♦ სხვადასხვა ნივთიერება, რომლებსაც დღეს ნარკოტიკებს ვეძახით, წარსულში მედიცინაში სამკურნალოდ ან სხვადასხვა კულტურის სახალხო რიტუალებში გამოიყენებოდა, შემდეგ კი, ჯანმრთელობაზე შესაძლო ნეგატიური გავლენის გამო, ისინი კანონით აიკრძალა.
♦ ბაზარზე ლეგალურად დაშვებული ნივთიერებების ან საკვების შემთხვევაში, მათ შემადგენლობაზე/ინგრედიენტებზე ინფორმაციას ეტიკეტიდან ვიღებთ. ნარკოტიკები უკანონოდ იწარმოება. შესაბამისად, მათ ეტიკეტი არ აქვთ და მომხმარებლისთვის უცნობია მათი შემადგენლობა/ინგრედიენტები. გაუთვლელია ასეთი ნივთიერების გავლენა ჯანმრთელობაზეც და ზოგი ინდივიდის შემთხვევაში, შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიშიც იყოს. საქართველოში ჩატარებული მცირე კვლევიდან, რომელიც წარმომადგენლობითი არ არის, ჩანს, რომ კლუბურ სივრცეში მომხარებლებს არ აქვთ ინფორმაცია იმ ნარკოტიკების შემადგენლობაზე, რასაც იღებენ.
♦ ევროკავშირის მასშტაბით, ყოველ წელიწადს ასობით ადამიანი იღუპება ნარკოტიკების ზედოზირებით; გარდაცვლილების უმეტესობა მამაკაცია, საშუალო ასაკი კი 32-50 წელი. საქართველოში ზედოზირების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.
♦ 2019 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე საქართველოში, ყველაზე ხშირად კანაფსა და მის პროდუქტებს მოიხმარდნენ [39%], შემდეგ - კოკაინს [31%], ჰეროინს [25%], ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკებს [3%] და MDMA/ექსტაზის [2%].
♦ ნარკოტიკების ბაზარი მზარდი გლობალური ქსელია. ნარკოტიკები აქტიურად მზადდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც. დროსთან ერთად, პროდუქცია უფრო და უფრო რაფინირებული ხდება, აქტიური ნივთიერებების უფრო მაღალ კონცენტრაციას შეიცავს და ხელმისაწვდომ ფასებში იყიდება.
♦ გლობალიზაციასთან ერთად, ვითარდება და იხვეწება ნარკოტიკების წარმოების გზები, იგონებენ ნარკოტიკების საზღვარზე გადატანის და გადამალვის ახალ ხერხებს [რომელიც კარგად მოერგო COVID-19-ის პანდემიასაც]. ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები ნარკოტიკების ონლაინ გაყიდვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა და ახალგაზრდა აუდიტორიაზეც მარტივად გადის. ნარკოტიკები იყიდება ონლაინ, სპეციალური ვებ-გვერდების საშუალებით და საფოსტო ამანათის სახით მიაქვთ დამკვეთთან, შეთანხმებულ მისამართზე.
♦ ნარკოტიკების აქტიური შემადგენლები მზადდება ევროკავშირის ქვეყნებშიც, როგორც შიდა მოხმარების, ასევე ექსპორტისთვის. პრეკურსორები ალტერნატიული ქიმიკატებისგან მზადდება, მათი ნაწილი კი სხვა ქვეყნებიდან შემოაქვთ ევროკავშირში. საქართველოში ნარკოტიკები შემოდის თურქეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ბელორუსიიდან.
♦ ევროკავშირის ფარგლებში და საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ნარკოტიკი კანაფი და მისი პროდუქტებია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი რისკი ოპიოიდების [ჰეროინი, მორფინი, ფენტანილი, ასევე რეცეპტით გაცემადი ოქსიკონტინი და ვიკოდინი] და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას უკავშირდება.