გარემო

`ჯორჯიან მანგანეზის` დობილმა კომპანიამ ვირჯინიის შტატში ჰაერი დააბინძურა




მიმდინარე წლის 15 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის იუსტიციის დეპარტამენტმა მთავრობისა და დასავლეთ ვირჯინიის შტატის შეთანხმების დოკუმენტის სამუშაო ვერსია გამოსცა.  

დოკუმენტის თანახმად, რომელიც ჯერ მოსახლეობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან უნდა შეთანხმდეს, Georgian American Alloys (GAA)-მა გარემოს დაბინძურებისთვის 200,000 აშშ დოლარი ჯარიმა უნდა გადაიხადოს, ვირჯინიის შტატში მდებარე საკუთარ კომპანია Felman Production LLC-ში ჰაერის მფილტრავი საშუალებები დააინსტალიროს და ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი ჩაატაროს.

მოსახლეობას 30 დღე აქვს აზრის გამოთქმისა და კომენტარებისთვის.  დოკუმენტი ყველა დაინტერესებული მხარის შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ  დამტკიცდება.


შეთანხმების მოკლე შინაარსი

მიმდინარე წლის 6 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა მთავრობამ და დასავლეთ ვირჯინიის შტატმა მანგანეზის მომპოვებელი კომპანია Felman Production LLC-ს წინააღდმეგ გარემოს დაბინძურების ფაქტზე სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.   

საჩივრის თანხმად, Felman Production LLC-მ, სულ მცირე, 2009 წლის მაისის თვიდან 2012 წლის ოქტომბრის თვემდე, დაარღვია როგორც ამერიკის სუფთა ჰაერის შესახებ აქტი, ასევე საკუთარ საქმიანობაზე გაცემული ნებართვის პირობები ჰაერის გამჭვირვალობის სტანდარტის [air opacity standards] დაცვასთან დაკავშირებით - დამაბინძურებელი კომპონენტების კონცენტრაცია ჰაერში 20 პროცენტს აღემატებოდა.

საჩივრის თანახმად, კომპანია არ ამოწმებდა ჰაერში გაფრქვევის საკონტროლო ელექტრონულ მოწყობილობასა და მტვრის მყარი ნაწილაკების დამჭერის ფუნქციონირებას, რომელიც ყველა ცვლის განმავლობაში, ანუ 8 საათში ერთხელ, უნდა შემოწმებულიყო.   

ასეთ შემთხვევაში, ყოველდღიურად დათვლილი სამოქალაქო ჯარიმა 37,500 აშშ დოლარია.  შეთავაზებული შეთანხმებით, ეს თანხა მხოლოდ 200,000 დოლარია 3 წლის განმავლობაში მიმდინარე დაბინძურების ფონზე.

Felman Production LLC Georgian American Alloys-ის ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც ამერიკაში, ვირჯინიის შტატში, ოპერირებს.


Georgian American Alloys საქართველოში

Georgian American Alloys საქართველოში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ‘ჯორჯიან მანგანეზს’ ფლობს.  

შპს ‘ჯორჯიან მანგანეზის’ დირექტორი უკრაინის მოქალაქე ვოლოდიმირ ლოზინსკია, ხოლო სპეციალური მმართველი - ნიკოლოზ ჩიქოვანი.

ნიკოლოზ ჩიქოვანი საწარმოში სპეციალურ მმართველად თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ბუაჩიძის, 2017 წლის 11 მაისის  განჩინებით შევიდა.

ამავე განჩინების მიხედვით, წლების განმავლობაში კომპანიის საქმიანობამ ჭიათურასა და ზესტაფონში წყლის, ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურება გამოიწვია.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, კომპანია გარემოსდაცვითი პირობების გაუმჯობესებას დროში წელავდა: სამინისტროს მოთხოვნები კომპანიის მენეჯმენტმა არაერთხელ გადაავადა და გადავადების შემდეგაც კი, მოთხოვნილ პირობებს არ ან არასრულად ახორციელებდა.

სპეციალური მმართველი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით თვიურ ხელფასად 8,000 ლარი დაენიშნა, კომპანიაში 2020 წლის 9 მაისამდე უნდა დარჩეს, ყველა სალიცენზიო პირობის შესრულება უზრუნველყოს და გარემოსდაცვითი დარღვევები გამოასწოროს.

Georgian American Alloys (GAA) ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოშია დარეგისტრირებული და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში 5 სახის პროდუქციას აწარმოებს: სილიკომანგანეზს, ფერომანგანეზს, ფეროსილიკონს, ნოდულოიზს და ინოკულანტებს.  შპს ‘ჯორჯიან მანგანეზი’ საქართველოში მაღალი და საშუალო შემცველობის სილიკომანგანეზის პროდუქციას აწარმოებს. 2018 წლის პირველ ხუთ თვეში ფეროშენადნობებმა მთლიანი ექსპორტის 11,8 პროცენტი შეადგინა.

GAA საქართველოში ასევე ფლობს შპს ვარციხე 2005-ს, რომელიც ჭიათურასა და ზესტაფონში კომპანიის საწარმო საქმიანობას ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.  

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>