ნარკოტიკების შავი ბაზარი ევროკავშირში





ჯანდაცვა

ნარკოტიკების შავი ბაზარი ევროკავშირში




ნარკოტიკის ბაზრები ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან სფეროდ რჩება. არსებული სავარაუდო გამოთვლებით, ევროკავშირის მოქალაქეები ყოველწლიურად არალეგალურ ნარკოტიკებზე 24 მილიარდ ევროზე მეტს ხარჯავენ [21-31 მილიარდი ევროს ფარგლებში].

ნარკოტიკების ბაზრებს დიდი ზიანი მოაქვს  საზოგადოებისთვის, რომელიც სცდება იმ ზიანს, რაც მხოლოდ ნარკოტიკის მოხმარების შედეგად დგება. ეს მოიცავს სხვა ტიპის კრიმინალურ აქტივობებსა და ტერორიზმში ჩართვას; გავლენას ახდენს ლეგალურ ბიზნესებსა და ზოგადად, ეკონომიკაზე; სამთავრობო ინსტიტუტების კორუმპირებულობასა და საზოგადოების უფრო ფართო ფენებზე. 

 ჩვენს ანალიზში სამი ძირითადი თემა იკვეთება:
  • ზრდადი ორგანიზაციული და ტექნიკური სირთულე, ნარკო-ბაზრების საქმიანობაში ჩართული მხარეების მყარი ურთიერთკავშირი;

  • გლობალიზაცია და ახალი ტექნოლოგიები ნარკობაზარზე ცვლილების ტემპს  აჩქარებს;

  • აქტივობები, რომლებიც დაკავშირებულია ნარკოტიკების ბაზართან, კონცენტრირებულია როგორც უკვე კარგად გამოცდილ, ასევე ახალ გეოგრაფიულ ლოკაციებზე. 

ეს ცვლილებები გამოწვევაა მათთვის, ვინც ცდილობს უპასუხოს ნარკობაზრის მიერ გამოწვეულ ან მასთან დაკავშირებულ გაცილებით ფართო პრობლემებს და გვირჩევს:

  • ნარკოტიკების ბაზრის ბიზნეს-მოდელების სისტემატური ანალიზი სასარგებლო იქნება როგორც ოპერაციული პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო მიზნების დასაგეგმად, ასევე პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით;
  • ეროვნულ ხელისუფლებებსა და ინდუსტრიებს შორის პარტნიორობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მესამე დონის ქვეყნების ჩართულობა; 

  • რესურსების ეფექტიანი გამოყენება შეიძლება მიღწეულ იქნას იმ გეოგრაფიული ლოკაციების მიზანში ამოღებითა და იდენტიფიცირებით, სადაც ნარკოტიკების ბაზართან დაკავშირებული აქტივობებია კონცენტრირებული;  
  • არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუცილებელია სტრატეგიული პასუხი ამ ყველაფრის წინააღმდეგ, რომელიც გამყარებული იქნება სარწმუნო/სოლიდური ინფორმაციით, რაც ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების ამოსაცნობად მნიშვნელოვანია. 

 

ბაზარზე გავრცელებული ძირითადი ნარკოტიკები

კანაფი

კანაფი ევროპაში ყველაზე ფართოდ გამოყენებული ნარკოტიკია და ვარაუდობენ, რომ მისი წილი არალეგალური ნარკოტიკების საცალო გაყიდვების 38%-ს შეადგენს და მისი წლიური ღირებულება 9.3 მილიარდი ევროა [8.4-დან 12.9 მილიარდი ევროს ფარგლებში]. 

ევროკავშირში დაახლოებით 22 მილიონმა სრულწლოვანმა გამოიყენა კანაფი გასულ წელს. სრულწლოვან ევროპელთა დაახლოებით 1 პროცენტი მას თითქმის ყოველდღიურად მოიხმარს. 

ამით კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები და სოციალური პრობლემები იზრდება. თავად ევროპაში, ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფები ფართოდ არიან ჩართულები და მაქსიმალურად იყენებენ ტექნოლოგიურ ინოვაციებს ძლიერმოქმედი პროდუქტების დიდი რაოდენობით საწარმოებლად და გასავრცელებლად. 

იმ დროს, როდესაც ევროპის მასშტაბით ბაზარზე მცენარეული კანაფი დომინირებს, მაროკოდან უფრო ძლიერმოქმედი კანაფის ფისი შემოდის და შესაძლოა, მისი უკანონო შემოტანა ევროკავშირში სხვა არალეგალურ ტვირთებთან და ტრეფიკინგის მსხვერპლ ადამიანებთან ერთად ხდება. ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ეს ტრენდი პოტენციურად იზრდება და მძაფრდება.

ჰეროინი

ჰეროინის ბაზარი სიდიდით ნარკოტიკების მეორე შავი ბაზარია ევროკავშირში. ივარაუდება, რომ მისი წლიური ღირებულება 6.8 მილიარდი ევროა [6.0-დან 7.8 მილიარდი ევროს ფარგლებში] და ის პასუხისმგებელია ნარკოტიკებით გარდაცვალებისა და სოციალური დანახარჯების მნიშვნელოვანი ნაწილზე.

ერთი პერიოდი შავ ბაზარზე ჰეროინის კლების შემდეგ, ჰეროინზე ხელმისაწვდომობის ისევ ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც მომატებული საფრთხეების ნიშანია.

ოპიუმის წარმოების მაჩვენებელი, ზოგადად, მაღალია ავღანეთში. 

ჰეროინის ძალიან დიდი ოდენობით ამოღების შემთხვევები შემდეგ, მისი წარმოების ტექნიკა, ადგილმდებარეობა, ტრეფიკინგის გზები და მეთოდები უსაზღვროდ მოქნილი და დინამიკური გახდა. ეს კი მიუთითებს საზღვაო კონტეინერებით მისი ტრეფიკინგის [უკანონო გადაზიდვის] ცვლილებაზე და იმაზე, რომ ახალი მარშრუტები ჩნდება, რომლებიც  აფრიკას, სამხრეთ კავკასიას, სირიას და ერაყს მოიცავს.

ბალკანეთის მარშრუტი ევროკავშირში ჰეროინის შესვლის მთავარ დერეფნად რჩება. ბაზარზე დივერსიფიცირების ნიშნები არსებობს რეცეპტით გასაცემი წამლებისა და ახალი სინთეზური ოპიოდების მზარდი ავად მოხმარების პირობებშიც. 

კოკაინი

კოკაინი ევროპაში ყველაზე ფართოდ მოხმარებადი არალეგალური სტიმულატორია. ბაზარზე მისი საცალო გაყიდვებით ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 5.7 მილიარდი ევრო მიიღება [4.5-დან 7.0-მდე მილიარდის ფარგლებში]. მისი მოხმარების ყველაზე ხშირი შემთხვევები დასავლეთ და სამხრეთ ევროპაშია და ეს მაჩვენებელი საკმაოდ სტაბილურია ბოლო წლების განმავლობაში, იმის მიუხედავად, რომ მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ნიშნები არსებობს. როგორც ჩანს, კოკას გაშენება ბაზარზე კოკაინის შემცირების პერიოდის შემდეგ მატულობს. თუმცა, გაურკვეველია, რა რაოდენობის კოკაინის წარმოება ხდება და სად.

ევროპაში კოკაინის არალეგალურად შესატანად ზღვა და საჰაერო ტრანსპორტი გამოიყენება. კოლუმბია, ბრაზილია და ვენესუელა ის მთავარი ადგილებია, საიდანაც კოკაინი გააქვთ. კარიბის ზღვის აუზის კუნძულები და დასავლეთ აფრიკა მნიშვნელოვან სატრანზიტო ადგილებად რჩებიან, მაშინ როდესაც ცენტრალური ამერიკა ახლა “ვითარდება” ამ კუთხით. 

საზღვაო კონტეინერების გამოყენება, რომლებიც გემებით ევროპის მთავარი პორტების გავლით გადააქვთ, უწყვეტ პრობლემას წარმოადგენს. კოკაინის გადამალვის მეთოდები სულ უფრო და უფრო იხვეწება. კოკაინს მალავენ მისი უშუალოდ “გადასაზიდი მასალების” ნაწილებში ინტეგრირებით [მაგალითად პლასტმასში] და მისი ტვირთისგან გამოცალკევება ევროპაში ჩასვლის შემდეგ, ქიმიური გზით ხდება.

კოლუმბიური და იტალიური ჯგუფები სხვა ჯგუფებთან ერთად [მაგალითად ჰოლანდიელებთან, ბრიტანელებთან და ესპანელებთან თანამშრომლობით] ევროპისთვის  კოკაინის საბითუმო მიმწოდებლებად რჩებიან. დასავლეთ აფრიკის, განსაკუთრებით კი ნიგერიული ჯგუფები, ასევე აქტიურები არიან კოკაინის აფრიკიდან ევროპაში ტრანსპორტირების საკითხში. ბალკანეთის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები ახლა უერთდებიან ამ დანაშაულებრივ ჯგუფებს. 

სტიმულატორები 

მთავარი სინთეზური სტიმულატორების: ამფეტამინის, მეტამფეტამინის და MDMA-ს ბაზარი, სავარაუდოდ, ამფეტამინის შემთხვევაში, სულ ცოტა, წლიურად 1.8 მილიარდი ევროა [1.2-2.5 მილიარდის ფარგლებში] და MDMA/ექსტაზის შემთხვევაში 0.67 მილიარდი ევრო [0.61-დან 0.72-მდე მილიარდი ევროს ფარგლებში]. 

ამფეტამინს მოიხმარენ როგორც რეკრეაციული, ასევე მარგინალიზებული მომხმარებლები. ბაზარი მათ კოკაინსა და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებსაც სთავაზობს.

ახალი შეშფოთების საგანს წარმოადგენს ისიც, რომ ბაზარზე იზრდება MDMA-ს დიდი დოზის შემცველი პროდუქტების და მეტამფეტამინის ხელმისაწვდომობაც. 

ევროკავშირში, ნიდერლანდები და ბელგიაა MDMA-სა და ამფეტამინის ყველაზე მსხვილი მწარმოებლები, მაშინ როდესაც მეტამფეტამინის უდიდესი წილი, როგორც ჩანს, ჩეხეთის რესპუბლიკაში იწარმოება. 

ახალი ნივთიერებების ფორმულების შექმნა სულ უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანი ხდება და ახალი პრეკურსორებისა და პრე-პრეკურსორი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებამ, შესაძლოა, ჯანმრთელობის რისკები სხვა მიმართულებითაც გაზარდოს: ტოქსიკური ნარჩენების გადაყრა გარემოს აზიანებს.

ექსტაზის ბაზარზე აგრესიული მარკეტინგი სულ უფრო თვალში საცემი ხდება, რაც მომწოდებლებს კონკურენციისა და მომხმარებელთა კონკრეტული ჯგუფების უფრო აქტიურად მიზანში ამოღებისკენ უბიძგებს.

დიდი რაოდენობით ახალი ფსიქოაქტიური სუბსტანციები ღიად იყიდება, როგორც არალეგალური ნარკოტიკების ‘ლეგალური’ ალტერნატივა. ამ ნივთიერებათა შექმნის ტემპი არ ნელდება.

2015 წელს 100 ახალი ნივთიერების არსებობა დააფიქსირეს და ევროკავშირის პროგრამა - ადრეული შეტყობინების სისტემა [Early Warning System] 560-ზე მეტ ახალ ნივთიერებას უწევს მონიტორინგს.

ბაზარი აწვდის  ორივეს: როგორც რეკრეაციულ, ასევე უფრო მეტად მარგინალიზებულ მომხმარებლებს და მწარმოებლები ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემუშავების შედეგად სამართლებრივი და მარეგულირებელი კონტროლის მექანიზმების შემოღებას ელოდებიან. 

მიწოდების გლობალური ქსელები ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დიდი რაოდენობით ონლაინ შეკვეთის საშუალებას იძლევა. აგრეთვე შესაძლებელია მათი ევროპაში ტრასნპორტირება, სადაც მათი შეფუთვა და გაყიდვა ხდება ღია ან ნარკოტიკების არალეგალურ ბაზარზე. ეს არის დაბალი რისკის მქონე, მაღალშემოსავლიანი ბიზნესი, რომელიც მიმზიდველია ორგანიზებული დანაშაულისთვის და ევროპაში წარმოების ნიშნებიც არსებობს. 

განსხვავებული, თუმცა ურთიერთგადამკვეთი ბაზრები, გაჩნდა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბრენდირება ხდება, როგორც ‘legal high’[კანონიერი მასიამოვნებელი], ‘research chemicals’ [საკვლევი ქიმიური ნივთიერებები] და ‘dietary supplements’ [საკვები დანამატები].

გამყიდველები ნარკოტიკებს აგურებსა და ნახევრადაშენებულ კონსტრუქციაში მალავენ და მყიდველს ადგილს ანიშნებენ ისე, რომ თვითონ ფიზიკურად არ გამოჩნდნენ.

ონლაინ ყიდვა ასევე ერთ-ერთი გავრცელებული გზაა.  

ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, ზიანიც იზრდება. მათ შორისაა მწვავე, ზოგჯერ ფატალური, მოწამვლა და სინთეზური კათინონების [მაგ. “აბაზანის მარილები”] ინექციით მიღებული ზიანი. 

 

♦  მასალა მოამზადა ნანა ნასყიდაშვილმა. მასალა მომზადებულია ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის [The European Monitoring Centre for Drugs and Drug Addiction, EMCDDAანგარიშის მიხედვით.  ხსენებული ცენტრი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მდებარეობს და ევროკავშირის მასშტაბით ამ სფეროში მიმდინარე მოვლენებს იკვლევს. 

♦   თარგმანი მომზადებულია პროექტის - “ნარკოტიკების ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება” ფარგლებში, რომელიც “ღია საზოგადოების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს დონორის პოზიციას.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>