ჯანდაცვა

იოდი და ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობა




ჰორმონალურ მეტაბოლიზმში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ფარისებრ ჯირკვალში მიმდინარეობს, იოდი გადამწყვეტ როლს თამაშობს. იოდის ნაკლებობას ჰორმონალური პროცესების დარღვევა და ფარისებრი ჯირკვლის დაზიანება შეუძლია. 

იოდის ნაკლებობა განსაკუთრებით საგანგაშო ორსულობისას ხდება, რადგან ამ პერიოდში მისი საკმარისად მიღება დედის ჯანმრთელობისა და ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია. იოდის ნაკლებობა გონებრივ განვითარებას აფერხებს. 

დადასტურებულია კავშირები იოდის მიღებასა და დაბინძურებული გარემოს ეფექტებს შორისაც. იოდის ნაკლებობის შემთხვევაში მძაფრდება პერქლორატებისა და ნიტრატების დამაზიანებელი გავლენა. იოდის ნაკლებობა ორგანიზმს გარემოს ამ დამაზიანებლების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის. 

ნიტრატებს შინაგანი ორგანოების, გულისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანება შეუძლიათ. სისხლში ნიტრატების დიდი რაოდენობის დაგროვებას, რასაც ხელს იოდის ნაკლებობა უწყობს, ჰემოგლობინის დონის მკვეთრი ცვლილების გამოწვევაც შეუძლია. 

კვლევები აჩვენებს, რომ ქალებში იოდის დეფიციტი ჩიყვისა და ჰიპერთირეოზის გამომწვევი მიზეზია. ზოგიერთი კვლევა იოდის ნაკლებობას ფარისებრი ჯირკვლის კიბოსაც უკავშირებს, რომელიც ქალთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებაა. 

მსოფლიოში ფარისებრი ჯირკვლის კიბო სწრაფად მზარდი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით გამოირჩევა. მსოფლიოს ქვეყანათა უმრავლესობაში, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევათა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.  მსოფლიოში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევათა ზრდას, სავარაუდოდ, რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორისაა გარემოს დაბინძურება და ჭარბწონიანობა. 

ზრდასთან ერთად, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკვეთრად არათანაბარი გადანაწილებაც ახასიათებს: თუ კაცებში მისი სიხშირე 1.9/100,000-ია, ქალებში ის სამჯერ ხშირია, ანუ 100,000 ქალში 6.1. 

საინტერესოა, რომ განვითარებულ ქვეყნებში, განვითარებად ქვეყნებთან შედარებით, ფარისებრი ჯირკვლის კიბო, საშუალოდ, ორჯერ უფრო ხშირია. განვითარებულ ქვეყნებში ეს ონკოლოგიური დაავადება საშუალოდ 100,000 ქალში 11.1-ს აწუხებს, განვითარებადში კი, საშუალოდ, 4.7-ს.

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევათა ზრდის გამომწვევ მიზეზთა შორის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იოდის ნაკლებობაც განიხილება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კრიტერიუმების მიხედვით, იოდის ნაკლებობა განისაზღვრება როგორც შარდში მისი 100 მკგ/ლ-ზე ნაკლები შემცველობა. თუ შარდში იოდის შემცველობა 20 მკგ/ლ-ზე დაბალია, იოდის ნაკლებობა საგანგაშო ხდება. რისკ-ჯგუფებში მოხვედრილი ქალებისთვის, მათ შორის ორსული ქალებისთვის, რეკომენდირებულია დღეში იოდის მინიმუმ 150 მიკროგრამის-ის მიღება.

მიუხედავად იოდის მნიშვნელობისა, მისი ნაკლებობა განვითარებულ ქვეყნებშიც ხშირია. ერთი ენდოკრინული კვლევის თანახმად, იოდის ნაკლებობა მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს. იმავე მონაცემთა ბაზის თანახმად, ევროპაში ბავშვების დაახლოებით ნახევარი იოდდეფიციტურ გარემოში იზრდება. მსოფლიოში ყველაზე იოდდეფიციტურ ქვეყნებს შორის რუსეთი და დიდი ბრიტანეთიც მოხვდნენ. 

იოდი გარემოში

გარემოში იოდის შემცველობა კლიმატისა და გეოლოგიის მიხედვით იცვლება. დედამიწაზე იოდის ყველაზე დიდი მარაგი ოკეანისა და ზღვის წყლებშია დაგროვებული. იქიდან, წყლის ციკლთან ერთად, იოდი ატმოსფეროსა და ხმელეთზე ხვდება. ნაწილი ნიადაგსა და მდინარეებში აღწევს, იქიდან კი მცენარეებსა და ცხოველებში. 

ნიადაგსა და ხმელეთის წყლებში იოდის შემცველობა რთულ და ერთმანეთზე გადაჯაჭვულ ჰიდროლოგიურ, გეოლოგიურ და ბიოლოგიურ პროცესებზეა დამოკიდებული. ამ ფაქტორების გავლენამ პლანეტაზე იოდის მკვეთრად არათანაბარი გადანაწილება განაპირობა. 

იოდდეფიციტური გარემო ხშირია მთიან, ზღვისგან დაცილებულ, მშრალ რეგიონებში, სადაც მოსახლეობა ზღვის საკვებს არ იღებს, ნიადაგში კი იოდი ძალიან მცირე რაოდენობით ხვდება და ირეცხება. 

ასეთ რეგიონებში ხშირია მარილის იოდირების სახელმწიფო პროგრამები, სადაც მარილის მწარმოებლები პროდუქტს იოდით ხელოვნურად ამდიდრებენ. ასეთი პროგრამები იაფიცაა და, კვლევების თანახმად, ეფექტურიც. დღეს მარილის იოდირების პროგრამა მსოფლიოს 120 ქვეყანაში მიმდინარეობს. 

დანიის შემთხვევა

მას შემდეგ რაც — 90-იანი წლების მიწურულს — დანიელმა ექიმებმა ჩიყვისა და ფარისებრი ჯირკვლის შემთხვევების მომრავლება შენიშნეს, სახელმწიფომ ეროვნული კვლევის ჩატარება გადაწყვიტა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ დანიის ზოგიერთ რეგიონში იოდის დეფიციტის გავრცელება საგანგაშოდ მაღალი იყო. მიწისქვეშა წყლებში იოდის დაბალი შემცველობის გამო იოდის ნაკლებობა განსაკუთრებით გავრცელებული დანიის დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდა. 

1998 წელს დანიამ მარილის იოდირების ნებაყოფლობითი, წამახალისებელი პროგრამა დანერგა, თუმცა მისი წარუმატებლობის გამო ის მალევე სავალდებულო სახელმწიფო პროგრამით  ჩაანაცვლა. იოდირების პროგრამამ მარილში იოდის შემცველობა წარმატებით გაზარდა და 2000 წლიდან დანიაში იოდის ნაკლებობა წარმატებით აღმოიფხვრა. 

მიუხედავად ამისა, იოდირების პროგრამის დანერგვის შემდეგ დანიაში ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის შემთხვევები არ შემცირებულა. უფრო მეტიც, დანიაში 2000 წლიდან ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სიხშირე იზრდება. 

ის, რომ იოდირების პროგრამამ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევები არ შეამცირა, ბევრ შემთხვევაში კი — როგორც დანიაში — დაავადების ზოგადი სიხშირის ზრდას დაემთხვა, მკვლევართა ნაწილისთვის იმაზე მიუთითებს, რომ ფარისებრ ჯირკვალს არა მხოლოდ იოდის ნაკლებობა, არამედ მისი ზედმეტი მიღებაც აზიანებს. 

ამ შესაძლო ეფექტის გამოსაკვლევად, დანიური შემთხვევის მაგალითზე, მკვლევართა ჯგუფმა სტატისტიკური ანალიზი ჩაატარა, რომელიც იოდის მიღებასა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შორის არსებული შესაძლო კავშირების დადგენას ცდილობდა. 

მკვლევარებმა კიბოს ეროვნული არქივიდან, სადაც დანიაში ონკოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებული მონაცემები იკრიბება, ფარისებრი ჯირკვლის შემთხვევათა ყოველწლიური ანგარიშები ამოიღეს. მათი მონაცემები 1943 წლიდან 2008 წლამდე პერიოდს მოიცავს.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ქალებში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევები 1996 წლიდან იზრდება. მატების უმეტესობა პაპილარული სიმსისვნის შემთხვევებზე მოდის. დადასტურდა ეჭვიც, რომ მარილის იოდირების პროგრამამ შეთხვევათა რაოდენობის ზრდა არათუ ვერ შეწყვიტა, არამედ ზრდის ტემპის ზრდასაც კი დაემთხვა. სიხშირის ზრდა მარილის იოდირების პროგრამის იმპლემენტაციის შემდეგაც გაგრძელდა, რაც მიუთითებს, რომ იოდის მიღება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გავრცელების განმსაზღვრელი ერთადერთი ფაქტორი არაა. 


ირკვევა, რომ იოდირების პროგრამას მსგავსი ეფექტი ჰქონდა რამდენიმე სხვა შემთხვევაშიც, მაგალითად შვედეთში, არგენტინის ზოგიერთ ნაწილში, სამხრეთ გერმანიაში და ავსტრიაში. 

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევათა ზრდას მხოლოდ იოდირების პროგრამის გამოწვეული ვერ იქნება— მატემა ჯერ კიდევ იოდირებამდე დაიწყო და მასზე კიდევ არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას, როგორიცა, მაგალითად, უკეთესი დიაგნოსტირება. 

თუმცა, მათი ანალიზის მიხედვით, იოდირების პროგრამა, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა ზედმეტი იოდის მიღებას იწვევდეს, რაც სავარაუდოდ ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული სიმსივნის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. 


იოდირების პროგრამა საქართველოში

საქართველოში მარილის სავალდებულო იოდირების პროგრამა 2005 წელს მიღებული საპარლამენტო კანონის მიხედვით მიმდინარეობს. 

2017 წელს იუნისეფისა და იოდის გლობალური ქსელის მხარდაჭერით მომზადებული “საქართველოს ნუტრიციული სტატუსი და იოდირებული მარილის გამოყენების ეროვნული შეფასება” გამოქვეყნდა, სადაც ვკითხულობთ, რომ “მარილის საყოველთაო იოდირების კანონის ეფექტური განხორციელებით საქართველომ დააკმაყოფილა WHO-ს [მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია] უმთავრესი კრიტერიუმები - მოსახლეობა იოდს ოპტიმალური რაოდენობით მოიხმარს და აღმოიფხვრა იოდის დეფიციტით გამოწვეული მდგომარეობები.” 

იმავე შეფასების თანახმად, დღეს საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი იოდს ოპტიმალური რაოდენობით იღებს. თუმცა, როგორც დანიის მაგალითი გვიჩვენებს, იოდირების პროგრამა ფარისებრი ჯირკვლის ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. 

აუცილებელია არა მხოლოდ იოდის ნაკლებობასთან ბრძოლა, არამედ ჭარბი იოდის მიღების თავიდან აცილებაც.

საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, ორსულ ქალებში შარდში იოდის კონცენტრაციის მედიანამ 249 მკგ/ლ შეადგინა, რაც, ფაქტობრივად, რეკომენდირებული კონცენტრაციის ზედა ზღვარია [150-250 მკგ/ლ]. მსგავსი მონაცემია მითითებული ბავშვთა შარდში იოდის კონცენტრაციის შემთხვევაში, რომელიც “მთელი მოსახლეობის იოდის ნუტრიციული სტატუსის ამსახველია.” აქ მედიანა 294 მკგ/ლ აღმოჩნდა, რაც ზედა ზღვრული მაჩვენებელია [რეკომენდირებული დიაპაზონი 100-300 მკგ].

იოდი, გარემოს დაბინძურება და ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობა

ჯანმრთელი ფარისებრი ჯირკვალი ორგანიზმის პირველადი დამცავი მექანიზმების ეფექტურად მუშაობისთვის აუცილებელია. მასში მიმდინარე ჰორმონალური პროცესები იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას უზრუნველჰყოფს, იოდის ნაკლებობა კი ჰორმონალურ პროცესებს არღვევს. 

მარილის იოდირება იოდის დეფიციტის აღმოფხვრის ფართოდ გავრცელებული, იაფი და, როგორც წესი, ეფექტური გზაა. 

თუმცა, ფარისებრ ჯირკვალზე უამრავი ფაქტორი —  მათ შორის გარემოს დამაბინძურებლები და ცხოვრების წესი — მოქმედებს და იოდის საკმარისად მიღება ჯანმრთელი დიეტისა თუ გარემოს მხოლოდ ერთი ნაწილია.

როგორც დანიის მაგალითი ცხადჰყოფს, მხოლოდ იოდირების სახელმწიფო პროგრამა ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული დაავადებების ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ვერ შეცვლის. უფრო მეტიც, ჭარბი იოდის მიღება შესაძლოა სერიოზულ რისკებს ქმნიდეს. ფარისებრი ჯირკვლის ჯანრთელობასა და გარემოს ფაქტორებს შორის არსებული კომპლექსური კავშირები ღრმა და მრავლისმომცველი მიდგომის აუცილებლობაზე მიგვითითებს. 

 

♦ სტატია თარგმნა გიორგი ცინცაძემ.  გიორგი არის ჩიკაგოს უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მეცნიერებების მაგისტრი

♦ სტატიის თარგმანი ნაწილია 'კაქტუს-მედიის' პროექტისა "ჰაერის დაბინძურება და ქალთა ავადობები," რომელიც 'ქალთა ფონდი საქართველოში'  Women's Fund in Georgia მხარდაჭერით ხორციელდება და რომელიც გარემოს დაბინძურებასა და ქალთა ავადობების გავრცელებას შორის კავშირს სწავლობს.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>