ძუძუს კიბო და აზოტის დიოქსიდი - NO2





გარემო

ძუძუს კიბო და აზოტის დიოქსიდი - NO2




კვლევას, რომელიც ჟურნალ Environmental Health Perspective-ში, ხუთი მეცნიერის ავტორობით გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ პოსტმენოპაუზალურ ძუძუს კიბოსა და ჰაერში აზოტის დიოქსიდის (NO2) ჭარბ კონცენტრაციას შორის კავშირი არსებობს. 

კვლევა მონრეალის უნივერსიტეტის მედიკოსებმა კანადაში, კვებეკის პროვინციის ქალაქ მონრეალში ჩაატარეს. კვლევაში 499 ქალი ჩართეს, რომლებიც კიბოს დიაგნოზის მომენტში 50-დან 75-მდე წლისანი იყვნენ და 1996-97 წლებში კვებეკის პროვინციაში ცხოვრობდნენ.

მათი კიბოს დიაგნოზი ჰისტოლოგიური კვლევითაც იყო დადასტურებული.  მონაცემები კვებეკის პროვინციის 18-ვე ჰოსპიტლიდან იყო აღებული, რათა საკვლევი რეგიონი სრულად მოეცვა.  პაციენტების ნაწილს ინვაზიური, ნაწილს კი სხვა სახის ავთვისებიანი ძუძუს კიბო ჰქონდა (კიბოს სავარაუდო მიზეზი, შესაძლოა, მათ პროფესიულ საქმიანობასაც უკავშირდებოდა).  

ჰაერიდან აზოტის დიოქსიდის სინჯების ასაღები სადგურები კვებეკის პროვინციაში 133 ადგილას დადგეს და სინჯები სამ სეზონზე, თითო სეზონზე ორი კვირის განმავლობაში, აიღეს.   

კვლევის დასკვნით ნაწილში წერია, რომ ატმოსფერული ჰაერის ყოველ კუბურ მეტრზე აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის 10-მიკროგრამიანი ზრდა  ალბათობის გადანაწილებას 1.31-ჯერ ზრდიდა (95%-იანი ნდობის ინტერვალით). მიუხედავად იმისა, რომ ეფექტის მასშტაბი პერიოდებს შორის განსხვავდებოდა, ჰაერის ყოველ კუბურ მეტრში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის 5 მიკროგრამიანი ზრდა ძუძუს კიბოს ინციდენტობის (შემთხვევების) გაჩენის რისკს 25 %-ით ზრდიდა.

მართალია, ამ კვლევის მეთოდოლოგია და მასში გამოყენებული მონაცემები (როგორც სამედიცინო, ასევე ატმოსფერული) ადგენს კავშირს (association) ჰაერში აზოტის დიოქსიდის არსებობასა და ძუძუს კიბოს ინციდენტობის რისკებს შორის, ავტორების აზრით, მეტი კვლევებია საჭირო ჰაერში ხსენებული კომპონენტისა და პოსტმენოპაუზალურ ძუძუს კიბოს შორის უფრო პირდაპირი და შეუმცდარი კავშირის დასადგენად. 

 

აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია ატმოსფეროში საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში აზოტის ოქსიდების გამოფრქვევის ძირითადი წყაროა ავტომობილების გამონაბოლქვი, ბუნებრივი აირის ნამწვი, თბოელექტროსადგურების გამონაბოლქვი, ნარჩენების წვის დროს წარმოშობილი კვამლი. “აღსანიშნავია, რომ აზოტის ოქსდის მნიშვნელოვანი ნაწილი სწრაფად იჟანგება და გარდაიქმნება აზოტის დიოქსიდად,” - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის შემაჯამებელ ანგარიშში

საქართველოს ზოგ ქალაქში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია ჭარბია, ზოგ ქალაქში კი - ნორმის ფარგლებში ან ფარგლებს დაბლა.

 

თბილისი

თბილისში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია ევროპული ინდექსის მიხედვით ‘საშუალო’ (41-80 მიკროგრამი ერთ კუბურ მეტრ ჰაერში) და ‘მაღალია’ (81-120 მიკროგრამი ერთ კუბურ მეტრ ჰაერში).

შარშან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ავლაბრის მოედანსა და მელიქიშვილის ქუჩაზე დაფიქსირდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონცენტრაციით ეს მაჩვენებელი ასევე აკაკი წერეთლის გამზირზე იყო. 

 

რუსთავი

შარშან რუსთავში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია აღებული 593 სინჯიდან 38-ჯერ აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.  ამ კომპონენტის მაჩვენებელი იმატებს წლების მიხედვითაც. 

 

ბათუმი

ბათუმში, შარშან NO2-ის კონცენტრაციამ  117-ჯერ გადააჭარბა ქართული კანონმდებლობით განსაზღვრულ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.  ყველაზე მაღალი ტერმინალის ცენტრალურ შესასვლელთან იყო: 67,23 მიკროგრამი NO2 ერთ კუბურ მეტრ ჰაერში.

ბოლო წლებია, რაც ბათუმში აზოტის ორჟანგის საშუალო წლიური კონცენტრაცია იმატებს: თუ 2013 წელს ერთი მილიგრამი აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია ერთ კუბურ მეტრ ჰაერში  0,150 იყო, 2014 წელს - იგივე დარჩა, 2015 წელს - 0,160; 2016 წელს - 0,169 და 2017 წელს - 0,190.

 

ზესტაფონი

შარშან ზესტაფონში NO2  არ აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.  სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში ჰაერში მისი კონცენტრაცია იკლებს. 

ზესტაფონში NO2-ის  მაჩვენებელი მხოლოდ ერთხელ მიუახლოვდა ევროპულ ‘საშუალო’ ინდექსს - 57.22 მიკროგრამი ერთ კუბურ მეტრ ჰაერში, აღმაშენებლის ქუჩაზე.

 

ქუთაისი

ქუთაისში შარშან აზოტის ორჟანგის კონცენტრაცია ევროპული ინდექსის მიხედვით ‘საშუალო’ და ‘მაღალი’ იყო.  შარშან ქუთაისში აზოტის დიოქსიდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჭავჭავაძის გამზირზე იყო.

 

დანარჩენი ქალაქები

საქართველოს დანარჩენ ქალაქებში, სადაც შარშან ჰაერის ინდიკატორული გაზომვა მოხდა - ჭიათურაში, ახალციხეში, გორში, ზუგდიდში, თელავში, კასპში, ლანჩხუთში, მცხეთაში, ოზურგეთში, სამტრედიაში, საჩხერეში, სენაკში, ტყიბულში, ხაშურსა და ფოთში - ჰაერში აზოტის ორჟანგი ევროკავშირის სტანდარტით მიხედვით ‘დაბალი’ ინდექსით (0-40 მიკროგრამი ერთ კუბურ მეტრ ჰაერში) იყო.

 

                               - - - - - 

 

ეს სტატია ნაწილია 'კაქტუსის' პროექტისა 'ცხოვრება მასტექტომიის შემდეგ,' რომელიც საქართველოში ქალთა ფონდის მხარდაჭერით Women's Fund in Georgia ხორციელდება და რომელიც ძუძუს მოკვეთის შემდეგ ქალების ფსიქიკური, სოციალური და სექსუალური  მდგომარეობის ასპექტებს სწავლობს.

 

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

კავშირი ძუძუს კიბოსა და ჰაერის  PM 2,5-თა და ოზონით O3 დაბინძურებას შორის

ძუძუს იმპლანტის მაცდური მარკეტინგი vs უცნობი რისკები 

'გაბრტყელება ძუძუს მოკვეთის შემდეგ' 

'ძუძუს გაუგრძნობელობა მასტექტომიის შემდეგ'

 

 

 

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>