მარიხუანა, როგორც სამკურნალო საშუალება





ჯანდაცვა

მარიხუანა, როგორც სამკურნალო საშუალება




ტერმინი სამედიცინო კანაფი [ან მარიხუანა] გულისხმობს მთელი, დაუმუშავებელი კანაფის მცენარის ან მისი ძირითადი ექსტრაქტების გამოყენებას დაავადებების სიმპტომებისა და სხვა სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ. აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას [Food and Drug Administration, FDA) მცენარე კანაფი, ცალკე აღებული, წამლად არც უღიარებია და არც დაუმტკიცებია.  

თუმცა, კანაფის მცენარის შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნივთიერებების, კანაბინოიდების, სამეცნიერო კვლევების შედეგად სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ ორი ისეთი მედიკამენტი დაამტკიცა, რომლებიც კანაბინოიდის ქიმიურ ნაერთებს შეიცავს. ისინი აბების სახითაა წარმოდგენილი.

მომავალმა კვლევებმა, შესაძლოა, ახალ სამკურნალო საშუალებებამდეც მიგვიყვანოს. 

იმის გამო, რომ კანაფი ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც მთელი რიგი დაავადებებისა და სიმპტომების მკუნრალობას შეიძლება დაეხმაროს, ბევრი სპეციალისტი ფიქრობს, რომ კანაფი სამედიცინო მიზნებისთვის ლეგალური უნდა იყოს.  მართლაც, ამერიკაში მზარდია იმ შტატების რაოდენობა, რომლებმაც კანაფი სამედიცინო მიზნით მოხმარებისთვის ლეგალური გახადა. 

 

და მაინც, რატომ არ არის კანაფი სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის [FDA] მიერ მედიკამენტად დამტკიცებული?

იმისათვის, რომ სამკურნალო საშუალება ბაზარზე ჩაეშვას, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია, ასობით და ათასობით ადამიანის მონაწილეობით, გულდასმით ჩატარებულ მონაცემებს (კლინიკურ კვლევებს) მოითხოვს, მედიკამენტის  შესაძლო სარგებლისა და რისკების დასადგენად. ჯერ-ჯერობით ადამიანების მონაწილეობით  საკმარისი რაოდენობის ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევები არ არის ჩატარებული,  რომლებიც შეძლებდნენ იმის ჩვენებას, რომ კანაფის (მისი კომპონენტის - კანაბინოიდებისგან განსხვავებით) მიღების რისკები მნიშვნელოვნად გადასწონის სამკურნალო სარგებელს. 

 

სამედიცინო კანაფის მარეგულირებელი კანონები და ექიმის  დანიშნულებით ოპიოდების გამოყენების შედეგები

მეტი კვლევაა ჩასატარებელი იმისთვის, რათა შეფასდეს, რა გავლენა იქონია სამედიცინო კანაფის ლეგალიზებამ ოპიოიდების ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილობის სტატისტიკაზე და სანამ ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან დავაკავშირებდეთ, სიფრთხილეა საჭირო. 

ადრინდელი კვლევები აჩვენებდნენ, რომ სამედიცინო კანაფის ხელმისაწვდომობასა და ოპიოიდების ზედოზირებით გარდაცვალებას შორის, შესაძლოა, კავშირი არსებობდეს. კერძოდ, აშშ-ს წამალდამოკიდებულების ეროვნული ინსტიტუტის [National Institute on Drug Abuse, NIDA] მიერ დაფინანსებულმა კვლევამ, რომელიც 2014 წელს გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ 1999 წლიდან 2010 წლამდე, იმ შტატებში, სადაც სამედიცინო კანაფის შესახებ კანონები მოქმედებდა, ოპიოდების ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილობის სტატისტიკა შედარებით ნაკლები იყო იმ შტატებისგან განსხვავებით, სადაც ასეთი კანონები არ ჰქონდათ. 

2019 წლის ანალიზში, რომელიც აგრეთვე NIDA-ს მიერ იყო დაფინანსებული, ურთიერთდამოკიდებულება სამედიცინო კანაფის ხელმისაწვდომობასა და ოპიოიდებით ზედოზირებას შორის ხელახლა შეფასდა. წინა კვლევით გამოვლინდა, რომ იმ შტატებში, სადაც სამედიცინო კანაფის გამოყენება ნებადართული იყო, ოპიოდების ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილის მაჩვენებელი 1999-2010 წლებში მოსალოდნელთან შედარებით 21 პროცენტით ნაკლები იყო.

თუმცა, როდესაც ანალიზი 2010-2017 წლების ჩათვლით გაკეთდა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ შტატებში, სადაც სამედიცინო კანაფი დაშვებული იყო, ოპიოიდების ზედოზირებით სიკვდილის მაჩვენებელი, მოსალოდნელთან შედარებით, 22.7 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისად, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ოპიოიდების ზედოზირებით გარდაცვალების მაჩვენებელზე სამედიცინო კანაფის საკანონმდებლო შეზღუდვის [როცა მხოლოდ დაბალი კონცენტრაციის ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარებაა დაშვებული] ან ლიბერალიზაციის [როცა რეკრეაციული მიზნით მოხმარებაა დაშვებული] გავლენას დაასაბუთებდა. 

ეს მონაცემები, შესაბამისად, არ ამყარებს ინტერპრეტაციას იმის თაობაზე, რომ კანაფზე ხელმისაწვდომობა ოპიოდებით ზედოზირების სიკვდილის შემთხვევებს ამცირებს. სინამდვილეში, ავტორები აღნიშნავენ, რომ კვლევამ არც იმის მტკიცებულება აჩვენა, რომ მარიხუანაზე ხელმისაწვდომობასა და ოპიოდების ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს. პირიქით: ისინი ვარაუდობენ, რომ ეს კავშირები, განპირობებულია იმ ფაქტორებით, რომლებიც მკვლევარებს მოცემული კვლევის ფარგლებში არ შეუსწავლიათ, და ისინი ფრთხილობენ გამოიტანონ ინდივიდუალური დონის დასკვნები პოპულაციის დონის მონაცემებიდან, დასკვნებისთვის საჭიროა გაცილებით მეტი მონაცემი.

კანაფის ან კანაბინოიდების შესაძლო სამედიცინო სარგებლობის შესახებ კვლევების ჩატარება უნდა გაგრძელდეს.   

 

რა არის კანაბინოიდები?

კანაბინოიდები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც ზემოქმედებით დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლს [THC] ჰგვანან. THC კანაფის მთავარი კომპონენტია, რომელიც ცვლის ცნობიერებას, განწყობას, რაც ადამიანებს სიამოვნებას, “ამაღლებულ განწყობას” ჰგვრის. კანაფის მცენარე 100–ზე მეტ კანაბინოიდს შეიცავს. მეცნიერებმა, ისევე როგორც არალეგალურმა მწარმოებლებმა, ლაბორატორიებში მრავალი სახის კანაბინოიდი შექმნეს. ზოგიერთი ამ კანაბინოიდთაგან ძალიან ძლიერია და ავადმოხმარების შემთხვევაში ჯანმრთელობაზე სერიოზული გავლენა აქვს. 

ადამიანის ორგანიზმის საკუთარ, ბუნებრივ კანაბინოიდებსაც გამოიმუშავებს. ისინი პასუხისმგებელნი არიან სიამოვნების, მეხსიერების, აზროვნების, კონცენტრაციის, სხეულის მოძრაობის, დროის აღქმის, მადის, ტკივილისა და შეგრძნებების (გემო, შეხება, სუნი, სმენა და მხედველობა) რეგულირებაზე.

 

არიან თუ არა მეტად მოწყვლადნი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე და ასაკოვანი ადამიანები კანაფის მოხმარებით გამოწვეული რისკების მიმართ?

სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის გამოყენება, სახელმწიფოს მიერ დაშვებული, საკმაოდ ახალი პრაქტიკაა. ამ მიზეზით ზეგავლენა, რომელიც კანაფს შეიძლება ჰქონდეს ადამიანებზე, რომლებიც ასაკის ან დაავადების გამო დასუსტებულები არიან, ჯერ კიდევ უცნობია. ხანდაზმული და ასევე კიბოთი დაავადებული ან შიდსის მქონე ადამიანები, შეიძლება უფრო მოწყვლადი იყვნენ ნარკოტიკის მავნე ზემოქმედების მიმართ, მაგრამ ამ კუთხით მეტი კვლევაა საჭირო. 

 
როგორ შეიძლება კანაბინოიდები იყოს სასარგებლო მედიკამენტი?
 
ამჟამად კანაფის ორი ძირითადი კანაბინოიდი - ტეტრაჰიდროკანაბინოლი, THC  და კანაბიდოლი, CBD - წარმოადგენს სამედიცინო სფეროს ინტერესს. THC-ს შეუძლია მადის მომატება და გულისრევის შემცირება. ასევე შეუძლია ტკივილის, ანთების [შეშუპება და სიწითლე] და კუნთების კონტროლთან დაკავშირებული პრობლემების შემცირება.
 
 
THC-სგან განსხვავებით, CBD ადამიანებს სიამოვნებას არ ჰგვრის. ის არ არის პოპულარული რეკრეაციული მიზნით გამოყენებისთვის. ის, შეიძლება, სასარგებლო იყოს ტკივილისა და ანთების შესამცირებლად, ეპილეფსიური კრუნჩხვების კონტროლისთვის, და შესაძლოა, ფსიქიკური დაავადებების და დამოკიდებულებების სამკურნალოდაც კი გამოიყენებოდეს. FDA–მ დაამტკიცა CBD–ის ბაზაზე დამზადებული თხევადი მედიკამენტი, სახელწოდებით Epidiolex®, რომელიც გამოიყენება ბავშვთა მძიმე ეპილეფსიის ორი ფორმის: დრავეტის სინდრომისა და ლენოქს-გასტაუტის სინდრომის სამკურნალოდ.
 
ბევრი მკვლევარი, მათ შორის ისინიც, ვინც ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის [NIH] დაფინანსებით მუშაობენ, განაგრძობენ THC, CBD და სხვა კანაბინოიდების კვლევას მათი სამედიცინო მკურნალობის მიზნით გამოყენების მიმართულებით. 
 
მაგალითად, ცხოველებზე ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ კანაფის ექსტრაქტებს შეუძლიათ კიბოს გარკვეული უჯრედების განადგურება და სიმსივნური უჯრედების ზომაში შემცირება. მღრღნელებზე ჩატარებული, ერთი ტიპის უჯრედოვანი კულტურის შემსწავლელი კვლევის შედეგების თანახმად, კანაფის მთლიანი მცენარის რაფინირებულ ექსტრაქტებს შეუძლიათ ისეთი სერიოზული ტიპის სიმსივნური უჯრედების ზრდის შენელება, როგორიცაა თავის ტვინის კიბო. თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ THC-ისა და CBD-ის რაფინირებული ექსტრაქტებით მკურნალობა, დასხივებასთან ერთად, ზრდის რადიაციით კიბოს უჯრედების განადგურების ეფექტს. 
 

მეცნიერები, სხვადასხვა მდგომარეობების და დაავადებათა სიმპტომების, კანაფით და მისი ექსტრაქტებით მკურნალობის პრეკლინიკურ და კლინიკურ კვლევებს ატარებენ ისეთ დაავადებებზე, როგორებიცაა:

 

  • დაავადებები, რომლებიც იმუნურ სისტემაზე ახდენენ გავლენას, მათ შორის HIV/AIDS აივ/შიდსი, გაფანტული სკლეროზი, რომელიც იწვევს კუნთებზე  კონტოლის თანდათანობით კარგვას
  • ანთება
  • ტკივილი
  • კრუნჩხვები
  • წამალდამოკიდებულება  
  • ფსიქიკური აშლილობები

 

ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ სამედიცინო მარიხუანის გამოყენება

ზოგი ქალი აღნიშნავს, რომ ორსულობის დროს, ძლიერი გულისრევის სამკურნალოდ, კანაფს იყენებდა. თუმცა, არ არსებობს კვლევა, რომელიც ამ პრაქტიკის უსაფრთხოების დაასაბუთებდა და ექიმებიც, ზოგადად, რეკომენდაციას არ უწევენ მარიხუანის გამოყენებას ორსულობის დროს. 

ორსულმა ქალებმა არ უნდა გამოიყენონ სამედიცინო მარიხუანა, ვიდრე სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთან კონსულტაციას არ გაივლიან. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ორსული და მეძუძური მდედრების მიერ THC-ის საშუალო რაოდენობით მოხმარებამ შესაძლოა გრძელვადიანი ეფექტი იქონიოს ნაყოფზე, მათ შორის, შესაძლოა, გახდეს სოციალური ინტერაქციის ანომალური მოდელის ან დასწავლის პრობლემათა მიზეზი [კვლევების ლინკები - 1, 2].

 
რომელი მედიკამენტები შეიცავენ კანაბინოიდებს?
 
FDA–ს მიერ დამტკიცებული ორი პრეპარატი, დრონაბინოლი და ნაბილონი, შეიცავს THC-ს. ისინი მკურნალობენ ქიმიოთერაპიით გამოწვეულ გულისრევას და აუმჯობესებენ მადას, შიდსის მიზეზით, წონის უკიდურესად კლების მქონე პაციენტებში. მოსალოდნელია, რომ ახალი კვლევებით ახალი სამკურნალო მედიკამენტები იქნება მიღებული.

 

რა უნდა გვახსოვდეს?

  • ტერმინი სამედიცინო კანაფი გულისხმობს დაავადებისა და სხვა მდგომარეობების სიმპტომების მკურნალობას მთელი, დაუმუშავებელი კანაფით [მცენარით] ან მისი ძირითადი ექსტრაქტებით.
  • ცალკე აღებული კანაფი მედიკამენტად სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ ჯერ არ არის აღიარებული და დამტკიცებული. 

  • თუმცა, კანაფში შემავალი ქიმიური ნივთიერებების - კანაბინოიდების მეცნიერული  შესწავლის შედეგად, სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ აბის სახით ორი მედიკამენტი: დრანაბინოლი და ნაბილონი დაამტკიცა. ისინი გამოიყენება, როგორც მადის მომგვრელი და გულისრევის სამკურნალო მედიკამენტები. 

  • კანაბინოიდები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლს [THC] ემსგავსებიან. THC კანაფის მთავარი კომპონენტია, რომელიც თავის ტვინში ცვლილებებს იწვევს. 

  • ამჟამად, სამედიცინო მკურნალობის თვალსაზრისით, ინტერესის სფეროს ორი მთავარი კანაბინოიდი წარმოადგენს: ტეტრაჰიდროკანაბინოლი, THC  და კანაბიდოლი, CBD.

  • ადამიანის ორგანიზმი თავადაც გამოიმუშავებს ბუნებრივ კანაბინოიდებს. 

  • მეცნიერები, სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობისა და დაავადებათა სიმპტომების სამკურნალოდ კანაფით და მისი ექსტრაქტებით მკურნალობის პრეკლინიკურ და კლინიკურ კვლევებს ატარებენ.

 

♦ ეს მასალა თავდაპირველად ამერიკის წამალდამოკიდებულების ეროვნული ინსტიტუტის [National Institute on Drug Abuse, NIDA] ვებ-გვერდზე, 2019 წლის ივლისს გამოქვეყნდა, სახელით - Marijuana as Medicine.

♦  მასალა თარგმნა ნანა ნასყიდაშვილმა.  2017 წელს ნანამ მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის მაგისტრის ხარისხი მიიღო. მანამდე ის სტუდია "მონიტორში" მუშაობდა გამომძიებელ ჟურნალისტად.

♦   თარგმანი მომზადებულია პროექტის - “ნარკოტიკების ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება” ფარგლებში, რომელიც “ღია საზოგადოების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს დონორის პოზიციას.

 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>