ჯანდაცვა

ძუძუს იმპლანტის მაცდური მარკეტინგი VS უცნობი რისკები




საქართველოში ძუძუს რეკონსტრუქციისა და იმპლანტის ჩასმის ოპერაცია ოცამდე კლინიკაში ტარდება. სამედიცინო კომპანიების ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ძუძუს რეკონსტრუქციასა და იმპლანტებზე არასრულია, ხშირად წყაროს მითითების გარეშე, გაურკვეველი წარმოშობის სტატისტიკაა მოყვანილი და ქალებს იმპლანტის ჩასმისკენ  ახალისებს.

ძუძუ მხოლოდ ვიზუალური სილამაზის ორგანოდ არის წარმოდგენილი. არც ერთი კლინიკის ვებ-გვერდი სრულად და ჯეროვნად არ აღწერს ძუძუს რთულ ნერვულ და სექსუალურ ფუნქციებს და მათი დარღვევებისა და მოშლის რისკს ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის, განსაკუთრებით მასტექტომიისა და რეკონტრუქციის, შემდეგ.

ქართული კლინიკების ვებ-გვერდებზე ძუძუ ‘ქალურობის’ განუყოფელ ნაწილად განიხილება და ქალებს არ სთავაზობს ალტერნატივას - მასტექტომიის შემდეგ ძუძუს გარეშე ცხოვრების [going flat] არჩევანს, რომელიც, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრი ქალის არჩევანია. 

ავერსი

ნაბიჯი სრულყოფისკენ” - ასე ჰქვია “ავერსის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ძუძუს პლასტიკურ ოპერაციაზე.  პოსტი ძუძუს, ძირითადად, ქალის გარეგნობის ‘სრულყოფილების’ განუყოფელ ნაწილად განიხილავს. 

თუ თქვენი მკერდის ზომა არ მოგწონთ, მიგაჩნიათ, რომ ლაქტაციის შემდეგ მან ფორმა დაკარგა და დაუშნოვდა ან იმდენად დიდია, რომ მისი ტარება უბრალოდ გიჭირთ, ეს ინტერვიუ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. პლასტიკური ქირურგიის წყალობით ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია,” - წერია პოსტში.  

ინტერვიუში პლასტიკურ ქირურგ ალექსანდრე კალანტაროვთან არსადაა ნახსენები ამ ორგანოს ნერვულ ფუნქციებზე ან ოპერაციის დროს ნერვული ქსელის დაზიანების რისკებზე.  ინტერვიუ უფრო ძუძუს გადიდება-შემცირებას განიხილავს და მას წარმოაჩენს, როგორც მინიმალური რისკების მქონე ჩარევას. 

პაციენტს რამხელა მკერდიც უნდა, იმხელა იმპლანტს ჩავუდგამთ,” - ამბობს კალანტაროვი.  ექიმი ამარტივებს რეაბილიტაციის პროცესსაც და ამბობს, რომ ‘პაციენტი მეორე დღეს სახლში მიდის,’ მას არც სამსახურში ექმნება პრობლემა და არც ძუძუთი კვების შემთხვევაში.

რისკების ნაწილში ექიმი ერთხელ ახსენებს ‘კაფსულარულ კონტრაქტურას,’ რომელიც, შესაძლოა, გამოიწვიოს იმპლანტის ჩასმამ.  პოსტში ჯეროვანი დრო არ ეთმობა თვით ამ დაავადების ახსნას. ექიმი ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები, სამედიცინო ტექნოლოგიის წინსვლის პირობებში, იშვიათია.

პოსტში არსადაა ნახსენები ანაპლასტიკური მსხვილუჯრედოვანი ლიმფომა (anaplastic large-cell lymphoma), რომელსაც უკვე 7 წელია აღწერს ამერიკის წამლისა და სურსათის სააგენტო, როგორც იმპლანტის ერთ-ერთ რისკს.

კუზანოვის კლინიკა

მკერდის აღდგენა” - ასე ჰქვია პოსტს კუზანოვის კლინიკის ვებ-გვერდზე, რომელიც ძუძუს აღდგენის ოპერაციას ეხება.  პოსტის დასაწყისში წერია, რომ “დასავლეთის ქვეყნებში მკერდის რეკონსტრუქცია ერთ–ერთი ყველაზე უფრო მოთხოვნადი ოპერაციაა,” თუმცა, არაა დაზუსტებული, კონკრეტულად ‘დასავლეთის’ რომელ ქვეყანაში.

პოსტში ასევე მოხსენიებულია გაურკვეველი წარმოშობის სტატისტიკა - “ბოლო დროს ონკოლოგიაში ჩატარებული გამოკვლევების მონაცემებით დადგენილია, რომ ქალების 12% ავადდება სარძევე ჯირკვლების კიბოთი. ასევე ცნობილია, რომ ბოლო 10–15 წლის მანძილზე ამ დაავადებამ ორჯერ უფრო მოიმატა,” - არც ამ მონაცემების წყაროებია მითითებული.

პოსტის დანარჩენი ნაწილი ეძღვნება ძუძუს აღდგენის ან იმპლანტის ჩასმის ტექნიკურ დეტალებსა და ვარიაციებს. არც ამ პოსტშია ახსნილი რეკონსტრუქციისა და იმპლანტის რისკები, არსადაა მოწოდებული მსოფლიოში ამაზე დღემდე არსებული და ხელმისაწვდომი სამეცნიერო ინფორმაცია.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტი პლასტიკური ოპერაცია ძუძუზე სწორედ ამ კლინიკაში ჩატარდა. 

გვარამიას კლინიკა

მკერდის გადიდება” - ასე ჰქვია შესაბამის პოსტს გია გვარამიას კლინიკის ვებ-გვერდზე

მრავალი ქალისათვის მკერდის გადიდება არა მხოლოდ გარეგნობის შეცვლის, არამედ მეტი თვითდაჯერებულობის და საკუთარი გარეგნობის გამო არსებული კომპლექსებისგან თავის დაღწევის საშუალებაა,” -  ეს კლინიკაც ძუძუს ქალის გარეგნობის ჭრილში განიხილავს. 

პოსტის დარჩენილი ნაწილი საკითხის ტექნიკური მიმოხილვაა: აღწერს იმპლანტების სახეობებს, ოპერაციის ხანგრძლივობას, იდეალურ ძუძუს, რომელიც ოპერაციის შემდეგ ყოველთვის უფრო ლამაზი და მრგვალია, ვიდრე ოპერაციამდე - დიდი ძუძუ vs პატარა ძუძუ.

პოსტში წითლადაა აღნიშნული გაფრთხილება “გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, ზედმიწევნით იქნას დაცული ექიმის რეკომენდაციები” - თუმცა, არსად წერია, კონკრეტულად რა არის ეს გართულება და როგორ უნდა აიცილოს ის თავიდან ქალმა. 

კლინიკა 'ლოტუსი'

მკერდის პლასტიკა” - ასე ჰქვია პოსტს, რომელიც კლინიკა ‘ლოტუსის’ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც სხვა კლინიკების პოსტები, ეს მონათხრობიც ამტკიცებს, რომ ქალი ასეთი ოპერაციის შემდეგ უფრო ლამაზი და ბედნიერია.

მკერდის აუგმენტაციის შემდეგ მიღებული შედეგი ქალს მატებს თავდაჯერებულობას და ცხოვრებას ხდის ჰარმონიულს.”

რისკების ნაწილის განხილვა ერთი წინადადებით შემოიფარგლება: ოპერაციის შემდეგ ძალზე იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს კაპსულარული კონტრაქტურა.” არ არის ახსნილი, რა არის ეს გართულება, რამდენად სერიოზულია და რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს პაციენტი.

კარაპს-მედლაინი

კარაპს-მედლაინის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია.  

"მკერდის გადიდებასთან დაკავშირებით არსებობს „მითები“, თუმცა, მრავალრიცხოვანი სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია, რომ სილიკონის იმპლანტატებს არ აქვს კავშირი ონკოლოგიურ ან იმუნოლოგიურ დაავადებების პროვოცირებასთან," - წერია პოსტში.  

ეს მტკიცება ეწინააღმდეგება ამერიკის წამლისა და სურსათის სააგენტოს მიერ ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია, რომ იმპლანტმა, შესაძლოა, ანაპლასტიკური მსხვილუჯრედოვანი ლიმფომა გამოიწვიოს. პოსტში არც ისაა მითითებული, თუ რომელ 'მრავალრიცხოვან სამეცნიერო კვლევებს' გულისხმობს პოსტის ავტორი. 

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში ძუძუზე ჩატარებული პლასტიკური ოპერაციების რაოდენობით ეს კლინიკა მეორე ადგილზეა, კუზანოვის კლინიკის შემდეგ.  

 ძუძუს იმპლანტის რისკები

2017 წლის მარტში ამერიკის წამლისა და სურსათის ადმინისტრაციამ (Food and Drug Administration, FDA) განაცხადა, რომ იშვიათი სახეობის სიმსივნე - ანაპლასტიკური მსხვილუჯრედოვანი ლიმფომა (anaplastic large-cell lymphoma) ძუძუს იმპლანტს უკავშირდებოდა. ეს დაავადება 9 ქალის სიკვდილის მიზეზი გახდა. 

ეს არ იყო ახალი ამბავი: ჯერ კიდევ 2011 წლიდან სააგენტო ანაპლასტიკურ მსხვილუჯრედოვან ლიმფომას ძუძუს იმპლანტს უკავშირებდა

2017 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, ამერიკის წამლისა და სურსათის ადმინისტრაციამ 359 შემთხვევის შესახებ მიიღო შეტყობინება. ყველა შემთხვევაში პრობლემა ძუძუს იმპლანტს უკავშირდებოდა.  სააგენტოს განცხადებით, პრობლემა არა ძუძუს კიბო, არამედ იმუნური სისტემის დაავადება - მსხვილუჯრედოვანი ანაპლასტიკური ლიმფომა - იყო. 

FDA-ს განცხადებით, ხორკლიანზედაპირიანი იმპლანტი უფრო საშიშია, ვიდრე სრიალაზედაპირიანი. აღრიცხული 359 შემთხვევიდან 231 შემთხვევაზე იყო ცნობილი, თუ რა სახის იყო იმპლანტის ზედაპირი. აქედან 203 დაავადებული ქალის იმპლანტი ხორკლიანზედაპირიანი იყო, ხოლო 28 შემთხვევაში - სრიალაზედაპირიანი.   

იმპლანტის შემვსები სითხე ნაკლებადმნიშვნელოვანი აღმოჩნდა დაავადების პროვოცირების თვალსაზრისით: 312 შემთხვევაში იმპლანტის შემვსები სითხის შემადგენლობა უცნობი იყო; 186 იმპლანტი სილიკონის გელით იყო შევსებული, ხოლო 126 - სალინით.

დაავადების შესახებ პაციენტები მას შემდეგ იგებენ, რაც სიმპტომები ვითარდება: იწყება დასიება, ტკივილი მკერდის არეში, გროვდება სითხე.

სააგენტომ განაცხადა, რომ შეუძლებელია ამ დაავადებაზე სრული მონაცემების ქონა, ვინაიდან ასეთი ჩივილების შემთხვევებზე მომართვიანობა დაბალია და მსოფლიოში გაყიდული იმპლანტების შესახებ მონაცემებიც არ არსებობს. 

ამერიკის პლასტიკური ქირურგების საზოგადოების ინფორმაციით, 2016 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში 290,000-მა ქალმა ჩაიდგა ძუძუს იმპლანტი. ამათგან 109,000-მ ეს ოპერაცია-რეკონსტრუქცია ძუძუს კიბოს მკურნალობის ფარგლებში გაიკეთა. 

დაავადების გაჩენის შემდეგ შემთხვევათა უმეტესობაში მკურნალობის დროს იმპლანტისა და მის გარშემო ქსოვილების ამოღება საკმარისია, მაგრამ ზოგ ქალს, შესაძლოა, ქიმიოთერაპია და რადიოლოგიური მკურნალობაც დასჭირდეს.

ზუსტი მიზეზი იმისა, თუ რატომ აქვს ორგანიზმს სხვადასხვა სახის ზედაპირიან იმპლანტებზე სხვადასხვა რეაქცია, უცნობია, უთხრა “ნიუ იორკ თაიმზს” ექიმმა ალექს უონგმა. უონგი პლასტიკური ქირურგი და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კეკის მედიცინის სკოლის მკვლევარია. მისივე თქმით, ფაქტია, რომ ხორკლიანი იმპლანტის ზედაპირს კანი მარტივად ეწებება და ეზრდება. 

“როცა ხორკლიანზედაპირიანი იმპლანტი ამოგვაქვს, იმპლანტისა და ქსოვილების გახლეჩის ხმაც კი ისმის,” ამბობს ექიმი უონგი. “მაშინ, როცა სრიალაზედაპირიანი იმპლანტის ამოღების დროს მასში ქსოვილები არაა შეზრდილი - მარტივად იღება ადგილიდან.”

ვირთხებზე კვლევა აჩვენებს, რომ ცხოველის ქსოვილების გენეტიკური რეაქცია სხვადასხვაა სრიალაზედაპირიანი და ხორკლიანზედაპირიანი იმპლანტების შემთხვევაში.    

“ვცდილობთ, გავარკვიოთ, რატომ არის იმპლანტის ზედაპირი ასე გადამწყვეტად მნიშვნელოვანი,” უთხრა “ნიუ იორკ თაიმზს” ექიმმა უონგმა და დაამატა, რომ რიგ შემთხვევებში, სიმსივნე ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდება. 

ქირუგები ხორკლიანზედაპირიან იმპლანტს იმისთვის იყენებენ, რომ იმპლანტი ერთ ადგილას მიეკრას და არ იმოძრაოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანატომიურად ძუძუს მიმსგავსებული იმპლანტების შემთხვევაში.  თუ იმპლანტი ‘ცურავს,’ ადგილს იცვლის ან ზემოდან ქვემოთ ჩადის, ქალს დისკომფორტს უქმნის. ამიტომაც ქმნიან მწარმოებლები ხორკლებიანზედაპირიან იმპლანტს.   

ამერიკის წამლისა და სურსათის სააგენტო აცხადებს, რომ ექიმებმა ყურად უნდა იღონ, რომ იმპლანტის ჩასმა ლიმფომის რისკს ზრდის, ოპერაციიდან დიდი ხნის შემდეგაც კი. 

სააგენტოს რეკომენდაციით, თუ ქალს აქვს იმპლანტი და არავითარი პრობლემური სიმპტომი არ გასჩენია, არაა აუცილებელი მისი ამოღება. სააგენტოსვე მტკიცებით, ასეთი სახის ლიმფომის შემთხვევები იშვიათია.

სააგენტოს განცხადებით, ქალებმა, რომლებიც იმპლანტის ჩასმას აპირებენ, აუცილებლად უნდა იცოდნენ რისკების შესახებ.

სტატისტიკა  და ტენდენციები საქართველოში

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ძუძუზე პლასტიკური ქირურგიის 534 ოპერაცია ჩატარდა: 2016 წელს 150 ოპერაცია, 2017 წელს - 259, ხოლო 2018 წელს (19 ოქტომბრის მდგომარეობით) - 125 ოპერაცია. 

534 ოპერაციიდან კიბოს მკურნალობის გამო ქალებმა მხოლოდ 23 ოპერაცია - რეკონსტრუქცია - ჩაიტარეს; დანარჩენი 511 ოპერაციის მიზანი ძუძუს ვიზუალური მხარის შეცვლა იყო - სწორედ იმ მიზნით, როგორც ამას ქართული კლინიკები უწევენ რეკლამას თავიანთ ვებ-გვერდებზე. 

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ძუძუზე პლასტიკური ოპერაციები ყველაზე დიდი რაოდენობით კუზანოვის კლინიკაში ჩატარდა; ოპერაციების რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზეა კარაპს-მედლაინი.

 

♦ ეს სტატია ნაწილია 'კაქტუსის' პროექტისა 'ცხოვრება მასტექტომიის შემდეგ,' რომელიც საქართველოში ქალთა ფონდის მხარდაჭერით Women's Fund in Georgia ხორციელდება და რომელიც ძუძუს მოკვეთის შემდეგ ქალების ფსიქიკური, სოციალური და სექსუალური  მდგომარეობის ასპექტებს სწავლობს.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

♦ 'გაბრტყელება ძუძუს მოკვეთის შემდეგ' 

♦ 'ძუძუს გაუგრძნობელობა მასტექტომიის შემდეგ'

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>