სწრაფი მოდა და გარემოს დაბინძურება





გარემო

სწრაფი მოდა და გარემოს დაბინძურება




ფოტო: GETTY IMAGES

BBC-ს ცნობით, ბრიტანელი ახალგაზრდების  სიყვარულს სწრაფი  მოდის [Fast Fashion] პროდუქტების მოხმარებასთან დაკავშირებით ბრიტანელი კანონმდებლები გამოეხმაურნენ.   

ბრიტანეთის პარლამენტის წევრების განცხადებით, სწრაფი მოდის ინდუსტრია სათბურის გაზების გამოყოფის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. საბთურის გაზების [ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ქვეჟანგი] გამოყოფა დედამიწაზე ტემპერატურის მომატების და კლიმატის ცვლილების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ითვლება.   

სწრაფი მოდა ტანსაცმლის  იაფად და სწრაფად წარმოებას გულისხმობს. იაფი ტანსაცმელი სწრაფად ფუჭდება, ადამიანის ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის საშიში საღებავით იღებება.  მომხმარებელი სწრაფადვე იცვლის ასეთ ტანსაცმელს. რამდენიმე რეცხვის შემდეგ ასეთი პროდუქცია იწელება, ხოლო ფერი - უხარისხო საღებავი - გასდის.

გადაყრილი ტანსაცმელი ჯერ ნაგავსაყრელზე ხვდება, მოგვიანებით კი მიკრობოჭკოვანი ფრაგმენტები ზღვაში ჩაირეცხება, სადაც ისინი ჯერ თევზის, ხოლო შემდეგ ადამიანის საკვებ ჯაჭვში ხვდება.

ბრიტანელი საცალო მოვაჭრეები აღიარებენ, რომ საჭიროა ამ მხრივ მეტი ღონისძიებების გატარება და რომ უკვე აქტიურად მუშაობენ, რათა თავიდან აიცილონ პროდუქციის მავნე ზემოქმედება გარემოზე.



რას ამბობენ პარლამენტის წევრები?

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის გარემოსდაცვითი აუდიტის კომიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით, მოდის ინდუსტრიაში გამოიკვეთა მთავარი პრობლემა: სფეროში გადაწყვეტილების მიმღები პირები, მათ შორის, ცნობილი ადამიანები, მომხმარებლებს არწმუნებენ ან ახალისებენ, რომ წინა სეზონზე ნაყიდი ტანსაცმელი გადაყარონ იმ მიზეზით,  რომ ისინი უკვე 'წინა სეზონის ფერებია და წელს მოდაში აღარაა'.

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის გარემოსდაცვითი აუდიტის ანგარიშის თანახმად, შარშან ბრიტანეტში 235 მილიონი ტანსაცმელი გადაყარეს მომხმარებლებმა; 700,000 ბოჭკო შეუერთდა გამდინარე წყალს ტანსაცმლის რეცხვის შედეგად; 1,2 მილიარდი ტონა ნახშირორჟანგი გამოიყო მოდის ინდუსტრიის მუშაობის შედეგად; ხოლო ერთი ცალი ცნობილი 'ლევის-501' მოდელის ჯინსის საწარმოებლად საჭიროა 3,781 ლიტრი წყალი.

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის გარემოსდაცვითი აუდიტის ანგარიშს თუ დავუჯერებთ,

  • ბრიტანელები ბევრად მეტ ახალ ტანსაცმელს ყიდულობენ, ვიდრე რომელიმე სხვა ერის წარმომადგენლები  ევროპაში;
  • ბრიტანელები ორჯერ მეტი რაოდენობის ტანისამოსს ყიდულობენ, ვიდრე თუნდაც ათი წლის წინ;
  • თევზები  კი 'ჭამენ' იმ სინთეთიკურ ბოჭკოებს, რომლებიც ტანსაცმლის რეცხვის შედეგად გამოიყოფა და ხვდება ზღვებში. შემდეგ ეს ადამიანის საკვებ ჯაჭვში გადადის: თევზებს ადამიანები ჭამენ. 


ბრიტანეთის თემთა პალატის წარმომადგენლებმა წერილობით მიმართეს დიდი ბრიტანეთის მოდის ინდუსტრიის ხელმძღვანელებს, რათა ეკითხათ მათთვის - თუ როგორ აპირებენ 28 მილიარდი ფუნტი სტერლინგის  ღირებულების ეკონომიკური სარგებლის შენარჩუნებას ისე, რომ ეკონომიკური სარგებელი იგივე დარჩეს, ხოლო ზიანი გარემოს მიმართ შემცირდეს.

სწრაფი მოქმედება გადამწყვეტია, რადგან თუკი მოხმარების ამჟამინდელი  ტემპი გაგრძელდა, '2050 წლისათვის გლობალური კლიმატური ცვლილებების პროცესის  მეოთხედი ტვირთი ბრიტანეთზე მოვა,' - განაცხადა BBC-სთან საუბარში მერი კრეგმა, ბრიტანეთის თემთა პალატის გარემოსდაცვითი აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარემ.

„მთელი წლის განმავლობაში, ხუთი ტანსაცმლიდან სამი ხვდება ან ნაგავსაყრელზე, ან ინსინერატორში - ეს ძალიან შემაშფოთებელი მაჩვენებელია. ნახევარი მილიონი ტონა მიკრობოჭკო ხვდება ოკეანეში.  უმოქმედობა არ არის გამოსავალი," - უთხრა კრეგმა BBC-ს. 



რაშია გამოსავალი?

გარემოსდაცვითის გარდა, თემთა პალატის წარმომადგენლებს სწრაფი მოდის სოციალური გავლენაც აღელვებთ.  მათი აზრით, ამ ბიზნესში არსებობს საფრთხე, რომ მუშებს არასათანადო სამუშაო პირობები ჰქონდეთ. 

შესაბამისად, მათ ეს კითხვებიც დაუსვეს სწრაფი მოდის ინდუსტრიის მწარმოებლებს:
 

  •  როგორ უზრუნველყოფთ იმას, რომ თქვენს ფაბრიკებში ბავშვთა შრომითი ექსპულატაცია არ ხდება?
  • ამუშავებთ თუ არა ნარჩენებს ხელახლა?
  • რამდენ ხანს ინახავთ გაუყიდავ ტანსაცმელს და ამუშავებთ თუ არა მას მეორადად?
  • როგორ ანადგურებთ გაუყიდავ პროდუქციას და რა ზომებს მიმართავთ, რომ მომხმარებელმა პროდუქტი სწრაფად არ გადაყაროს?
  • რა ტექნოლოგიით წვავთ გაუყიდავ ან დაბრუნებულ ტანსაცმელს?
  • რას აკეთებთ იმისთვის, რომ მიკრობოჭკოები ოკეანეებში მინიმალურად მოხვდეს?

ამ კითხვებით ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა შემდეგი ბრენდების მწარმოებლებს მიმართეს: M&S, Primark, Next, Arcadia, Asda, TK Maxx and HomeSense, Tesco, JD Sports Fashion, Debenhams, Sports Direct International.

 

რას პასუხობენ საცალო მოვაჭრეები?

პიტერ ენდრიუსმა, ბრიტანეთის საცალო ვაჭრობის კონსორციუმის უფროსმა, BBC-ს უთხრა, რომ მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მოხმარების მასშტაბებიც და გარემოზე მოდის ინდუსტრიის გავლენაც.

მისივე თქმით, თანამედროვე მწარმოებლები ცდილობენ, რომ გამძლე ტანსაცმელი შექმნან, ხოლო მყიდველებს გამოუსადეგარი ტანსაცმლის უკან დაბრუნებას სთხოვენ, მათი გადამუშავების მიზნით. 

ჩვენ ვიცით, რომ   საჭიროა მეტი მუშაობა, მაგრამ საუკეთესო შედეგები მხოლოდ გლობალური ძალისხმევით მიიღწევა," - უთხრა ენდრიუსმა BBC-ს.

 

ავტორი: მარიამ ბერაია

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>