გარემო

ენერგეტიკული გაერთიანება: ნენსკრა ჰესის პროექტის სახელშეკრულებო ჩარჩო შერჩევით უპირატესობას ანიჭებს ერთ კომპანიას




ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მოსაზრებით, ნენსკრა-ჰესის პროექტის ხელშეკრულება პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს ერთ პროექტსა და კომპანიას: ნენსკრა ჰესს და მშენებელ კომპანიას.

ენერგეტიკულ გაერთიანებას, რომლის წევრი საქართველო 2012 წლის 21 ოქტომბერს გახდა, ხოლო წევრობა ძალაში 2017 წელს შევიდა, გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივამ” 2019 წლის 2 აგვისტოს მიმართა და ნენსკრა-ჰესის პროექტის ხელშეკრულება გაასაჩივრა. “მწვანე ალტერნატივამ” ამ საჩივარზე დასკვნითი პასუხი სამი წლის შემდეგ - მიმდინარე წლის 21 სექტემბერს - მიიღო.  

დაკვნითი წერილის მიხედვით, რომელიც “მწვანე ალტერნატივას” საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორ დათო ჭიპაშვილს გაუგზავნა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნომ, ნენსკრას ინვესტორი კომპანიის კონტრაქტის ჩარჩო შერჩევით უპირატესობას ანიჭებს “სააქციო საზოგადოება ნენსკრა ჰესს”, რადგან პირობები არაა შესაბამისობაში ლიბერალური ენერგეტიკული ბაზრის მოთხოვნებთან. 

ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მოსაზრებით, განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს [ესკო] აქვს ვალდებულება, რომ კომპანიის გენერირებული და სისტემისთვის მიცემული ენერგია სახელმწიფომ კომპანიისგან 36 წლის განმავლობაში ფიქსირებულ ფასად უნდა იყიდოს [ბაზარზე ენერგიის ფასების ცვლილების მიუხედავად]; ასევე საგულისხმოა კომპანიისთვის მიწის სიმბოლურ, მცირე ფასად გადაცემა და მთელი რიგი გადასახადებისგან გათავისუფლება, როგორც მისი პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენების მაგალითები [დამატებითი ღირებულების გადასახადი, VAT და კორპორაციული გადასახადი]. 

ამჟამად პროექტი შეჩერებულია, რადგან ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომლებმაც პროექტისთვის სესხები დაამტკიცეს - 214 მილიონი და 150 მილიონი, შესაბამისად, მაგრამ ჯერ-ჯერობით ხელი არ მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას, რადგან 2020 წლის სექტემბერში აღმოაჩინეს, რომ პროექტი შესაბამისობაში არაა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გარემოსდაცვით და სოციალურ მოთხოვნებთან

ნენსკრა-ჰესის ინვესტორი კორეული სახელმწიფო კომპანია K-water-ია.

ნენსკრა ჰესის აშენებაზე ხელშეკრულება პირველად 2015 წლის 31 აგვისტოს დაიდო. მასში ცვლილებები 2017 წლის 17 ივნისს შევიდა. 

ხელშეკრულება დადებულია ოთხ მხარეს შორის: საქართველოს მთავრობა, ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი [ესკო], სახელმწიფო ელექტროსისტემა [სსე] და საპარტნიორო ფონდი. 

პროექტის საერთო ღირებულება 1,031 მილიარდია ა.შ.შ. დოლარია.

მიმდინარე წლის 14 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ნენსკრა-ჰესის” ინვესტორი კომპანიის K-Water-ის აღმასრულებელ დირექტორს პარკ ჯე-ჰიონს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს “ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს სთავაზობს.”

 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>