მარიხუანა ახალგაზრდების თავის ტვინს აზიანებს





ჯანდაცვა

მარიხუანა ახალგაზრდების თავის ტვინს აზიანებს




 

ამერიკის იმ შტატებმა, რომლებიც მარიხუანას ლეგალიზებას ახდენენ, ასაკობრივი ზღვარი უნდა დააწესონ. მოხმარების ასაკმა უნდა აიწიოს, მინუმუმ, 25 წლამდე. 

ბოლოდროინდელი ძალისხმევა მარიხუანის ლეგალიზების შესახებ ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის შტატებში შეჩერდა, თუმცა პროცესი არ მომკვდარა. ეს განაპირობა პოლემიკამ იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს მარიხუანას გაყიდვებით მიღებული შემოსავლები.  ცალკე წუხილის საგანია მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ საჭის მართვის რისკები და საფრთხეები. 

ცხადია, ორივე საკითხი მნიშვნელოვანია. თუმცა, ამ დებატის ძირითადი მიმართულება კიდევ ერთ საკითხს უნდა მოიცავდეს: ეს არის მარიხუანის ლეგალიზებით დამდგარი სამედიცინო შედეგები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში.

მიმზიდველია იმაზე ფიქრი, რომ მარიხუანა უვნებელი სუბსტანციაა, რომელიც თინეიჯერებისთვის [ან მოზარდებისთვის] და ახალგაზრდებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.  სამედიცინო ფაქტები კი განსხვავებულ რეალობას წარმოაჩენენ.  

ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ მარიხუანას, შესაძლოა, ახალგაზრდების კოგნიტურ განვითარებაზე დამანგრეველი ზემოქმედება ჰქონდეს. ეს გამოიხატება კოგნიტური უნარების კონტროლის შესუსტებაში; სწრაფად მოქმედების უნარის გაუარესაბაში; მეხსიერების, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარების დაქვეითებაში. ზიანის განსაზღვრა შესაძლებელია I.Q. ტესტის დახმარებით. 

მკვლევრები, რომლებიც სუბიექტებს ბავშვობის ასაკიდან  38 წლამდე აკვირდენოდნენ, აღმოჩინეს I.Q.-ს მნიშვნელოვანი გაუარესება მათ შორის, ვინც მოზარდობის ასაკიდან შემდგომი 25 წლის განმავლობაში სისტემატურად, ყოველკვირა მოიხმარდა მარიხუანას.  სხვა კვლევები აჩვენებს, რომ მოზარდობაში მარიხუანის ხშირი მოხმარება, შესაძლოა, ოპიოიდების მოხმარების დამოკიდებულების ჩამოყალიბების მიზეზი გახდეს.

მიზეზი, თუ რატომაა მოზარდების თავის ტვინი ასეთი მოწყვლადი ნარკოტიკების ზემოქმედების მიმართ, განსაკუთრებით კი შუბლისწინა  (პრეფრონტალური) ქერქი, რომელიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილებების მიღებაზე, საღი აზრის ფორმირებასა და იპულსურობაზე, არის ის, რომ თავის ტვინი ჯერ კიდევ ვითარდება მოზარდობის ასაკში. 

თავის ტვინის განვითარება, სულ მცირე,  25 წლამდე გრძელდება.  

ამის გარდა, მეცნიერებს უკვე საკმაოდ ზუსტი წარმოდგენა აქვთ იმაზე, უშუალოდ მარიხუანა როგორ ზემოქმედებს ტვინზე. მარიხუანაში არსებული ქიმიური ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი, იგივე THC, რომელიც პასუხისმგებელია ხასიათის გამოკეთებასა და მოდუნებაზე, ნეირონებს შორის ინფორმაციის გაცვლის ჩვეულებრივ პრინციპზე ზემოქმედებს და ცვლის მას. მოზარდობის პერიოდში THC -ის რეგულარულ გამოყენებას შეუძლია ნეირონებს შორის იმ კავშირების სამუდამოდ შეცვლა, Რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შემეცნებაზე, რაც მოცავს სწავლას, ყურადღების კონცენტრირებას და ემოციური უკუკავშირის ქონის უნარს. Ზოგიერთ მოზარდში მოხმარებამ შეიძლება [კანაფის პროდუქტებზე] გრძელვადიანი დამოკიდებულებაც კი განავითაროს.

სწორედ ამიტომ,  ამერიკის პედიატრების აკადემია მოზარდებში მარიხუანის სამედიცინო და გასართობი მიზნით გამოყენების წინააღმდეგ გაფრთხილებას ავრცელებს.  [ზრდასრულებში, კონკრეტული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, როგორებიცაა კიბოს ქიმიოთერაპიის შედეგად გამოწვეული გულის რევა, ტეტრაჰიდროკანაბინოლის [THC] გარკვეული სამკურნალო ფორმები დამტკიცებულია სამედიცინოდ; ხოლო კანაფის ყველაზე არაფსიქოაქტიური ბიოლოგიური შემცველობა - CBD, იგივე კანაბიდიოლი, ბავშვებში ეპილეფსიის სამკურნალოდ სამედიცინოდ არის დაშვებული.] 

მარიხუანის მოხმარების რისკის მაჩვენებელი მოზარდებში დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს იყო 20 ან 30 წლის წინ, რადგანაც ახლანდელი მარიხუანა გაცილებით ძლიერია. 90-იან წლებში ჩამორთმეულ მარიხუანაში THC-ის საშუალო კონცენტრაცია დაახლოებით 3.7 პროცენტი იყო. Ამის საპირისპიროდ, კოლორადოს ავტორიზებულ აფთიაქში გასაყიდად გამოტანილი მარიხუანის  ახლახანდელმა ანალიზმა აჩვენა, რომ მის შემადგენლობაში THC საშუალოდ 18.7 პროცენტი იყო. 

განვითარებული საზოგადოება 21 წლის ადამიანს ზრდასრულად მიიჩნევს, თუმცა, ახალგაზრდის თავის ტვინი ამ დროს კვლავაც განვითარების ეტაპზეა. შტატებმა, სადაც მარიხუანა ლეგალური ხდება, მისი მოხმარების მინიმალური ასაკი უნდა დააწესონ, რომელიც არანაკლებ 25 წლისა უნდა იყოს. Მათ აგრეთვე მკაცრი შეზღუდვები უნდა დააწესონ კანაფის პროდუქტებში THC-ის კონცენტრაციასთან დაკავშირებით და  მკაცრად უნდა განახორციელონ მისი მონიტორინგი.

მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო კამპანიების წარმოებაც იმისთვის,  რომ საზოგადოებამ გაიგოს - მარიხუანა უვნებელი არ არის.

მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოების მიმღებლობა მარიხუანის მიმართ გაზრდილია, ეს მარიხუანას სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის უსაფრთხოს არ ხდის. Სიგარეტი და ალკოჰოლიც ლეგალურია, თუმცა მათ დიდი ზიანის მიაყენეს საზოგადოებას,  ადამიანების ჯანმრთელობას და ბევრის ცხოვრებაც დაანგრიეს.  

იგივე საფრთხეებს შეიცავს კანაფი და მისი პროდუქტები.  კანაფის განვითარებადი ინდუსტრია მკაცრად უნდა დავარეგულიროთ, რათა დავიცვათ მოზარდებისა და ახალგაზრდების თავის ტვინები, მათი განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან ტაპზე.

 

 

♦  ამ მოსაზრების ავტორები არიან კენეტ ლ. დეივისი და მერი ჯინ კრიკი

კენეტ დეივისი ჯანდაცვის ინტეგრირებული სერვის-ცენტრის - Mount Sinai Health System-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორია. მისი კლინიკა ამერიკის ქალაქ ნიუ-იორკში მდებარეობს. 

♦  მერი ჯინ კრიკი როკფელერის უნივერსიტეტის დამოკიდებულების გამომწვევი ავადობების ბიოლოგიური საფუძვლების შემსწავლელი ლაბორატორიის ხელმძღვანელია. 

♦  სტატიის ორიგინალური ვერსია ამერიკულ გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნდა, 2019 წლის 16 ივნისს, Opinion/მოსაზრებების განყოფილებაში.   

♦  ილუსტრაციის ავტორია ჯონ ჰანი;  © Illustration: Jon Han 

♦  სტატია თარგმნა ნანა ნასყიდაშვილმა. ნანა არის გამომძიებელი ჟურნალისტი. 2010-2015 წლებში მუშაობდა სტუდია "მონიტორში".  2017 წელს ნანამ მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის მაგისტრის ხარისხი მიიღო, ხელოვნების განხრით 

♦  თარგმანი მომზადებულია პროექტის - “კლუბური ნარკოტიკების ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება” ფარგლებში, რომელიც “ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს დონორის პოზიციას.


 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>