11 ფაქტი MDMA-ზე





ჯანდაცვა

11 ფაქტი MDMA-ზე




როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში MDMA ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბური ნარკოტიკია.  

 თქვენ რა იცით ამ ნაერთზე? 

 
 MDMA პირველად 1912 წელს, გერმანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ აწარმოა, როგორც სისხლდენის შესაჩერებელი საშუალების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი;
 
1970-80-იან წლებში, MDMA-ს ფსიქიატრები სამკურნალო რეჟიმებში იყენებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ წამალს არც კლინიკური კვლევების ფაზები ჰქონდა გავლილი და შესაბამისად, არც ამერიკის წამლისა და სურსათის ადმინისტრაციის ოფიციალური დაშვება ჰქონდა ბაზარზე. ზოგ ფსიქიატრს სჯეროდა, რომ ამ ნივთიერების მიღების შემდეგ პაციენტი უფრო მარტივად საუბრობდა იმ პრობლემასა თუ ტრავმატულ გამოცდილებაზე, რაზე საუბარი ფხიზელ მდგომარეობაში უჭირდა; სწორედ ამის შედეგ გაჩნდა MDMA შავ ბაზარზე;
 
1985 წელს ამერიკის წამლის სერთიფიკაციის სააგენტომ [United States Drug Enforcement Agency, DEA] MDMA აკრძალული წამლების ე.წ. 'პირველ სიაში' [Schedule I drugs] შეიყვანა. ამ კლასიფიკაციაში ისეთი ნაერთებია, რომლებიც სამედიცინოდ არ უნდა გამოიყენებოდეს და დამოკიდებულების განვითარების მაღალი პოტენციალი აქვს; ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებში MDMA დღემდე ამავე სიაშია; ამ სიაში ასევე შედიან LSD, ჰეროინი, მარიხუანა და სხვა ნაერთები, რომლებზეც კლინიკური ინფორმაცია ან მწირია ან დამოკიდებულების განვითარების მაღალი საფრთხე ახლავს; 
 
 როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოში MDMA აკრძალული ნივთიერებაა, როგორც სამედიცინო, ასევე რეკრეაციული მიზნებით;
 
ადიქციის კვლევის ცენტრ “ალტერნატივა ჯორჯიას” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში MDMA ყველაზე ხშირად მოხმარებადი კლუბური ნარკოტიკია;
 
მომხმარებლები MDMA-ს მხოლოდ შავ ბაზარზე, უკანონოდ ყიდულობენ; ასეთი ქცევის ერთ-ერთი საფრთხე ისაა, რომ შავ ბაზარზე გაყიდული ნივთიერების რეალური ინგრედიენტები უცნობია;
 
შავ ბაზარზე ნაყიდი MDMA უამრავ მინარევს შეიძლება შეიცავდეს: მეტამფეტამინს, კეტამინს, კოფეინს, ეფედრინს, ჰეროინს, კოკაინს და ასე შემდეგ; უმეტეს შემთხვევაში, ამის შესახებ მომხმარებელს ინფორმაცია არ აქვს;
 
► MDMA-ს ენერგიის მოზღვავების, ეიფორიის, ემოციური სითბოს და სხვების მიმართ ემპათიის გამოხატვის შეგრძნებების წარმოქმნა შეუძლია;  MDMA-ის მიღების შედეგად, თავის ტვინში დიდი რაოდენობით გამოიყოფა ნეიროჰორმონები: სეროტონინი, დოფამინი და ნორეპინეფრინი.  ამ ნეიროჰორმონების ხელოვნურად, დიდი რაოდენობით გამოყოფა, დროთა განმავლობაში, ტვინში მათ განლევას იწვევს. შედეგად ვითარდება უძილობა, შფოთვა, დეპრესია, ქვეითდება გუნება-განწყობა, თავს იჩენს მეხსიერების პრობლემები; 
 
► MDMA-ით ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება, სისუსტე, პანიკური შეტევა და უკიდურეს შემთხვევებში, გონების დაკარგვა და კრუნჩხვები;
 
მიუხედავად იმისა, რომ Schedule I სიაშია და ჯერ კიდევ აკრძალულია სამედიცინო მიზნებით, სამეცნიერო წრეებში არსებობს მოსაზრებები, რომ პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის (Post-Traumatic Stress Disorder, PTSD) მკურნალობისას MDMA-ს, როგორც დამხმარე საშუალების, გამოყენება შეიძლება;
 
 ამერიკის წამლისა და სურსათის ადმინისტრაციის [Food and Drug Administration, FDA] სპეციალური ნებართვით, ამჟამად ერთ კლინიკურ კვლევაში MDMA გამოიყენება, როგორც PTSD-ს მკურნალობისას დამხმარე საშუალება [MDMA-Assisted Psychotherapy]. კვლევის ინიციატორია არასამთავრობო ორგანიზაცია Multidisciplinary Association for Psychedelic Studies, M.A.P.S., დოქტორ რიკ დობლინის ხელმძღვანელობით.
 
 
 
⇒  ინფორმაციის წყარო: National Institute of Drug Abuse [NIDA], MDMA [Ecstasy] Abuse
 
 

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>