რეპრესიის ფასი





ჯანდაცვა

რეპრესიის ფასი




პირველი ნარკოტიკი რომ გასინჯა, 13 წლის იყო. ის დღე და მარიხუანის მოწევით მიღებული პირველი შეგრძნება თემო ხატიაშვილს დღესაც კარგად ახსოვს.

“მეგობრებთან ერთად ვიყავი. ცნობისმოყვარეობის გამო მოვწიეთ. თრობის ეფექტი მაშინ ძალიან მომეწონა. ამის შემდეგ თითქოს თავდაჯერებულობა მომემატა და მოწყენილობასაც გავუმკლავდი. მერეც ხშირად მომიწევია, მაგრამ, რეგულარული მომხმარებელი მაშინ არ ვიყავი.”

ნარკოტიკების ინექციური მოხმარება 21 წლის ასაკში დაიწყო. ის დღეც კარგად ახსოვს, პირველი ნემსი რომ გაიკეთა. “საბურთალოდან გლდანში წავედი, რადგან უბანში ყველა ნაცნობმა ნემსის გაკეთებაზე უარი მითხრა. ჩემნაირ “დებიუტანტზე” პასუხისმგებლობა მხოლოდ უცნობმა ადამიანმა აიღო, რომელსაც მეგობრის მეშვეობით მივაგენით.”

პირველი ინექციური ნარკოტიკის მოხმარებიდან 12 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში მოსინჯული ნარკოტიკების სიას ბევრი ნივთიერება დაემატა და რეგულარული მომხმარებელი გახდა. პირველი, რაც ამ დროს ყველაზე მძაფრად იგრძნო, საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული სტერეოტიპი იყო.

“ნარკოტიკების მომხმარებელი ჩვენში კრიმინალთან და ყველაფრის მკადრებელ ადამიანთან არის გაიგივებული. არადა, ასე არ არის. ბევრჯერ მქონია “ლომკა.” ზოგჯერ ისეთი ტკივილები მქონდა, ცრემლები წამომსვლია და თმები მიგლეჯია, მაგრამ გამიძლია და არასოდეს ჩამიდენია ისეთი საქციელი, რისიც შემდეგ შემრცხვებოდა.”

თემო ახლა 33 წლისაა. ფიქრობს, რომ ცხოვრებამ უკვე ბევრი რამ ასწავლა. აღიარებს, რომ მის ცხოვრებაში იყო ნარკოტიკი, რომლის ავადმოხმარებითაც ჯანმრთელობა დაიზიანა. თუმცა, როცა განვლილ წლებს იხსენებს, ამბობს, რომ ზიანი, რომელიც სახელმწიფომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მეშვეობით მიაყენა, ამ ზიანს ბევრად აღემატება.

 

გერმანია

რამდენიმე წლის განმავლობაში თემო გერმანიაში ცხოვრობდა. მუშაობდა და ფულს აგროვებდა, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო და საკუთარი ბიზნესი ჰქონოდა. მანქანის სამრეცხაოს გახსნას აპირებდა. სამრეცხაოსთვის საჭირო ტექნიკის ნაწილი თავიდანვე იყიდა და გამოგზავნა. მუშაობის პარალელურად ჰეროინს და კოკაინს ხანდახან იქაც იღებდა.

2011 წელს საქართველოში ჩამოვიდა. გერმანიიდან 2 მანქანა გამოიყოლა. საქართველოში მანქანები უნდა გაეყიდა და იმ თანხით სამრეცხაო გაეხსნა. თბილისში დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ შავ ბაზარზე ტრადიციული ნარკოტიკები - მარიხუანა, ჰეროინი და კოკაინი აღარ იშოვებოდა. მისი მეგობრები ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების  და კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკების მოხმარებაზე იყვნენ გადასულები. აფთიაქში მორიგეობით მიდიოდნენ, რომ “კრაკადილის” მომზადებისთვის საჭირო ნივთიერებები ეყიდათ.

„კრაკადილი“ იგივე “ნიანგი”, სახლის პირობებში სხვადასხვა ძლიერი, საყოფაცხოვრებო ქიმიკატების გამოყენებით მზადდება და ჯანმრთელობასაც განსაკუთრებულად აზიანებს.  

ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის თემო პირველ ჯერზე ადმინისტრაციული წესით, 500 ლარით დააჯარიმეს. ადმინისტრაციული ჯარიმის შემდეგ მუდმივად გრძნობდა, რომ პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იყო და უთვალთვალებდნენ.

“მანქანების გაყიდვა გადავწყვიტე და გაზეთში განცხადება გამოვაქვეყნე. ერთ დღესაც მყიდველმა დამირეკა და შეხვედრაზე შევთანხმდით. შეხვედრაზე მისულმა აღმოვაჩინე, რომ სუს-ის მიერ დაგებულ ხაფანგში გავები: მყიდველის სახელით სუს-ის თანამშრომელი დამიკავშირდა. ასე აღმოვჩნდი ჯერ ურინოტესტირებაზე და შემდეგ სასამართლოში. 2 წელიწადში 3-ჯერ გამასამართლეს. ჯარიმის სახით ბიუჯეტის სასარგებლოდ 20 000-მდე ლარი გადამახდევინეს. ორივე მანქანა და სამრეცხაოსთვის შეძენილი ტექნიკა გავყიდეთ. იძულებული გავხდი, რომ ვალი ამეღო და ამ ვალის დაფარვას შემდეგ რამდენიმე წელი მოვანდომე. ამ ყველაფერმა ფინანსურად წელში გამწყვიტა და საუთარ ბიზნესზე ოცნებაც დასრულდა.

ყველაზე რთული მაინც მორალური ტერორი იყო. მუდმივად გვითვალთვალებდნენ და მივყავდით ურინოტესტირებაზე.  ურინოტესტირებაზე წაყვანას განსაკუთრებული ან რაიმე საეჭვო ვითარება არ სჭირდებოდა. როცა შარდის ჩაბარებაზე უარს ვამბობდი, იწყებდნენ ზეწოლას და მუქარას, რომ თუ შარდს არ ჩავაბარებდი, დასკვნაში დაწერდნენ რომ კლინიკური ზემოქმედების ქვეში ვიყავი და “კაპეზეზე” (წინასწარი დაკავების იზოლატორი) გადამიყვანდნენ. დღესაც კი მზარავს იმის გახსნება, როგორი ზეწოლის ქვეშ ვიყავით მაშინ, რა დამამცირებლად გვექცეოდნენ და რა მეთოდებით ცდილობდნენ თანამშრომლობაზე ჩვენს დათანხმებას,”  - იხსენებს თემო.

2013 წელს მკურნალობა დაიწყო. დეტოქსის ორკვირიანი კურსიც გაირა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისთვის „კამარაში“ მივიდა, სადაც ტიხრული მინანქრის ტექნიკას სწავლობდა. ნარკოტიკის ყოველდღიური მიღებიდან თვეში ერთხელ, ან ორ თვეში ერთხელ მიღებაზე გადავიდა და უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარებისთვის მომზადება გადაწყვიტა. ფსიქოლოგობას აპირებდა და ზოგად უნარებში მეცადინეობდა.

ახალი წლის წინა დღეები იყო. მეგობართან ერთად „კრაკადილი“ მოხარშა, შპრიცში ერთი დოზა ამოიღო და სახლში წასასვლელად გაემზადა. გასვლისთანავე პოლიციელთა ალყაში აღმოჩნდა. წამალი გადაასხა, მაგრამ შპრიცში წვეთის მეასედი მაინც დარჩა.

დააკავეს.

გამომძიებელმა უთხრა, რომ შვიდიდან თოთხმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. ციხეში ექვსი თვე გაატარა. იქ აღარ უმეცადინია. 6 თვის შემდეგ გარეთ ხუთწლიანი პირობითი სასჯელით გამოვიდა. ცხოვრება ისევ რადიკალურად შეიცვალა: უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილი, ისევე როგორც საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე ოცნება წარსულს ჩაბარდა. ისევ ნარკოტიკების მოხმარებას დაუბრუნდა.

ცხოვრება ჩვეულებრივ კალაპოტში მაშინ ჩადგა, როცა ახალი საქმე და ამ საქმეში საკუთარი თავი იპოვა და“ზიანის შემცირების საქართველოს ქსელში” დაიწყო მუშაობა. ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის ზიანის შემცირების პროგრამების პარალელურად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხებზეც მუშაობდა. ყველაფერი კარგად იყო მანამდე, სანამ ერთ მშვენიერ დღეს მისთვის უცნობი ნივთიერების მიღებას გადაწყვეტდა და ნარკოტიკის ავადმოხმარების მსხვერპლი გახდებოდა.

 

                                  “აბაზანის მარილები”

ეს 2 წლის წინ იყო. მეგობარმა დაურეკა. უთხრა, რომ “კარგი რაღაც” ჰქონდა და ჰკითხა, ისიც ხომ არ გასინჯავდა. მიხვდა, რაზეც იყო საუბარი და უარი არ უთქვამს. მასთან სახლში მისულმა მეგობარმა მაგიდაზე თეთრ ქაღალდში გახვეული შეკვრა დადო. ქაღალდში ცისფერი, შაქარყინულის მსგავსი კრისტალები იყო. მანამდე ასეთი არაფერი ჰქონდა ნანახი. მეგობარმა აუხსნა, რომ ეს “აბაზანის მარილი” იყო. ამ ნივთიერების სახელი მაშინ პირველად გაიგო. მომზადების წესი მეგობარმა იცოდა და ბევრი აღარ უფიქრიათ, წამალი გაიკეთეს.

“აბაზანის მარილები” იგივე სინთეზური კათინონი, ანუ ადამიანის მიერ ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნილი ნივთიერებაა. სინთეზური კათინონის მოხმარებისას ადამიანი იღებს დიდ სიამოვნებას (კაიფი) და გრძნობს ენერგიის მოზღვავებას. ამ დროს იზრდება სოციალური ინტერაქციის უნარიც: ადამიანი უფრო მეგობრული და კომუნიკაბელური ხდება.

კვლევები მოწმობს, რომ “აბაზანის მარილები” დამოკიდებულების მაღალი პოტენციალით გამოირჩევა. ადამიანები, რომლებიც “აბაზანის მარილებს” მოიხმარდნენ, ამბობენ, რომ სინთეზური კათინონების ეფექტის (კაიფის) გასვლის შემდეგ ამ ნარკოტიკის ხელახლა მიღების დაუოკებელ სურვილს გრძნობდნენ.

მომხმარებელმა ყოველ ჯერზე ნარკოტიკის უფრო მეტი დოზა უნდა მიიღოს იგივე ეფექტისთვის, რაც ადრე ჰქონდა განცდილი. თუ ნარკოტიკს  ვერ იღებს, ვითარდება ძლიერი “ლომკა”, რომელსაც დეპრესია, კანკალი, ძილის დარღვევა, შფოთვა და პარანოია ახასიათებს.

“ნემსის გაკეთების შემდეგ დავწექი. ფსიქოლოგიურად დავმშვიდდი, დავწყნარდი, თითქოს გავიწმინდე. ასეთი მაგარი “პრიხოდი” (შეგრძნება) არასოდეს მქონია, ეს პროცესი სადღაც 10 წუთი გაგრძელდა,” - იხსენებს თემო.  შემდეგ ადგა, სიგარეტი მოწია და მეგობართან საუბარი დაიწყო. ბევრს ლაპარაკობდნენ: ხან ძველი ამბები გაიხსნეს, ხან ახალი. ხვდებოდნენ, რომ ლაპარაკი და ერთმანეთისთვის გულის გადაშლა ძალიან უნდოდათ.

შემდეგ ისევ დახედა მაგიდაზე დადებულ თეთრ ქაღალდზე მობრჭყვიალე ცისფერ კრისტალებს: იქ კიდევ რამდენიმე ათეული დოზა იყო. გადაწყვიტეს ერთხელ კიდევ გაეკეთებინათ. 3 ინექციის შემდეგ მიხვდნენ, რომ სანამ არ გათავდებოდა, ვერ გაჩერდებოდნენ. ისეთივე სიამოვნება რომ ეგრძნოთ, რაც პირველ ჯერზე მიიღეს, ყოველ მომდევნო ინექციაზე დოზის გაზრდა იყო საჭირო. დოზა იზრდებოდა, ნარკოტიკის მოქმედებით გამოწვეული სიამოვნების დრო კი  ყოველ ჯერზე მცირდებოდა. შეატყო თავს, რომ აზროვნება უჭირდა. “აბაზანის მარილის” ეფექტი ისევ სახეზე იყო, ბევრს ლაპარაკობდა, მაგრამ ხშირად ენა ებმებოდა და ბორძიკობდა.

იმ ღამეს თემომ 40-მდე ინექცია გაიკეთა. დილით, როცა უკვე ენერგიის ნატამალი აღარ ჰქონდა, საძილე წამალი დალია და დაიძინა. საღამოს მეგობრები ისევ ავიდნენ და მაგიდაზე  დადებული ქაღალდიდან ისევ ცისფერი კრისტალები გადმოცვივდა. ასე გავიდა კიდევ 3 ღამე. ყოველ ღამეში სულ მცირე 30 ინექციას იკეთებდნენ. მე-4 საღამოს “აბაზანის მარილი” თავისთვის და მეგობრებისთვის თვითონ გაყო და “ბოლო პასადკისთვის” ( ბოლო გაკეთებისთვის) საჭირო დოზაც გადაინახა.

გამთენიისას გადანახულ დოზას ვეღარსად მიაგნო. საშინლად გაბრაზდა. მერე მაგიდაზე გაბნეული კრისტალების უმცირესი ნაწილაკების შეგროვება დაიწყო. “ნახევარი საათი ვაგროვებდი. მივხვდი, რომ მოჩვენებები დამეწყო. შესაგროვებელი არაფერი იყო, მაგრამ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. თითის ბალიშებით მაგიდაზე მიკროსკოპული ნაწილაკების ძებნა და მოგროვება აკვიატებული ქცევა იყო. ვგრძნობდი ამას და მინდოდა გავჩერებულიყავი, მაგრამ ვერ შევძელი. საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ეს იყო სწორედ ის მთავარი მიზეზი, რის გამოც იმავე წუთში გადავწყვიტე, რომ “აბაზანის მარილს” ცხოვრებაში აღარ გავეკარებოდი - არანაირი სიამოვნება და კაიფი არ ღირს იმად, რომ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგო.”

თემო ფიქრობს, რომ C ჰეპატიტის ვირუსით სწორედ იმ დღეებში დაინფიცირდა.  მეგობარს, რომელთან ერთადაც წამალს იკეთებდა, C ჰეპატიტი ჰქონდა და ეს თემომაც იცოდა. ანალიზები თემოსაც ჰქონდა გაკეთებული - იმ დროისთვის ის C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი არ იყო. ამიტომ მეგობრები განსაკუთრებულად ფრთხილობდნენ და საზიარო შპრიცს არ იყენებდნენ. შეცდომით მეგობრის შპრიცი რომ აიღო, ამას მხოლოდ მაშინ მიხვდა, როცა ნემსი უკვე გაკეთებული ჰქონდა. რამდენიმე დღეში უკვე ეჭვი გაუჩნდა, რომ მეგობრისგან C ჰეპატიტი გადაედო: გაყვითლდა, სიცხე ჰქონდა და სუსტად იყო. მოგვიანებით ჩატარებულმა ანალიზმა მისი ეჭვი დაადასტურა - ის C ჰეპატიტით იყო დაინფიცირებული.

“აბაზანის მარილებთან” 4-დღიანი ურთიერთობა ამით არ დამთავრებულა. მეორე დღიდან სახლში ჩაიკეტა და დეპრესია დაეწყო. არავინ და აღარაფერი აინტერესებდა. “ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა, არავის ნახვა არ მინდოდა, არ მინდოდა ზარებისთვის მეპასუხა. არც ჭამა მინდოდა, არც დალევა, არც ფილმის ნახვა. არაფერი მაინტერესებდა. საქმეს, რომელსაც მანამდე დიდი სიყვარულით და პასუხისმგებლობით ვაკეთებდი, გულს ვეღარ ვუდებდი. გონებრივი მუშაობა თითქმის აღარ შემეძლო. უმნიშვნელო დეტალები მაღიზიანებდა. ერთი კვირის თავზე მივხვდი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და სამკურნალოდ ფსიქიატრთან მივედი. იმავე დღეს “აბაზანის მარილებზე” პოსტი დავწერე და სოციალურ ქსელში გავავრცელე. იმ ოთხმა დღემ  იმხელა ზიანი მომაყენა, რაც ნარკოტიკების მთელს ჩემ 12-წლიან მოხმარებას არ მოუყენებია და მინდოდა, ჩემი გამოცდილების შესახებ ყველას სცოდნოდა.”

ფსიქიატრთან 6 თვის განმავლობაში დადიოდა. ყოველი მომდევნო კვირა წინაზე უკეთესი იყო, თავს ბევრად კარგად გრძნობდა, რაც გამოჯანმრთელების იმედს აძლევდა.

მკურნალობის კურსის ბოლოსკენ მარიამი გაიცნო, მომავალი მეუღლე. მდგომარეობიდან გამოსვლაში ყველაზე მეტად სწორედ მარიამი დაეხმარა.

ამბობს, რომ ნარკოტიკებთან ურთიერთობაც ისწავლა. “ვისწავლე ცხოვრება ნარკოტიკთან ერთად. ნარკოტიკი, მაგალითად მარიხუანა, შფოთვის, სტრესის და დეპრესიის დაძლევაში მეხმარება. ახლა უკვე ვიცი, როგორ მოვიხმარო ნარკოტიკი ისე, რომ საკუთარ თავს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენო,”  - ამბობს თემო.

თემო ახლა C ჰეპატიტზე მკურნალობს. ერთ თვეში მკურნალობის კურსს დაასრულებს. პარალელურად, ზიანის შემცირების პროგრამებზე მუშაობას აგრძელებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მანდალა”, რომელსაც თემო ხატიაშვილი ხელმძღვანელობს, წელს, ისევე როგორც შარშან, ყველა მუსიკალურ ფესტივალზე, სპეციალურ კარავს მოაწყობს  და ფესტივალზე მისულ ახალგაზრდებს ნარკოტიკული ნივთიერებების ეფექტებზე, პოტენციურ ზიანსა და ზედოზირების რისკებზე ინფორმაციას მიაწვდის, ზედოზირების ქვეშ მყოფ ადამიანებს კი პირველად დახმარებასაც გაუწევს.

 

⇒  ეს ადამიანური ისტორია მომზადებულია პროექტის - “კლუბური ნარკოტიკების ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება” ფარგლებში, რომელიც “ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს დონორის პოზიციას.

⇒ ნახეთ სხვა ადამიანური ისტორიებიც:

⇒ 1) "შეზღუდული თავისუფლება"

⇒ 2) "პირადი ომი ნარკოტიკებთან"

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>