მარიტა და MDMA





ჯანდაცვა

მარიტა და MDMA




20 წლის მარიტა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტია.

ბავშვობაში უნდოდა, რომ მოცეკვავე გამხდარიყო: კარგად ცეკვავდა და რადგან ფიზიკური მონაცემებიც ხელს უწყობდა, მშობლებმა ბალეტზე შეიყვანეს. შემდეგ ქართულ ცეკვაზეც დადიოდა. ცეკვა და მუსიკა ცხოვრებაში ყველაფერზე მეტად უყვარს. ამიტომ, დიდად არც გაჰკვირვებია, როცა 2 თვის წინ, უახლოესმა მეგობრებმა მათთან ერთად ღამის კლუბში წასვლა შესთავაზეს.

მარიტა დედისერთაა. სკოლას ამთავრებდა, როცა მშობლები ერთმანეთს დაცილდნენ. მას შემდეგ ის და დედა ერთად ცხოვრობენ. მშობლების გაყრის მომენტი მის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო.  

მარიტას დედა 42 წლისაა და ის და მარიტა კარგი მეგობრები არიან. მარიტას დედა გამორჩეულად უყვარს. ფიქრობს, რომ დედას რთული ცხოვრება ჰქონდა და სულ მუდამ იმას ცდილობს, არაფერზე ანერვიულოს. მარიტას დედა ტრადიციულად ზედმეტად მზრუნველი ქართველი დედებისგან თითქმის არაფრით განსხვავდება - კლუბში მისი წასვლის იდეა დიდად არ მოეწონა, თუმცა არც დაუშალა.

პარასკევი იყო, მეგობრებმა უთხრეს, რომ კლუბში ღამის 2 საათისკენ სჯობდა წასვლა და გვიან გამოუარეს. სახლიდან გასვლის წინ დედამ გააფრთხილა, რომ ტელეფონზე დაურეკავდა და ყურადღებით ყოფილიყო, ხმაურში ტელეფონის ზარი რომ არ გამორჩენოდა.

ექვსნი  იყვნენ: მარიტა, სანდრო, ზურა, ნიკა, მარიამი და გიორგი. ექვსივე კლასელები და ბავშვობის მეგობრები არიან. კლუბში მისულებმა გადაწყვიტეს, რომ  MDMA ეყიდათ. ყველაზე მოწადინებული ზურა იყო. საქმეც მან მოაგვარა - თვალისდახამხამებაში მიიღო კოორდინატები, სადაც “დილერმა” MDMA დაუტოვა. გავიდა და დაახლოებით ნახევარ საათში ისევ  კლუბში დაბრუნდა.

მარიტას იქამდე არასოდეს ჰქონდა ნარკოტიკი გასინჯული. შეფიქრიანდა. მეგობრებმა დაამშვიდეს. უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო, რადგან თვითონ უკვე ჰქონდათ MDMA-ს მოხმარების გამოცდილება და მარიტას, როგორც დებიუტანტს, პირველი ჯერისთვის მცირე დოზას მისცემდნენ, თან გვერდიდან არ მოშორდებოდნენ.

დედამ სამჯერ დაურეკა და შეამოწმა, როგორ იყო. მარიტამ დაამშვიდა. უთხრა, რომ სასმელი არ ჰქონდათ დალეული, ყველანი ფხიზლად იყვენენ, ცეკვავდნენ და გამთენიისკენ სახლში ისევ ზურა მიაცილებდა.

მარიტას MDMA-ს მიღება იმ  დღეს დაგეგმილი არ მქონდა. რადგან მეგობრებმა შეაგულიანეს, გადაწყვიტა მოესინჯა. ტუალეტში შევიდნენ და ქაღალდზე დაყრილი თეთრი ფხვნილი ექვს ნაწილად გაყვეს. მარიტას მართლაც ყველაზე ცოტა რაოდენობის ფხვნილი დაუტოვეს. ფხვნილი წყალთან ერთად დალია.

MDMA ( იგივე ექსტაზი) იგივე მეთილენდიოქსიმეთამფეტამინი, სტიმულატორი და ჰალუცინოგენია. National Institute of Drug Abuse (NIDA)-ს ინფორმაციით, MDMA მიღებიდან დაახლოებით 45 წუთის შემდეგ იწყებს მოქმედებას. მისი მოქმედების დროს ადამიანი ხდება უფრო თავისუფალი გარშემომყოფებთან ურთიერთობაში, ხდება უფრო კომუნიკაბელური, თავს ბედნიერად გრძნობს, უფრო ღიაა ილაპარაკოს ან განიხილოს ის საკითხები, რაზეც სიფხიზლეში ჩუმად იქნებოდა.

MDMA-ს მიღება დადებით ეფექტთან ერთად მთელ რიგ მძიმე ცვლილებებსაც იწვევს.  მართალია, ფატალური შედეგების შემთხვევები ხშირი არ არის, მაგრამ მისმა ზედმეტი დოზით მიღებამ შესაძლოა, სიცოცხლეს მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას. ამ დროს იმატებს წნევა (ჰიპერტენზია), შესაძლოა განვითარდეს გულყრა, პანიკური შეტევა, გონების დაკარგვა და ციებ-ცხელება.

ისეთ გარემოში, სადაც ცხელა, ან მომეტებული ფიზიკური დატვირთვის დროს, MDMA-ს მცირე დოზით მიღებამაც კი შესაძლოა, სხეულის გადახურება და ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს.

MDMA-ს მიღების დროს თავის ტვინიდან ჭარბად გამოიყოფა სამი ნეიროჰორმონი: სეროტონინი, დოფამინი და ნორეპირეფრინი. ამ ნეიროჰორმონების ხელოვნურად, დიდი რაოდენობით გამოყოფა, დროთა განმავლობაში, ტვინში მათ განლევას იწვევს. შედეგად ვითარდება უძილობა, შფოთვა და დეპრესია. ქვეითდება გუნება-განწყობა.

MDMA-მ მოქმედება რომ დაიწყო, მარიტა ამას დახლოებით ნახევარ საათში მიხვდა: ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ჯერ შესცივდა, შემდეგ გათბა და სხეული გაუხურდა. გრძნობდა, რომ სახეზე ალმური ასდიოდა. ოფლისგან ხელები დაუსველდა და დასცხა. 

“თითქოს ჰაერი არ მყოფნიდა და სუნთქვა მიჭირდა. ამ დროს ჩემს წინ ერთი ბიჭი გახდა ცუდად. დავინახე, როგორ წაიქცა გრძნობადაკარგული და როგორ ცდილობდნენ მის მოსულიერებას. იმ წუთში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ის ბიჭი მოკვდა და ალბათ, მეც მასავით მოვკვდებოდი.

სიკვდილის შემეშინდა. გამახსენდა ყველა, ვინც კი ჩემს გარშემო ოდესმე ნარკოტიკით დაიღუპა. დედაზე ვფიქრობდი, რას იტყოდა დედა, როცა ამ ამბავს გაიგებდა. მამა ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და დედა ამ ამბავს ყოველთვის ძალიან განიცდიდა. რაღაცნაირად მქენჯნიდა სინდისი და თავი დამნაშავედ ვიგრძენი, რომ დედას იმედები გავუცრუე. წარმოვიდგინე, როგორი იქნებოდა მისი სახე, მე რომ მოვმკვდარიყავი.

არ ვიცი, ასეთი მძიმე განცდები რამდენ ხანს მაწუხებდა. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამ ამბავზე, უფრო ცუდად ვხდებოდა. მეგობრებმა მართლაც არ მიმატოვეს. გარეთ, ჰაერზე გამიყვანეს, წყალი დამალევინეს, შუბლი და ხელები წყლით დამიზილეს. გამოვკეთდი და მძიმე ფიქრებიც გაქრა. დავბრუნდით კლუბში. ამის შემდეგ ვიყავი ბედნიერი, მქონდა ულევი ენერგია, ყველა მიყვარდა და დიდხანს ვიცეკვე.”

მარიტა სახლში დილის 9 სთ-ზე დაბრუნდა. გაიხადა და დასაძინებლად დაწვა. საწოლში ფეხები ვერ გააჩერა - ისევ ცეკვის მოძრაობებს ასრულებდა. ადგა და ცეკვა დაიწყო: დილის 9-დან 5 სთ-მდე შეუჩერებლად ცეკვავდა. დედა მაშინ სახლში არ იყო, მაგრამ სახლში რომც ყოფილიყო, ალბათ მაინც არაფერს იეჭვებდა: მარიტა სახლში მარტოც  ხშირად ცეკვავს ხოლმე. იმ დღემ კარგად ჩაიარა.

ღამით მარიტა ცუდად გახდა: “თითქოს ვიგუდებოდი, გული ამიჩქარდა და ჰაერი არ მყოფნიდა. სასწრაფოდ კომპიუტერი ჩავრთე, Google-ის საძიებო სისტემაში MDMA ჩავწერე და მასზე ინფორმაციის ძებნა დავიწყე. მინდოდა გამეგო, რა იყო MDMA და ჰქონდა თუ არა მას რაიმე უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ქართულ ენაზე ბევრი ვერაფერი ვნახე. რაღაც ინგლისურენოვან ინფორმაციას მივაგენი. სტატიაში წერდნენ, რომ  MDMA-თ გამოწვეული ზედოზირების გამო რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. მივხვდა, რომ კიდევ თუ წავიკითხავდი ერთ ასეთ ინფორმაციას, უფრო ცუდად გავხდებოდა. სასწრაფოდ დავხურე ლეპტოპი და ვცადე დამეძინა.

- საიდან იცი, რომ ის ნივთიერება, რაც მიიღე, MDMA იყო?

- ზურამ მითხრა, რომ MDMA იყო. ზურა ჩემი საუკეთესო მეგობარია, ვენდობი და ვიცი, რომ არ მომატყუებდა.

- ზურა დარწმუნებულია, რომ ნამდვილად MDMA იყო, ეს საიდან იცის?

- როგორც თქვა, იმ დილერისგან სხვა დროსაც ჰქონდა ნაყიდი და ენდობოდა.

- ერთი და იგივე დილერისგან ნაყიდ MDMA-შიც შეიძლება იყოს საშიში მინარევი და მას ლაბორატორიული შემოწმება სჭირდება იმისთვის, რომ მისი ზუსტი შემადგენლობა და სიძლიერე დადგინდეს...

- არ ვიცოდი და სიმართლე გითხრათ, არც მიფიქრია მაგაზე..

დიდ ბრიტანეთში, გასულ წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტაბლეტებში, რომლებიც შავ ბაზარზე MDMA-ს და ექსტაზის სახელით იყიდება, აქტიური ნივთიერების  - MDMA -ს  კონცენტრაცია “პოტენციურ სასიკვდილო” ზღვარს აღწევს.  ტაბლეტების 135 ნიმუშში, რომელიც ლაბორატორიაში შეამოწმეს, აქტიური ნივთიერების ოდენობა 156 მგ იყო, მაშინ, როცა 2016 წელს შემოწმებულ ნიმუშებში მისი ოდენობა 129 მგ-ს არ აღემატებოდა.

მარიტას კვირა დღემ თითქოს უპრობლემოდ ჩაიარა. ორშაბათს, როცა ლექციებზე მივიდა, ისევ ცუდად გახდა. “ძალიან უხასიათოდ ვიყავი. თითქოს არც ენერგია მქონდა და არც არაფრის ხალისი. მივხვდი, როგორი არის დეპრესია - აღარაფერი მიხაროდა. შიში დამჩემდა - დახურულ სივრცეში გული მიჩქარდებოდა და სუნთქვა მიჭირდა. აუდიტორიაში ყოფნის მეშინოდა. ვიფიქრე, რომ  MDMA-ის მიღებამ გულზე რაღაც დაზიანება დამიტოვა და კიდევ უფრო დავიზაფრე.

- დედას არ უთხარი?

- არა, არ მინდოდა ენერვიულა. მამას დავურეკე და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.

- მამამ რა გირჩია?

- მითხრა, რომ არ მენერვიულა, ჩემი ცუდი ფიქრები “ბედ თრიპი” იყო და გულის აჩქარებაც მალე გადამივლიდა. თვითონ თბილისში არ იყო. მთხოვა, რომ რადგან დედასთან ამ თემაზე საუბარი არ მინდოდა, მის ახლანდელ მეუღლესთან, ნინოსთან მივსულიყავი.

ნინომ მარიტას დამამშვიდებელი წამალი დაალევინა, დიდ ხანს ესაუბრა და ცოტა დაამშვიდა. შემდეგ ფსიქოლოგთან ჩაეწერა. ფსიქოლოგმა უთხრა, რომ ცუდად MDMA-ს მიღების გამო გახდა, შემდეგ კი თავი დაიდანაშაულა. ურჩია, რომ თავიდან ბოლომდე ერთხელ კიდევ აღედგინა ის ამბავი, რაც კლუბში მოხდა. ამ ყველაფრისთვის გარედან შეეხედა და საკუთარი თავისთვის ეთქვა: “მაპატიე, მიყვარხარ, გათავისუფლებ.”

ამ სეანსმა მარიტას მართლაც უშველა. ამის შემდეგ ისე ძალიან აღარ ნერვიულობდა. თუმცა, შიში, რომ  MDMA-ს მიღებამ მის გულზე ცუდად იმოქმედა, მაინც არ ასვენებდა. 

გულის ექიმთან მისვლა გადაწყვიტა.

რამდენიმე დღის წინ მარიტამ ექოკარდიოგრაფია გაიკეთა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ გულზე არავითარი ცვლილება არ ჰქონდა. 2 თვის წინანდელ ექსპერიმენტს მარიტა ახლა შედარებით ნაკლებად ნანობს. ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა, MDMA-ს ეფექტებზე და გვერდით მოვლენებზე მეტი ინფორმაცია ჰქონოდა.

მას შემდეგ კიდევ იყო ღამის კლუბში. ნარკოტიკი არც მას და არც მის მეგობრებს აღარ მოუხმარიათ. ამბობს, რომ ცეკვა და გართობა ნარკოტიკის გარეშეც შეიძლება.

 

♦  ეს ადამიანური ისტორია მომზადებულია პროექტის - “კლუბური ნარკოტიკების ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება” ფარგლებში, რომელიც “ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს დონორის პოზიციას.

♦  სტატიის გმირის სახელი შეცვლილია, სხვა დეტალები კი ზუსტია.

♦  ნახეთ სხვა ისტორიებიც:

♦  "ერეკლე, ნარკოტიკები და პასუხისმგებლობა"

♦  "შეზღუდული თავისუფლება"

♦  "პირადი ომი ნარკოტიკებთან"

♦  "რეპრესიის ფასი"

 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>