ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია `მეფედრონის` შესახებ





მეცნიერება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია `მეფედრონის` შესახებ




ბოლო 3 დღის განმავლობაში თბილისში რამდენიმე ახალგაზრდას გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნივთიერება 'მეფედრონის' მოხმარებას უკავშირდება.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ორი გარდაცვლილის გვამის ექსპერტიზა მიმდინარეობს და შედეგები მხოლოდ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

შესაბამისად, არც ერთი მათგანის სიკვდილის ოფიციალური, ექსპერტიზით დადასტურებული მიზეზი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. 

რა არის მეფედრონი?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მეფედრონი, იგივე სინთეტიკური კათიონი, ძლიერი სტიმულატორია, რომლის მიღება ჰორმონ დოფამინის გამოყოფას აძლიერებს. მეფედრონი არასოდეს ყოფილა არც ამერიკის, არც ევროპის ბაზარზე ლიცენზირებული/დაშვებული, როგორც სამკურნალო საშუალება.

ნივთიერება მიიღება როგორც ორალურად, ხშირად საჭმელთან ერთად, ასევე სასუნთქი გზებით ან ინტრავენურად. მეფედრონის ზედოზირების სიმპტომებს შორისაა:

კარდიო-ვასკულარულ სისტემაში: ტაქიკარდია, არითმია, ჰიპერტენზია;

ცენტრალურ ნერვულ სისტემაში: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კონვულსია, კონცენტრაციისა და მეხსიერების დაკარგვა;

ნერვულ-ფსიქიატრიული სიმპტომები: აგრესია, პარანოია, ჰალუცინაცია, უძილობა, ღამის კოშმარები, დეპრესია, ადიქცია, დამოკიდებულების განვითარება; 

სხვა ნევროლოგიური სიმპტომები: დაბინდული მზერა, დაღლილობა, მადის დაკარგვა;  

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში:  ყელის ტკივილი, გულისრევა, კუჭის ტკივილი;

ძვლოვან-კუნთოვან სისტემაში: სახსრების ტკივილი, კბილების ჭრაჭუნი; 

გავლენა სასუნთქ გზებზე: გულ-მკერდის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება; 

კანზე: გამონაყარი, ოფლიანობა, კანის გაფერმკრთალება. 

სფეროს კვლევის ფარგლებში, რამდენიმე გვამის ექსპერტიზით გამოვლინდა, რომ სიკვდილი სისხლში მეფედრონის დიდ კონცენტრაციას უკავშირდებოდა, რამაც გულის უკმარისობით სიკვდილი გამოიწვია.

როგორც რეკრეაციული სუბსტანცია, მეფედრონი ჯერ კიდევ 1929 წელს გაჩნდა შავ ბაზარზე; ხელახლა ის 2007 წელს გამოჩნდა, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში.  

მეფედრონით თრობის ეფექტები (მეტ)ამფეტამინის ან კოკაინის ზემოქმედებას ჰგავს, მაგრამ მათთან შედარებით ნაკლებად ძლიერია.  მის ფარმაკოლოგიასა და ტოქსიკოლოგიაზე სრულყოფილი კვლევები არ არსებობს.  WHO-ს ცნობით, არ არსებობს კვლევები იმაზეც, თუ რა გავლენა აქვს მეფედრონს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ორგანიზმში სიმსივნურ-მუტაგენური ცვლილებების სტიმულირებაზე.   

ვირთხებში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ მეფედრონი დამოკიდებულებას იწვევს. ადამიანებში მსგავსი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.  თუმცა, რამდენიმე მომხმარებელი სუბსტანციის მოქმედებას ისე აღწერს, როგორც დამოკიდებულების გამომწვევს.  მკვლევრების აზრით, დამოკიდებულება, შესაძლოა, უფრო ფსიქოლოგიური იყოს, ვიდრე ფიზიოლოგიური. 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რაზეც WHO მეფედრონთან მიმართებაში მიუთითებს, ევროპის წამლისა და წამალდამოკიდებულების ცენტრის 2010 წლის ანგარიშია.  

ლეგალურ კონტროლს რომ დაემალონ, მეფედრონის ონლაინ გამყიდველები ხშირად სხვა, უწყინარ სახელებს არქმევენ პროდუქტს.  ‘საკვლევი ნივთიერება,’ ‘აბაზანის მარილი,’ ‘ბოტანიკური კვლევისთვის,’ ‘არა-ადამიანის მოხმარებისთვის,’ bubbles, blow, Charge+, Cristal bath, Crush, Dark + და ა.შ. - მომხმარებელი ამ ნივთიერებებს ონლაინ ბაზარზე  ასეთი სახელებით ცნობს.  

2010 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, 77 ასეთი ონლაინ მაღაზია გამოავლინეს მხოლოდ ინგლისში.  ყველა მათგანი მეფედრონს ყიდდა. მას შემდეგ, რაც 2010 წლის აპრილში მეფედრონი ინგლისში ე.წ. ‘საკონტროლო წამლების’ სიაში შევიდა, ონლაინ მაღაზიების უმრავლესობა გაქრა [‘საკონტროლო წამლების’ სიაში ისეთი ნივთიერებები შედის, რომლებიც ალარეგალურად იყიდება და განსაკუთრებით საშიშია ჯანმრთელობისთვის].  

 

ინფორმაციის წყაროები:

1) WHO, მეფედრონი - კრიტიკული რევიუ, ჟენევა,  2014 წელი;

2) European Monitoring Center for Drug and Drug Addiction, New Drugs and Emerging Trends, 2010 წლის ნოემბერი 

 




 

 

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>