დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიკური ეფექტი





ჯანდაცვა

დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიკური ეფექტი




19 აგვისტოს ღამე

სამედიცინო დახმარება ბათუმის ზღვისპირა ზოლიდან 2019 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, გამოიძახეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახების ადგილას დაახლოებით 4 წუთში მივიდა. ბათუმის ბულვარის შესასვლელი, სადაც სამი კაფე-ბარი - “UP2YOU,” “სექტორი-26” და “სოჰო” ერთმანეთის მიყოლებითაა ჩამწკრივებული, ერთადერთი შესასვლელი გზა ვიზიტორების მსუბუქი მანქანებით იყო ჩახერგილი.  

სასწრაფოს მანქანა ტერიტორიაზე ვერ შევიდა. ადგილზე მისულ სასწრაფოს ექიმებს პაციენტების მოძიებაც გაუჭირდათ: ზოგი მათგანი ტელეფონსაც ვეღარ პასუხობდა და ექიმებს ვერ უხსნიდა ზუსტ ადგილსამყოფელს.

- ხელით გამოიყვანეს ზოგიერთი. 

- საკუთარი ფეხებით ვერ მოდიოდნენ?

- ღამე იყო და ზუსტად ვერ გეტყვით. ის კი ვიცი, რომ 4 ახალგაზრდიდან, ვინც ჩვენ წავიყვანეთ, 2 საკუთარი ფეხით ვერ მოვიდა. 

მართალია, ბადრი პაქსაძე, პროფესიით ექიმი და ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე, გამოძახებებზე თვითონ არ დადის, თუმცა, თავისი ექიმების გუნდთან ერთად, მეორე დღეს ყოველთვის განიხილავს წინა დღით მომხდარ მნიშვნელოვან ამბებს. 

სწორედ ასე გაიგო მან იმ ოთხი ახალგაზრდის ისტორია, რომლებიც მისმა გუნდმა წინა ღამით კლუბების ტერიტორიიდან გამოიყვანა და პირველი სამედიცინო დახმარება გაუწია.

სამი ახალგაზრდა გადარჩა, ხოლო ერთი - 22 წლის მამაკაცი, სასწრაფოდან კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, უცნობი სუბსტანცი[ებ]ის ზემოქმედების შედეგად ბათუმის კლინიკა “მედ-ცენტრში”, მიყვანიდან 12 საათის შემდეგ, გარდაიცვალა.  

რა გაარკვია სასწრაფომ? 

სასწრაფომ, როგორც პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებამ, პაციენტებზე კლინიკური ინფორმა ვერ მოაგროვა. 

- ფორსმაჟორში მოხდა ინფორმაციის მიღება.  მით უმეტეს, როდესაც პაციენტი ხელით მოჰყავდათ. ექიმი ასეთ დროს კითხვების დასმასაც ვერ ახერხებს. 

ბადრი პაქსაძის თქმით, სტანდარტულ შემთხვევაში, თუ პაციენტი კონტაქტურია - საუბარი და კითხვებზე პასუხების გაცემა შეუძლია, ექიმი ცდილობს, პასუხები უშუალოდ პაციენტისგან მოიპოვოს. თუ პაციენტი უგონო მდგომარეობაშია, ინფორმაციის მოპოვება მისი თანმხლები პირისგან ხდება.

- თუ ვერც ასე ვიგებთ ინფორმაციას, ინტოქსიკაცია რით მოხდა, კლინიკური ნიშნებით ხდება შეფასება და პაციენტი სტაციონარში გადაგვყავს.  

კლინიკაში ექიმები ინტოქციკაციის მოხსნასა და სასიცოცხლო ორგანოების - თავის ტვინის, ფილტვების, გულის, თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციების აღდგენას ცდილობენ.

- თუმცა, არის ხოლმე, როცა ძალიან მძიმე შედეგებით მთავრდება: ზოგჯერ ფატალურით.  

- ასეთ ვითარებაში გარდაცვალების შემთხვევები ბევრია?

- წელს ეს ერთი იყო, სხვას ვერ ვიხსენებ.  

რა გაიგეს კლინიკაში? 

19 აგვისტოს საღამოს ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადით გადაყვანილი 4 ახალგაზრდიდან 3 მალევე კარგად გახდა და სახლში გაიწერა. ერთი ახალგაზრდის, 22 წლის მამაკაცის, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ის კლინიკა “მედ-ცენტრში” გამთენიის 4 საათზე გადაიყვანეს: უკვე 20 აგვისტოს დილა თენდებოდა.  

კლინიკა “მედ-ცენტრის” დირექტორის, მედეა ქაჯაიას თქმით, სასწრაფოდან კლინიკაში გადმოყვანის მომენტში 22 წლის პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში - ღრმა კომაში იყო: ის კონტაქტზე ვერ გამოდიოდა, კლინიკურად კი - სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა მძიმე უკმარისობა აღენიშნებოდა.

კლინიკაში მისვლისთანავე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს,  სადაც მას ჩაუტარდა ყველა საჭირო კლინიკურ-ინსტრუმენტალური და ლაბორატორიული კვლევები, მათ შორის, თავის ტვინის ტომოგრაფია, ნერვული დაზიანების დასადგენად.

- დავიწყეთ იმ პარამეტრების გამოსწორება, რისი შესაძლებლობაც იყო.  

ყველა სამედიცინო ღონისძიების მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა და ყველა სიმპტომს ერთი: ღვიძლის უკმარისობაც დაემატა. პაციენტი ასევე ნახა სპეციალურად გამოძახებულმა ტოქსიკოლოგმა, რომელმაც, საერთო მდგომარეობის საფუძველზე, სავარაუდო დასკვნა გამოიტანა. 

პაციენტი იმავე დღეს -  20 აგვისტოს, საღამოს დაახლოებთ 17:20 საათზე, კლინიკაში შეყვანიდან დაახლოებით 12 საათში, დაიღუპა. მისი საბოლოო დიაგნოზი ასე ინახება კლინიკის არქივში: დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიკური ეფექტი.

- ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვეჭვობთ, რომ პაციენტმა რაღაც სუბსტანცია მიიღო. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ გავიგოთ, ეს რა იყო.

კლინიკის დირექტორი, მედეა ქაჯაია ამბობს, რომ არც სპეციალურად ამ პაციენტისთვის გამოძახებულ ტოქსიკოლოგს მიეცა საშუალება, გაეგო, თუ რისგან მოხდა სხეულის მოწამვლა: მისი თქმით, კლინიკაში არ არსებობს სისხლის უფრო დეტალურად კვლევების საშუალება, რომელიც ორგანიზმში მოხვედრილი ტოქსიკური ნივთიერებების იდენტიფიცირებას მოახდენდა და სიკვდილის ზუსტ მიზეზს დაადგენდა.  

შემდეგი ნაბიჯი:  სამედიცინო ექსპერტიზა

როგორც კი პაციენტი გარდაიცვალა, კლინიკის დირექციამ პოლიცია გამოიძახა, რათა სიკვდილის მიზეზის გაგების პროცესი გაგრძელებულიყო.

პოლიციამ სიკვდილის მიზიზის გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მედეა ქაჯაია ამბობს, რომ დაიკითხნენ კლინიკის ის ექიმებიც, რომლებიც გარდაცვლილი პაციენტის მკურნალობაში იღებდნენ მონაწილეობას, ხოლო გვამი ბათუმის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიტანეს. 

ბათუმის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ის ადგილია, სადაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების სამედიცინო მიზეზების კვლევის ძიების გზა ჟურნალისტისთვის წყდება.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების დირექტორის მოადგილის - ბადრი პაქსაძისა და ბათუმის კლინიკა “მედ-ცენტრის” დირექტორის, მედეა ქაჯაიასგან განსხვავებით, ბიუროში სამედიცინო მდგომარეობაზე ინფორმაციას ჟურნალისტებზე არ გასცემენ: ბიუროს ადმინისტრაციაში მისულ ჟურნალისტს ჯერ პროზექტურაში ამისამართებენ, ხოლო პროზექტურაში მისულს, დაცვა ეუბნება, რომ აქ მომუშავე ექიმებს ყოველგვარი ინფორმაციის გაცემა ეკრძალებათ.

- აქ ბევრი ასეთი შემთხვევა შემოდის და შეუძლებელია თქმა, ეს კონკრეტული სამედიცინო ექსპერტიზა როდის დამთავრდება. მიმართეთ თბილისს.  ჩვენ ვერაფერს გეტყვით.

სამედიცინო ექსპერტებს ინფორმაციის გაცემა ეკრძალებათ თბილისშიც არა მხოლოდ ამ შემთხვევაზე, არამედ ზოგადად, ამ საკითხის მნიშვნელობაზე.  

მაშინ, როდესაც, მაგალითად, ქართულ პრაქტიკაში სასამართლოს მიერ გაცემული განაჩენები, პირადი ინფორმაციის დაშტრიხვის პირობებში, ჟურნალისტისთვის საჯარო ინფორმაციაა, სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები არ გაიცემა პერსონალური მონაცემების დაფარვის ხარჯზეც კი. 

ბიუროს არგუმენტი ასეთ შემთხვევაში ის არის, რომ ეს ინფორმაცია ეკუთვნის არა ბიუროს, არამედ გვამის გაკვეთის დამკვეთს, ამ შემთხვევაში, საგამოძიებო უწყებას: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან პროკურატურას.

- ჩვენ, უბრალოდ, დაკვეთის შემსრულებლები ვართ. დამკვეთი არის შინაგან საქმეთა სამინსიტრო. 

- არის თუ არა შესაძლებელი რომელიმე სასამართლო სამედიცინო ექსპერტთან ინტერვიუ ამ საკითზე?

- ჩვენი ექსპერტები ინტერვიუებს არ იძლევიან.

- რა არის უარის მიზეზი?

- უბრალოდ, არ უნდათ ინტერვიუს მიცემა. თქვენ ახლა ლაპარაკობთ სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტზე და პროზექტურაზე, სადაც საერთოდ ვერავინ შედის.

ეკა ჭუმბურიძე, სამხარაულის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მეტი ინფორმაციის გაგების მსურველს კითხვების წერილობით გაგზავნის რეკომენდაციას აძლევს.   

ამ ინფორმაციას არ იძლევა არც გვამის სამედიცინო ექსპერტიზის დამკვეთი, შინაგან საქმეთა სამინისტროც: “წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდება სცილდება სამინისტროს კომპეტენციას” - ნათქვამია ამ ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხად.  

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ასლები, პირადი ინფორმაციის დაცვით, არც საქალაქო სასამართლოში ინახება.  ზოგადად, სასამართლოების მიერ გაცემული განაჩენები, პირადი ინფორმაციის დაშტრიხვის პირობებში, ჟურნალისტისთვის საჯარო ინფორმაციაა.

ინფორმაცია ასეთი სახით არ გროვდება არც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ. 

ეს ინფორმაცია არ ინახება არც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში - ბიუროში მხოლოდ ზედოზირებაზე აგროვებენ ზოგად ინფორმაციას. უცნობია კონკრეტული ნარკოტიკების სახელები, რამაც გარდაცვალება გამოიწვია. 

ევროკავშირის პრაქტიკა

ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოდიკებულების კვლევის ცენტრის მიერ 2019 წელს გამოცემული ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც კი, ნარკოტიკებით ზედოზირების გამოკვლევა პრობლემურია, ვინაიდან ლაბორატორიები ცენტრალიზებულია: ერთ ადგილას არსებობს და რეგიონულად გადანაწილებული არ არის. პრობლემაა მათი ტექნიკური აღჭურვილობაც და ზოგიერთი ნივთიერების განსაზღვრის დროს მათი შეზღუდვები.

ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნების ლაბორატორიები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებით არიან აღჭურვილნი, ნარკოტიკული ნივთიერებების უმეტესობის მაღალი სიზუსტით დეტექცია შეუძლიათ.  ისეთი ნივთიერებები, როგორებიცაა ოპიატები, კოკაინი, ამფეტამინი, MDMA, MDA, MDEA და მეტამფეტამინი, ლაბორატორიების 100%-ში არის შესაძლებელი [იგულისხმება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა]. 

თუმცა, ევროკავშირის ქვეყნებში, ლაბორატორიების მხოლოდ 75 % აქვს შესაძლებლობა, სისხლში ბუპრენორფინისა [სუბუტექსი, სუბუქსონი], ფენტანილის ან ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეგაბალინების [მაგ. ლირიკა] კონცენტრაცია ცდომილების მაღალი ხარისხით განსაზღვრონ. ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ერთად, სინთეზური კათინონები [82%] და ფენეთილამინები [71%] ყველაზე ხშირად ტესტირებულ ნივთიერებათა შორის არიან. მათ რიგს მიჰყვებიან სინთეზური კანაბინოიდები და პიპერაზინები. 

ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოდიკებულების კვლევის ცენტრის სპეციალისტების აზრით, ტოქსიკოლოგიურ ტესტირებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია მუდმივად იცვლებოდეს ლაბორატორიებსა და ისეთ ინსტიტუციებს შორის, როგორებიცაა პოლიცია, კლინიკები და თვით პათანატომი ექიმები, რომლებიც გარდაცვლილის გვამებს სამედიცინო ექსპერტიზას უტარებენ.  ამ მხრივ, ორგანიზაციის კვლევის თანახმად, კვლევაში მონაწილე ლაბორატორიებიდან ერთი მესამედის საქმიანობა არადამაკმაყოფილებელი იყო. 

გვამი, როგორც ბიოლოგიური ნივთმტკიცება

რა ინფორმაციას იძლევა გვამია გარდაცვლილის სიკვდილის მიზეზებზე? 

ბესარიონ კილასონია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ გვამი ადამიანის გარდაცვალების მიზეზის დადგენის დროს მთავარი ბიოლოგიური ნივთმტკიცებაა.  

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას, აუცილებელია მთლიანი სხეულის ჯერ გარეგანი [კანისა და ლორწოვანი გარსის, თმებისა და კანის წარმონაქმნების, ტანსაცმლის და სხვ.] დათვალიერება; შემდეგ აუცილებელია შინაგანი გამოკვლევა, ორგანოების მიკროსკოპული გამოკვლევის ჩათვლით.

- სხეულის ყველა ღრუ უნდა გაიხსნას: თავის ტვინი, გულმკერდის, მუცლის, მენჯის ღრუები. ყველა ორგანო, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ჩათვლით, სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევას ექვემდებარება. 

სხეულის ექსპერტიზის ხანგრძლივობა ორი კვირიდან ერთ თვემდე გრძელდება.

- გააჩნია, რას იკვლევ. პრეპარატების  დამზადება კი არაა ხანგრძლივი, არამედ - მათი კვლევის მეთოდოლოგია - ჰისტოლოგიური, ჰისტოქიმიური, იმუნოჰისტოქიმიური, რამაც, შესაძლოა რამდენიმე კვირა მოითხოვოს. 

ბესარიონ კილასონიას თქმით, ხშირად მხოლოდ  ლაბორატორიული შედეგებიც არაა საკმარისი. საჭიროა დამატებითი კონსულტაციები, ლიტერატურის გაცნობა, კვლევის გამეორება, სხვადასხვა მეთოდებით. 

მედეა ქაჯაია, კლინიკა “მედ-ცენტრის” დირექტორი, ამბობს, რომ კლინიკაში გარდაცვლილი ყველა პაციენტის ოჯახის წევრებს კლინიკის ადმინისტრაცია გვამის გაკვეთასა და სიკვდილის სამედიცინო მიზეზის გაგებას სთავაზობენ. 

თუ საქართველოს მოქალაქეს გარდაცვლილი ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით, მისი გამოკვლევა დააინტერესებს, მან პოლიცია უნდა გამოიძახოს. ოჯახის თანხმობის შემთხვევაში, კლინიკა ან თვით ოჯახი [თუ ადამიანი სახლში გარდაიცვალა] პოლიციას იძახებს, რომელსაც გვამი, თავისი მეთვალყურეობის ქვეშ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს პროზექტურაში გადააქვს. გვამის კვლევის ხარჯებს არა ოჯახი, არამედ სახელმწიფო იხდის. 

მედეა ქაჯაია ამბობს, რომ მის კლინიკაში ოჯახების დაახლოებით 99% წევრის გვამის გაკვეთაზე უარს ამბობს.

- ალბათ, იმიტომ, რომ სამედიცინო დაწესებულებას ენდობიან და თვლიან, რომ ჩვენი დაწერილი დიაგნოზი ზუსტია. ან იქამდე დასმულია დიაგნოზები აქვთ და ზედმეტი შეკითხვები არ არსებობს.  

სამედიცინო ექსპერტიზა კი სწორედ იმიტომ დგება, რომ ექიმების მიერ კლინიკურად დასმული დიაგნოზი უჯრედულ დონეზე კვლევებითაც გადამოწმდეს და ექიმის დასმული დიაგნოზი ან დადასტურდეს ან უარყოფილ იქნას, ზოგჯერ ნაწილობივ, ზოგჯერ კი - მთლიანად. 

- როგორც ექიმი, ვთვლი, რომ ყველა გარდაცვლილი უნდა გაიკვეთოს. ეს არის ჭეშმარიტების ძიება და აქ ჩანს ყველაფერი. ეს მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს განვითარებისთვისაც.  

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ის უწყებაა, რომელიც ინფორმაციას ფლობს როგორც ბათუმში გარდაცვლილი ახალგაზრდის სიკვდილის სამედიცინო მიზეზების, ასევე სხვა მსგავსი შემთხვევების, შესახებ. 

თუმცა, უწყება ბათუმის საქმეზე ინფორმაციის გაზიარებას ჯერ-ჯერობით არ აპირებს.

მიზეზი სტანდარტულია: “გამოძიების ინტერესები”, სადაც სამედიცინო ინფორმაცია სიკვდილის მიზეზის დადგენისთვის მთავარი ნივთმტკიცებაა მაშინაც კი, როდესაც გამოძიება “თვითმკვლელობამდე მიყვანის” მუხლით არის აღძრული.  

 

♦  სტატია მომზადებულია პროექტის - “ ნარკოტიკების ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება” ფარგლებში, რომელიც “ღია საზოგადოების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს დონორის პოზიციას.

♦  კაქტუს-მედია აგრძელებს ამ საკითხზე ინფორმაციის მოძიებას სხვა საჯარო უწყებებში, ასევე სამედიცინო სფეროში მომუშავე პროფესიონალებს შორის.  

♦ ილუსტრაციის ავტორია სოფი დათიშვილი

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>