ჯანდაცვა

ახალი სხეულებრივი იდენტობა ძუძუს მოკვეთის შემდეგ




სანამ დები ბაუერსი ძუძუს მოკვეთის ოპერაციას გაიკეთებდა, ექიმი შეჰპირდა, რომ დაზღვევა მისი ძუძუს რეკონსტრუქციის ხარჯებს სრულად აანაზღაურებდა. დების შეეძლო, არ ენერვიულა: იქნებ ‘ფინჯნის ზომის’ ახალ ძუძუსაც გამოჰკრა ხელიო, დააიმედა ექიმმა.

მაგრამ მის ბაუერსს არც სილიკონის იმპლანტი უნდოდა და არც ხელოვნური, დიდი ძუძუები. 

“მასტექტომიის შემდეგ ჩემს ორგანიზმში უცხო სხეულის შეყვანა ყველაზე ნაკლებად მინდოდა,” ამბობს 45 წლის მის ბაუერსი. “მე მხოლოდ განკურნებას ვესწრაფვოდი.”

ქირურგებისა და ონკოლოგების ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტიურად ლობირებს მასტექტომიის შემდეგ ძუძუს რეკონსტრუქციას, რათა, მათივე სიტყვებით, ‘ქალებმა თავი ისევ გამთლიანებულად იგრძნონ.’

ზოგი ექიმი ხედავს, რომ ბევრი ქალი ამას ეწინააღმდეგება. ბაუერსის მსგავსი პაციენტები უარყოფენ როგორც სამედიცინო პროპაგანდას, ასევე სოციალურად მიღებულ წესებს და ხელოვნური ძუძუს ჩადგმაზე უარს ამბობენ.

“ძუძუს რეკონსტრუქცია არაა მარტივი პროცედურა,” ამბობს დოქტორი დინა ატაი ამერიკის ძუძუს კიბოს ქირურგების საზოგადოებიდან. ატაის თქმით, ქალების ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ოპერაციამდე პატარა ძუძუ ჰქონდა, ურჩევნიათ, რომ ოპერაციის შემდეგ ეს ორგანო არ აღიდგინონ. 

“ზოგი ქალი ფიქრობს, რომ ძუძუს მოკვეთის შემდეგ მის აღდგენაზე მალევე ფიქრი მეტისმეტია: ბევრი ეტაპია გასავლელი, გრძელი და დამღლელი პროცესია წინ.”

როგორია ცხოვრება ძუძუს გარეშე? რა ფიზიკური და ემოციური მდგომარეობაა უძუძუობა ქალისთვის? - სოციალურმა მედიამ ბევრ პაციენტ ქალს საკუთარი აზრების გამოხატვის საშუალება მისცა. ვიდეოში, რომელიც სოციალურ პლატფორმა wisdo.com-ზე გამოქვეყნდა, ბევრი ფეისბუქ-გაზიარება მოჰყვა. ვიდეოში მის ბაუერსმა და მისმა 51 წლის მეგობარმა, მარიან დუკეტ ქუოზომ ზედა სამოსი გაიხადეს და ნაიარევი, უძუძუო მკერდები გამოაჩინეს.

50 წლის ნიუ ორლეანელი პოლეტ ლეფარტი ორმაგი მასტექტომიის შემდეგ ძუძუს უნებლიე რეკონსტრუქციას იმიტომ გადაურჩა, რომ სისხლის შედედებასთან დაკავშირებული დაავადება აწუხებდა და მისთვის დამატებითი პროცედურები საშიში იყო.  მან მისისიპის შტატის ქალაქ ბილოქსიდან ვაშინგტონამდე წელზევით შიშველმა გაიარა, რათა ძუძუს კიბოს მქონე ქალების ფინანსური პრობლემებით მეტი ადამიანი დაეინტერესებინა.

“მხოლოდ ძუძუ არ ქმნის ქალის იდენტობას,” ამბობს მის ლეფარტი. 

ახლადშექმნილი მოძრაობა - ‘მკერდის გაბრტყელება’ ძირეულად ცვლის დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას ქალის სექსუალურობაზე და იმაზე, თუ რას ნიშნავს რეაბილიტაცია, გამოჯანმრთელება და ცხოვრების ჩვეული რიტმისთვის მიბრუნება ძუძუს მოკვეთის შემდეგ. 

წლების განმავლობაში, მედიკოსებმა ჩამოაყალიბეს მოსაზრება, რომ ძუძუს აღდგენა ქალის გამოჯანმრთელების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი უნდა ყოფილიყო.  ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალები დიდი ხანი იბრძოდნენ ამისთვის და 1998 წელს მიიღეს კიდევაც  ქალთა ჯანმრთელობისა და კიბოს უფლებების აქტი [Women’s Health and Cancer Rights Act], რომელიც გამოჯანმრთელების ერთ-ერთ მთავარ პროცედურად ქალის შესაბამისი პროთეზებით აღჭურვასა და ძუძუს რეკონსტრუქციას გულისხმობდა.

მას შემდეგ ითვლებოდა, რომ ძუძუს რეკონსტრუქცია სტანდარტული პროცედურაა.  ამერიკის პლასტიკური ქირურგიის საზოგადოების მიერ მოგროვებული სტატისტიკის თანახმად, შტატებში შარშან 106,000 ძუძუს რეკონსტრუქციის ოპერაცია ჩატარდა, რაც 2000 წლის მაჩვენებელთან შედარებით 20-პროცენტიანი ზრდაა. 2011 წლის კვლევამ კი აჩვენა, რომ ქალების 63-მმა პროცენტმა, რომლებიც რეკონსტრუქციის კანდიდატები იყვნენ, გაიარეს კიდევაც შესაბამისი პროცედურა. ამერიკის შეერტებული შტატების ზოგ ნაწილში ძუძუს რეკონსტრუქციის მსურველთა მაჩვენებელი 80 პროცენტს უახლოვდება. 

როცა ძუძუს რეკონსტრუქციას ლობირებენ, ექიმები ამბობენ, რომ ძუძუს აღდგენა მნიშვნელოვანია ქალის ცხოვრების ხარისხის შესანარჩუნებლად. ქალების ნაწილს საწინააღმდეგო არგუმენტები აქვთ: მათი აზრით, ექიმები გადამეტებულ მნიშვნელობას ანიჭებენ გარეგნულ კომპონენტს და უგულებელყოფენ იმ შედეგებს, რაც რეკონსტრუქციის პროცედურებს მოაქვს ქალის ფსიქიკური და ფიზიკური კეთილდღეობისთვის.

ქალების ერთ მესამედს, რომლებიც ძუძუს აღდგენის პროცედურებს გადიან, შემდეგ გართულებები ეწყებათ.  28 შემთხვევის შესწავლამ აჩვენა, რომ ქალების ნაწილს, რომლებმაც უარი თქვეს რეკონსტრუქციაზე, განსაკუთრებით არც არაფერზე შფოთავდნენ და ზოგ შემთხვევაში, თავს უკეთესადაც კი გრძნობდნენ იმ ქალებთან შედარებით, რომლებმაც ძუძუს რეკონსტრუქცია გაიკეთეს. 

“ესაა ძუძუს აღდგენის ოპერაციის პატარა, ბინძური საიდუმლო: მნიშვნელოვანი გართულებების რისკი უფრო მეტია, ვიდრე სტანდარტული ოპერაციული ჩარევის დროს,” ამობს დოქტორი კლარა ლი, ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც მსგავს ოპერაციებს აკეთებს. 

მის კუოზომ, რომელიც ფეისბუქის იმ ვიდეოში მის ბაუერსთან ერთად გამოჩნდა, ერთი წლის განმავლობაში ატარა ძუძუს იმპლანტები. ამ ხნის განმავლობაში მას ოთხჯერ შეეყარა ინფექცია და საბოლოოდ, იმპლანტების ამოღება გადაწყვიტა. “რეკონსტრუქციის შედეგები კიბოზე უარესი აღმოჩნდა,” თქვა მან. 

ამერიკის ზოგიერთი, მათ შორის, ნიუ იორკის შტატი, ექიმებს ავალდებულებს, რომ მათ უთხრან ქალებს რეკონსტრუქციის შესაძლებლობის შესახებ.  ქალების ნაწილი ამბობს, რომ მათ არავინ სთავაზობს მეორე არჩევანს - ესაა ძუძუს გარეშე ცხოვრების გაგრძელების ალტერნატივა, იგივე ‘მკერდის გაბრტყელება’.

“ჩემთვის არავის უთქვამს, რომ ეს არჩევანიც არსებობს,” თქვა მის კუოზომ. “ძუძუს ოპერაციის შემდეგ პლასტიკური ოპერაცია გავიკეთე და ყველა მეუბნებოდა, ‘ეს ჩვეულებრივი ამბავია, ყველა ასე აკეთებს.’”

დოქტორ დეივიდ ზონგი, რომელიც ჩიკაგოს უნივერსიტეტის პლასტიკური ქირურგების პრეზიდენტია და იქამდე ამერიკის პლასტიკური ქირურგიის საზოგადოების პრეზიდენტი იყო, ამბობს, რომ რისკები, ცხადია, რეალურია, მაგრამ ასეთ რისკებზე ფიქრი იმას ნიშნავს, რომ ფრენის ქრონიკულად გეშინოდეს მაშინაც კი, როცა არსებობს “თვითმფრინავების უსაფრთხოდ დაშვების მილიონი მაგალითი.”

ქირურგიული წინსვლისა და ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით, ექიმ ზონგის თქმით, ‘პლასტიკური ქირურგიის შედეგად გაკეთებული ძუძუ, შესაძლოა, უფრო ლამაზი და სრულყოფილიც იყოს, ვიდრე ბუნებრივი ძუძუ.’ მისი თქმით, პაციენტები უფრო გაახალგაზრავებულები და ლამაზებც გამოდიან ქირურგიული კაბინეტებიდან.

თუმცა, სწორედ ასეთი საუბრები - რომ რეკონსტრუირებული ძუძუ ბუნებრივი ძუძუს სრულყოფილი ჩანაცვლებაა - აბრაზებს ქალების ნაწილს, რომლებმაც მასტექტომია გაიარეს.  უნდა ითქვას, რომ აღდგენილი ძუძუ ხშირად უგრძნობია და სექსუალური აღმგზნების როლსაც ვეღარ ასრულებს. სტანდარტულ შემთხვევებში, აღდგენილ ძუძუს არ აქვს დვრილი, რადგან მასტექტომიის დროს, უმეტეს შემთხვევაში, დვრილიც იჭრება და მისი მომყოლი ნერვული უჯრედებიც.  

48 წლის ბრუკლინელი ჩარლი შილი ამბობს, რომ შეშფოთდა და შეშინდა, როდესაც აღდგენილი ძუძუების ფოტოები დაათვალიერა. ფოტოების ნახვის შემდეგ მას აღდგენა აღარ მოუნდა.

“რას იღებ აღდგენით? არც ძუძუს დვრილი გაქვს და მკერდიც იარებით გაქვს დასერილი.”

რებეკა ფაინი ლონგ აილენდიდანაა. მანაც ძუძუს კიბო დაამარცხა. ოპერაციის გადატანის შემდეგ კი შექმნა ონლაინ პროექტი ძუძუ და ზღვა.”  ფაინი ამბობს, რომ რეკონსტრუქცია “უდიდესი სტრესია და ის ძუძუს მაინც ვერ აბრუნებს.”

40 წლის მის ფაინმა, მასტექტომიის შემდეგ ძუძუ აღიდგინა, მაგრამ მალევე ამოიღო იმპლანტი და მეორე ძუძუზეც გაიკეთა პროფილაქტიკური მასტექტომია.  “ხელოვნური ძუძუ უგრძნობია და ის საერთოდ არ ჰგავს ბუნებრივს,” ამბობს ის. “ნერვები მოჭრილია, აღდგენილი ძუძუ კი არც შეხებას გრძნობს და არც სხვა რამეზე რეაგირებს.”

ექიმი სუზან ლავი, რომელიც ძუძუს ჯანმრთელობაზე ბესტსელერი წიგნის ავტორია, ამბობს, რომ ქირურგები, რომლებიც ძუძუს რეკონსტრუქციისკენ ახალისებენ ქალებს, შესაძლოა, ოდნავ მეტი წარმოდგენა აქვთ თავიანთ საქმიანობაზე, ვიდრე ეს სინამდვილეშია.

“ქირურგები ამაყობენ იმით, რომ მათ არარსებული ძუძუს ხელახლა შექმნა შეუძლიათ. მაგრამ ავიწყდებათ, რომ შესაძლოა, ხელოვნური ძუძუ ყველას არ სჭირდება,” ამბობს ექიმი ლავი.

დოქტორი მარისა უაისი, რომელმაც breastcancer.org დააფუძნა, ამბობს, რომ ექიმები სულ ტყუილად ფიქრობენ, რომ ყველა ქალს უნდა ძუძუს რეკონსტრუქცია.

“მე მინახავს ცეკვის მოყვარული ქალები, რომლებსაც არ უნდათ რეკონსტრუქცია და მონაზონი, რომელსაც ძუძუს აღდგენა უნდა,” თქვა მან.

ზოგი ქალი ამბობს, რომ მათ ექიმები აძალებენ ძუძუს რეკონსტრუქციას. როცა ფლორიდელმა ქეთრინ სტაპლეტონმა მასტექტომიის ოპერაციიდან გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ მის ქირურგს, თვითონაც ქალს, ძუძუს კანი და ქსოვილის ნაწილები ზედ დაეტოვებინა იმ შემთხვევისთვის, თუ პაციენტი ძუძუს აღდგენას მოინდომებდა, რათა მასალა ჰქონოდა.

“ანესთეზიიდან რომ გამოვიღვიძე და ძუძუს ნაფლეთები ვნახე, შოკში ჩავვარდი,” ამბობს 58 წლის მის სტაპლეტონი, რომელიც წინა ოპერაციის დროს დაშვებული შეცდომების კორექციისთვის მეორე ოპერაციას გადის.

გერი ბერიში, ლონგ აილენდის საადვოკაციო ჯგუფ ‘1 in 9’-ის პრეზიდენტი, ამბობს, რომ როცა მან უარი თქვა ძუძუს რეკონსტრუქციაზე, ექიმმა უკმეხი პასუხი გასცა. “‘ასე როგორ უნდა იარო? დეფორმირებული ხარ.’”

მხარდამჭერი ჯგუფები და სოციალური მედია ქალებს ეხმარება, რომ ძუძუს რეკონსტრუქციაზე თავიანთი ამბები სხვებსაც გაუზიარონ. იკლებს სტიგმაც.

“ამ ჯგუფის წევრ ბევრ ქალს უჩნდებოდა ინფექცია და ბევრი ოპერაციის გავლა უწევდათ,” თქვა 45 წლის ალისია სტეილიმ, რომელსაც ორმაგი მასტექტომიის შემდეგ რეკონსტრუქცია არ გაუკეთებია. “მათ ჩივილებს რომ ვეცნობოდი, მიკვირდა, თუ რატომ უკეთებდნენ ქალები საკუთარ თავს ასეთ რამეს?”

ზოგი ქალისთვის მასტექტომიის შემდეგ ბრტყელი მკერდით სიარული არაა მარტივი.  უმრავლესობა საზოგადოდ მიღებულ მოსაზრებას ემორჩილება და ლიფის ქვეშ პროთეზს ატარებს. არავინ ფიქრობს, რომ ამის გარეშე ცხოვრებაც შესაძლებელია. 

“პროთეზი მძიმეა, არაა კომფორტული და ეხება ზემგრძნობიარე, ნაიარევ ადგილებს,” ამბობს მის ფაინი.   

მასტექტომიის შემდეგ ქალების ნაწილი ჩაცმის ახალ სტილზეც გადადის: ფართო შარფებითა და გრძელი მძივებით ბრტყელ მკერდს  მალავენ.  ქალების ნაწილი ღიად ხვდება ცვლილებებს და მოკვეთილი ძუძუს ადგილას ტატუებს იხატავს. 

მის ფაინს ერთი ძუძუს მხარეს ლოტოსის ყვავილი ახატია, ხოლო მეორე მხარეს - ნემსიყლაპია. 

39 წლის სარა ბარტოვიჩ-ჰამილტონმა ორი სახის იმპლანტი სცადა, მაგრამ ორივე შემთხვევაში წვას გრძნობდა და ორივე ამოიღო.  მას შემდეგ ქალთა დამხმარე ჯგუფი შექმნა, სახელად ‘ბრტყელი და თვალწარმტაცი [Flat and Fabulous].

“ჩვენ არ ვართ რეკონსტრუქციის წინააღმდეგნი,” თქვა მან. “მაგრამ  ისიც ფაქტია, რომ ბევრი ქალი იმპლანტს საკუთარი სხეულის ნაწილად ვერასოდეს აღიქვამს.”

64 წლის ქეით ქლაუდსპარკისთვის, რომელიც აიოვას შტატში ცხოვრობს და ფერმერობას მისდევს, მასტექტომია 21 წლის წინ გაიკეთა. მან თქვა, რომ Flat and Fabulous-ის ფეისბუქის გვერდი პირველი შესაძლებლობა იყო მისთვის, რომ ათეულობით წლების დუმილის შემდეგ, თავისი სათქმელი საჯაროდ ეთქვა.  

“ჩემნაირს აქამდე არავის ვიცნობდი.  სიჩუმის ტვირთი 20 წელი ვატარე ისე, რომ არავისთვის გამიზიარებია,” თქვა მან.  “ბოლოსდაბოლოს, მომეცა შესაძლებლობა, მელაპარაკა იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ქალი და იცხოვრო ძუძუს გარეშე.”

 

Credit

  სტატიის თარგმანი არის ნაწილი 'კაქტუსის' პროექტისა 'ცხოვრება მასტექტომიის შემდეგ,' რომელიც საქართველოში ქალთა ფონდის მხარდაჭერით Women's Fund in Georgia ხორციელდება და რომელიც ძუძუს მოკვეთის შემდეგ ქართველი ქალების ფსიქიკური, სოციალური და სექსუალური  მდგომარეობის ასპექტებს სწავლობს

 მთავარ ფოტოზე: რებეკა ფაინი, რომელმაც უარი თქვა ძუძუს აღდგენაზე მასტექსტომიის შემდეგ; ფოტოს ავტორი: ბეატრის დე გეა ნიუ-იორკ თაიმზისთვის.  Photo credit ©  Béatrice de Géa for The New York Times. სტატია ამერიკულ გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმზში გამოქვეყნდა, სათაურით "Going Flat After Breast Cancer" 

Cred♦  ამ სტატიის თარგმანი არის ნაწილი 'კაქტუსის' პროექტისა 'ცხოვრება მასტექტომიის შემდეგ,' რომელიც საქართველოში ქალთა ფონდის მხარდაჭერით Women's Fund in Georgia ხორციელდება და რომელიც ძუძუს მოკვეთის შემდეგ ქართველი ქალების ფსიქიკური, სოციალური და სექსუალური  მდგომარეობის ასპექტებს სწავლობს.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>