ჯანდაცვა

ძუძუს გაუგრძნობელობა მასტექტომიის შემდეგ




მთავარ ფოტოზე: დეინ მაკქრი და მისი ქალიშვილები, მარლი (მარცხნივ) და ბრუკლინი

Photo Credit: Barton Glasser for The New York Times

 

მას შემდეგ, რაც დეინი მაკქრიმ გაიგო, რომ ძუძუს კიბოს განვითარების გენეტიკური რისკი ჰქონდა, ბევრი სხვა ქალის მსგავსად, ძუძუს მოკვეთა გადაწყვიტა.  ქირურგმა დაამშვიდა: უთხრა, რომ ოპერაციის შემდეგ დვრილს დაიტოვებდა, რათა აღდგენილი ძუძუ ბუნებრივს მაქსიმალურად მიმსგავსებოდა.

მოლოდინი მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა. აღდგენილი ძუძუ მართლა ჰგავს ბუნებრივს, ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით: ორგანოს საერთოდ არ აქვს მგრძნობელობა.  დეინი ვერაფერს გრძნობს, როცა აღდგენილ ძუძუს ეხება, ვერ აღიქვამს სითბოსა და სიცივეს, არ ექავება, როცა გამოაყრის, არც ტკივილს გრძნობს, თუნდაც რამე ბლაგვ საგანს დაეჯახოს.

ასეთ შედეგებზე დეინი არავის გაუფრთხილებია.

“ჩემი ბავშვების ჩახუტებასაც ვერ ვგრძნობ,” ამბობს 31 წლის მაკქრი. მარტოხელა დედაა და ორ გოგონას ზრდის. ის კოლორადოს შტატში მაღაზიის მენეჯერად მუშაობს.

2015 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში პლასტიკურმა ქირურგებმა 106,000 ძუძუს რეკონსტრუქციის ოპერაცია ჩაატარეს, რაც 2000 წელთან შედარებით 35-პროცენტიანი ზრდაა.  ქირურგები ახალ ტექნოლოგიებს იყენებენ, რომ აღდგენილი ძუძუ ბუნებრივს ჰგავდეს და ისეთივე მგრძნობიარე იყოს, როგორც ნამდვილი.

ახალი ძუძუს შესაქმნელად ქირურგები მუცლის ცხიმს იღებენ. ოპერაციის შემდეგ დვრილს ინახავენ, რათა ის ახალ ძუძუს მიაკერონ და ბუნებრივს დაამსგავსონ; ცდილობენ ნაიარევი ტერიტორია მინიმალურად ცოტა იყოს და რაც მთავარია, კონკრეტული პაციენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ძუძუ უფრო დიდი და მაღლა აწეულიც იყოს.

ექიმები პაციენტებს ხშირად ჰპირდებიან, რომ აღდგენილი ძუძუ უფრო ლამაზი იქნება, ვიდრე ბუნებრივი, მაგრამ ოპერაციის შედეგებს საკმაოდ ბუნდოვნად ხსნიან.  ამბობენ, რომ ის ფაქტი, რომ აღდგენილ ძუძუს ვერ ექნება მგრძნობელობა და ვერ ითამაშებს სექსუალური აღმგზნების როლს, ქალებისთვის არაა ბოლომდე ნათელი ოპერაციამდე.

მთავარი პრობლემაა სიტყვა “შეგრძნების” გამოყენებაც, ამბობს დოქტორი კლარა ლი, ოჰაიოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რომელიც ძუძუს აღდგენის ოპერაციებს ატარებს.

ქირურგები, რომლებიც ქალისვე კანს იყენებენ ძუძუს აღსადგენად, ამბობენ, რომ აღდგენილი ორგანო “ბუნებრივივით იქნება.” ეს, შესაძლოა, ასეც იყოს უცხო თვალისთვის და არა თვით იმ ქალისთვის, ვინც ხელოვნურ ორგანოს უნდა შეეგუოს.

“ჩვენ ხშირად უგულებელვყოფთ პაციენტის გრძნობებს,” ამბობს დოქტორი ლი.

“ძირითადი ყურადღება ქალის გარეგნობაზეა გადატანილი,” ამბობს ექიმი ანდრეა ლ. იუსიკი, მემორიალ სლონ ქეთერინგის კიბოს ცენტრის პლასტიკური ქირურგი, რომელიც ძუძუს რეკონსტრუქციის ოპერაციებს აკეთებს და შემდეგ პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობს. “რაც ქალს აღელვებს, იმაზე ქირურგია თვალს ხუჭავს.  შედეგებთან გამკლავება კი შემდგომი ბრძოლის ველია, სადაც ქალი მარტოა.”

ძუძუს ვიზუალურ მხარეზე ყურადღების გამახვილება ნიშნავს, რომ ქალი დღემდე, ძირითადად, გარეგნობით ფასდებაო, ამბობს ვიქტორია პიტს-ტეილორი, უესლიანის უნივერსიტეტის ფემინიზმის, გენდერისა და სექსუალურობის მიმართულების ხელმძღვანელი.

“ქალის ძუძუებს ყველა უყურებს და  დიდ ყურადღებას აქცევს. მასზე მიშტერება თითქოს კულტურულად მიღებული ნორმაა,” ამბობს ექიმი პიტს-ტეილორი.  “ჩნდება კითხვა: ვისთვის ხდება ძუძუს აღდგენა სინამდვილეში?”

ახალი ტენდენცია ქირურგიაში - ძუძუს დვრილის შენარჩუნება [nipple sparing] - კიდევ უფრო დამაბნეველი პრაქტიკაა. ტრადიციული მასტექტომიის დროს ქირურგები დვრილსაც კვეთენ და ძუძუს ქსოვილებსაც, რის გამოც მნიშვნელოვნად ზიანდება ამ ორგანოს ნერვული ქსელი. ახალი პრაქტიკით, დვრილს ინარჩუნებენ, რათა აღდგენის შემთხვევაში ახალი ძუძუს ცოცხალ ბიოლოგიურ მასალად გამოიყენონ.

2013 წელს მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ნიუ-იორკ თაიმზის მოსაზრების სექციაში წერილი გამოაქვეყნა, სადაც ორმაგი მასტექტომიის დადებით მხარეებზე ისაუბრა და ამით ბევრი ქალი ძუძუს მოკვეთისკენ წაახალისა.  ჯოლის მესიჯი ასეთი იყო: თუ ძუძუს კიბოს გენეტიკური რისკი გაქვთ, ჯობია, ორივე ორგანო კიბოს განვითარებამდე მოიცილოთ.

თუმცა, ქირურგიულ გარღვევას სახელად - ‘დვრილის შენარჩუნება’  [nipple sparing] ჯერ საკუთარი დაპირება ბოლომდე არ შეუსრულებია ქალების წინაშე. უმეტეს შემთხვევაში, ქირურგიის თითქოს ეს ‘სენსაციური მიღწევა’ წარუმატებლად მთავრდება:  აღდგენილი ძუძუ სრულიად უგრძნობია.

ცოტა რამ შეიძლება იყოს ქალისთვის უფრო მტკივნეული, ვიდრე ძუძუს მგრნობელობის დაკარგვა.

“არავის უთქვამს, რომ სექსუალურ აღგზნებას მკერდით ვერასოდეს ვიგრძნობ,” ამბობს მის მაკქრი. “რადგან დვრილი შემინარჩუნეს, მეგონა, რომ სისხლის მიმოქცევის და მგრძობელობის აღდგენა-შენარჩუნებაც შეიძლებოდა.”

60 წლის ევა ვალინგა, რომელიც კიბოს პაციენტია მინესოტას შტატიდან, ამბობს, რომ ბევრი ქალი, რომელმაც პროფილაქტიკური მასტექტომია გაიკეთა, ეგონა, რომ მგრძნობელობასაც აღიდგენდა და თავს ისევ “გამთლიანებულად” იგრძნობდა. ის ამბობს, რომ ქალებს არ ეუბნებიან, რომ დაკარგული მგრძნობელობა, დიდად სავარაუდოდ, არასოდეს აღდგება.

“ზოგი ფიქრობს, რომ ოპერაციის შემდეგ ყველაფერი ისევ ისე კარგად იქნება: მკერდში  კიბოგაუმტარი ხელოვნური ძუძუ ექნებათ,” ამბობს მის ვალინგა. “ზოგი ძალიან ბრაზდება და ჩივის იმაზე, რომ თავის დროზე არავინ გააფრთხილა. თითქოს უღალატეს, მოატყუეს.”

ძუძუში მგრძნობელობის დაკარგვა პოტენციურად საშიშია. ქალები, რომლებმაც ძუძუს რეკონსტრუქცია გაიკეთეს, წვას თითქმის ყოველთვის გრძნობენ: ფენით თმის გამშრალების, თმის დახვევისას, მზის აბაზანებისა და ცხელი შხაპის მიღების დროს.

ინტერვიუებში ბევრმა ქალმა გაიმეორა, რომ ისინი ვერ გრძნობდნენ, რომ სისხლი ლიფის გამო მოსდიოდათ, რომელიც მათ ნაიარევს ეხებოდა და ჭრილობას ხსნიდა.  ზოგმა უხერხული მომენტიც გაიხსენა, როდესაც საცურაო კოსტიუმი ან მაისური ისე აეწიათ, რომ ვერც იგრძნეს და ძუძუს უხერხული ნაწილი საჯაროდ გამოუჩნდათ.

ზოგმა ექიმმა გაიხსენა, რომ სახლში, პასტის მომზადების დროს, მისმა პაციენტმა ისე დაიწვა კანი, რომ ვერ იგრძნო.  დამწვარი, გაწითლებული კანი მოგვიანებით, შხაპის ქვეშ მდგომმა, შემთხვევით აღმოაჩინა.

ზოგი ქალი აღწერს, რომ ხელოვნური ძუძუს მდებარეობას უცნაურად გრძნობს - თითქოს ეს უცხო სხეული მისი არის და არც არის.

“საქმე მხოლოდ სექსუალურ აღგზნებაში არაა,” ამბობს ქეითი ბალზამო ნიუ ჯერსის შტატიდან.  “შენივე სხეულის აღქმა გაქვს დაკარგული - თითქოს უფრო დიდი ხარ, ვიდრე რეალურად. უცნაური გრძობაა.”

“სანამ სპორტულ ლიფს ჩავიცვამ, ჯერ სარკეში კარგად უნდა ჩავიხედო და დავრწმუნდე, რომ ძუძუ სწორედ იქ არის მოთავსებული, სადაც წესით უნდა იყოს.”

ნერვული ქსელის განადურებამ, შესაძლოა, პოსტ-მასტექტომიის ტკივილის სინდრომი გამოიწვიოს.  ზოგი ქალი ტკივილებს წერტილოვნად გრძობს, ზოგს კი - მთელ მკერდზე აქვს გაშლილი დისკომფორტის გამაბრუებელი შეგრძნება. ექიმები ცდილობენ მსგავსი მდგომარეობა შეამსუბუქონ, მაგრამ გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, 25-დან 60 პროცენტანმდე პაციენტებს მაინც აწუხებთ მსგავსი ტკივილები.

45 წლის მიშელ ლეიმონ რომერო მასაჩუსეტსის შტატიდან, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც 2 წლის წინ მასტექტომია გაიკეთა, ტკივილმა დააუძლურა.  სამსახურიც დაკარგა. ახლა კი ტკივილის სამართავად 5 სხვადასხვა წამალს სვამს.

“კანის ზედაპირი უგრძნობია - ნემსიც რომ ჩაარჭო, ვეღარაფერს იგრძობ,” თქვა მის რომერომ.  “მაგრამ კანის ქვეშ ვგრძნობ ყოვლისმომცველ ტკივილს, რომელიც ყველგან ვრცელდება.”

მის რომეროს მისი პლასტიკური ქირურგი არწმუნებდა, რომ მისი შემთხვევა ანომალური იყო - ტკივილი რეალური არაა, ის მხოლოდ შენს წარმოსახვაშიაო.

სხვა პაციენტებსაც, რომლებიც მის რომერომ ფეისბუქით გაიცნო, იგივე გამოცდილება ჰქონდათ.

“ქალების უმრავლესობას გულზე ეშვება, როცა ხედავენ, რომ მარტონი არ არიან,” ამბობს მის რომერო. “ყველა ერთი და იმავე ფრაზით იწყებს: ‘ჩემმა ექიმმა მითხრა, გიჟი ხარ, რეებს იგონებო …”

ქირურგების უმრავლესობა თანხმდება, რომ მგრძნობელობის დაბრუნებისთვის საუკეთესო გამოსავალია ცოცხალი, ბიოლოგიური ქსოვილების შენარჩუნება, ვიდრე იმპლანტის ჩასმა, რადგან ცოცხალ უჯერედებს აღდგენის უფრო მეტი შანსი აქვთ, ვიდრე უცხო სხეულის მიღების და მისი ინტეგრირების.

ეს პროცედურაც საშუალოდ დამაკმაყოფილებელ შედეგებს   იძლევა. ზოგჯერ თითქოს მგრძნობელობა ბრუნდება, მაგრამ, როგორც წესი, ეს მაინც ტექნიკური შეგრძნებაა და არა შეხების, სხეულის ტემპერატურის თუ სექსუალური აღგზნების ფუქნციების აღდგენა.

“რეალურ შეგრძნებას  ვერც შეადარებ,” ამბობს დოქტორი ედვინ ვილკინსი, პლასტიკური ქირურგი მიჩიგანის უნივერსიტეტიდან, რომელიც დიდ კვლევას აწარმოებს ძუძუს რეკონსტრუქციის შედეგებისა და გართულებების შესახებ. “ცუდი ჩანაცვლებაა და ამას თავისი სახელი უნდა დაერქვას.”  

დოქტორი ალდონა შპიგელი პლასტიკური ქირურგია ჰიუსტონიდან, რომელმაც პირველად სცადა დაზიანებული ნერვების ერთმანეთთან დაკავშირება და მგრძობელობის აღდგენა.  ამბობს, რომ პროცედურა იმედის მომცემია.

“პაციენტებს ვეუბნები, რომ მე თუ ძუძუში ნერვებს აღვადგენ, მგრძნობელობა გაუმჯობესდება. მაგრამ არასოდეს ვეუბნები, რომ ისევ  ისეთი იქნება, როგორც ადრე. არავის ვატყუებ,” ამბობს ექიმი შპიგელი. შპიგელი ამბობს, რომ მისი პაციენტების ნაწილს “მნიშვნელოვნად აქვს გაუმჯობესებული მგრძობელობა.”

მისი ერთ-ერთი პაციენტი, 65 წლის კარენ ჰოლტი პენსიონერია ქალაქ ჰიუსტონიდან.  მან 14 წლის წინ გაიკეთა ძუძუს მასტექტომია და შემდეგ - რეკონსტრუქცია. მის ‘მარცხენა ძუძუში ისეთივე ძლიერია ეროგენული მგრძნობელობა, როგორც მარჯვენაში,’ მაგრამ მან იცის, რომ მისი შემთხვევა ერთ-ერთი იშვიათთაგანია.

ექიმები ამბობენ, რომ ასეთი იღბლიანი შემთხვევა ძალიან ცოტაა.

“ხალხს ცრუ იმედები არავის უნდა გაუჩინო,” ამბობს ფრენკ დელაკროსი, პლასტიკური ქირურგი და ახალი ორლეანის ძუძუს აღდგენის ცენტრის დირექტორი.  მგრძნობელობის აღდგენა ძუძუს რეკონსტრუქციის დროს ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, მაგრამ აქამდე არავის არ უჩვენებია არც ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც იმის გარანტიას მოგვცემდა, რომ მგრძნობელობას აუცილებლად, გარანტირებულად დავაბრუნებთ.”

დოქტორი ქრისტინ ლარონგა, ძუძუს კიბოს ონკოლოგი და ქირურგი, ამბობს, რომ ის პაციენტებს აფრთხილებს და ეუბნება, რომ “აღდგენილი ძუძუ ფიზიკურად დაემსგავსება ბუნებრივ ძუძუს, მაგრამ მასავით მგრძნობიარე არ იქნება.”

ექიმები თანხმდებიან, რომ მასტექტომიის დროს საჭიროა ნერვების შენარჩუნება, მაგრამ იქვე დასძენენ, რომ მასტექტომია იმიტომააა აუცილებელი, რომ კიბოს უჯრედები განადგურდეს და ორგანიზმიდან იქნეს ამოღებული.  ნერვების აღდგენის მცდელობის დროს იმის რისკიც არსებობს, რომ ტკივილის სინდრომი განვითარდეს.

“რთული ამბავია,” ამბობს დოქტორი იდა ფოქსი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ექიმი, რომელიც ხელისა და ძუძუს აღდგენაში სპეციალიზდება. “თუ პაციენტს ქრონიკული ტკივილის სინდრომი განუვითარდა, მგრძნობელობის აღდგენა არაა კომპენსაცია.”

50 წლის  მის ბალზამოს გენეტიკური ტესტირების შედეგად აღმოაჩნდა, რომ ძუძუს კიბოს მიმართ მიდრეკილება ჰქონდა.  მან თავის დაზღვევის მიზნით ორმაგი მასტექტომია გაიკეთა. მის ბალზამო ამბობს, რომ არ ნანობს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ კარგი იქნებოდა, მეტი სცოდნოდა ამის შესახებ ოპერაციამდე.

“ექიმებმა მითხრეს, რომ მგრძობელობა შედარებით მცირე იქნებოდა, მაგრამ ის არ უთქვამთ, რომ სრულიად გაქრებოდა.  მანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებ, ხომ უნდა იცოდე საბაზისო ფაქტები ამ ყველაფრის გარშემო?” - საყვედურით ამბობს მის ბალზამო.

 

ამ სტატიის თარგმანი არის ნაწილი 'კაქტუსის' პროექტისა 'ცხოვრება მასტექტომიის შემდეგ,' რომელიც საქართველოში ქალთა ფონდის მხარდაჭერით Women's Fund in Georgia ხორციელდება და რომელიც ძუძუს მოკვეთის შემდეგ ქალების ფსიქიკური, სოციალური და სექსუალური  მდგომარეობის ასპექტებს სწავლობს.

ეს სტატია პირველად გამოქვეყნდა ამერიკულ გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმზში, სათაურით - "After Mastectomies, an Unexpected Blow - Numb New Breasts"

ამავე თემაზე წაიკითხეთ - 'გაბრტყელება ძუძუს მოკვეთის შემდეგ'

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>