კლუბები და ღამის ცხოვრება თბილისში





ჯანდაცვა

კლუბები და ღამის ცხოვრება თბილისში




1 წლის წინ მაგდა ქაჯაია სრულიად განსხვავებულად ცხოვრობდა. კარიერის მწვერვალზე იყო: ორ უცხოურ კომპანიას ხელმძღვანელობდა და პარალელურად საკუთარი წარმატებული ბიზნესიც ჰქონდა. გვერდით ჰყავდა საყვარელი ადამიანი - როგორც თვითონ ამბობს, მისი ცხოვრების ერთადერთი ნამდვილი სიყვარული. ყოველდღე რამდენიმე საქმიანი შეხვედრა ჰქონდა და ხშირად მოგზაურობდა.

ზუსტად ერთი წლის წინ, აპრილში, მოულოდნელად მეუღლე დაეღუპა - მეუღლე, რომელთან ერთადაც მხოლოდ 4 წლის გატარება მოასწრო. ეს მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედია იყო: ვეღარ პოულობდა სიმშვიდეს ვერც სახლში და ვეღარც საქმის კეთებაში - დეპრესიაში ჩავარდა.

პარასკევი იყო. ღამით, გვიან გამოვიდა ოფისიდან და სახლისკენ მიმავალ გზას ფეხით გაუყვა. სახლში, სადაც საყვარელი ადამიანი აღარ ელოდებოდა, მისვლა არ უნდოდა. თავს ვეღარ მოერია და ხმამაღლა ატირდა. მერე ტაქსი გააჩერა და მძღოლს სთხოვა, ღამის კლუბ „ხიდთან“ მიეყვანა. ასე აღმოჩნდა სრულიად ახალ სამყაროში, სადაც ახალი მაგდა დაიბადა.

“რამდენიმე საათი გაუჩერებლად ვცეკვავდი. ვგრძნობდი, როგორ ვთავისუფლდებოდი ნეგატიური ფიქრებისგან და მივხვდი, რომ ტექნო და ცეკვა იყო ჩემი მეგობარიც, ექიმიც და ფსიქოლოგიც. იქ მარტოც ცეკვავ - პარტნიორი არ გჭირდება. ცეკვის დროს ყველა უაროფითი აზრი, განცდა და აგრესია გცილდება. ცეკვით მოვერიე ჩემს თავს და დეპრესიას. დღეს მე ისევ თავისუფალი ადამიანი ვარ და ამ სუბკულტურაში ახალი მე ვიპოვე. ეს სივრცე რომ არა, არ ვიცი, დღეს ვიქნებოდი თუ არა ისევ ბედნიერი. აქაურობამ სიცოცხლის გაგრძელების სტიმული მომცა,” - ამბობს მაგდა.

ახლა ის 42 წლისაა. ღამის კლუბებში ახალი მეგობრები შეიძინა. ამბობს, რომ ახლა “ხიდი” და იქ გაცნობილი მეგობრები მისი მეორე ოჯახია. მეგობრებს კლუბის გარეთ უფრო ინტენსიურად ხვდება. სულ იციან, ვის, როდის და რაში სჭირდება დახმარება. ჩაცმითაც სხვანაირად იცვამს. ახლა უპირატესობას ანიჭებს შარვალს, თავისუფალ ზედას, დაბალქუსლიან ან სპორტულ ფეხსაცმელს და იცის, რომ მეგობრებთან ერთად, ყოველ პარასკევს საღამოს, შეუძლია სრულიად განიტვირთოს.

ღამის კლუბების მკაცრი რეგულაციები ევროკავშირში

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები უკვე დიდი ხანია წერენ, რომ პატარა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, საქართველოში, ახალგაზრდები “საერთაშორისო მნიშვნელობის ახალ მუსიკალურ სივრცეებს ქმნიან."

2018 წლის 7 მარტს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებას პროექტის ხელმძღვანელი, სერგი გვარჯალაძე წარუდგინა. ჩვენ ვცადეთ, გაგვერკვია, აქვს თუ არა ამ სამსახურს თბილისში უსაფრთხო ღამის ცხოვრების დამკვიდრების რაიმე გეგმა ან სტრატეგია.

სერგი გვარჯალაძემ ჩვენს სატელეფონო ზარს და შეტყობინებას არ უპასუხა.

როგორც გაირკვა, პროექტს არამცთუ თბილისში უსაფრთხო ღამის ცხოვრების დამკვიდრების და ზიანის შემცირებაზე მიმართული გეგმა, არამედ ჯერჯერობით სტრატეგიული გეგმაც კი არ აქვს.

საქართველოში ღამის კლუბის გახსნა რთული არ არის - კლუბის საქმიანობა ლიცენზირებადი საქმიანობების ჩამონათვალში არ შედის, ამიტომ მისი გახსნისთვის განსაკუთრებული პირობების დაკმაყოფილება არ არის საჭირო. იუსტიციის სახლში კომპანიის დარეგისტრირება სულ რამდენიმე წუთს მოითხოვს და კლუბისთვის საჭირო თავისუფალი სივრცის მოძებნაც, საბჭოთა კავშირის დროიდან შემორჩენილ, ახლა უკვე უფუნქციო შენობებში ადვილად შეიძლება.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ღამის კლუბის გახსნისთვის ლიცენზიის და სერტიფიკატების აღებაა საჭირო. სალიცენზიო პირობებში გაწერილია, რომ დაუშვებელია კლუბებში არასრულწლოვნების დაშვება, ანდა მათთვის ალკოჰოლიანი  სასმელის მიყიდვა. მკაცრად კონტროლდება ხმაურის დასაშვები დონეც. ამ წესების დარღვევისთვის კლუბს შესაძლოა, ჯარიმის გადახდა დააკისრონ ანდა ლიცენზია შეუჩერონ. ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღამის კლუბს - ფაბრიკას, 2016 წელს, ლიცენზია შეუჩერეს. ლიცენზიის შეჩერება კლუბის ტერიტორიაზე ნარკოტიკების მოხმარების შედეგადად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალებას მოჰყვა. კლუბის დახურვას პროტესტი მოჰყვა და მისი გახსნის მოთხოვნით, პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ხელს 150 000 ადამიანი აწერდა.

რამდენიმე თვის შემდეგ ფაბრიკა ისევ გაიხსნა, თუმცა ხელისუფლებამ მას ახალი სალიცენზიო პირობები წაუყენა, რომლის მიხედვითაც კლუბმა მკაცრად უნდა აკონტროლოს, რომ მის ტერიტორიაზე 19 წელს მიუღწეველი არასრულწლოვანი არ მოხვდეს და შესასვლელში პირადობის მოწმობის სკანერი დააყენოს.

დიდ ბრიტანეთში ეს კლუბისთვის ლიცენზიის შეჩერების ერთადერთი შემთხვევა არ არის. 2014 წელს ლიცენზია შეუჩერეს ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ნახევარი საუკუნის ისტორიის მქონე ღამის კლუბს - Madam Jojo, რომლის დაცვის წევრებმაც რამდენიმე ადამიანს ბეისბოლის ბიტებით სცემეს. ახლა კი პოლიცია 1973 წელს გახსნილი ღამის კლუბის  - After Dark დაკეტვას ითხოვს, რომელიც “დამაყრუებელი მუსიკის” გამოყენებასა  და “მოძალადე მომხმარებლების” მოზიდვაშია დადანაშაულებული.

თბილისი

თბილისში ბევრი ღამის კლუბია: Candy, პარამპა, გალერი, Drama Bar, მტკვარზე, ბასიანი, Dedaena Bar და ხიდი. თუმცა, ამ კლუბებს შორის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ღამის 4 კლუბია: გალერი, მტკვარზე, ბასიანი და ხიდი.

მსოფლიოში ცნობილი დიჯეების, ადგილობრივი, ნიჭიერი შემსრულებლებისა და ელექტრონული მუსიკის წყალობით ეს კლუბები უამრავ ადამიანს, მათ შორის ტექნო მუსიკის მოყვარულ უამრავ ტურისტს და ადგილობრივ მცხოვრებს იზიდავს - მათ, ვისთვისაც ტექნომუსიკა და ცეკვა პროტესტის, ან გართობისა და განტვირთვის ერთადერთ საშუალებად იქცა.

მაგდა დღეს მეგობრებთან ერთად რამდენიმე კლუბში მიდის. განრიგი შემსრულებლებისა და ტრეკების მიხედვით არის შეჩეული. ჯერ ბასიანზე წავლენ, შემდეგ კი -  მტკვარზე და ხიდში.

ბასიანთან ორი რიგია: ერთი ონლაინ ნაყიდი ბილეთების მფლობელებისთვის, ხოლო მეორე მათთვის, ვისაც ბილეთის შეძენა ადგილზე უნდა. პუბლიკა დიდია და ჭრელი.

ბასიანში, ისევე როგორც თბილისის ყველა სხვა ღამის კლუბში, შემსვლელებს საგულდაგულოდ “ფილტრავენ.” ბილეთს ონლაინ მხოლოდ იმ შემთხვევაში იყიდით, თუ ვებგვერდზე დარეგისტრირდებით და ვერიფიკაციას მიიღებთ. რეგისტრაციის დროს თქვენი ფეისბუკის პერსონალური ანგარიშის მისამართიც უნდა მიუთითოთ. კლუბის პერსონალი თქვენს გვერდს დეტალურად შეამოწმებს. ნახავენ, ვინ არიან თქვენი მეგობრები, რას წერთ ან აზიარებთ და თუ აღმოჩნდება, რომ მეგობრებში ჰომოფობები გყავთ და მათ აგრესიულ მოსაზრებებს თქვენც იზიარებთ, ვერიფიკაციას ვერ მიიღებთ.

ადგილზე ბილეთის ყიდვის მსურველებს პირადობის მოწმობა და “ფეისკონტროლი” ფილტრავს. დაცვა ვალდებულია, ყველა შემსვლელის პირადობა შეამოწმოს და არასრულწლოვანი კლუბში არ შეუშვას.

კლუბის შიგნითაც გარკვეული წესები მოქმედებს. ეს წესები თვითონ კლუბების მიერ არის დადგენილი. თბილისში მოქმედ ყველა ღამის კლუბს თითქმის ერთი და იგივე წესები აქვს.

აკრძალულია:

► კლუბის შიდა სივრცეში სიგარეტის მოწევა

► ცივი იარაღის შეტანა

► ტელეფონით გადაღება ან ვინმესთვის ფლეშ სანათით სახეში მინათება.

►  კლუბებში სხვისი შეწუხების უფლებასაც არავინ მოგცემთ. მაგალითად, თუ ვინმეს დაჟინებით მოსთხოვთ თქვენთან ცეკვას და ხელითაც შეეხებით, საცეკვაო მოედანსაც დატოვებთ და “შავ სიაშიც” მოხვდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბში ვეღარასოდეს შეხვალთ.

მართალია, კლუბის ტერიტორიაზე ცივი იარაღის შეტანა მართლაც მკაცრად კონტროლდება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მოსაწევ საშუალებას ეწევიან. 


კლუბი - ჰომოფობიისგან თავისუფალი ოაზისი

“კლუბის პოპულარობა არასოდეს ყოფილა ჩვენი თვითმიზანი. კლუბის პოლიტიკის მთავარი არსი საზოგადოებაში არსებული უთანასწორობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაა. ჩვენ სოციალური და კულტურული ცვლილებებისათვის ვიბრძვით. ამ მიზანს მივაღწიეთ კიდეც. სექსუალური უმცირესობის ათასობით წარმომადგენელი დღეს სახლში აღარ არის ჩაკეტილი. ისინი აქ უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ისწავლეს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა და ახლა ეს ბრძოლა კლუბის გარეთ გაიტანეს,”- ამბობს ნაჯა ორაშვილი, კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი.

 

ბასიანი

 

“ბასიანზე”, დინამოს სტადიონის მიწისქვეშ, ყოფილი საცურაო აუზის ტერიტორიაზე, რომელიც ახლა მთავარი საცეკვაო მოედანია და რომელიც ერთდროულად 3 000 ადამიანს იტევს, უკვე 5 წელია, თვეში ერთხელ, გეიწვეულება - Horoom Nights იმართება. ამ წვეულებაზე საზეიმო სამოსში გამოწყობილ გეი, ლესბოსელ და ტრანსგენდერ ქალსა და კაცს ნახავთ.


ხიდი

თვეში ერთხელ ქვიარ წვეულების სერია  - Kiki Nights იმართება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის ქვეშ განთავსებულ კლუბ “ხიდის” G2 სცენაზეც. აქ წარმოდგენებს თვითონ ქვიარ არტისტები დგამენ. ამ კლუბს ფეისბუქზე 58 ათასზე მეტი “ფოლოუერი” ჰყავს.

"ხიდი," რომელიც ერთდროულად ზოგჯერ 2,000 ადამიანსაც მასპინძლობს, 3 წლის წინ - 2016 წლის 4 ივნისს, გაიხსნა. მისი დამფუძნებელი, თამუნა აქსანდერი ამბობს, რომ საცეკვაო მოედანზე ყველაზე კარგად ჩანს საკლუბო კულტურის მიერ მოტანილი სოციალური ცვლილება: “უყურებ და ხედავ, როგორ არიან “ძველი ბიჭები”, ყოფილი “ძველი ბიჭები” და ქვიართემის წარმომადგენლები ჩამეგობრებულები. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა. ჩემთან ხშირად მოდიან ადამიანები და მეუბნებიან, რომ “წინა ცხოვრებაში,” ანუ მანამდე, სანამ კლუბში სიარულს დაიწყებდნენ, ჰომოფობები იყვნენ და რომ ჰომოფობიის დაძლევაში კლუბი დაეხმარათ.”

გიორგი თ. 28 წლისაა. ის გეია, თუმცა ოჯახმა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ არაფერი იცის.

“იყო გეი - ეს საქართველოში ძალიან ძნელია. თავიდან გგონია, რომ მარტო შენ ხარ განსხვავებული, რადგან ამ თემაზე ოჯახის წევრებთანაც კი ვერ ლაპარაკობ და თავს გარიყულად გრძნობ. კლუბში ხედავ, რომ შენნაირი კიდევ ბევრია და შენც ჩვეულებრივი ადამიანი ხარ. პარტნიორი მყავს, რომლის სახლში მიყვანაც არ შემიძლია, რადგან 2-ოთახიან ბინაში 3 თაობა ვცხოვრობთ. კლუბი აქ ერთადერთი გეიმეგობრული სივრცეა - აქ არავინ გვდევნის და გვემუქრება. ხშირად მიფიქრია ამ თემაზე და ზუსტად ვიცი: თბილისში ღამის კლუბები რომ არ იყოს, საქართველოში ვერავინ და ვერაფერი გამაჩერებდა.”

Horoom  და Kiki Nights ღამის კლუბების ერთადერთი სოციალური პროექტი არ არის. ბასიანის დამფუძნებლები ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრები და აქტივისტებიც არიან და მასშტაბურ საპროტესტო აქციებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ. ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას ღამის სხვა კლუბებიც შეურთდნენ, რასაც ღამის კლუბებზე განხორციელებული სპეცოპერაცია მოჰყვა.


  სპეცოპერაცია “ბასიანსა” და “გალერიში”

სპეცოპერაციას წინ ტრაგიკული ამბავი უძღოდა. 2018 წლის მაისის დასაწყისში, უცნობი ნივთიერების მიღებით გამოწვეული ზედოზირებით 4 ახალგაზრდა დაიღუპა, 10-მდე ადამიანი კი მწვავე ინტოქსიკაცით საავადმყოფოში მოხვდა.  

თბილისის ორ ღამის კლუბში - “ბასიანსა” და “გალერიში” სპეცოპერაცია 12 მაისს, დაახლოებით ღამის 12 საათზე დაიწყო. სპეცოპერაციის დაწყებიდან სამი საათის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ გამოძიების შედეგად, რომელიც 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი დააკავეს. პარლამენტის წინაშე საანგარიშო გამოსვლისას, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ოპერაციის მთავარი მიზანი იყო კლუბებში ნარკოტიკების გავრცელების გზების დადგენა.

თუმცა, ანგარიშში, რომელიც “ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრმა” ამ საპოლიციო ოპერაციის შესწავლის შემდეგ მოამზადა, აღნიშნულია, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 8 პირიდან არცერთი მათგანი არ იყო დაკავებული კლუბებში და ყველა მათგანი სამართალდამცავებს სპეცოპერაციამდე ჰყავდათ აყვანილი.

“მიუხედავად იმისა, რომ კლუბების შიდა ტერიტორიაზე, პოლიციის მხრიდან უფლებების დარღვევის მძიმე და მასშტაბურ შემთხვევებს ადგილი არ ქონია, მოულოდნელად, მძიმე შეიარაღებით, პოლიციის გამოჩენა კლუბის შიდა ტერიტორიაზე სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული ძალის დემონსტრირებაზე მიუთითებდა,” - წერია ანგარიშში.

მართალია კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების დისტრიბუცია არ დადასტურდა, მაგრამ დღეს აღარავინ დავობს იმაზე, რომ იმ ადამიანების ნაწილი, რომელიც ღამის კლუბების ხშირი სტუმარია, ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოიხმარს.


კლუბები და ნარკოტიკები

“მუსიკით სიამოვნება და ცეკვა ნარკოტიკის გარეშეც შემიძლია, მაგრამ ექსტაზის ფონზე გართობა უფრო მომწონს. ამ დროს მუსიკას სულ სხვანაირად აღიქვამ, ყველა ბგერას და ნოტს განსაკუთრებულად გრძნობ, ყველა გიყვარს და “ხოდზე” ხარ იმისთვის, რომ “დენსფლორზე” საათობით იცეკვო,” -  გვიხსნის 21 წლის ზურა.

ზურა სტუდენტია. პარალელურად ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობს. ის თავის თავს ქლაბერს უწოდებს - თვეში მინიმუმ ორჯერ რომელიმე ღამის კლუბს აუცილებლად სტუმრობს. როცა ფული აქვს, ექსტაზსაც ყიდულობს. ხანდახან მეგობრები ექსტაზისთვის საჭირო ფულს ერთად აგროვებენ.

ზურა ამბობს, რომ ნარკოტიკს ყოველთვის კლუბში წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, Dark Net-ში ყიდულობს და კლუბში წასვლის წინ  თავს იზღვევს: შეძენილი ნარკოტიკის გამო შარში რომ არ გაეხვიოს და პოლიციელებთან პრობლემები არ შეექმნას, ექსტაზს მეგობრების მსგავსად ისიც სახლში იღებს.

“ჩვენ არ ვმალავთ, რომ კლუბში მოსულ ადამიანთა ნაწილი ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ იმყოფება. ბასიანის არსებობის 4 წლის მანძილზე ნარკოტიკული ნივთიერებით ზედოზირების არაერთი შემთხვევა გვინახავს. ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე მაშინ ვდგებით, როცა შავ ბაზარზე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება შემოდის და არ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ ნივთიერებით ზედოზირების დროს. ძირითადად, პრობლემას იწვევს ნარკოტიკების და ალკოჰოლის ერთად მოხმარება.”

ადიქტოლოგმა ადა ბესელიამ სამაგისტრო ნაშრომისთვის - “ღამის ცხოვრება და კლუბური ნარკოტიკების” მოხმარება, 18-დან 27 წლამდე ასაკის 16 ახალგაზრდა გამოკითხა. როგორც კვლევამ აჩვენა, ქართველ “ქლაბერებს” შორის ყველაზე პოპოლარული ნარკოტიკი MDMA (იგივეა რაც ექსტაზი) და მარიხუანაა.

ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ ე. წ. კლუბური ნარკოტიკების გარდა ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, მაგალითად „ბიოსაც“ მოიხმარენ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლები არ ეძებენ ინფორმაციას უსაფრთხო მოხმარების, ზედოზირებისა და ნარკოტიკების ეფექტების შესახებ და აქვთ მხოლოდ ის მინიმალური ინფორმაცია, რასაც მეგობრები ან გამსაღებლები აწვდიან. ხშირად მხოლოდ ნივთიერების სავარაუდო სახელები იციან, არ აქვთ ინფორმაცია შემადგენლობაზე, უცნობი ადამიანებისგან უცნობი შემადგენლობის ნივთიერებებს ყიდულობენ და ხშირად მას ალკოჰოლთან ან სხვა ნარკოტიკთან ერთად იღებენ.

საუკეთესო პრაქტიკა და საქართველო

ხმამაღალმა მუსიკამ, ხალხით გადაჭედილმა სივრცემ და გაგრილების ცუდმა სისტემამ შესაძლოა, ალკოჰოლით და ნარკოტიკით ინტოქსიკაციას ხელი შეუწყოს.

კლუბებში, იქ, სადაც ექსპერიმენტების მოყვარული უამრავი ადამიანი იკრიბება და ალკოჰოლს ან ნარკოტიკს ანდა ორივეს ერთად მოიხმარს, სარისკო ქცევების შემთხვევები მკვეთრად იზრდება. ამიტომ ევროპის ქვეყნებში უკვე დიდი ხანია რეკომენდაციას უწევენ ღამის კლუბებში ზიანის შემცირებისკენ მიმართული ისეთი სერვისების დანერგვას, როგორიცაა

► კლუბის პერსონალის ტრენინგი - ზიანის შემცირების, პრევენციის, კონფლიქტის მენეჯმენტისა და პირველადი დახმარების თაობაზე

►  უფასო წვდომა სასმელ წყალზე

►  ყურსასმენები - როგორც კლუბში დასაქმებული პერსონალისთვის, ისე კლუბის სტუმრებისთვის, ან დაცული იყოს ხმაურის დასაშვები დონე

►  აუცილებელია იყოს ხელმისაწვდომი კონდომები, რადგან ალკოჰოლი და ზოგიერთი ნარკოტიკი ზრდის სექსუალურ ლტოლვას, დაუგეგმავი სექსუალური კავშირი კი გადამდები დაავადებების გავრცელების რისკს.

►  აუცილებელია გამაგრილებელი (chill-out) და მოსადუნებელი (cool-down) ოთახების შექმნა, სადაც ადამიანს მოსვენების და გაგრილების საშუალება ექნება.

►  სასურველია კლუბში იყოს ჯანსაღი კვების საშუალება

►  საინფორმაციო მასალები, სადაც ხაზგასმული იქნება, რომ ალკოჰოლის ან ნარკოტიკის თრობის ქვეშ მანქანის მართვა დაუშვებელია

►  კლუბში იყოს სამედიცინო პერსონალი, ვინც საჭიროების შემთხვევაში ადამიანისთვის კვალიფიციური დახმარების გაწევას შეძლებს.

►  არსებობდეს დეტალური ინფორმაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობისა და განრიგის შესახებ და რაც მთავარია, არსებობდეს ტესტ-ცენტრებში ნარკოტიკების შემოწმების საშუალება


ქართული კლუბები და ზიანის შემცირება

თბილისის ღამის კლუბებში სასმელი წყალი ფასიანია - ჩვეულებრივ კლუბების შიგნით 0.5 ლ წყლის ბოთლი სამი ლარი ღირს.  თუ ადამიანი ზედოზირების ქვეშ იმყოფება, ან სხვა რაიმე მიზეზით გრძნობს თავს შეუძლოდ, კლუბის პერსონალი მას წყალს უფასოდ აძლევს. სხვა შემთხვევაში კი კლუბში მისულმა ადამიანმა წყალი უნდა იყიდოს - ან თუ წყლის საყიდელი ფული აღარ დარჩა, ტუალეტიდან გამოიტანოს. ღამის კლუბებში კი, სადაც ერთ ღონისძიებას ზოგჯერ ათასობით ადამიანი ესწრება, ტუალეტებთან მუდმივად გრძელი რიგია.

კლუბებში იშვიათად ნახავთ ზიანის შემცირებაზე მიმართულ საინფორმაციო მასალებსაც.


მტკვარზე, რომელიც პატარა ღამის კლუბია და რომლის აივანიც მდინარე მტკვარს გადაჰყურებს, 2012 წელს გაიხსნა. კლუბის ახლანდელი ტერიტორია საბჭოთა კავშირის დროს, 1950-იან წლებში აშენდა. მაშინ იქ თევზის რესტორანი იყო. 90-იან წლებში, დუხჭირი სოციალური მდგომარეობის გამო, რესტორანმა ფუნქციონირება შეწყვიტა.  

ყოფილი რესტორნის შენობა, სადაც ღამის კლუბი ქართველმა დიჯეიმ - ბერომ და მისმა ცოლმა, ქეთა გაბუნიამ, დააარსეს, 900 ადამიანს იტევს. კლუბს ამჟამად 56 ათასზე მეტი “ფოლოუერი” ჰყავს ფეისბუქში. კლუბში თავიდან მხოლოდ დღის წვეულებები და მიღებები იმართებოდა, მაგრამ ის მალე ღამის კლუბად გადაკეთდა.  

ქეთა გაბუნია იხსენებს, რომ კლუბისთვის ყველაზე რთული პერიოდი 2014 წელი იყო, როცა ახალგაზრდების დიდი ნაწილი ე. წ. ბიოს მოიხმარდა, იყვენენ ძალიან აგრესიულები  და საფრთხეს უქმნიდნენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებსაც. ქეთა ამბობს, რომ ახლა ნარკოტიკული ნივთიერებით ზედოზირების შემთხვევები შედარებით ნაკლებია, კლუბის პერსონალი კი მსგავსი შემთხვევების მართვისთვის უკეთ მომზადებული:

“ჩვენს თანამშრომლებს სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი. ყოველ ღონისძიებაზე საცეკვაო მოედანს 4 ადამიანი აკონტროლებს. კლუბში წყალი არ არის უფასო, მაგრამ თუ ადამიანი შეუძლოდ არის, მას ბარიდან წყალს ვაძლევთ უფასოდ. თრობის ქვეშ მყოფ ადამიანებს არ ვაძლევთ ჩაძინების საშუალებას. თუ ზედოზირების მძიმე შემთხვევაა, ვიძახებთ სასწრაფო დახმარებას. მქონია შემთხვევა, რომ მეგობრებს პოლიციის შიშით სასწრაფოს გამოძახებაზე უარი უთქვამთ. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, მეგობრებს ვეუბნები, რომ წავიდნენ და სასწრაფო დახმარებას ვიძახებ - ადამიანის სიცოცხლით და ჯანმრთელობით ვერ გავრისკავ.”

ნაჯა ორაშვილი ამბობს, რომ “ბასიანი” ყოველ 6 თვეში ერთხელ კლუბის თანამშრომლებისთვის ტრენინგს ატარებს, სადაც მათ დეტალურად ასწავლიან, რომელი ნივთიერებით ზედოზირების დროს რა უნდა გააკეთონ. “ბასიანის” კედლებზე გაკრულია პოსტერები წარწერით - არ მოიხმაროთ ნარკოტიკული ნივთიერება! კლუბის სტუმრებს ხშირად ურიგდებათ ნარკოტიკული ნივთიერების ავადმოხმარებით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანის შესახებ საინფორმაციო მასალა.

“არ ვაძლევთ ადამიანებს დაძინების საშუალებას, რადგან ეს შესაძლოა, სიკვდილით დამთავრდეს. გვაქვს ბარში მაგნეზიუმი და მინერალური წყალი, რომელსაც ზედოზირების დროს ადამიანს უფასოდ ვაძლევთ და მათ მეგობრულ და უსაფრთხო სივრცეს ვთავაზობთ. თუ საქმე გვაქვს ძლიერ ან საშუალოდ გამოხატულ ზედოზირების შემთხვევასთან, აუცილებლად ვიძახებთ სასწრაფოს,” - ამბობს ნაჯა.  

თუმცა,  “ბასიანის” დამფუძნებელი არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს: “ერთი წლის წინ კლუბების დარბევა მოჰყვა ქალაქში უცნობი შემადგენლობის მქონე ნივთიერების გამოჩენას, რომელიც ოპიოიდს შეიცავდა. ეს იყო ფენტანილი თუ რაიმე სხვა ნივთიერება, არ ვიცით, რადგან სახელმწიფო ამ ინფორმაციას დღემდე საგულდაგულოდ მალავს. დასკვნა, რომელსაც ზედოზირების დროს ექსპერტიზის ბიურო აკეთებს, საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებულია. არადა,  ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ნივთიერებამ გამოიწვია ზედოზირება, რომ შემდეგში ამ ნივთიერებით ზედოზირებას გავუმკლავდეთ. არა გვაქვს ნალოქსონი, რომელიც ამჟამად რეცეპტით გაიცემა და რომელიც ოპიოიდებით ზედოზირების დროს გამოიყენება.”

 

♦  ეს სტატია მომზადებულია პროექტის - “კლუბური ნარკოტიკების ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება” ფარგლებში, რომელიც “ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს დონორის პოზიციას.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>