რა არის MDMA, იგივე (E)ქსტაზი?





მეცნიერება

რა არის MDMA, იგივე (E)ქსტაზი?




საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კლუბებში - 'ბასიანსა' და 'გალერიში' - ერთი კვირის წინ ჩატარებულ სპეცოპერაციებს კლუბებში სავარაუდო ნარკოვაჭრობას უკავშირებს. 

ის ინფორმაცია კი, რასაც თვით შსს მომხმარებლებს საკუთარი ვებ-გვერდიდან აწვდის, არ არის სრულყოფილი და უხეშ შეცდომებს შეიცავს. 

MDMA, იგივე მეთილენდიოქსიმეთამფეტამინი, პოპულარულ ენაზე ექსტაზი (E), კლუბურ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნარკოტიკია.  2014 წელს ჩატარებული The 2014 Global Drug Survey-ს მიხედვით, 1,500 გამოკითხულს შორის MDMA ყველაზე გამოყენებადი ნარკოტიკული ნივთიერებების ოცეულში მეოთხე ადგილს იკავებს.

საქართველოში, ორგანიზაცია “ალტერნატივა ჯორჯიას” მიერ 2016 წლის ივლისში  მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 28 რესპონდენტიდან, რომელთან შორის ერთი ქალი იყო, MDMA, იგივე ექსტაზი ერთხელ მაინც ჰქონდა მიღებული. იმ მამაკაცთა ნახევარზე მეტი, რომელთაც ექსტაზი ერთხელ მაინც ჰქონდათ გასინჯული, თბილისის მაცხოვრებელი იყო. ორმა რესპონდენტმა განაცხადა, რომ ექსტაზი მიღებული ჰქონდათ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე, მათგან ერთს ექსტაზი ბოლო 30 დღის განმავლობაში ჰქონდა მიღებული. 

მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში, ფსიქიატრების ნაწილი ამტკიცებდა, რომ მკურნალობის დროს MDMA პაციენტებს ეხმარებოდა საკუთარი პრობლემების უფრო თამამად გამოთქმასა და გააზრებაში; მიუხედავად ამისა, ამერიკის წამლისა და სურსათის სააგენტოს MDMA არასოდეს დაუშვია ბაზარზე, როგორც ლეგალური სამკურნალო საშუალება.   

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია MDMA-ზე არაერთ მითსა და უზუსტობას შეიცავს. მაგალითად:

 

  • “(ექსტაზის) მომხმარებელები, დროთა განმავლობაში, ჰეროინზე ან ამფეტამინებზე გადადიან;”

  • “(ექსტაზის მიღების შედეგად) იცვლება გენეტიკური კოდი;”

  • “მოსალოდნელია სუიციდის მცდელობა.”

არაერთი ფაქტი, რომელზედაც სამინისტროს პოსტი მიუთითებს, საერთაშორისო წყაროებით პირდაპირ არ მტკიცდება და შეცდომაში შემყვანია. თვით სამინისტროს კი საკუთარი განცხადებების გამამყარებელი წყაროები (ჰიპერლინკების ან სხვა სახით) არ აქვს მითითებული.  

 

რა არის MDMA?  

MDMA, იგივე მეთილენდიოქსიმეთამფეტამინი, სტიმულატორი და ჰალუცინოგენია.

პირველად MDMA გერმანულმა ფარმაცევტულმა კომპანია ‘მერკმა’ გამოუშვა 1912 წელს სისხლდენის შესაჩერებელ საშუალებად (და არა როგორც მადის გასაღვიძებელი, როგორც ამას არაერთ წყარო ამბობს).  

 

შავი ბაზრის საფრთხეები

MDMA-ს გავრცელებული სახელით ‘მოლი,’ ჩვეულებრივ, შავ ბაზარზე იყიდება და ხშირად განზავებულია სხვა ნივთიერებებით, როგორებიცაა: კეტამინი, კაფეინი, ეფედრინი, ჰეროინი, კოკაინი და სხვები ისე, რომ ამის შესახებ მომხმარებელმა არ იცის.

ამერიკის  იუსტიციის სამინისტროს წამლის კონტროლის სააგენტოს (Drug Enforment Agency, DEA) მიერ ამოღებული ნივთიერებების ქიმიური შემოწმება სწორედ ამაზე მეტყველებს. იყო სხვა შემთხვევა, როცა სახელმწიფო უწყებების მიერ ამოღებული ნივთიერება, რომელიც იყიდებოდა, როგორც MDMA, ქიმიური შემოწმების შემდეგ მეთილონი აღმოჩნდა.  


 

რა ზემოქმედება აქვს MDMA-ს ჯანმრთელობაზე?

National Institute of Drug Abuse (NIDA)-ს ინფორმაციით, MDMA მიღებიდან დაახლოებით 45 წუთის შემდეგ იწყებს მოქმედებას.  მოქმედების დროს ადამიანი ხდება უფრო თავისუფალი გარშემომყოფებთან ურთიერთობაში, ხდება უფრო ექსტროვერტი, თავს ბედნიერად გრძნობს, უფრო ღიაა ილაპარაკოს ან განიხილოს ის საკითხები, რაზეც სიფხიზლეში ჩუმად იქნებოდა.

გარდა ერთი შეხედვით დადებითი ეფექტებისა, MDMA-ს მიღება ორგანიზმში მთელ რიგ მწვავე ცვლილებებს იწვევს.  მართალია, ფატალური შედეგების შემთხვევები ხშირი არაა, მაგრამ გადაჭარბებით მიღება სიცოცხლეს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის - იწყება სისხლის წნევის მომატება (ჰიპერტენზია), გულყრა, პანიკური შეტევა, და ყველაზე უარეს შემთხვევებში, გონების დაკარგვა და ციებ-ცხელება.

იმის გამო, რომ MDMA-ს მიღება ხშირად ისეთ გარემოში ხდება, სადაც ცხელა ან/და ცუდი ვენტილაციაა და ორგანიზმი ფიზიკურად აქტიურია  (საცეკვაო მოედანზე, მაგალითად), აბის მიღებამ, იშვიათად, მაგრამ მაინც, შეიძლება გამოიწვიოს სხეულის გადახურება (ჰიპერთერმია). დახუთულ გარემოში აბის მიღება ადუნებს ორგანიზმის უნარს, აკონტროლოს და შეინარჩუნოს სხეულის ტემპერატურის ნორმალური მაჩვენებელი.   

MDMA-ს რეგულარული გამოყენება იწვევს ძილის დარღვევებს, მადის დაკარგვას, კონცენტრაციის პრობლემებს, დეპრესიას, გულის დაავადებებს, იმპულსურობას.   

MDMA-ს გადაბმით 2 წლის განმავლობაში მიღებამ, შესაძლოა, გონებრივი ფუნქციონირების დაქვეითება გამოიწვიოს. ყველა ეს უარყოფითი ცვლილება, შესაძლოა, პირდაპირ არ უკავშირდებოდეს MDMA-ს მიღებას, არამედ იმ აბებს, რომლებიც მასთან კომბინაციაში მიიღება, როგორებიცაა კოკაინი, ალკოჰოლი ან მარიხუანა ან სხვა ნივთიერებები.  

 

MDMA-ს გავლენა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე

MDMA თავის ტვინის სულ მცირე, სამი ნეირომედიატორის ჭარბად გამოყოფას უწყობს ხელს: ესენია სეროტონინი, დოფამინი და ნორეპირეფრინი; ჭარბი გამოყოფის შემდეგ კი, მათი გადამუშავების დაბლოკვას.   

სეროტონინი განწყობას, ძილს, მადას, ტკივილს და სხვა ქცევებს/რეაქციებს აკონტროლებს.  მისი დიდი რაოდენობით გამოყოფა ამ ქცევებსა თუ რეაქციებს აძლიერებს, თუმცა, მისი ბუნებრივზე ჭარბი გამოყოფა ტვინში მის გამოფიტვა-განლევას იწვევს, რაც მომხმარებლებში მომავალში უარყოფით ფსიქიკურ მოვლენებს იწვევს.   

მღრღნელებსა და პრიმატებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ MDMA-ს საშუალო ან მაღალი დოზებით, დღეში 2-ჯერ, 4 დღე ზედიზედ მიღებამ სეროტონინის გადამცემი ნერვული უჯრედების (serotonin transporter (SERT) დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს; სეროტონინის დონის დაქვეითებამ მესხიერების პრობლემები და დეპრესია შეიძლება გამოიწვიოს.


 

MDMA-ს რეგულირება საქართველოში

საქართველოს კანონმდებლობით MDMA ნარკოტიკულ ნივთიერებად ითვლება და “სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების” სია 1-ში შედის (ამ სიაში ნივთიერებათა 5 ქვეტიპი ერთიანდება).  

კანონში წერია, რომ დასაბუთების შემთხვევაში, შესაძლებელია ამა თუ იმ ნივთიერების ხუთ კატეგორიულ სიაში ან გადანაცვლება ან ამოღება.

 

MDMA ამერიკის შეერთებულ შტატებში

MDMA ამერიკის შეერთებულ შტატებში 1985 წელს აიკრძალა. ამჟამად ის ამერიკის ფედერალური მთავრობის მიერ დადგენილი წამლების Schedule I კატეგორიაშია.

Schedule I კატეგორიაში ისეთი ნივთიერებები შედიან, რომლებსაც ლიცენზირებული სამედიცინო გამოყენება არ აქვთ და დამოკიდებულების გადამეტებულ რისკებს შეიცავენ.

ამის მიუხედავად, MDMA-ს შესაძლო თერაპიულ თვისებებზე არაერთი დიდი თუ მცირე კლინიკური ცდა ჩატარდა, ზოგი კი ახლაც მიმდინარეობს.  

 

‘ინოვაციური თერაპიის დანიშნულება’

2017 წლის აგვისტოს ამერიკის წამლისა და სურსათის სააგენტომ (FDA) MDMA-ზე მესამე ფაზის კლინიკური ცდების ჩატარების უფლება გასცა, სპეციალური მექანიზმით ‘ინოვაციური თერაპიის დანიშნულება’ (Breakthrough Therapy Designation).

ამ კლინიკური კვლევების დროს უნდა გამოვლინდეს, რამდენად ეფექტურია MDMA პოსტ-ტრავმული სტრესული სინდრომის (PTSD) სამკურნალოდ.  

Breakthrough Therapy Designation არის მექანიზმი, რითაც ამერიკის წამლისა და სურსათის სააგენტო ამა თუ იმ მედიკამენტზე კლინიკური ცდის ჩასატარებლად დაჩქარებულ ნებართვას გასცემს.  პროცედურულად, მწარმოებელი კომპანიები ან საინიციატივო ჯგუფები სააგენტოს სთხოვენ ამ მექანიზმზე ნებართვას.

Breakthrough Therapy Designation არ ნიშნავს, რომ წამლის ფორმულა იმ მომენტისთვის რევოლუციური გარღვევაა და რომ მასზე კლინიკური ცდები აუცილებლად დადებითი შედეგებით დასრულდება.  

ამ მექანიზმის მიღების შემდეგ, სანამ საბოლოოდ ბაზარზე ჩაეშვება, წამალმა მასშტაბური კლინიკური ცდები უნდა გაიაროს, რაც, როგორც წესი, წლები გრძელდება და ყოველთვის არ სრულდება დადებითად.  

FDA ყოველ წელს დაახლოებით 100 Breakthrough Therapy Designation-ს მოთხოვნას იღებს.  აქედან, საშუალოდ, მხოლოდ ერთ მესამედი მოთხოვნა კმაყოფლდება.  


 

ვინ მოითხოვა ეს მექანიზმი MDMA-ზე?

ერთი წლის წინ, ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია Multidisciplinary Association for Psychedelic Studies  MDMA-ის კლინიკური ცდების მესამე ფაზაში ჩართვის უფლებისთვის FDA-ს მიმართა.  

2017 წლის 26 აგვისტოს სააგენტომ ორგანიზაციას ეს უფლება მიანიჭა. კლინიკური ცდების დროს პაციენტებს MDMA სხვა წამლებთან კომბინაციაში ეძლევათ. ცდები  მთელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ისრაელში ჩატარდება და დაახლოებით 200-300 პაციენტს მოიცავს. ამჟამინდელი გათვლებით, კვლევა 2021 წელს უნდა დასრულდეს.   

 

წინა კვლევები

მცირე კვლევა, რომ MDMA-ს პოსტ-ტრავმული სტრესული სინდრომის სამკურნალოდ აქვს პოტენციალი, 2011 წელსაც გამოქვეყნდა.  კვლევაში 20 პაციენტი იღებდა მონაწილეობას და დამაიმედებელი შედეგები აჩვენა.

მას შემდეგ, მეორე ფაზის უფრო მასშტაბური კლინიკური ცდები აშშ-ში, კანადასა და ისრაელში ჩატარდა, მაგრამ ამ კვლევის შედეგები არასოდეს გამოქვეყნებულა.  

გასულ წელს ჟურნალ Science-სთვის მიცემული ინტერვიუში რიკ დობლინმა, Multidisciplinary Association for Psychedelic Studies-ს დირექტორმა, აღნიშნა, რომ გამოუქვეყნებელ კვლევაში მონაწილე 107 პაციენტიდან 61 პროცენტს, რომლებსაც 17 წელზე მეტია აწუხებდათ PTSD, მკურნალობის დასრულების შემდეგ უკეთ გახდნენ.    

 

თემასთან დაკავშირებული მასალები

ლიბერალი: გახარიამ მომაკვდინებელ ნარკოტიკზე კაკი ზოიძის კითხვას თავი აარიდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) - 'მეფედრონის' შესახებ 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>