გარემო

რუსეთთან დაკავშირებული კომპანიების ქართულ-სომხური ალიანსი ჰიდროენერგეტიკაში




ავტორები: ცირა გვასალია, ინდირა ევგენიძე და ქრისტინე აღალარიანი

 

ქართულ-სომხური კომპანიები და მათი კავშირი რუსეთთან

საქართველოსა და სომხეთში ელექტროგამანაწილებელი ქსელის სფეროში მომუშავე ბიზნესმენები აპირებენ, რომ ძალები გააერთიანონ და ერთად სამი მცირე ჰიდროელექტროსადგური ააშენონ საქართველოში. კომპანიის გავლით, რომელიც მათ საქართველოში ერთობლივად გასულ წელს დააარსეს, სვანეთსა და აჭარაში მცირე ჰესების აშენება იგეგმება. 

2021 წელს, ორი დღის შუალედით [23 და 25 მარტს, შესაბამისად], საქართველოში ორი კომპანია დააარსდა: „ჰაიდრო ინვესტი“ და „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი.“ „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“ „ჰაიდრო ინვესტის“ 50%-ს ფლობს. დანარჩენ 50%-ში სომხეთის ელექტროსისტემის დისტრიბუტორი კომპანია და გარანტირებული მიმწოდებელი,  სომხეთის ელექტროგამანაწილებელი სისტემის ქსელები, Electric Networks of Armenia, ENA ფიგურირებს. დაარსების მომენტში „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის“ 50%-ს კარენ ჰარუთუნიანი ფლობდა, რომელიც ENA-ს გენერალური დირექტორია. 

2022 წლის მაისში, კარენ ჰარუთუნიანმა  „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის“ საკუთარი წილების 17 და 16 პროცენტი არა და ჰეიკ დარბინიანებს გადასცა, ხოლო 17% თვითონ დაიტოვა. არა და ჰეიკ დარბინიანები კარენ დარბინიანის შვილები არიან. კარენ დარბინიანი სომხეთის ელექტროგამანაწილებელი სისტემის, ENA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. კარენ დარბინიანი “ტაშირ ჯგუფის” დირექტორის მოადგილეც იყო. დეკლარაციის მიხედვით, ENA-ს სამველ კარაპეტიანი ფლობს. სამველ კარაპეტიანი რუსეთში მცხოვრები სომეხი ბიზნესმენია, რომელიც “ტაშირ ჯგუფის” დამფუძნებელიცაა, სადაც ის 31.8%-ს ფლობს, ხოლო 29%-ს სამველ კარაპეტიანის შვილი, სარგის კარაპეტიანი. წილების დანარჩენი მფობელები დეკლარირებული არ არის. 

ჩანს, რომ საქართველოში ჰესების აშენების მსურველი კომპანიები და მათი მფლობელები სფეროში შემთხვევით არ მოხვედრილან. კარენ დარბინიანის შვილი, არა დარბინიანი, სომხეთში ენერგეტიკის სფეროში აქტიური პერსონაა. ის 75%-ს ფლობს კომპანია Energy Power LLC-ში, რომელიც 2021 წელს დაარსდა. მისი ძმა, ჰეიკ დარბინიანი, 50%-ს ფლობს კომპანიაში Solar Park LLC, რომელიც 2018 წელს დაარსდა. კარენ ჰარუთუნიანის შვილი, სერგი ჰარუთუნიანი, ასევე 25%-ს ფლობს კომპანია Solar Park LLC-ში. 

სომხეთის საჯარო სერვისების მარეგულირებელი კომისიის მონაცემების მიხედვით, მზის ენერგიის კომპანია Solar Park LLC-ის სადგური “ძმასარ 1”  5 000 კილოვატსაათ ენერგიას გამომიმუშავებს არაგაცოტნის პროვინციაში. 

კომპანია Solar Park LLC ასევე არის 2019 წელს დაარსებული კომპანია HHD SOLAR LLC-ის თანამფლობელი, რომელთა ფარგლებშიც მზის სადგური „პარტიზაკი“ 5 000 კილოვატ ენერგიას გამოიმუშავებს, ხოლო „პარტიზაკი 2“ – 1 200 კილოვატ ელექტროენერგიას არაგაცოტნის პროვინციაში, სომხეთში. 

 

კომპანიების უარი ინტერვიუებზე 

ამ სტატიისთვის ENA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, ნატალია სარჯანიანს, კარენ ჰარუთუნიანთან ინტერვიუს ორგანიზება ვთხოვეთ სომხეთში. კითხვები გვქონდა საქართველოში ასაშენებელ სამ ჰესში ინვესტიციის მოცულობის, ინვესტიციის წარმომავლობის, ჰესების აშენების კონკრეტული დროისა და პროექტების სოციალურ და გარემოსდაცვით გავლენებზე მფლობელების მოსაზრების შესახებ.

ნატალია სარჯანიანმა კითხვების წინასწარ გაგზავნა გვთხოვა, დაახლოებითი შინაარსის გასაგებად და მენეჯმენტისთვის წარსადგენად. კითხვების მოკლე მონახაზის გაგზავნის შემდეგ, მხოლოდ ერთ კითხვაზე მივიღეთ პასუხი.

“არც სომხეთის ელექტროგამანაწილებელი სისტემა [ENA] და არც “თელასი” ამ ჰესების მშენებლობაში ჩართულები არ არიან. საქართველოში ასაშენებელ ჰესებს არავითარი საერთო არ აქვთ სომხეთის ენერგო ბაზართან, არც მის ლიბერალიზაციამდე და არც შემდეგ.“ ეს პასუხი შემდეგი კითხვაზე იყო: არის თუ არა საქართველოში ასაშენებელი სამი მცირე ჰესი ENA-სა და „თელასის“ ერთობლივი პროექტი თუ კომპანიების მფლობელების კერძო ინვესტიცია, და ამ  პროექტების წამოწყებას ჰქონდა თუ არა საერთო სომხეთის ენერგო-ბაზრის ლიბერალიზაციასთან.

მიმდინარე წლის 1 თებერვალს სომხეთის ელექტროსისტემის ლიბერალიზაცია მოხდა: მოქალაქეებს თავად შეუძლიათ აირჩიონ ენერგიის წყარო, მაგრამ წვრილ მიმწოდებლებთან ერთად, ისევ არსებობს ენერგიის გარანტირებული მიმწოდებელი [სომხეთის ელექტროსისტემის ქსელი, Electric Networks of Armenia, ENA]. სომხეთის ენერგო-ბაზრის ლიბერალიზაციის შემდეგ, ბაზარზე ახალი მიმწოდებლები და მოვაჭრეები გამოჩნდნენ. მიმწოდებლები ბაზრის ახალი მოთამაშეები არიან, რომლებიც მომხმარებლებს კერძოდ გამომუშავებულ ელექტროენერგიას სთავაზობენ; თუკი კონკრეტულ კერძო მომხმარებელს მთავარი მომწოდებლისგან - ENA-სგან არ უნდა ენერგიის ყიდვა, უკვე სხვა, უფრო წვრილ მიმწოდებელს და მის პირობებს ირჩევს. წვრილ მომწოდებლებს მხოლოდ სომხეთის საზღვრებს შიგნით მუშაობის უფლება აქვთ. 

ელექტროენერგიით მსხვილი მოვაჭრეები მხოლოდ დიდ მომხმარებლებს აწვდიან ენერგიას და სახელმწიფოებს შორის ენერგიით ვაჭრობის უფლებაც აქვთ. მაგალითად, სომხეთში ენერგობაზრის ლიბერალიზაციის შემდეგ, ქვეყნებს შორის, მათ შორის, საქართველოსთან, ვაჭრობას კომპანია Argest CJSC უზრუნველყოფს. ეს ახალი მსხვილი მოვაჭრე ასევე არის დაკავშირებული სამველ კარაპეტიანის კომპანიასა და ENAს-თან. Argest CJSC 2018 წლის თებერვალს დაარსდა. დეკლარაციის მიხედვით, კომპანიის ერთადერთი მეწილე გორ ბაროიანია. ეს უკანასკნელი კომპანია RIO CJSC-ის დირექტორიცაა - ეს კომპანია Rio Mall-ის ოპერატორია. RIO CJSC-ის თანამფლობელები ასევე არიან „ტაშირ კაპიტალის“ დამფუძნებელი, სამველ კარაპეტიანი და მისი ცოლი, ეთერ კარაპეტიანი.

რაც შეეხება ჩვენს კითხვებს საქარველოში ასაშენებელი ჰესების შესახებ, ნატალია სარჯანიანმა ზეპირად გვითხრა, რომ პროექტები ბიზნესმენების კერძო წამოწყებაა და ძალიან დასაწყის ეტაპზეა. ამიტომაც, მისი თქმით, კარენ ჰარუთინიანს ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემა არ სურს.

საქართველოში კითხვებზე არ გვიპასუხა ზურაბ გელენიძემაც, კარენ ჰარუთუნიანის პარტნიორმა საქართველოში, ასევე „ჰაიდრო ინვესტის“ წილების 85%-ის მფლობელმა და „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის“ დირექტორმა.

ზურაბ გელენიძემ თავდაპირველად დაგვიდასტურა ე-მეილით კითხვების მიღება და კომპანიის კომუნიკაციების მენეჯერთან, ნათია მიქიაშვილთან, გადაგვამისამართა. 

“თქვენს მიერ დასახელებულ პირებთან კომპანია "ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის" არც წარსულში და არც მოცემულ მომენტში არანაირი კავშირი არ აქვს. თქვენს მიერ “ჩაგდებული” ლინკი წარმოადგენს 2017 წლის მასალას, რა დროსაც ჩვენი კომპანია არ არსებობდა და აღნიშნულ საკითხთან საერთოდ არ გვქონდა შეხება. შესაბამისად, ვფიქრობთ, სომეხ კოლეგებთან ერთად, თქვენს მიერ მოსამზადებელ მასალასთან ჩვენი დაკავშირება უსაფძვლოა,” - აღნიშნა ნათია მიქიაშვილმა ე-მეილში [ჩვენს მიერ მიწოდებულ ლინკში იგულისხმებოდა "ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის" შესაძლო კავშირი ძმებ სამველ და კარენ კარაპეტიანებთან].

ნათია მიქიაშვილი სხვა კითხვებზე - სოციალურ და გარემოსდაცვთი გავლენაზე, ასევე ინვესტიციებზე - პასუხს დაგვპირდა, მაგრამ 2 დეკემბერს გაგზავნილ კითხვებზე პასუხები აქამდე არ მიგვიღია. 

ზურაბ გელენიძე საქართველოს ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა.  „თელასის“ აქციათა 75% რუსული კომპანია „ინტერ რაოს“ საკუთრებაშია. „ინტერ რაოს“ მთავარი აქციონერი რუსული სახელმწიფო კომპანია „როსნეფტეგაზია“. 

2022 წლის 11 მარტს ბორის კოვალჩუკი, „ინტერ რაოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაასანქცირა.

მიმდინარე წლის 12 მარტს, „ინტერ რაოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი შუგაევი, ასევე უკრაინის ომის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა. დმიტრი შუგაევი რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა: ის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკური კოოპერაციის ფედერალური სამსახურის დირექტორია. 

 

 

ადგილობრივების მონაწილეობა & პროექტების სოციალური გავლენა 

 

ინვესტორი: შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“

მდინარე: ჩირუხისწყალი

სიმძლავრე: 5,3 მგვტ 

ადგილმდებარეობა: შუახევის მუნიციპალიტეტი, აჭარის რეგიონი 

2021 წლის 21 ივლისს სოფელ შუბანში  მდინარე ჩირუხისწყალზე 5,3 მგვტ ჰიდროელექტროსადგურის მშნებლობა-ექსპულატაციის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. შუბანის საჯარო სკოლაში 28 ადამიანი შეიკრიბა. 

ადგილობრივებმა შპს "ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი"-ის კითხვები დაუსვა, რომელიც პროექტის აშენების  შემთხვევაში გარემოს დაზიანებას, სოფელში მიკრო-კლიმატის ცვლილებას, სასოფლო-სამეურნეო მიწების მოსავლიანობის შემცირებას და ამ ფონზე მოსახლეობის იძულებით განსახლებას  მოიცავდა. ერთ-ერთი მოქალაქის  თქმით, გეოდინამიკური პროცესების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ მილსადენის განთავსების ყველაზე ოპტიმალური ალტერნატიული მარშრუტი შეირჩეს.

სოფლის მაცხოვრებლებს, ამავე მდინარეზე უკვე ექსპლუატაციაში მყოფი "სანალიას" ჰესის მაგალითი მოჰყავთ და ამბობენ, რომ ამ უკანასკნელის მშნებლობის ფონზე, მდინარეში წლის რაოდენობამ [რომელსაც მოსახლეობა იყენებდა] მნიშვნელოვნად იკლო, ამიტომ კომპანიას თხოვენ, რომ ეს საკითხიც გაითვალისწინოს. 

სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი მეწყრული პროცესების შერბილება/შემცირების გზებითა და პროექტის ელექტრონული ვერსიის ხელმისაწვდომობით დაინტერესდა.

“კაქტუსი” გაესაუბრა რამდენი ადგილობრივს, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მათ მიიღეს დაპირება: ჰესის მიმდებარედ რამდენიმე სოფელი, პროექტის დასრულების შემდეგ,  30 000 ლარიან დაფინანსებას მიიღებდა. მოსახლეობამ ადგილობრივების  დასაქმების დაპირებაც მიიღო. 

სოფლის რწმუნებულმა, ვახტანგ ბოლქვაძემ, “კაქტუსს” უთხრა, რომ ფულად დაპირებებზე იყო საუბარი, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლებს ზუსტი თანხა არ დაუსახელებიათ. 

სოფელ კობალთას მკვიდრი შალვა თავდგირიძე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია, რადგან სკეპტიკურად აფასებს დაპირებებს. მისი თქმით, სოფელ კობალთაში უკვე არსებულის ჰესის აშენების შემდეგ, სოფელს სრულად შეუწყდა წყლის მიწოდება, რის გამოც მეზობელი სოფლებიდან უწევთ წყლის აღება. ამას გარდა, ჰესის მშენებლობის შემდეგ სოფლად ხშირია მეწყრის შემთხვევები. თავდგირიძე ფიქრობს, რომ ახალი ჰესის მშენებლობის შემდეგაც სოფელი იგივე პრობლემების წინაშე დადგება.  

თომა ხიმშიაშვილმა გვითხრა, რომ მდინარე ჩირიუხისწყლის მარცხენა სანაპიროს ნიადაგი არმდგარდია, რის გამოც ჰესი არ უნდა აშენდეს.

სოფელ შუბანის მკვიდრს რამაზ ჯუმუშაძეს ჰესის მშენებლობის ადგილზე სამეურნეო მიწა აქვს და მისი თქმით, ამ მიწით არჩენს ოჯახს. ის და კიდევ შუბანის ათი მოსახლე ელოდება ჰესის წარმომადგნლების განმეორებით ვიზიტს, რათა ზუსტად შეფასდეს მათი მიწის ღირებულება. რამაზ ჯუმუშაძის თქმით, თუკი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ დამაკმაყოფილებელი რაოდენობის თანხას არ მიიღებს, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგი იქნება, რადგან ასეთ შემთვევაში ჰესის მშენებლობით ძალიან დაზარალდება. 

ზოგიერთი რესპონდენტი საუბრობს იმაზეც, რომ ჰესის მშენებლობის შედეგად მდინარეში თევზი გაქრობის საშიშროება დადგება.

სოფელ შუბანის Რწმუნებული ვახტანგ ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გამავრცელებელი განცხადება არსად გაკრულა და შეხვედრის მონაწილეებს თავად შეეხმიანა. მისივე თქმით, ანგარიშის განხილვის თარიღი ისეთ დროს დაემთხვა, როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სოფელში არ იყო.

“მოსახლეობის 80% მთაში იყო. ბარში ვინც იყო, ისინი დაესწრნენ,” - გვითხრა ბოლქვაძემ. 

 

ინვესტორი: შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“

მდინარეები: ზესხო და ყორულდაში

სიმძლავრე: 20.3 მგვტ

ადგილმდებარეობა: მესტიის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარეებზე  ზესხოსა და ყორულდაშზე შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის“ 20.3 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა-ექსპლუატაციაზე სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა 2022 წლის 3 მაისს სოფ. ცანას ადმინისტრაციული ერთეულის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

ოქმის ხელმოწერების მიხედვით, შეხვედრას 20 ადგილობრივი  ესწრებოდა. 

შეხვედრა ზესხოსა და ყორულდაშზე ასაშენებელი ჰესის სკოპინგის საჯარო განხილვაზე, 2022 წლის 3 მაისი, მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფელი ცანა.  ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო. 

შეხვედრა ზესხოსა და ყორულდაშზე ასაშენებელი ჰესის სკოპინგის საჯარო განხილვაზე, 2022 წლის 3 მაისი, მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფელი ცანა.  ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო. 

საჯარო განხილვაზე მოქალაქეები დაინტერესდნენ  ქონების გადასახადით, რაზეც კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა რომ გადასახადი 1%-ს შეადგენს, რომელიც აისახება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

საჯარო განხილვის ოქმის მიხედვით, ერთ-ერთი მოქალაქე დაინტერესდა მდინარეში დასატოვი წყლის 10%-იანი [ეკოლოგიური] ხარჯის განსაზღვრებისა და ხარჯის საკმარისობის საკითხით. 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის  მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი ამბობს, რომ შეხვედრისას მოსახლეობის ჩართულობის დონე ძალიან მაღალი იყო. იყო კითხვები მდინარეში კალმახის პოპულაციასთან, მეწყრულ და ზვავსაშიშ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

“მოსახლეობის მხრიდან იყო ბევრი კითხვა, მათ შორის მილის სიგრძე რამდენი უნდა ყოფილიყო, რამდენ წყალს გადაისროდნენ მილში და კალმახისთვის თუ დარჩებოდა წყალი. უთხრეს, რომ დარჩებოდა, მაგრამ თუ არ დარჩებოდა, რა ზომებს მიიღებდნენ. ძალიან დეტალურად იყო ყველაფერი გავლილი და მოსახლეობა კმაყოფილი იყო იმით, რომ მათ გარეშე მუნიციპალიტეტმა და კომპანიამ ნაბიჯი არ გადადგა. კომპანიის წარმომადგენლები მოსახლებისგან ჯერ კვლევის  ჩატარების ნებართვას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ თუ კვლევის შუა პროცესშიც კი გადაიფიქრებდა მოსახლეობა, ადგებოდნენ და წავიდოდნენ. მოსახლეობა თვითონაც დაინტერესებულია მიკრო-ჰესებით, რადგან ამით მუნიციპალიტეტისთვის შემოსავალი გაჩნდება”, - განაცხადა ჩანქსელიანმა.

საზოგადოებრივ სივრცეში გაკრული საინფორმაციო ბუკლეტები საჯარო განხილვის შესახებ, სვანეთში, ლენხეტის მუნიციპალიტეტში, მდინარეებზე - ზესხოსა და ყორულდაშზე ასაშენებელი 20.3 მეგავატი ჰიდროელექტროსადგურის შესახებ; ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო. 

ბერდია ჩანქსელიანის თქმით, საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია ბოძებზე იყო გაკრული. ამის გარდა, მისი თქმით, მოსახლეობას ტელეფონითაც დაუკავშირდა. 


 

ინვესტორი: შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“

მდინარე: ცხენისწყალი

სიმძლავრე: 21.85 მგვტ 

ადგილმდებარეობა: ლენტეხის მუნიციპალიტეტი 

შეხვედრა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეში 2022 წლისა 31 მარტს გაიმართა. ორგანიზატორებთან - კომპანიისა და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, შეხვედრას სოფელ ჩიხარეშისა და მელეს მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა მდინარე ცხენისწყალზე ასაშენებელი ჰესის შესახებ, ლენხეტის მუნიციპალიტეტის სოფელი მელე, 2022 წლის 31 მარტი

ოქმის ხელმოწერების მიხედვით, შეხვედრას 37 ადგილობრივი ესწრებოდა, შეხვედრის ამსახველ ფოტოზე კი, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოგვაწოდა, ბევრად ნაკლები ადამიანი ჩანს.

ადგილობრივებს პროექტის შესახებ კრიტიკული მოსაზრებები არ გამოუქვამთ. 

 

ინფორმაციის გავრცელება ადგილობრივად

საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, მიმდინარე წლის 1 მაისიდან გარემოს ეროვნული სააგენტო არის პასუხისმგებელი ადმინისტრაციული საქმე აწარმოოს ყველა პროექტზე, რომლებზეც გარემოსდაცვითი ნებართვები გაიცემა. 

პროექტის საჯარო განხილვაზე შეტყობინება სააგენტოს ვებ-გვერდზე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების [ბაღი, სკოლა, გამგეობა, ა.შ.] დაფებზე ან ფანჯრებზე ქვეყნდება, განხილვამდე არაუგვიანეს 20 დღით ადრე.

                

 

საინფორმაციო ბუკლეტი საჯარო განხილვის შესახებ, სვანეთში, ლენხეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალზე ასაშენებელი 21.85 მეგავატი ჰიდროელექტროსადგურის შესახებ; ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო. 

მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებმა მოსახლეობამ რომ ამის შესახებ გაიგოს, ან ადმინისტრაციის შენობაში უნდა მივიდეს ფიზიკურად, ან სააგენტოს ვებ-გვერდის ახალი ამბების განყოფილება ამოწმოს რეგულარულად.  

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ევალება ადგილობრივი მოსახლეობა ჩართოს დისკუსიაში და საკუთარი პოზიცია და ინტერესები გამოათქმევინოს იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც უშუალოდ მათ საცხოვრებელს ესაზღვრება.

ადგილობრივებს ხშირად არც იმის პრაქტიკული საშუალება აქვთ, რომ პროექტის დოკუმენტაციას საჯარო განხილვამდე გაეცნონ. გარემოს ეროვნული სააგენტო პროექტის დოკუმენტაციას საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს. 

მაგრამ თუკი მოსახლეობამ ამის შესახებ არ იცის, არ ამოწმებს სააგენტოს ვებ-გვერდს რეგულარულად, ან ხელი არ მიუწვდება ინტერნეტთან, საჯარო განხილვამდე დოკუმენტებს ვერ ეცნობა და მათი შინაარსობრივი ჩართულობა პროექტზე საჯარო დისკუსიაში სათანადო არ არის.



 

სტატია ნაწილია პროექტისა, რომელიც საქართველოში, სომხეთში, უკრაინასა და ბელორუსში სიღრმისეული ონლაინ ჟურნალისტიკის განვითარებას გულისხმობს. "კაქტუსი" არის ამ პროექტის ერთ-ერთი მედია-პარტნიორი საქართველოში, რომელიც კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვით საკითხებს გააშუქებს. პროექტს ახორციელებენ ქართული ონლაინ გამოცემა "პუბლიკა" და გერმანული მედია-ორგანიზაცია n-ost. პროექტს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო აფინანსებს.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>