გარემო

რუსთავი - კორელაცია სასუნთქი სისტემის დაავადებებსა და ჰაერის დაბინძურებას შორის




კვლევის მიზანი

კვლევის მიზანი იყო საქართველოში, ქვემო ქართლის რეგიონის ქალაქ რუსთავში, ჰაერის ორ დამაბინძურებელს - მყარ ნაწილაკ PM10-ისა და  PM2,5-ის ჰაერში კონცენტრაციის მატებასა და სასუნთქი სისტემის დაავადებების ახალი შემთხვევების მატებას შორის კორელაციის დადგენა. 

სხვა მიზანი ან დავიწროებული ფოკუსი, ან რომელიმე ერთი დაავადების ან დაავადებათა ჯგუფის რომელიმე კონკრეტულ დამაბინძურებელთან კორელაციის დადგენა კვლევას არ ჰქონია.


 

კვლევის მიგნება

ქალაქ რუსთავში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ჰაერში მომატება, რომელთა დიამეტრი 10 და 2,5 მიკრონია [PM 10 და  PM 2,5, შესაბამისად], კორელაციაშია სასუნთქი სისტემის დაავადებების ახალი შემთხვევის მატებასთან: სტატისტიკური შედარებით, ჰაერში ამ ორი დამაბუნძურებლის კონცენტრაციის მატება დაავადებების ახალი შემთხვევების მატებას პირდაპირ დაუკავშირდა. 

მონაცემების შედარებით აღმოჩნდა, რომ როცა ჰაერში მაღალია მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია, პარალელურად მაღალია დაავადებების რაოდენობაც.

კორელაციის ჩარტი. სტატისტიკა დამუშავებულია პროგრამა SPSS 21-ში. კორელაციის კოეფიციენტები შედგენილია კენდალისა და სპირმენის მეთოდების მიხედვით; სანდო კორელაციები მონიშნულია. კორელაციის სანდოობის კოეფიციენტი მოცემულია შესაბამისი მაჩვენებლის ქვემოთ

 

ინტერპრეტაცია

ამ კვლევის შედეგები იძლევა იმ ჰიპოთეზის გამოთქმის საშუალებას, რომ დაავადებების მატება, შესაძლოა, იყოს მჭიდრო კავშირში ჰაერის ამ ორი კომპონენტით დაბინძურებასთან. 

ამის მყარად დასამტკიცებლად, საჭიროა უფრო ფოკუსირებული და დავიწროებული კვლევების ჩატარება. 

დაავადებების ახალი შემთხვევების მატებას, შესაძლოა, სხვა ფაქტორებიც განაპირობებდეს, - მათ შორის ჰაერის დაბინძურება, მაგრამ არა მხოლოდ, რაც ცალკე შესასწავლია. 



 

მონაცემების წყაროები და გამოთვლის მეთოდები

კვლევის ფარგლებში სასუნთქი სისტემის დაავადებების ჯგუფი შევადარეთ ჰაერის ორი დამაბინძურლის მონაცემებს. 

ჰაერის დაბინძურების დღიური მონაცემებიდან გამოვიყვანეთ საშუალო თვიური, - არითმეტიკული საშუალოს გზით, რომელიც შევადარეთ დაავადებათა მონაცემს, რომელიც თვიური სახით მოგვეწოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან, როგორც საჯარო ინფორმაცია. 

თავდაპირველი მიზანი იყო ორივე ტიპის მონაცემის ან თვიური, ან დღიური მონაცემების შედარება, უფრო ზუსტი კორელაციის გამოყვანის მიზნით.

რაკი გარემოს ეროვნული სააგენტო დღიურადაც აგროვებს ჰაერზე მონაცემებს, იგივე მონაცემების დღიური სახით მიღების შესაძლებლობა გადავამოწმეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან, სადაც პასუხსისმგებელმა პირმა გვითხრა, რომ მსგავს მონაცემებს მოგვაწვდიდნენ, თუმცა, ეს იქნებოდა უფრო ნედლი, ვიდრე თვიური მონაცემები.

საბოლოო ჯამში, დაავადებებზე თვიური მონაცემების მიღებაზე შევთანხმდით, რადგან ის უფრო გადამოწმებულია, ვიდრე დღიური იქნებოდა. 

ჰაერის დაბინძურებაზე მონაცემები ავიღეთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალიდან air.gov.ge, რომლის წყაროა ავტომატური სადგურის მონაცემები, რომელიც ქალაქ რუსთავში, ბათუმის ქუჩა N19-ში დგას და წარმოადგენს ფონურ სადგურს. 

კვლევისთვის გამოვიყენეთ ორი დამაბინძურებელი -  მყარი ნაწილაკები PM 10 და  PM 2,5. 


 

ჰაერის დაბინძურების შესახებ მონაცემების ხარისხი

გარემოს ეროვნული სააგენტო, ავტომატური სადგურების საშუალებით, ჰაერში ექვსი დამაბინძურებლის კონცენტრაციას ზომავს: მყარი ნაწიკლაკები - PM 10 და M 2.5, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდები, მიწისპირა ოზონი და ნახშირჟანგი.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის მონაცემების  მიხედვით, რომელიც რუსთავში მხოლოდ ერთ ადგილას დგას და ფონურია [არა ძირითად დამაბინძურებლებთან ახლოს], PM10-ისა და PM 2.5-ის კონცენტრაციები თითქმის ყოველდღე აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს, საათობრივ და თვიურ ჭრილში. ამიტომ ავიღეთ საკვლევად ეს ორი დამაბინძურებელი.

Air.gov.ge-ზე გამოქვეყნებულ ჰაერის შესახებ მონაცემებს, გაფრთხილების სახით, წითელი ასოებით, აწერია: “არავერიფიცირებული.” 

ამ გაფრთხილების გადამოწმების მიზნით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ კითხვით, შეიძლებოდა თუ არა ვერიფიცირებული მონაცემების გამოთხოვნა და არსებობს თუ არა გადამოწმებული მონაცემები, ალტერნატიული სახით. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის გაცემაზე პასუხმგებელმა პირმა გვიპასუხა, რომ ამ თემაზე “თანამშრომლების ტრენინგი ახლა მიმდინარეობს”. შესაბამისად, ჩვენი კვლევის დროს ვიხელმძღვანელეთ იმ მონაცემებით, რაც ხელმისაწვდომია air.gov.ge-ზე, რადგან ამ ეტაპზე არ არსებობს სხვა მონაცემები ჰაერზე. 


 

სასუნთქი სისტემის დაავადებების შესახებ მონაცემების ხარისხი

სასუნთქი გზების დაავადებათა სტატისტიკა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოვითხოვეთ. 

ტენდენციის უკეთ საჩვენებლად, თავდაპირველი მიზანი 10 წლის მონაცემების აღება და მათი შედარება იყო ჰაერის მონაცემებთან. 

როგორც გაირკვა, 2012 წლიდან 2019 წლამდე ცენტრი მოძველებული მეთოდით ითვლიდა დაავადებების შესახებ მონაცემებს, რაც დიდ ცდომილებებს იძლევა და არ არის დამყარებული პირადი ნომრით ახალი შემთხვევების აღრიცხვაზე. 

მაგალითად: თუკი მოქალაქე ხუთ სხვადასხვა კლინიკას მიმართავდა სასუნთქი გზების დაავადებების რომელიმე ქვეტიპის დიაგნოსტიკისთვის ან სამკურნალოდ, მისი მონაცემები აისახებოდა და დაითვლებოდა ხუთჯერ. ეს მონაცემები არ არის სანდო და მათ გამოყენებაზე უარი ვთქვით. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მონაცემების მოგროვება 2020 წლიდან გააუმჯობესა და დააახლოვა ის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტს, რომელიც ემყარება პირადი ნომრის მიხედვით ახალი შემთხვევების აღრიცხვას. შესაბამისად, გამოვიყენეთ მხოლოდ 2020-2021 წლის ვერიფიცირებულ-კორექტირებული, ხოლო 2022 წლის აგვისტომდე - ნედლი მონაცემები. 

აღსანიშნავი დეტალია ის, თუ როგორ ითვლის დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაავადებების შესახებ [ასევე სხვა ტიპის] მონაცემებს ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობის შესახებ. ეროვნული მონაცემები იყოფა ორ შესაბამის ძირითად ტიპად: ქალაქად არსებული სამედიცინო დაწესებულებებისა და სოფლად მომუშავე ექიმების/ამბულატორიების მონაცემებად. 

სოფლის ექიმებისა და ამბულატორიების მონაცემები გროვდება წლიურად და არა თვიურად. შესაბამისად, ჩვენი კვლევა სოფლის ექიმების/ამბულატორიების მონაცემებს არ მოიცავს, ვინაიდან 2020-2021-2022 წლების მონაცემები გვჭირდებოდა თვიური და არა წლიური სახით.

სოფლის ექიმების/ამბულატორიების მონაცემები ერთიანი სისტემისგან იმიტომ არის განცალკევებული, რომ ისინი ჯანდაცვის მონაცემების აღრიცხვის სახელმწიფო ელექტრონულ სისტემას არ არიან მიერთებულნი და მათი მონაცემები მყისიერად არ ჩდება სახელმწიფო ჯანდაცვის ელექტრონულ სისტემაში. 

ამის მიზეზია სოფლის სამედიცინო დაწესებულებების ტექნიკური გაუმართაობა: კომპიუტერების და ინტერნეტის არარსებობის პრობლემები სოფლად, ასევე ადგილობრივი მედიკოსების გადაუმზადებლობა, უნარ-ჩვევების არ-ქონა მონაცემების გაციფრულების - სისტემაში სწორად შეყვანის და მყისიერად მიწოდების მიმართულებით.


 

სასუნთქი გზების დაავადებების კლასიფიკაცია

დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, გამოთხოვნის შესაბამისად, მოგვაწოდეს სასუნთქ გზებთან დაკავშირებული დაავადებების ჯგუფი, დაავადებების კოდებით და კოდების ქვეშ დაჯგუფებული დაავადებებს დასახლებებით. 

კვლევის სტატისტიკაში შესულია მონაცემები შემდეგ დაავადებებზე, ჯამურად: სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები [კოდი J00-J99], გრიპი და პნევმონია [კოდი J09-J18], ქვედა სასუნთქი გზების სხვა მწვავე რესპირაციული ინფექციები [კოდი J20-J22], ზედა სასუნთქი გზების სხვა ავადმყოფობები [კოდი J30-J39], ქვედა სასუნთქი გზების ქრონიკული ავადმყოფობები [კოდი J40 - J47], ფილტვების ავადმყოფობები გამოწვეული გარეგანი ფაქტორებით [კოდი J60-J70], სასუნთქი სისტემის სხვა ავადმყოფობები, რომლებიც უპირატესად, აზიანებს ინტერსტიციუმს [კოდი J80-J84], პლევრის სხვა ავადმყოფობები [კოდი J90-J94] და სასუნთქი სისტემის სხვა ავადმყოფობები [კოდი J95-J99]. 



 

კვლევის შეზღუდვები

კვლევა შეზღუდულია, ძირითადად, მასში მოცემული სახელმწიფო მონაცემების შეგროვების მეთოდების გამო: პერიოდულობის, ხარისხის, სანდოობის დონისა და ლოკაციების სიმცირით.

ნაკლოვანებების მიუხედავად, კვლევის ჩატარება გადავწყვიტეთ იმის საჩვენებლად, თუ რა კორელაცია არსებობს არსებული მონაცემების ფონზე, მათი ერთმანეთთან პირდაპირი შედარების შემდეგ. 

კვლევის შეზღუდვები, ძირითადად, გამოწვეულია მონაცემების მოგროვების იმ  სისტემიდან გამომდინარე, რითაც სახელმწიფო სააგენტოები - ამ შემთხვევაში, გარემოს ეროვნული სააგენტო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი - აგროვებენ შესაბამის მონაცემებს. 

კვლევის ეს აღმოჩენა საჭიროებს მომავალ, დამაზუსტებელ კვლევებს, რომლებსაც ექნებათ უფრო დახვეწილი დიზაინი, ვიწრო და კონკრეტული მიზნები და სხვა აუცილებელი კომპონენტები, მეტ-ნაკლებად მისაღები სამეცნიერო სიზუსტის მისაღებად.


 

დაბინძურების მთავარი წყაროები რუსთავში

“რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2020-2022”-ის მიხედვით, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, რუსთავში დაბინძურების 50 წყარო საწარმოა, აქედან 47 ე.წ. ძველ, ხოლო მხოლოდ 3 “ახალ რუსთავში”. 

მათი უმრავლესობა, ამავე ანგარიშის მიხედვით, წარმოადგენს მეტალურგიულ, ქიმიურ, მინერალურ და სხვა სახის სამრეწველო ობიექტს. 

აღნიშნულ ობიექტთა მიერ გაფრქვეულმა მყარმა ნივთიერებებმა [დიდწილად მტვრის ნაწილაკებმა] 2019 წელს 14 ათას ტონაზე მეტი შეადგინა. აღნიშნული 14 ათასი ტონიდან 97% უმსხვილესი დამბინძურებლის გაფრქვევებზე მოდის.

მოძრაობის “გავიგუდეთ” ჩართულობით, 2021 წელს, სამართლებრივი თვალსაზრისით, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანია, როგორც საქართველოში განთავსებული საწარმოების ტექნიკური გამართვა/გადაიარაღება, ისე გაზრდილი სანქციების დაწესება ჰაერის დაბინძურებისთვის. 



 

რეკომენდაციები

მონაცემების მოგროვება უნდა გაუმჯობესდეს, რაც შესაძლებელი იქნება ამ ორი სახელმწიფო უწყების - გარემოს ეროვნული სააგენტოსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცალ-ცალკე თუ ერთად გაწეული ძალისხმევებით, მათ შორის, მონაცემების გაციფრულების მიმართულებით გასაწევი საქმის სრულყოფით.

ამ ეტაპზე, როდესაც დაავადებების შესახებ მხოლოდ 2,5 წლის მონაცემები არის მისაღები სტანდარტით მოგროვებული, ხოლო წინა წლების მონაცემები არ იყო სანდო და ბოლო  2,5 წელთან შედარებადი, მთლიან სურათში, ეს არ არის საკმარისი ტენდენციების უკეთ გამოსაკვეთად. 

აუცილებელია, რომ როგორც ჰაერის, ასევე ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მოგროვება დაიხვეწოს და მიუახლოვდეს საუკეთესო პრაქტიკას, სახელმწიფოსთვის კი ამ კუთხით ინვესტიცია და ბიუჯეტის გამოყოფა გახდეს პრიორიტეტული.


 

არის თუ არა საკმარისი ერთი ავტომატური სადგური რუსთავში?

ქალაქ რუსთავში, რომელიც ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია საქართველოში, ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების კონცენტრაცია მხოლოდ ერთ ადგილას იზომება საათობრივად, ავტომატური სადგურის საშუალებით. 

საათობრივი მონაცემები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის აჩვენებს დინამიკას ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლის კონცენტრაციის შესახებ, რომლის საშუალებითაც შემდეგ დამაბინძურების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი: თუკი, მაგალითად, აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია მაღალია ქალაქში პიკის საათის დროს, მისი დაკავშირება შესაძლებელია სატრანსპორტო სექტორისგან მომავალ დაბინძურებასთან. 

რუსთავში ტრანპორტი არ არის მთავარი დამაბინძურებელი. დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროები თავმოყრილია ავტომატური სადგურიდან მოშორებით. 

რუსთავში მდგარი ავტომატური სადგური, რომელიც ბათუმის ქუჩა #19-ში, საგზაო სავალ ნაწილთან ახლოს, მაგრამ ხეების შორის დგას, არის ფონური. უფრო სრული სურათის დასანახად, საჭიროა იდგეს, მინიმუმ, მეორე სადგურიც, რომელიც უფრო ახლოს იქნება საწარმოებთან, რათა შედარდეს ფონური სადგურისა და დამაბინძურებელთან მდგარი სადგურის მონაცემთან.

სასურველია კიდევ ერთი სადგური იდგეს გარდაბანთანაც, სადაც გამოფრქვეული ნაწილაკებით დაბინძურება ხილულია საგზაო ინფრასტრუქტურაზე, მტვრის სქელი ფენების სახით. 


 

ინდიკატორული გაზომვები vs საათობრივი მონაცემები

რუსთავში, საათობრივი ავტომატური სადგურის გარდა, რომელიც მხოლოდ ერთია, ჰაერის ხარისხი იზომება ინდიკატორულადაც.

გარემოს ეროვნული სააგენტო ანალიზატორებსა და ფილტრებს სხვადასხვა ადგილას აინსტალირებს და არჩეული წერტილების მონაცემებს ზომავს. მსგავსი წერტილებიდან გამოჰყავთ საშუალო, მაგრამ არა საათობრივი მონაცემი. 

ინდიკატორული გაზომვებით შეუძლებელია ჰაერის დაბინძურების დინამიკის დანახვა დღის განმავლობაში - საათობრივად, დამაბინძურებლის კონკრეტულად გამოვლენის მიზნით.

ინდიკატორული გაზომვების წერტილები ქალაქ რუსთავში [ცისფრად და ყვითლად აღნიშნულია უკვე აღებული მონაცემები, ხოლოდ ნაცრისფრად - ისინი, რომლებიც ახლა იზომება; წითლად მოცემულია ავტომატური სადგურის მონაცემები]

 

რუსთავში ბოლოს 4 ივნისს ექვს [6] წერტილზე გაიზომა ატმოსფერული ჰაერის სამი კომპონენტი: აზოტის დიოქსიდი, ბენზოლი და ოზონი.

აღებული ლოკაციები: მიწისპირა ოზონი, ლეონიძის პარკთან [არ აჭარბებდა]; აზოტის დიოქსიდი მე-20 საჯარო სკოლასთან  [არ აჭარბებდა]; სუპერმარკეტ “მადაგონთან” - აზოტის დიოქსიდი [ზღვრულად დასაშვებ ნორმას მიუახლოვდა] და ბენზოლი [არ აჭარბებდა]; ოზონი ჭყონდიდელის დასახლებაში [არ აჭარბებდა]; აზოტის დიოქსიდი კოსტავას ქუჩის N-19-ში [ზღვრულად დასაშვებ ნორმას მიუახლოვდა]; აზოტის დიოქსიდი და ბენზოლი გოგებაშვილისა და იოსებიძის ქუჩების გადაკვეთასთან [არც ერთი დამაბინძურებელი არ აჭარბებდა]. 

ოქტომბრის თვეში რუსთავში ინდიკატორულად გარემოს ეროვნული სააგენტო შვიდი წერტილიდან იღებს სხვადასხვა დამაბინძურებლების მაჩვენებლებს: აზოტისა და გოგირდის დიოქსიდებს, ოზონსა და ბენზოლს. მათი შედეგები წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი და გამოქვეყნდება air.gov.ge-ზე.

2021 წელს NO2-ის საშუალო წლიური კონცენტრაცია აჭარბებდა ნორმას მონიტორინგის ორ პუნქტზე. SO2-ის, CO-ს, O3-ის, Pb-ისა და C6H6-ს საშუალო კონცენტრაცია ნორმის ფარგლებში იყო. 

ქიმიკოსი გიორგი ჯიბუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ამბობს, რომ ინდიკატორული გაზომვები საინტერესო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია, მაგრამ ისინი არ აჩვენებს საათობრივ დინამიკას.

“საშუალოების აღება კარგია, მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთ საათობრივ გადაჭარბებასაც. დილიდან საღამომდე თუ მოვიწამლე და ღამით სუფთა ჰაერს ვსუნთქავ, რაში მარგია?!”  - ამბობს ჯიბუტი. - “ზოგ ადგილას, სავარაუდოდ, ყოველდღე აჭარბებს მხოლოდ საათობრივად, პიკის საათებში. საშუალოში კი ეს ყველაფერი არ ჩანს.”



 

რატომაა მნიშვნელოვანი მყარი ნაწილაკების ქიმიური შემადგენლობის კვლევა? 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, მყარი ნაწილაკების მხოლოდ ორი სახეობა იზომება სხვადასხვა ქვეყნებში ეროვნულად: ისინი, რომელთა დიამეტრი არის 10 მიკრონი და 2,5 მიკრონი.

სამეცნიერო დონეზე, მიმდინარეობს უფრო პატარა, - ნანონაწილაკების შესწავლაც, მაგრამ ისინი ჰაერში ჯერ-ჯერობით ეროვნულად არ იზომება: შესაბამისი სტანდარტისა და გასაზომი საშუალებების არქონის გამო. 

“რაც უფრო პატარაა ნაწილაკი, მით უფრო მავნეა,” - ამბობს გიორგი ჯიბუტი. - “უფრო ღრმად ჩადის ფილტვებში.”

ჯიბუტის თქმით, კარგი იქნებოდა, რუსთავშიც ისწავლებოდეს მყარი ნაწილაკების ქიმიური შემადგენლობაც.

“განსაკუთრებით სამრეწველო ობიექტები სადაც არის, მიკრონაწილაკებით დაბინძურების გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ მოსთხოვონ შესაბამის კომპანიებს, ან ფილტრები დააყენონ, ან სხვა ზომები მიიღონ. მყარი ნაწილაკებით დაბინძურება პირდაპირ გავლენას ახდენს ასთმებზე და სხვა დაავადებებზე. მტვრის ნაწილაკები განსაკუთრებით საშიშია არა მხოლოდ რუსთავში, თბილისშიც - შემოვიდა კანონი, რომ მშენებარე ობიექტი ბადით უნდა ყოფილიყო შეფუთული. დღეს გამოვიარე და შემოხეული ჰქონდა ერთ-ერთს,” - ამბობს გიორგი ჯიბუტი.  

მისივე თქმით, ყველაზე მარტივი იქნება მყარი ნაწილაკების წყაროს მიხედვით შესწავლა: საიდან მოდის ეს დამაბინძურებელი და რა შეიძლება იყოს მასში, წარმოების პროდუქციისა და ციკლის მიხედვით. 

“დაბინძურების ჯაჭვი საკმაოდ კომპლექსურია - ნივთიერებები გარდაიქმნება: სულ სხვა რაღაცას ღებულობ საბოლოოდ, ვიდრე დასაწყისში იყო. ამიტომ მნიშვნელოვანი ისიც, რა ეტაპზე აიღებ ნიმუშს. ზოგჯერ შუალედური პროდუქტი ცუდია, შემდეგ იჟანგება და საბოლოდ უვნებელი გამოდის,” - ამბობს ის.  


 

გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის პოლიტიკა რუსთავში

დავით იშხნელი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსთავში, ცხრა თვეა, რაც ამ პოზიციაზეა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეს ცენტრი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაფინანსებულ პროგრამებს ახორციელებს ქვემო ქართლში. 

იშხნელი ამბობს, რომ წინა მენეჯმენტიდან მას არ დახვედრია კონკრეტული გეგმა, რომელიც გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის კუთხით იქნებოდა მკაფიო და რუსთავის პრობლემების გამოსწორებისკენ მიმართული.

დავით იშხნელი ამბობს, რომ მან შეკრიბა ახალგაზრდების გუნდი, სტაჟიორების სახით, რომლებსაც აქვთ შესაბამისი განათლებაც და ამ მიმართულებით იმუშავებენ: ითანამშრომლებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, კომუნიკაციას დაიწყებენ დამაბინძურებელ საწარმოებთან და გააკონტროლებენ კიდეც მათ საქმიანობას. 

ამ პროექტის დაფინანსების ნაწილში, იშხნელი რუსთავის მერიაზეა დამოკიდებული - ეს იდეა მხოლოდ მაშინ განხორციელდება, თუკი რუსთავის მერიამ დააფინანსა. იშხნელი ამბობს, რომ არაერთხელ შეხვდა რუსთავის მერსაც, რომელიც, მისი თქმით, “მონდომებულია,” რომ რუსთავში ჰაერის მდგომარეობა გამოსწორდეს. 

“ამჟამად, არც ჰაერის ხარისხი მომწონს და არც საწარმოების ხელმძღვანელობის დამოკიდებულება ჰაერის მიმართ. ურჩევნიათ ჯარიმის გადახდა, ვიდრე იმ ღონისძიებების გატარება, რაც ამ ბოლო დროს დაავალეს,” - ამბობს დავით იშხნელი.

უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის მონტაჟი საწარმოებისთვის სავალდებულო გახდა 2021 წლის 1 ივნისიდან. მიუხედავად იმისა, რომ აირმტვერდამჭერი მოწყობილობების [ფილტრების] ქონა აქამდეც სავალდებულო იყო, ახლა სამოქალაქო მოძრაობის “გავიგუდეთ” და მოსახლეობის აქტიურობის შედეგად, შედარებით მეტი ყურადღება ეთმობა ამ საკითხს.

იშხნელი ფიქრობს, რომ ჰაერის დაბინძურების მხოლოდ ერთი სადგური რუსთავში ცოტაა.

“გარემოს დაცვის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ოთხ ლოკაციაზე მაინც უნდა იდგეს, რომ ზოგადი სურათი მაინც შეგვიქმნას,” - ამბობს ის. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი მოძრაობა “გავიგუდესაც.” მოძრაობა მოითხოვს, რომ მოსარჩელეებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, - თითეულს სამი ათასი ლარი, აქამდე უმოქმედობით ჯანმრთელობისთვის მიყენებული და მორალური ზიანის გამო.

მეორე მოთხოვნაა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უფრო ეფექტურად იმუშაოს და უზრუნველყოს, რომ კომპანიებმა დაამონტაჟონ და ფუნქციონირებდეს აირმტვერდამჭერი და ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის სისტემა.

“Რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ სასამართლო პროცესი რამდენიმე თვეში დამთავრდება. ამ ეტაპზე ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად არგუმენტირებულად დავიცვათ ჩვენი უფლება სუფთა ჰაერზე,” - ამბობს თინათინ მაღედანი, მოძრაობის “გავიგუდეთ” აქტივისტი და “ეკო ცენტრის” დირექტორი.




 

სტატია მოამზადა "კაქტუს მედიამ", სამოქალაქო მოძრაობა "გავიგუდეთ"-თან თანამშრომლობით, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში, ამერიკის  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 

• სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია "კაქტუს მედია". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.  

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>