ზღვის დაბინძურების მონაცემები 

 
"> დავით ოქროპირიძე | ზღვის დაბინძურება - სასამართლო საქმეები
 ზღვის დაბინძურება - სასამართლო საქმეები





Data

ზღვის დაბინძურება - სასამართლო საქმეები




ყოველ წელს, ბათუმის ნავმისადგომთან გაჩერებული ტვირთმზიდავი გემები კანალიზაციის სითხესა და ნავთობის სხვადასხვა პროდუქტებს შავ ზღვაში ღვრიან.

2013 წლიდან 2016 წლამდე ბათუმის სასამართლომ გემებიდან ფეკალური მასებითა და ნავთობპროდუქტებით ზღვის დაბინძურების 14 საქმე განიხილა; ადმინისტრაციულმა ჯარიმამ ჯამურად 780,600 ლარი შეადგინა, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა - 46,773 ლარი.   

სასამართლოს დადგენილებებში არ არის მითითებული, თუ რა რაოდენობით ჩაიღვარა ზემოთხსენებული დამაბინძურებლები ზღვაში.  თითქმის ყველა საქმეში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჯარიმა 65,000 ლარია, გარემოსთვის მიყენებული ზიანი კი სხვადასხვაა ყველა შემთხვევაში.

სასამართლოს ორ დადგენილებაში ადმინისტრაციული ჯარიმა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან:  ერთ შემთხვევაში გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი ოდენობა 21 ლარი და 80 თეთრია, ხოლო მეორე შემთხვევაში - 1 ლარი და 50 თეთრი; ადმინისტრაციული ჯარიმა ორივე შემთხვევაში 65,000 ლარია.

გარემოსთვის მიყენებული ზიანი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციურმა სამსახურმა დათვალა და არა სასამართლომ. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილებებში არაა მითითებული, თუ რატომ განსხვავდება მკვეთრად ეს ორი მონაცემი ერთმანეთისგან.    

 

2013 წელი

1) 21 სექტემბერს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის №8 ნავმისადგომთან მდგომი ჰონკონგის დროშით მცურავმა მშრალტვირთმზიდმა გემმა ზღვაში ნავთობშემცველი წყლები ჩაღვარა [სასამართლოს დადგენილება];

2) 3 ოქტომბერს, 11 საათსა და 40 წუთზე, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის №3 ნავმისადგომთან სატვირთო ოპერაციის ჩასატარებლად მდგომი თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი, ნავსადგურ სტამბოლზე მიწერილი გემიდან ნავსადგურის აქვატორიაში ჩაიღვარა ნავთობი [სასამართლოს დადგენილება].   


2014 წელი

1) 24 სექტემბერს ბათუმის ნავსადგურის №9 ნავმისადგომთან მყოფი მოლდავეთის  დროშით მცურავი ტანკერის მარცხენა ბორტიდან ზღვაში მოხვდა ნავთობის (ინდუსტრული ზეთის) ჩაღვრა [სასამართლოს განკარგულება];

2) 18 დეკემბერს ქ. ბათუმის საზღვაო ნავსადგურის №8 ნავმისადგომთან მდგარი მოლდავეთის  დროშის ქვეშ მცურავ მშრალტვირთმზიდი გემის უკანა ნაწილში არსებული სამეურნეო-ფეკალური  წყლების გამშვები მილიდან ფეკალური მასის შემცველი სითხე უწყვეტ რეჟიმში იღვრებოდა ზღვაში [სასამართლოს განკარგულება];

3) 30 დეკემბერს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის №6 ნავმისადგომთან არსებული საკონტეინერო ტერმინალის საბორნე ხიდის მართვის ჰიდრავლიკური  ლითონის მილიდან ნავსადგურის აკვატორიაში, ხოლო შემდეგ ზღვაში ჩაედინებოდა ნავთობროდუქტი (ჰიდრავლიკური ზეთი) [სასამართლოს განკარგულება];

 

2015 წელი

1) 21 თებერვალს ბათუმის შპს 2015 ნავსაყუდელში (იახტკლუბი) ჩრდილო-აღმოსავლეთის ნავმისადგომთან მდგომი  მშრალტვირთმზიდი გემი ჩაიძირა, რის გამოც აღნიშნული ნავსაყუდელის აკვატორიაში გემიდან ზღვაში ჩიაღვარა ნავთობი [სასამართლოს განკარგულება];

2) 20 ივნისს საზღვაო ნავსადგურის N 6 ნავმისადგომთან მდგომი ბორანის მარცხენა ბორტზე, გემთან გადაყრილი იყო ნავთობით გაჟღენთილი ჩვრები, საიდანაც ზღვაში ნავთობი წვეთავდა და ზღვა ბინძურდებოდა [სასამართლოს განკარგულება];

3) 24 აგვისტოს მშრალტვირთმზიდი გემის ქ. ბათუმის საზღვაო ნავსადგურის N 7 ნავმისადგომთან დადგომისას გასკდა ჰიდრავლიკური ზეთის მიმწოდებელი მილის მილყელის საფენი, რის შედეგადაც გემის სანაღრე მილის მეშვეობით ჰიდრავლიკური ზეთი ჩაიჟონა ზღვაში, რამაც ზღვის დაბინძურება გამოიწვია [სასამართლოს დადგენილება];

 

2016 წელი

1) 5 თებერვალს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის N 8-ე ნავმისადგომზე მდგომი მშრალტვირთმზიდი გემიდან სამეურნეო ფეკალური წყლების გამწმენდი დანადგარებიდან ზღვის აკვატორიაში ჩაედინებოდა სამეურნეო ფეკალური მასები [სასამართლოს დადგენილება].

2) 1 მარტს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის N 8-ე ნავმისადგომზე მდგომი მშრალტვირთმზიდი გემიდან სამეურნეო ფეკალური წყლების გამწმენდი დანადგარებიდან ზღვის აკვატორიაში ჩაედინებოდა სამეურნეო - ფეკალური წყლები [სასამართლოს განკარგულება];

3) 14 მარტს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის N 7-ე ნავმისადგომთან მდგარ ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავ ბორანზე სატვირთო ავტომანქანით ასვლისას, ავტომანქანის ავზიდან ზღვაში დიზელის საწვავი ჩაიღვარა [სასამართლოს დადგენილება];

4) 16 აპრილს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის №7 ნავმისადგომთან თურქეთის დროშით მცურავი ტანკერიდან ზღვაში ნავთობშემცველი სითხე ჩაიღვარა [სასამართლოს დადგენილება];

5) 16 აპრილს [მეორე შემთხვევა], საზღვაო ნავსადგურის №8 ნავმისადგომთან მდგომი გემის მარჯვენა ბორტიდან ჰიდრავლიკის მილის დაზიანების გამო ზღვაში ჩაიღვარა ზეთი [სასამართლოს დადგენილება];  

6) 15 აგვისტოს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მე-9 მისადგომთან, მშრალტვითმზიდი გემის გემბანიდან ნავთობპროდუქტების შემცველი წყლები ზღვაში ჩაედინებოდა [სასამართლოს დადგენილება].  


 

დაბინძურების გავლენა 

ზღვაში ფეკალური მასებისა და ნავთობპროდუქტების ჩაღვრა მავნებელია ადამიანებისთვის და ზღვის ცოცხალი ორგანიზმებისთვის.  

საკანალიზაციო სითხე შეიცავს როგორც ორგანულ ნარჩენებს, ასევე ბაქტერიებს; დაგუბებულ წყალში მრავლდებიან მწერები, მაგალითად, კოღო, რომელიც მალარიის გადამტანია.

კანალიზაციის სითხის საცურაო წყალში მოხვედრამ, შესაძლოა, დიარეა და ტიფი გამოიწვიოს.

ნავთობით დაბინძურების დროს ადგილზე ჩნდება მძაფრი სუნი, რომელიც ნავთობპროდუქტების შემადგენელი ინგრედიენტების აორთქლებისგან ჩნდება.

როგორც მოკლევადიანი ეფექტი, დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვამ, შესაძლოა, სასუნთქი სისტემის გაღიზიანება და კანზე გამონაყარი, თავბრუსხვევა, ხველება, თვალების წვა გამოიწვიოს.

დაბინძურების წყაროებთან ხანგრძლივვადიანმა ყოფნამ, შესაძლოა, მელანომა, კანისა და ფილტვების სიმსივნე და ლეიკემიაც გამოიწვიოს.


ეუთროფიკაცია

ზღვაში ფეკალური მასების ჩაშვების შედეგად წყალში აზოტი და ფოსფორი გროვდება; მრავლდებიან სოკოები და წყალმცენარეები; წყალში გახსნილი ჟანგბადის კონცენტრაცია მცირდება, რაც წყლის ეკოსისტემას - თევზსა და სხვა ცოცხალ ორგანიზმებს - საფრთხეს უქმნის.  

 

აკადემიური და პოპულარული წყაროები:

1) Recreation in coastal waters: health risks associated with bathing in sea water, NCBI

2) 3 Surprising Sources of Oil Pollution in the Ocean, National Geographic

3) Oil Spill Pollution Diseases, Environmental Pollution Centers

4) Eutrophication: Causes, Consequences, and Controls in Aquatic Ecosystems, Nature.com

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>