FAQ

ნებაყოფლობითი ტესტირება საეჭვო ნარკოტიკის შემცველობის გამოსავლენად




ბოლო ერთი თვის განმავლობაში თბილისში არაერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, სავარაუდოდ, კლუბური ნარკოტიკების მოხმარების გამო. ერთი თვის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამი საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილის სხეულს ექსპერტიზა უტარდება, რათა მათი სიკვდილის ზუსტი მიზეზი გაირკვეს.

ექსპერტიზიდან  თითქმის ერთი თვე გავიდა, თუმცა კვლევის შედეგები შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ-ჯერობით არ გამოუქვეყნებია.


ინფორმაცია ნარკოტიკებზე

კლუბური ნარკოტიკების გვერდითი მოვლენების შესახებ გადამოწმებული, სანდო ინფორმაცია ქართულ ენაზე არ არსებობს.  

ყიდვამდე ნარკოტიკის მომხმარებლებს გადაწყვეტილების მიღება სხვა მომხმარებლების მიერ შექმნილ ონლაინ რესურსებზე დაყრდნობით ან პირადი გამოცდილების გაზიარების საფუძველზე უწევთ.


ტესტირება, როგორც საუკეთესო პრაქტიკა

ერთ-ერთი ალტერნატიული გზა, რომელიც მომხარებლების დასაცავად და ‘არ ავნო/do not harm’ პრინციპის გათვალისწინებით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ათეული წლებია დანერგილი, საეჭვო ნარკოტიკების ლაბორატორიული ან ტესტების საშუალებით შემოწმებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკული საშუალება თითქმის ყველა იმ ქვეყანაში არალეგალურია, ტესტირებას ერთგვარი ლეგალური სახე აქვს: მომხმარებლები თვითონ აბარებენ ნარკოტიკებს სპეციალისტებს ლაბორატორიული შემოწმებისთვის; ტესტების პასუხს შემმოწმებელი პირდაპირ მომხმარებელს აძლევს.  

ამ პრაქტიკას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ისინი ამბობენ, რომ ეს მოხმარების ერთგვარი ლეგიტიმაციაა და წახალისების სახე აქვს; მომხრეები კი ამბობენ, რომ მოხმარების პრაქტიკა მაინც არსებობს და პრობლემაზე თვალების დახუჭვას რეალური ზიანი შემცირება ჯობია.  

ტესტირების პრაქტიკა ნიდერლანდებსა და გერმანიაში უკვე ათწლეულებია, რაც არსებობს, ხოლო დიდ ბრიტანეთში პირველად ორი წლის წინ მოხდა.

იდეის ავტორი კრიმინალისტი, დიურჰემის უნივერსიტეტის პროფესორი ფიონა მეშემი იყო.  2016 წლის 24 ივლისს კემბრიჯშირში გამართულ მუსიკალურ ფესტივალ Secret Garden Party-ის დროს, მეშემის თაოსნობით, სწორედ ასეთი ტესტირება ჩატარდა, კომპანია The Loop-ის ტექნიკური მხარდაჭერით. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ბრიტანეთში მომხმარებლებმა თვითონ ჩააბარეს ნარკოტიკები შესამოწმებლად პროფესიონალებს.  

შემოწმების შემდეგ, მომხმარებლებს ნარკოტიკების რეალურ შემცველობაზე ინფორმაცია მიაწოდეს, რის შემდეგაც მათ შეეძლოთ მიეღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება: მიეღოთ ან არ მიეღოთ შემოწმებული ნარკოტიკი.  

ერთმა სინჯმა აჩვენა, რომ ნივთიერება, რომელიც სადღებოდა, როგორც MDMA, სინამდვილეში  ეფედრინისა და კაფეინის ნარევი აღმოჩნდა, 50/50 პროპორციით.

ამ საქველმოქმედო ტესტირებით ბრიტანელი მომხმარებლები კმაყოფილები დარჩნენ.

მოდით, ვაღიაროთ, რომ ნარკოტიკებს მაინც ვიღებთ. აქედან გამომდინარე, ჯობია ვიცოდეთ, რას ვიღებთ,” - უთხრა BBC-ს ერთ-ერთმა მომხმარებელმა ამ აქციის შემდეგ.

ეს პირველი შემთხვევაა და იმედი მაქვს, ბევრჯერ განმეორდება,” - უთხრა BBC-ს იდეის ავტორმა, ფიონა მეშემმა.

 

საქართველო

დაახლოებით ასეთი პრაქტიკის მოსინჯვა გუშინ, ‘თეთრი ხმაურის მოძრაობის’ აქტივისტმა პაატა საბელაშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესთავაზა.

“ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩვენს რესურსს, რომ დავეხმაროთ საშიში ნივთიერების გამოვლენაში. იმ ტესტების ბიუჯეტით, რითაც ურინოტესტებს ყიდულობენ, შეისყიდონ ის ტესტ-სისტემები, რომლებიც გამოიყენება იმის დასადგენად, თუ რა ტიპის [მომაკვდინებელ] ნივთიერებასთან გვაქვს საქმე.

იქიდან გამომდინარე, რომ მათ ძალიან რეპრესიული ნარკოპოლიტიკა აქვთ, არ მგონია, შსს-ში ნარკოტიკი [სინჯი] ვინმემ მიიტანოს.  შსს-მ ჩვენ მოგვეს ეს ტესტები, ჩვენ გავავრცელებთ მომხმარებლებში, მოვაგროვებთ ტესტების პასუხებს ანონიმურად, [განვათავსებთ] სერვერზე და შსს-ს მივაწვდით მოგროვებულ ინფორმაციას, რათა მათ გააანალიზონ, რა ტიპის ნივთიერებებია ბაზარზე და რომელი შეიძლება იყოს განსაკუთრებულად მაღალი რისკის შემცველი.

"რატომ არ ვიცით დღემდე, რა ნივთიერებები იყო იმ მოქალაქეების საქმეებში, რომლებიც დაიღუპნენ, თუკი ისინი მართლა ფიქრობენ, რომ მოსახლეობა უნდა დაიცვან ამ პრობლემისგან?” - განაცხადა გუშინ პრესკონფერენციაზე პაატა საბელაშვილმა, ‘თეთრი ხმაურის მოძრაობის’ ერთ-ერთმა აქტივისტმა.

 

 ‘კაქტუსი’ ერთ ქართველ მომხმარებელს ესაუბრა. უსაფრთოხების გამო, მისი სახელი და გვარი კონფიდენციალურია.  

 

 - როდის დაიწყე MDMA-ს მიღება?

 MDMA პირველად ორი წლის წინ, აგვისტოს თვეში, იბიცაზე მივიღე. ქართველი მეგობრისგან ვიცოდი ერთი კონკრეტული დილერი, რომელსაც, ჩემი ინფორმაციით, ნამდვილად ჰქონდა კარგი ხარისხის MDMA.  სანამ შევიძენდი, დილერთან კომუნიკაცია WhatsApp-ით მქონდა.  ვიცოდი, რომ მისგან ბევრი ყიდულობს და სანდოა.

სანამ საბოლოო გადაწყვტილებას მივიღებდი, მოვემზადე: ძალიან ბევრი წავიკითხე.  

 -  რა წყაროებზე კითხულობდი ინფორმაციას?

თავიდან ‘ვგუგლავდი’. შემდეგ ბევრ ონლაინ წყაროს მივაგენი. არსებობს ფორუმებიც, სადაც ათასობით მომხმარებელი საკუთარ გამოცდილებაზე წერს.  

 -  როგორ ამოწმებდი იმ კონკრეტული დილერის სანდოობას?

ჩემს მეგობარს ვენდობოდი, რომელმაც მისი ნომერი მომცა. ეს მხოლოდ ნდობაზეა დამყარებული.  მეტ კვლევას იმ დილერზე ვერც გავაკეთებდი - ნდობის გარდა, გადამოწმების სხვა გზები არ არსებობს.   

ვერც ხარისხის გარანტიას  მოგცემს ვერავინ; მომხმარებელს და დილერს უნდა ენდო.  არსებობს ტესტ-კიტებიც, რითაც შეგიძლია ნივთიერების შემადგენლობა შეამოწმო.  

 -  საქართველოში ყიდულობ MDMA-ს?

 საქართველოში არ ვყიდულობ იმიტომ, რომ რეალიზატორებს არ ვენდობი: სამმაგად ძვირად ყიდიან და კიდევ რა ნაგავს ამატებენ, არავინ იცის.  

 -  შენი აზრით, ეს კრიზისი როგორ უნდა დაიძლიოს?

 ჩემი აზრით, ამ ეტაპზე სახელმწიფომ: 1) ნარკოტიკებე საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია უნდა წამოიწყოს; 2) აუცილებლად უნდა გამოაცხადოს, რის შედეგად გარდაიცვალნენ ის ახალგაზრდები; 3) ნარკომაფიას მაღალი დონის დილერების დონეზე ებრძოლოს.

ზოგადად, ნარკოტიკები მაინც არსებობს, ყველა სახელმწიფოშია, რაც არ უნდა მკაცრი პოლიტიკა არსებობდეს: ჩვენნაირი ღარიბი და განვითარებადი იქნება თუ მდიდარი და განვითარებული.  

მე ქართულ კლუბებში ‘დრაგების’ მისაღებად არ დავდივარ, თუმცა, ბევრი დადის.  არც ერთ ქართულ კლუბში - არც ბასიანზე, არც სფეისჰოლში, არც მტკვარზე და არც ხიდში - ნარკოტიკი არ მიყიდია და არც მიმიღია.  

 - ‘ბასიანს’ ბევრი ახალგაზრდა მხარდამჯერი ჰყავს. როგორც ჩანს, თბილისში ნამდვილად გახდა საჭირო, რომ ასეთი ალტერნატიული სივრცე არსებობდეს.  შენ რატომ დადიხარ ‘ბასიანზე’ და რამდენად ხშირად?

ხან თვეში ორჯერ მივდივარ, ხანაც ყოველ კვირას; მერე რაღაც პერიოდი ვისვენებ.  ‘ბასიანზე’ მიღებული დადებითი ენერგია დიდხანს მყოფნის.

ზოგადად, თბილისში ძალიან მტრული გარემოა. სახლის კარიდან როგორც კი ფეხს გადმოვადგამ, იწყება ბრძოლები.

‘გარაჟიდან’ მანქანის გამოსაყვანად ბრძოლა მიწევს; ‘ზებრისთვის’ უნდა ვიბრძოლო; პარკირებისთვის უნდა ვიბრძოლო; ჩემს რიგზე უნდა ვიბრძოლო; სუფთა ჰაერისთვის უნდა ვიბრძოლო; სიმშვიდისთვის უნდა ვიბრძოლო.

საბოლოოდ კი ეს ბრძოლა მანადგურებს.

‘ბასიანზე’ სწორედ თავისუფალი და შემწყნარებელი გარემო ვიპოვე.  დაცულია ჩემი პირადი სივრცეც: კლუბში აკრძალულია ფოტო-ვიდეო გადაღება. მსუქანი ვარ, გამხდარი ვარ,  ვიღაცას ვკოცნი თუ ვეფერები, არავის აინტერესებს, არავინ გითვალთვალებს.

 

მსგავსი მასალები:

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>