ჩიხში მოქცეული ნარკოპოლიტიკა





ჯანდაცვა

ჩიხში მოქცეული ნარკოპოლიტიკა




2010 წლის ზაფხული იყო. 28 წლის დათომ, 4 მეგობართან ერთად, ზღვაზე წასვლა გადაწყვიტა. გართობისა და დასვენების გეგმა უცებ შედგა: დღისით ზღვაზე გაგრილდებოდნენ, ღამით კი კლუბებსა და ბარებში გაერთობოდნენ. იმ დღესაც ჯერ ზღვაში იბანავეს, შემდეგ კი ბარში წავიდნენ. გვიან ღამით, ბარიდან გამოსულებმა კიდევ რამდენიმე ნაცნობი შეიამხანაგეს და სასმელი სასტუმროს ნომერშიც აიყოლეს.

ერთ საათში არყის ყველა ბოთლი დაიცალა. მეგობრებმა იფიქრეს, რომ სრული განტვირთვისთვის მაინც რაღაც აკლდათ. ეს რაღაც ამფეტამინი იყო, რომელიც გამგზავრებამდე თბილისში შეიძინეს. სასმელს ამფეტამინი მხოლოდ დათომ და მისმა ერთმა მეგობარმა დააყოლეს.

ნარკოტიკული ნივთიერების მიღებიდან რამდენიმე წუთში დათო ცუდად გახდა. ვაიმე, მიშველეთო, თქვა და იატაკზე დაეცა. მეგობრები ჯერ საკუთარი ძალებით ცდილობდნენ მის გადარჩენას: გულზე მასაჟი გაუკეთეს, ყურის ბიბილოები უსრისეს, ხელოვნური სუნთქვის პროცედურები ჩაუტარეს… როცა არაფერმა გაჭრა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. საავადმყოფოსკენ მიმავალი სასწრაფო დახმარების მანქანა პროზექტურის კართან გაჩერდა, რადგან გზაში დათოს გული გაუჩერდა.

სამი დღის შემდეგ, როცა ცნობიერება დაუბრუნდა, აღმოაჩინა რომ საავადმყოფოში იწვა. მედპერსონალი გადარჩენას ულოცავდა. მომხდარიც ნელ-ნელა აღიდგინა:

“რომ მეგონა რომ ‘ვაიმე, მიშველეთ’ დავიძახე, თურმე ხმა არ ამომიღია და პირის გაღებაც კი ვერ მოვახერხე. მახსოვს, რომ სახე და სხეული საშინლად მიხურდა. გული ისეთი სიხშირით მიცემდა, ვეღარ ვსუნთქავდი. მერე თვალებში დამიბნელდა და აღარაფერი მახსოვს. პროზექტურაში მიხვდნენ, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი და რეანიმაციაში გადამიყვანეს.”

ამფეტამინი, თეთრი, მომწარო გემოს ფხვნილი ან აბია. ის ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორია, რომლის მოქმედებაც თითქმის 10 საათის განმავლობაში გრძელდება. ამფეტამინით ზედოზირების დროს ადამიანს გახშირებული სუნთქვა, მაღალი არტერიული წნევა, აჩქარებული გულისცემა, მოჭარბებული ენერგია და სხეულის მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. ორგანიზმის გადახურების შედეგად შეიძლება თირკმელებიც გაითიშოს. ამფეტამინით ზედოზირება ხშირად მთავრდება სიკვდილით, რადგან ის ტვინში სისხლის ჩაქცევას ან გულის შეტევას იწვევს.

ამფეტამინის ზედოზირებით სიკვდილს ძლივს გადაურჩა 31 წლის გოჩაც.

“საშინელი შეგრძნება იყო. გული ისე ამიჩქარდა, მეგონა რომ გასკდებოდა. ვცდილობდი ამომესუნთქა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. მეგობრები რომ არ ყოფილიყვნენ გვერდით, ან შეშინებოდათ და გაქცეულიყვნენ, როგორც ასეთ შემთხვევებში ხშირად ხდება ხოლმე, დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. სასწრაფო სამედიცინო დახმარებას არ დაელოდნენ, თვითონ მიმიყვანეს საავადმყოფოში.”

ნარკოტიკული ნივთიერებით ზედოზირების ყველა მსხვერპლს, სამწუხაროდ, ასე არ უმართლებს. საქართველოს ზიანის შემცირების ქსელმა, რომელიც საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და მიმდებარე სოფლებში ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ ადამიანებს სხვადასხვა სერვისებით ეხმარება, 2014-2018 წლებში ზედოზირების 4 864 შემთხვევა აღრიცხა. აქედან 118 სიკვდილით დამთავრდა.

ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ მონაცემები აქვს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსაც. ბიუროს ინფორმაციით, 2010-2018 წლებში ნარკოტიკების ზედოზირებით 77 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ყველაზე მეტი - 34 ადამიანი - 2018 წელს.

თუმცა, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ზუსტ სურათს არც ეს მონაცემები იძლევა.

ზედოზირების ეროვნულ სტატისტიკას, სადაც მთელი საქართველოს მონაცემები უფრო ზუსტად იქნებოდა ასახული, არც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აგროვებს და არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.    

 

           სიცოცხლის წართმეული შანსი

ნარკოტიკების ინტოქსიკაციით გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია საქართველოში არ არსებობს. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებს გარდაცვლილის ოჯახი და ახლობელთა წრე საგულდაგულოდ მალავს.

არასრულყოფილი  სტატისტიკური ინფორმაციის ძირითადი მიზეზი საზოგადოებაში არსებული სტიგმა და არაკეთილგანწყობილი სამართლებრივი გარემოა.

სანამ წესი არ შეიცვლებოდა, ზედოზირების შემთხვევაში ნარკოტიკების მომხმარებლები სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას თავს არიდებდნენ, რადგან შემთხვევის ადგილზე მედპერსონალი პატრულს იძახებდა, რაც შემდეგ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის მიმართ ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი ხდებოდა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, 2014 წლის 11 აგვისტოდან ნარკოტიკების ზედოზირების შემთხვევაში ექიმებს პოლიციის გამოძახება აღარ ევალებათ. მიუხედავად ამისა, ზედოზირების დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას დღემდე ბევრი ადამიანი მაინც ერიდება: ბრძანებაში შეტანილი ცვლილების შემდეგაც იყო შემთხვევები, როცა გამოძახების ადგილზე პატრული მაინც მივიდა.

არის მეორე მიზეზიც - "112"  შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ბევრი ადამიანისთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ მოთხოვნის შემთხვევაში “112” შს სამინისტროს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას დაუმალავს.

როგორც ექიმი ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი ამბობს, საქართველოში ზედოზირების შემთხვევათა ზრდას ორი მიზეზი აქვს: გლობალური ნარკოსცენა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა და ქვეყნის შიგნით არსებული მკაცრი და რეპრესიული ნარკოპოლიტიკა.

ბოლო 15 წლის განმავლობაში ნარკოკანონმდებლობა საქართველოში რამდენჯერმე შეიცვალა. 2002 წელს წამალდამოკიდებულება დაავადებად აღიარეს, მაგრამ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამისი ცვლილებები არ შესულა, რის გამოც ეს კანონმდებლობა დღემდე წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების უმთავრეს პრინციპებთან: ნარკოტიკულ ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანი ერთსა და იმავე დროს ავადმყოფიც არის და დამნაშავეც.   

საქართველოს ამჟამად მკაცრი ნარკოპოლიტიკა აქვს, რომელიც ნარკოტიკების რეალიზატორებთან ერთად ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლებსაც მკაცრად ასამართლებს. ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა ან მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე პირველ ჯერზე ადმინისტრაციული წესით ისჯება, რაც 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი სისხლის სამართლის  პასუხისმგებლობას ექვემდებარება.

ამავე დროს საქართველოს კანონმდებლობა ბევრი ნარკოტიკული ნივთიერებისთვის არ განსაზღვრავს მცირე ოდენობებს. ამ ნივთიერებებს შორისაა მაგალითად, ამფეტამინი და დეზომორფინი, რომლებიც საქართველოში ყველაზე ხშირად გამოიყენება. მათი უმცირესი რაოდენობა, მათ შორის შპრიცში აღმოჩენილი ნარჩენიც კი, ავტომატურად ითვლება დიდ ოდენობად და სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით მინიმუმ ხუთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ამ ნივთიერებების 1 გრამზე მეტი ოდენობით შენახვა კი „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია“, რასაც შედეგად, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობაც მოჰყვეს.

არალეგალური ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის სისხლისამართლებრივი დევნა ხშირად ხანგრძლივი პატიმრობით და ზედმეტად მძიმე ჯარიმების დაკისრებით მთავრდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხვისთვის არაფერი დაუშავებია და მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით  შეიძინა.

ექიმი ნარკოლოგი, "ალტერნატივა ჯორჯიას" ხელმძღვანელი დავით ოთიაშვილი ამბობს, რომ მკაცრი და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისთვის დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკის მიუხედავად საქართველოში ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა: 

“არაერთი კვლევით არის დადასტურებული, რომ მომხმარებელთა დასჯა ნარკოტიკების მოხმარების მასშტაბის შემცირებასთან კორელაციაში არ არის. რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგად კი ნარკომომხმარებელთა ნაწილი უფრო მეტად დამაზიანებელი, ე.წ. კუსტარული ნარკოტიკების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებაზე გადავიდა.”

 

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები და კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკები

კუსტარული ნარკოტიკების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ზრდას ხელი შეუწყო გლობალურმა ნარკოინდუსტრიამაც, რომელიც ბოლო წლებში რადიკალურად შეიცვალა: ახლა ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოებისთვის ათასობით ჰექტარზე მარიხუანის მოყვანა აღარ არის საჭირო. ადამიანმა ხელოვნური გზით ბევრი სინთეზური ნარკოტიკული ნივთიერება შექმნა.

ნარკოტიკების გლობალური ბაზრის კვალდაკვალ შეიცვალა ნარკოტიკების ქართული ბაზარიც. თუმცა, მასზე თავისი უარყოფითი გავლენა ქვეყნის შიგნით არსებულმა მკაცრმა ნარკოპოლიტიკამაც მოახდინა.

“როგორც წესი, ძალოვანი უწყება მთელ ძალისხმევას მიმართავს ხოლმე იმ ნივთიერების წინააღმდეგ, რომლის გამოყენებაც იმ დროისთვის ყველაზე გავრცელებული და პრობლემურია. ასე იყო მაგალითად, ჰეროინის და სუბუტექსის შემთხვევაში. მას შემდეგ, რაც ამ ნარკოტიკებზე ხელმისაწვდომობა შემცირდა, ადამიანებმა თვითონ დაიწყეს ნარკოტიკების დამზადება,” - ამბობს ოთიაშვილი, - “ამ პროცესს ხელი რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო: ნარკოტიკების მომზადებისთვის საჭირო ინგრედიენტები ადვილად ხელმისაწვდომია და იაფიც - საბოლოო პროდუქტიც ტრადიციულ ნარკოტიკთან შედარებით უფრო იაფი გამოდის. აღარ არის საჭირო დილერი და რაც ყველაზე მთავარია, ნარკოტესტირების სტანდარტული ტესტი, რომელიც შარდში ტრადიციულ ნარკოტიკებს, მაგალითად, მარიხუანას და მორფინს ავლენს, ამ ნივთიერებებს ვერ ‘იჭერს.’”

ასე გაჩნდა ნარკოტიკების ქართულ ბაზარზე „ვინტი“, „ჯეფი“, „ნიანგი“...

ასეთი კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკები ბევრ შხამს შეიცავს და ტრადიციულ ნარკოტიკთან შედარებით ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტად აზიანებს.”

ადვილადაა ხელმისაწვდომი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებიც, მაგალითად, “ბიო”, რომელიც საფოსტო ამანათებით იგზავნება და რომელიც, როგორც წესი, რომელიმე სინთეზური და ძლიერმოქმედი ნარკოტიკითაა დაბინძურებული.

“ასეთი ნარკოტიკების მოხმარება კი გადაჯაჭვულია ზედოზირებასთან, რაც სიკვდილობის რისკს კიდევ უფრო ზრდის,” - აცხადებს ოთიაშვილი.

ჰეროინის, კოკაინისა და სუბუტექსის გაქრობის შემდეგ, ნარკოტიკების შავი ბაზარი სიცოცხლისთვის უფრო მეტად საშიში ნარკოტიკული ნივთიერებებით რომ გაჯერდა, ამას გოჩა ენუქიძე საკუთარ თავზე გრძნობს.

“მას შემდეგ, რაც ზედოზირებით სიკვდილს გადავურჩი, პირობა დავდე, რომ ამფეტამინს აღარასოდეს მოვიხმარდი. მიყვარს ჩემი თავიც და სიცოცხლეც, ამიტომ, ამ პირობას დღემდე ვასრულებ. ახლა საქართველოში სუფთა ჰეროინს ვეღარ იშოვი. ნარკოტიკი რომ რაიმე ძლიერმოქმედი სინთეზური ნივთიერებითაა გაჯერებული, ამას შეიძლება მხოლოდ მოხმარების შემდეგ მიხვდე, რადგან ნარკოტიკის შემადგენლობას აქ ლაბორატორიულად ვერსად შეამოწმებ. მე ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ თუ უცნობი შემადგენლობის მქონე ნივთიერებას ვიღებ, თავიდან ის ძალიან მცირე რაოდენობით უნდა მოვსინჯო. ზოგი სიტყვაზე ენდობა დილერს ან მეგობარს და წარმოდგენაც არა აქვს, რომ ეს შეიძლება სიცოცხლის ფასი დაუჯდეს,” - ამბობს გოჩა ენუქიძე.

 

გაჭიანურებული რეფორმა

2012 წლის ოქტომბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მთავრობამ აღიარა, რომ საჭირო იყო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია. საკანონმდებლო ცვლილებებით შემცირდა სისხლის სამართლებრივი სანქციები ნარკოტიკული საშულებების შეძენა-შენახვაზე. მთავრობამ მიიღო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელშიც მთავარი აქცენტი საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, ნარკოტიკების მოხმარების პრევენციასა და ზიანის შემცირების პროგრამებზე გაკეთდა. თუმცა, ამ სამოქმედო გეგმიდან დღემდე ბევრი არაფერი გაკეთებულა.  

2017 წლის ივნისში პარლამენტში „საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი შევიდა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარების, აგრეთვე მათი მცირე ოდენობით შეძენა-შენახვის დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს.

 „საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმასთან" ერთად, კანონპროექტის ინიციატორები არიან "თეთრი ხმაურის მოძრაობა,ექიმ-ნარკოლოგები, ნარკოტიკების მომხმარებლები და დარგთან დაკავშირებული სხვა პირები. 

კანონპროექტის მთავარი ამოსავალი წერტილი ჯანდაცვაზე ორიენტირებული მიდგომაა, რომლითაც მკაფიოდ არის გაცხადებული, რომ პრობლემურ ნარკომომხმარებლებს დახმარება სჭირდებათ და არა ციხეში გამოკეტვა და სტიგმატიზება.   

ერთი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, საქართველოს პარლამენტში ამ კანონპროექტის განხილვა შეწყდა - მთავრობამ ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმირების გეგმა შეაჩერა.

 

⇒  სტატია მომზადებულია პროექტის - “კლუბური ნარკოტიკების ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება” ფარგლებში, რომელიც “ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს დონორის პოზიციას.

⇒  სტატიის გმირების სახელები შეცვლილია, მაგრამ ასაკი და სხვა დეტალები ზუსტია

⇒  ილუსტრაციის ავტორია სოფი დათიშვილი 

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>