ჰაერის დაბინძურება და ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა





გარემო

ჰაერის დაბინძურება და ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა




დაბინძურებული ჰაერის გავლენა მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობაზე - ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგნოსტიური ფაქტორი

 

აბსტრაქტი

ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს - ის კვერცხუჯრედის ხარისხის დაქვეითებას, მენსტრუალური ციკლის დარღვევასა და ორსულობის ნაადრევი წყვეტის რისკს ზრდის.

ამ კვლევის მიზანი იმის დადგენა იყო, თუ რამდენად შეუძლია დაბინძურებულ ჰაერს მთლიანად მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობის და/ან მისი რომელიმე ფაზის [ფოლიკულარული ან ლუთეინური] ხანგრძლივობის შეცვლა.

ამისთვის პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მუნიციპალური ეკოლოგიური მაჩვენებლები შეგროვდა და 133 რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალის ჯანმრთელობის მონაცემებს დაერთო. ჰაერის დამაბინძურებლები (PM10, SO2, CO, NOx) წყაროებს მიხედვით დაჯგუფდა და გაანალიზდა.

აღმოჩნდა, რომ ჰაერის PM10-თა და SO2-ით  დაბინძურება მენსტრუალური ციკლის ლუთეინური ფაზის შემოკლებასთანაა დაკავშირებული. ეს კავშირი მაშინაც დადასტურდა, როცა PM10 და SO2 არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად, გაანალიზდა, როგორც სტაციონარული, საწვავთან ასოცირებული დამაბინძურებლები.


მენსტრუაციის ლუთეინური ფაზა

ლუთეინური ფაზა -  არის პერიოდი ოვულაციის დამთავრებასა და მენსტრუაციის დაწყებას შორის და საშუალოდ, 14 დღე გრძელდება.  თუ ლუთეინური ფაზა დარღვეულია, ქალს დაორსულება უჭირს.

ლუთეინური ფაზის შემოკლება განსაკუთრებულად საფრთხისშემცველი მოვლენაა. ის საშვილოსნოს შიდა ქსოვილის [ენდომეტრიუმის] არასრულ ჩამოყალიბებას იწვევს და ენდომეტრიოზის წინაპირობას ქმნის. ენდომეტრიუმის ნორმალური განვითარება წარმატებული ორსულობის აუცილებელი წინაპირობაა. რადგან ის საშვილოსნოს ჯანმრთელ განვითარებას აფერხებს, ლუთეინური ფაზის უკმარისობას ნაყოფის ჩასახვისთვის ხელის შეშლა და ორსულობის სპონტანური წყვეტის გამოწვევა შეუძლია.

[არ დადასტურდა ამ დამაბინძურებლების გავლენა ფოლიკულარული ფაზის ხანგრძლივობაზე. არ დადასტურდა არც ნახშირბადის მონოქსიდისა და აზოტის ოქსიდების გავლენა მთლიანი მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობასა ან მის რომელიმე ფაზაზე.]

რაც შეეხება ლუთეინური ფაზის შემოკლებას, ის შესაძლოა ლუთეინური ფაზის უკმარისობით იყოს გამოწვეული, რომელიც საწვავის გამონაბოლქვის გავლენასთანაა ასოცირებული. ეს კავშირები მიუთითებს, რომ ჰაერის დაბინძურება ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

შესავალი

დაბინძურებული ჰაერი დღეს ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წნეხია. კავშირები ჰაერის ფონურ დაბინძურებასა და ისეთ პრობლემებს შორის, როგორიცაა სასუნთქი გზებისა და გულსისხლძარღვთა დაავადებები, არაერთი კვლევით დასტურდება. მიუხედავად რეგულაციებისა, რომლებსაც ჰაერის სისუფთავის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტები აწესებს, მსოფლიოს უამრავ ქალაქში ჰაერი კვლავაც საგანგაშოდ დაბინძურებულია.

ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა გარემოში არსებული ტოქსიკური ნარჩენების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ტოქსიკური დამაბინძურებლების ნაწილი ჰაერშიცაა გაფანტული. დაბინძურებულ ჰაერს ქალთა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, სხვა მექანიზმებთან ერთად, ჰორმონალური დარღვევებისა და რეპროდუქციული სისტემის სხვადასხვა პრობლემების გამოწვევით შეუძლია.

ზიანი ზოგჯერ ქრონიკულ სიმპტომებში ისახება, ხშირად კი მათი ეფექტი ეპიზოდურად, ორსულობისას ან ნაყოფის განვითარების სხვადასხვა მაჩვენებლებში იკვეთება. კავშირები დაბინძურებულ ჰაერსა და უნაყოფობას, ორსულობის ხანგრძლივობას, ნაყოფის განვითარებასა და ჰორმონალურ დარღვევებს შორის სამედიცინო ლიტერატურაში მრავლად გვხვდება.

მენსტრუალური ციკლი ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია. მენსტრუალური ციკლის დარღვევები ქალთა ზოგადი რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის უამრავ საფრთხეს ქმნის. მას გავლენა აქვს ნაყოფის განვითარებასა და ჯანმრთელობაზეც.

ეს კვლევა ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ჰაერის დაბინძურების ეფექტების საკვლევად დაბინძურების მენსტრუალურ ციკლზე გავლენას აფასებს. კვლევაში განხილულია როგორც ინდივიდუალური დამაბინძურებლები, როგორიცაა მტვერი და ნახშირბადის მონოქსიდი, ისე დამაბინძურებლებთა ჯგუფების საერთო გავლენა მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში მცხოვრებ და რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალებზე.


მასალები და მეთოდები

კრაკოვი პოლონეთის ერთერთი ყველაზე დიდი ქალაქია, რომლის მოსახლეობასაც წლებია დაბინძურებული ჰაერი აწუხებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევაში კრაკოვი იმ ქალაქთა შორის მოხვდა, სადაც ჰაერში მტვრის კონცენტრაციის საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი ყველაზე ხშირად ფიქსირდება.

ათწლეულებია კრაკოვი ურბანულად იზრდება, თუმცა მის ზოგიერთ უბანში დღესაც მოძველებული ინფრასტრუქტურა და არაეფექტური, ეკოლოგიურად მავნე საშინაო გამათბობლები გვხვდება. ამასთან, კრაკოვის მომიჯნავე სილეზიის რეგიონი, რომელიც პოლონეთის მთავარი ინდუსტრიული ცენტრია, ქალაქის ჰაერს ინდუსტრიული ნარჩენებით აბინძურებს. ატმოსფერული და მეტეოროლოგიური პროცესების გამო სილეზიაში გაფრქვეული ჭვარტლი, მტვერი და სხვა დამაბინძურებლები ხშირად კრაკოვში გროვდება, რომელიც დაბლობზეა განლაგებული და რთულად ნიავდება.  

როგორც სხვა დიდ ქალაქებში, კრაკოვში ინდუსტრიულ ნარჩენებსა და არაეფექტური გამათბობლებით დაგროვებულ დაბინძურებას საავტომობილო გამონაბოლქვიც ემატება. ამიტომ კრაკოვს ხშირად მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ ქალაქთა შორის მოიხსენიებენ ხოლმე, პოლონეთი კი ატმოსფერული დამაბინძურებლების გაფრქვევით ევროპაში მოწინავე ქვეყანაა.

ამ კვლევისთვის კრაკოვში მცხოვრები 24-დან 35 წლამდე ასაკის 136 ქალი შეირჩა. ისინი 2001-03 წლებში მიმდინარე სარეკლამო კამპანიას გამოეხმაურნენ, შემდეგ კი, გინეკოლოგიური ან სხვა ქრონიკული პრობლემების არქონის შემთხვევაში, საკვლევ ჯგუფში მოხვდნენ.

თითოეული მონაწილე ქალი, მკვლევარების მითითებების მიხედვით, ერთი წლის მანძილზე აწარმოებდა დღიურს, სადაც მენსტრუალური ციკლის დაწყების თარიღს აღნიშნავდა. ამასთან, ერთი მენსტრუალური ციკლის მანძილზე, მონაწილეები ყოველ დილას ნერწყვის ნიმუშს აგროვებდნენ.  ეს ნიმუშები ამერიკაში, ჰარვარდის რეპროდუქციული ეკოლოგიის ლაბორატორიაში გაიგზავნა, სადაც მათში ქალის ძირითადი სასქესო ჰორმონების - ესტრადიოლისა და პროგესტერონის, შემცველობა დადგინდა.

ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზითა და შევსებული დღიურების მეშვეობით მონაწილე ქალთა მენსტრუალური ციკლის შესახებ ისეთი მონაცემები განისაზღვრა, როგორიცაა მთლიანი ციკლისა და მისი ფაზების საშუალო ხანგრძლივობა, ჰორმონალური პროცესების პერიოდულობა და მონაწილე ქალთა ენდოკრინულ სისტემაში ესტრადიოლისა და პროგესტერონის საშუალო შემცველობა. ჰორმონალური შემადგენლობის ლაბორატორიული ანალიზის მეშვეობით შესაძლებელი გახდა ფოლიკულარული და ლუთეანური ფაზების გამოყოფა, ისევე როგორც მათი დაწყების თარიღებისა და ხანგრძლივობის გამოთვლა.

რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეს მონაცემები ეკოლოგიურ მაჩვენებლებს დაერთო, რათა მათ შორის არსებული შესაძლო კავშირები სტატისტიკურად განსაზღვრულიყო. ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები პოლონური სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ეკოლოგიური მონიტორინგის შედეგად შეგროვდა. განისაზღვრა კრაკოვში 10 მიკრომეტრზე მოკლე დიამეტრის მქონე შეწონილი ნაწილაკების (PM10) საშუალო თვიური კონცენცენტრაცია (მკგ/მ3) 2000 წლის პირველი იანვრიდან 2003 წლის დეკემბრამდე. შეგროვდა მონაცემები ჰაერში გოგირდის დიოქსიდის (SO2), ნახშირბადის მონოქსიდისა (CO) და აზოტის ოქსიდოების (NOx) შემცველობის შესახებაც.

ეს მონაცემები ჰაერის დაბინძურების შესახებ კრაკოვის სხვადასხვა უბნებში გადანაწილებული რამდენიმე სადამკვირვებლო სადგურის მეშვეობით შეიკრიბა. სადგურებისთვის მრავალფეროვანი მდებარეობები შეირჩა, რათა დადგენილიყო ჰაერის ხარისხი როგორც ცენტრალურ, მაღალი საავტომობილო აქვიტობის უბნებში, ისე ნაკლებად მჭიდროდ დასახლებულ გარეუბნებსა და ინდუსტრიულ ზონებში. სადგურების მრავალფეროვნებამ და მათმა რაოდენობამ, რომლებმაც ერთად მთელი ქალაქის ტერიტორია, ანუ 32 000-ზე მეტი ჰექტარი დაფარეს, მონაცემთა ბაზის სისრულისა და წარმომადგენლობითობის მაღალი ხარისხი უზრუნველჰყვეს.

დამაბნეველი ცვლადების გასათვალისწინებლად მონაწილე ქალთა ჯანმრთელობის შესახებ ბაზაში დამატებითი მონაცემებიც მოხვდა. მათ შორისაა ინფორმაცია საკვლევი ჯგუფის წევრთა წონის, დიეტისა და ცხოვრების წესის შესახებაც. კითხვარის მეშვეობით აღირიცხა ყველა მონაწილე ქალის რეპროდუქციული ისტორია, წონა, ალკოჰოლისა და კოფეინის მიღების სიხშირე, სოციოეკონომიკური მდგომარეობა და სხვა პოტენციურად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ჰაერის დაბინძურებისა და მენსტრუალური ციკლის შესახებ შეგროვებულ მონაცემთა ბაზას დაერთო.

შეგროვებული მონაცემები რამდენიმე სტატისტიკური ინსტრუმენტის მეშვეობით გაანალიზდა. დადგინდა კორელაციები ჰაერის დამაბინძურებლებისა და მენსტრუალური ციკლისა თუ მისი სხვადასხვა ფაზების ხანგრძლივობას შორის.

ეს კორელაციები ჯერ ცალ-ცალკე, ინდივიდუალური დამაბინძურებლებისთვის განისაზღვრა, შემდეგ კი ჯგუფურად. გოგირდის დიოქსიდი (SO2) და PM10 ერთად დაჯგუფდა, როგორც სტაციონარული წყაროებიდან გამოფრქვეული დამაბინძურებლები. ეს ნაერთები ჰაერში ძირითადად არაეფექტური გამათბობლების მიერ გამოყოფილი ჭვარტლის და ინდუსტრიული ნარჩენების გაფრქვევით ხვდება. ნახშირბადის მონოქსიდი (CO) და აზოტის ოქსიდები (NOx), როგორც ძირითადად საავტომობილო საწვავთან ასოცირებული ნარჩენები, დამაბინძურებლების მეორე ჯგუფში მოხვდნენ.

შედეგები

ნაკვლევ პერიოდში კრაკოვში კუბურ მეტრ ჰაერში მტვრის [PM10] საშუალო შემცველობა თვეში 55 მიკროგრამიდან 62 მკგ-მდე მერყეობდა, გოგირდის დიოქსიდის კონცენტრაცია 14-დან 18 მიკროგრამამდე, ნახშირბადის მონოქსიდის 1.2 -დან 1.3 მილიგრამამდე, ხოლო აზოტის ოქსიდების კონცენტრაცია - 116 მიკროგრამიდან 128 მკგ -მდე.  

რაც შეეხება ქალთა ჯანმრთელობისა და მენსტრუალური ციკლის შესახებ შეგროვებულ მონაცემებს, ბაზაში ციკლის საშუალო ხანგრძლივობამ 28.8 დღე შეადგინა, ფოლიკულარული ფაზის ხანგრძლივობამ 15.5 დღე, ხოლო ლუთეინური ფაზის ხანგრძლივობამ - 14.4 დღე. პირველი მენსტრუაციისა (13.3 წელი) და პირველი ორსულობის საშუალო ასაკი მონაწილე ქალთა შორის მოსახლეობის საშუალო მაჩვენებლებისგან არ განსხვავდებოდა. არ განსხვავდებოდა არც მათი საშუალო წონა, ყავისა და ალკოჰოლის მიღების სიხშირე, ჰორმონალური და სხვა სოციოეკონომიკური თუ დემოგრაფიული მონაცემები. ეს გვაფიქრებინებს, რომ კვლევაში მოხვედრილი ქალები მთლიანი მოსახლეობის საკმარისად წარმომადგენილობითი ჯგუფია.

დამაბინძურებლების გავლენის ინდივიდუალურად, ცალ-ცალკე შეფასებისას არც ერთ გამოკვლეულ ნაერთს მთლიანი მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობაზე გავლენა არ აღმოაჩნდა - არც საკონტროლო ცვლადების ჩამატების შემდეგ და არც მათ გარეშე. არ დადასტურდა მათი გავლენა არც კონკრეტულად ფოლიკულარული ფაზის ხანგრძლივობაზე.

რაც შეეხება ლუთეინურ ფაზას - აღმოჩნდა, რომ ჰაერში PM10-ის კონცენტრაციის ყოველი 1 მიკროგრამიანი ზრდა ლუთეინური ფაზის ხანგრძლივობას 0.02 დღით ამცირებს. ასეთივე ეფექტი აღმოაჩნდა გოგირდის დიოქსიდს - მისი კონცენტრაციის 1 მიკროგრამიანი ზრდა ერთ კუბურ მეტრ ჰაერში ლუთეინური ფაზის 0.1 დღით შემცირებას დაუკავშირდა. სტატისტიკურად მნიშვნელოვან ზღვარს მიუახლოვდა ნახშირბადის მონოქსიდის ეფექტიც - აქ კონცენტრაციის 1 მილიგრამიანი ზრდა ფოლიკულარული ფაზის ნახევარი დღით შემოკლებას დაუკავშირდა.

დამაბინძურებლების დაჯგუფების შემდეგ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა აღმოაჩნდა სტაციონარულ წყაროებთან ასოცირებულ დამაბინძურებლების ჯგუფს, რომელიც PM10-ისა და გოგირდის დიოქსიდისგან (SO2) შედგებოდა. მათი საერთო კონცენტრაციის ერთი სტანდარდული გადახრით ზრდა ლუთეინური ფაზის 0.32 დღით შემოკლებას დაუკავშირდა.


დასკვნა/განხილვა/დისკუსია

ეს კვლევა დაბინძურებულ ჰაერს ქალთა ჯანმრთელობის, კონკრეტულად კი მენსტრუალური ციკლის მაჩვენებლებს უკავშირებს. აქ აღმოჩენილი კავშირები მტვრისა და გოგირდის დიოქსიდის გავლენის შესახებ ციკლის ლუთეინურ ფაზაზე სხვა მსგავს კვლევებში დადგენილ კორელაციებს ემთხვევა.

ლუთეინური ფაზის შემოკლება განსაკუთრებულად საფრთხისშემცველი მოვლენაა. ის საშვილოსნოს შიდა ქსოვილის (ენდომეტრიუმის) არასრულ ჩამოყალიბებას იწვევს და ენდომეტრიოზის წინაპირობას ქმნის. ენდომეტრიუმის ნორმალური განვითარება წარმატებული ორსულობის აუციელებელი წინაპირობაა. რადგან ის საშვილოსნოს ჯანმრთელ განვითარებას აფერხებს, ლუთეინური ფაზის უკმარისობას ნაყოფის ჩასახვისთვის ხელის შეშლა და ორსულობის სპონტანური წყვეტის გამოწვევა შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში აღმოჩენილი ზოგიერთი ეფექტის ზომა ერთი შეხედვით მცირეა, მისი არსებობა ქალთა ჯანმრთელობაზე ჰაერის დაბინძურების კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენის არსებობას ადასტურებს.

კრაკოვი ეკოლოგიურად დაბინძურებული თანამედროვე ქალაქის კარგი მაგალითია, სადაც თავს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ეკოლოგიური ნაკვალევი იყრის. მათ შორისაა  საავტომობილო გამონაბოლქვი, ინდუსტრიული ნარჩენები და საშინაო გამათბობლების მიერ გაფრქვეული ჭვარტლი.

ის ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ამ კვლევაშია აღწერილი, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში არსებულ მდგობარეობასთან ახლოსაა, ამიტომ ამ კვლევის რელევანტურობა პოლონეთის ან თუნდაც ევროპის კონტექსტს მნიშვნელოვნად სცდება. ჰაერი, რომელსაც კრაკოვის მოსახლეობა სუნთქავს, თავისი შემადგენლობით აზიისა თუ სამხრეთ ამერიკის უამრავი სხვა ქალაქისას ჰგავს.  

დღეს ქალაქში მცხოვრები ქალები ერთდროულად რამდენიმე ტოქსიკური დამაბინძურებლის ნეგატიურ გავლენას განიცდიან, მათ ჯანმრთელობაზე ჰაერის ხარისხის მთლიანი ზეგავლენა კი ინდივიდუალური დამაბინძურებლების ეფექტების ჯამზე მეტია. ამიტომ ამ კვლევაში ინდივიდუალური ნაერთების ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ზეგავლენასთან ერთად, მათი საერთო ეფექტიც განისაზღვრა. სამწუხაროდ, მსგავსი სტატიები ლიტერატურაში არცთუ ისე მრავლად გვხვდება - ამ მხრივ ეს კვლევა გამორჩეული და ინოვაციურია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქალაქის ჰაერის საშუალო მაჩვენებლები ამ კვლევაში განხილული დამაბინძურებლების ზეგავლენას სრულად არ განსაზღვრავს. ქალები ჰაერში გაფრქვეულ ტოქსიკურ ნარჩენებს აწყდებიან არა მხოლოდ ქალაქის ქუჩებში, არამედ სამუშაო ადგილას და საცხოვრებელ გარემოშიც. ამიტომ აუცილებელია ისეთი კვლევების ჩატარება, რომლებიც უფრო დეტალურ და ინდივიდუალურად გაწერილ ეკოლოგიურ მონაცემებს დაეყრდნობოდა.

ბოლოს, აუცილებელია ისეთი კვლევების ჩატარებაც, რომლებიც დაბინძურებული ჰაერის გავლენას ქალთა ჯანმრთელობაზე არა მხოლოდ  სტატისტიკურად განსაზღვრავდა, არამედ ამ გავლენის გამომწვევ ფიზიოლოგიურ პროცესებსაც შეისწავლიდა.

 

♦ სტატია თარგმნა გიორგი ცინცაძემ.  გიორგი ცინცაძე არის ჩიკაგოს უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მეცნიერებების მაგისტრი

♦ სტატიის თარგმანი ნაწილია 'კაქტუსის' პროექტისა "ჰაერის დაბინძურება და ქალთა ავადობები," რომელიც 'ქალთა ფონდი საქართველოში'  Women's Fund in Georgia მხარდაჭერით ხორციელდება და რომელიც გარემოს დაბინძურებასა და ქალთა ავადობების გავრცელებას შორის კავშირს სწავლობს.

 
 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>