარტნიორის გადასაწყვეტია, როდის გადახვალთ ისეთი სახის ინტიმურ ურთიერთობაზე, რომელიც ფიზიკურ ასპექტსაც მოიცავს. დაეხმარეთ თქვენს პარტნიორს, გაიგოს თქვენი შიშები და სცადეთ, ერთად გადალახოთ ისინი.”

 

*სტატიის გმირი ქალის სახელი შეცვლილია.

ილუსტრაცია: სოფი დათიშვილი

 

ეს სტატია ნაწილია 'კაქტუსის' (www.cactus-media.ge) პროექტისა 'ცხოვრება მასტექტომიის შემდეგ,' რომელიც 'ქალთა ფონდი საქართველოში'  Women's Fund in Georgia მხარდაჭერით ხორციელდება და რომელიც ძუძუს მოკვეთის შემდეგ ქალების ფსიქიკური, სოციალური და სექსუალური  მდგომარეობის ასპექტებს სწავლობს.

 

ვიდეო-ისტორიები:

ნესტან ჩხიკვაძის მონაყოლი 

ანა მაზანიშვილის მონაყოლი

 

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

ანა და ძუძუს კიბოს სხვა პაციენტები

რჩევები ძუძუს გაუგრძნობელობის დროს

5 რამ, რაც ძუძუს იმპლანტებზე უნდა ვიცოდეთ

გლობალური ჟურნალისტური გამოძიება ძუძუს იმპლანტების რისკებზე

ძუძუს კიბო და აზოტის დიოქსიდი - NO2

კავშირი ძუძუს კიბოსა და ჰაერის  PM 2,5-თა და ოზონით O3 დაბინძურებას შორის

ძუძუს იმპლანტის მაცდური მარკეტინგი vs უცნობი რისკები 

'გაბრტყელება ძუძუს მოკვეთის შემდეგ' 

'ძუძუს გაუგრძნობელობა მასტექტომიის შემდეგ'

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>