მზრუნველი საყვარლები ტყუიან





მეცნიერება

მზრუნველი საყვარლები ტყუიან




წმინდა ვალენტინობა სულაც არაა ჭეშმარიტების ღაღადის დღე.  ღმერთმა აშოროს ყველას ერთმანეთზე სრული სიმართლის ცოდნა! ურთიერთობები იქამდე ძლებს, სანამ წყვილი ზომიერად ეკიდება ‘სიმართლეს’ და ყოველთვის არ ამბობს იმას, რასაც ფიქრობს.  

ზოგჯერ ჩვენი გრძნობები უნდა ვმალოთ, ერთმანეთს გავუღიმოთ მაშინაც კი, როცა ყვირილი გვინდა. 

მოკლედ, უნდა ვითამაშოთ. 

ყველანი ისედაც ვტყუივართ. სხვათა შორის, უფრო ხშირად, ვიდრე გვგონია: კვლევა აჩვენებს, რომ საშუალოდ, ერთი ჩვეულებრივი საუბრის დროს ადამიანები 2-3 ტყუილს ამბობენ, ყოველ 10 წუთში ერთხელ. [1-2 დღე სრულიად უნდა გაჩუმდეთ, რომ ამ სტატისტიკაში რამე შეცვალოთ.]

განსაკუთრებით მაშინ ვტყუივართ, როდესაც საქმე სიყვარულს ეხება. სიყვარული ყველაზე მეტად გვაღელვებს და გვაშინებს; შიში და ზრუნვა კი ის ორი ძირითადი მიზეზია, რომელთა გამოც ტყუილის შეთხზვაზე ვირჯებით.

ყველაფერი ბავშვობიდან იწყება.  რატომ ვიტყუებოდით ბავშვობაში? იმიტომ, რომ ზედმეტი პრობლემები არ გვინდოდა; იმიტომ, რომ გვაღელვებდა, რას იფიქრებდნენ ჩვენზე სხვა ბავშვები; იმიტომ, რომ სასოწარკვეთამდე გვეშინოდა, რომ დედის სიყვარულს და მხარდაჭერას დავკარგავდით.  

ბავშვებს ტყუილი მოჩვენებითი მორჩილებისთვის სჭირდებათ,” წერდა ჟან-ჟაკ რუსო და გვაფრთხილებდა, რომ ბავშვები არ დაგვეშინებინა. მე დავამატებდი, რომ ტყუილის მოგონების მოტივი სიყვარულის შენარჩუნების სურვილია. 

ხალხი, ვინც ყველაზე იმედგაცრუებული რჩება საყვარელი ადამიანის ტყუილებისგან, სწორედ ისეთები არიან, ვისაც სიყვარულზე და სიმართლეზე არარეალისტური წარმოდგენები და მოთხოვნილებები აქვთ.

ტყუილებს ყველაზე მეტად ის ხალხი შეჰყავს შეცდომაში, ვინც საკუთარ თავს ყველაზე დიდ ტყუილს ეუბნებიან: ‘მე არასოდეს არავის ვატყუებ.’

თუ გინდა, რომ ცხოვრებაში სიყვარული გქონდეს, მზად უნდა იყო, რომ სხვაც მოგატყუებს და შენც მოატყუებ სხვას. თუ ტოტალურ გულახდილობას გინდა მიაღწიო, შეგიძლია, ბერად ან მონაზვნად აღიკვეცო და ხალხთან ურთიერთობაში მინიმალისტური ჟესტიკულაციებით შემოისაზღვრო.  

ცხადია, ეს არჩევანია: იმანუელ კანტი ამბობდა, რომ ადამიანი არასოდეს არ უნდა იტყუებოდეს. ამ ფილოსოფიით კი დარჩა თვითონ უცოლოდ.  და ცნობილი მიზანთროპი, არტურ შოპენჰაუერი, ასევე რომანტიკული სიყვარულის სასტიკი მტერი - ამბობდა, რომ ადამიანი თუ გინდა შეიძულო, უნდა დაქორწინდე მასზეო. ასე დარჩა თავისი პუდელების ერთგული ბოლომდე.

კანტისა და შოპენჰაუერისგან განსხვავებით, უმრავლესობა ჩვენგანს უნდა, რომ ვინმე უყვარდეს და იყოს სხვისი სიყვარულის ობიექტი.  და მაინც, რა ტყუილებს ვეუბნებით იმათ, ვინც გვიყვარს და ყველაზე მეტად გვაღელვებს?

უბრალოდ, გაიხსენეთ, რამდენ ტყუილს ვეუბნებით ჩვენს შვილებს (ან ჩვენი მშობლები გვეუბნებოდნენ ჩვენ): “თუ მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ."  "ცხოვრება ადვილდება, ასაკთან ერთად.” 

მეგონა, რომ ყოვლისმცოდნე ბავშვი ვიყავი. მეჩვენებოდა, რომ ხალხს ჩემი შურდა: “ყველაზე ჭკვიანი ხარ,” მარწმუნებდნენ მშობლები. 

ეს ის ტყუილია, რომელიც მოსაწყენ დღეებს გვაგორებინებს და გვაძლებინებს. ამავე კატეგორიაში გადის შემდეგი ფრაზები: “ამ ოთახში ყველაზე ლამაზი ქალი ხარ.” “შენ ერთადერთი კაცი ხარ, ვისაც ყოველთვის ბოლომდე ესმოდა ჩემი.”

ის, რაც ერთი საათის წინ სიმართლე იყო, შესაძლოა, ახლა ტყუილი იყოს და პირიქით.  ზოგჯერ სიტყვა “მიყვარხარ” სულ არ შეესაბამება იმ წამის განწყობას, როცა ამას ვამბობთ, მაგრამ უფრო სიღრმისეულ ჭეშმარიტებას ასახავს და მისი გამეორება სიყვარულის შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მე და ჩემი ცოლი არაერთ ასეთ ტყუილს ვუზიარებთ ერთმანეთს.  როცა ვეკითხები, “ამ წამს რაზე ფიქრობ?” ის მპასუხობს, რომ ფიქრობს, რომელი კაბა ჩაიცვას ვახშამზე.  ან ის თუ მეკითხება, “ძალიან გატკინე გული?” “არა, საყვარელო,” ვეუბნები და ამ პასუხის ჭეშმარიტებაში ვარწმუნებ.

მაგრამ არსებობს უწყინარი ტყუილები და ცუდი ტყუილები.  მე ორჯერ ვიყავი დაქორწინებული.  იმ დღეს ჩემმა ცოლმა სახეში შემაფურთხა, ჩვენი შვილების სკოლის მანქანების პარკინგზე.  ჩვენ უკვე აღარ ვცხოვრობდით ერთად, მალე უნდა განვქორწინებულიყავით, მაგრამ ფიზიკურად ცუდად გახდომამდე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან: უფრო მეტად, ვიდრე მაშინ, როცა დავქორწინდით.  ეს ის მომენტია, როცა ბოლომდე შიშველი ხარ ერთმანეთის წინაშე: ყველაფრის თქმა მოსულა.  “მინდა, რომ მოკვდე!” მიყვირა.  ქუჩაში მიმავალმა კაცმა შემოგვხედა და შიშით ქუჩა გადაჭრა. “საშინელებაა, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებობდი! იმედია, წახვალ და უკან არასოდეს მობრუნდები!”

ამ ყველაფერს ჩემი ცოლი მართლა გრძნობდა ჩემს წინაშე იმ წამს, არ იტყუებოდა, სრული სიმართლე თქვა. ამ შემთხვევიდან დაახლოებით ერთი წლით ადრე საქმიან კონფერენციაზე ვიმყოფებოდი და კოლეგას ჭიქა ყავაზე შევხვდი.  სანამ სასტუმროში დავბრუნდებოდით, ჩემს თავს ვეუბნებოდი: ‘რა მინდა, ბედნიერად დაქორწინებული კაცი ვარ. ამ ქალთან სექსი არ უნდა მქონდეს.’ ჩემივე თავს ვატყუებდი იქამდე, სანამ ქალმა თვითონ არ შემომთავაზა, 'მოდი, ერთად დავწვეთ.'

როგორც ხალხის უმრავლესობამ, ვინც არ იცის, თუ რატომ წამოიწყო ესა თუ ის საშინელი, დამანგრეველი ურთიერთობა, არც მე ვიცოდი, თუ რატომ გავაკეთე ეს:  საკუთარ თავში მაკლდა რწმენა, ჩემი აზრით.  მესიამოვნა, რომ ვიღაცას მოვეწონე და ჩემთან დაწოლა მოუნდა.  როცა ჩემმა ოჯახმა გაიგო ამის შესახებ, ჩემი ქორწინებაც იქ დამთავრდა. 

ახლანდელი გადასახედიდან რომ ვფიქრობ, რა მინდოდა მაშინ, ახალგაზრდობაში? რატომ გავყევი საწოლში იმ ქალს და რატომ დავუნგრიე საბოლოოდ ცხოვრება ჩემს ცოლსა და ქალიშვილებს? პირველი რჩევაა, ცხადია, ასეთ შემთხვევაში, არ უნდა მოატყუოთ საყვარელი ადამიანები და უნდა უთხრათ, რაც მოხდა. 

ზოგადად კი, ყველა თქვენი ქცევა აწონ-დაწონეთ, სურვილებს გადახედეთ.  მე საკუთარი თავს ვატყუებდი და ამან თავისი შედეგი გამოიღო:  პასუხისმგებლობებსა და ზრუნვას გავექეცი. 

დღეს ჩემი ყოფილი ცოლი და მე კარგი მეგობრები ვართ და ამისთვის მადლობა მას.  ახლა უკვე საკმარისად ვზრუნავთ ერთმანეთზე იმისთვის, რომ ზოგჯერ ერთმანეთისთვის უსიამოვნო სიმართლის თქმისგან თავი შევიკავოთ.

როცა საქმე სიყვარულს ეხება, გულწრფელობა და ტყუილი ზომიერად უნდა მოვიხმაროთ.  მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება გავეხვიოთ სიყვარულის გამაბრუებელ ალში.  ოდისევსი, კლეოპატრა, დონ კიხოტი, დონ ჟუანი, მოლი ბლუმი - ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი ლიტერატურის პერსონაჟები - განა ყველაზე დიდი მატყუარები არ იყვნენ?

პენელოპეც კი, რომელიც თითქოს ერთგულების სიმბოლოა - ვის სჯერა, რომ 20 წელი ქსოვდა და არღვევდა პერანგს, რომ თავის ცხრა მთას იქით გადაკარგულ ქმარს დალოდებოდა? ვის სჯერა, რომ ეს საშინელი რუტინა სიამოვნებდა, რომ ამ გართობასა თუ ილუზიაში საკუთარ თავს არ ატყუებდა, სინამდვილეში კი არ იტანჯებოდა? 

დღე ქსოვა და ღამე ნაქსოვის რღვევა ჰომეროსის უფრო რთული მეტაფორის სიმბოლოა - უფრო მარტივი, ადამიანური, დაჯერებადი, მწარე სიმართლის - პერანგების ქსოვითა და რღვევით პენელოპე ერთობოდა, ცრუ საქმე მწარე რეალობის გადატანაში ეხმარებოდა.

სიყვარული უფრო ძვირფასი შენაძენია, ვიდრე სიმართლე. არც ერთი ქორწინება თუ მშობლის მიერ შვილის სიყვარული არ უნდა დავაყენოთ იმგვარი სკრუპულოზური გამოცდის წინაშე, თითქოს პათოლოგები ვიყოთ და ანომალიების გამოვლენის მიზნით გვამს ვკვეთდეთ.  

ბრტყელი სიმართლე ლაბორატორიებში შეინახეთ.  ჩვენ, ვინც შეყვარებულები ვართ ან ვისაც სიყვარული გვინდა, შექსპირს მივენდოთ: “მე ვატყუებ მას და ის მატყუებს მე, და ამით ვართობთ  ერთმანეთს.” 

ნუ დაუღეჭავთ ერთმანეთს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას.  მაგას ჯობია, ერთმანეთზე იზრუნოთ.

 

♦  სტატიის ავტორია კლენსი მარტინი, მისურის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი და ავტორი წიგნისა “სიყვარული და ტყუილები” 

♦  სტატია პირველად The New York Times-ის ვებ-გვერდზე 2015 წლის 7 თებერვალს გამოქვეყნდა სათაურით: 'Good Lovers Lie'

♦  ილუსტრაციის ავტორია ქეიე ბლეგვადი 
 
♦  თარგმანი - ცირა გვასალია 
 

 

 

 

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>