გარემო

CAN EECCA ატომური ენერგიის წინააღმდეგ




დღეს, 26 აპრილს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარიიდან 37 წელი გავიდა. 

ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია “აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის კლიმატის სამოქმედო ჯგუფის” [CAN EECCA] მოსაზრებით, რეგიონში ახალი ატომური ელექტროსადგურები არ უნდა აშენდეს.

ორგანიზაციამ, ექსპერტებთან ერთად, 16 ხელშესახები არგუმენტი მოაგროვა, რის გამოც მთავრობებმა ენერგიის სხვა წყაროები უნდა ეძებონ და არა ატომური ენერგია.

არგუმენტებს შორისაა ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევები, სახელმწიფო ვალები და ატომური ნარჩენების უსაფრთხო განთავსების ხანგრძლივვადიანი გეგმის არარსებობა, პროექტების ხანგრძლივობა, ღირებულება და ატომური იარაღის ინდუსტრიის მქონე ქვეყნებთან სიახლოვე და მათი პოტენციური გამოყენება კაცობრიობის წინააღმდეგ.

ბოლო  ორი წელია, რაც რუსული კომპანია “როსატომი” აქტიურად ცდილობს, აზიის ქვეყნები ჩაითრიოს და ხელი შეუწყოს მათ ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში. მათ შორის არიან ყაზახეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი.

ორგანიზაციის განცხადებით, “როსატომსა” და აზიის ხსენებულ ქვეყნებს შორის ხელშეკრულებები ისე ფორმდებოდა, რომ საზოგადოებას ამის შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია: მათ არც იმის შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ მონაწილეობა მიეღოთ პროცესში, გამოეხატათ საკუთარი აზრი, გავლენა მოეხდინათ ამ პროცესზე და ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ იმ პროცესზე, რომელიც მათ მომავალ ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას.

დღეს ორგანიზაციამ ატომური ელექტროსადგურების მშენებლობისა და “როსატომთან” თანამშრომლობის მსურველი ქვეყნების - ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის მთავრობებს ოფიციალური წერილები გაუგზავნა და დაუსვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, აცნობიერებენ თუ არა ისინი იმ რისკებს, რაც ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას უკავშირდება და რასაც ის მოუტანს ამ ქვეყნებს სამომავლოდ. 

ორგანიზაციის აზრით, მედიაში გამართული დისკუსიებიც ატომურ ენერგიასა და ელექტროსადგურებთან დაკავშირებით ბევრ სტერეოტიპსა და უზუსტობას მოიცავს. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციის აზრით, საჭიროა მეტად სანდო ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების საქმის კურსში ჩაყენება ამ მოვლენებთან დაკავშირებით.

CAN EECCA-ს აზრით, ატომურმა ენერგიამ რეგიონში უფრო მეტი პრობლემა მოიტანა, ვიდრე სარგებელი, მათ შორის, კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით.

CAN EECCA თვლის, რომ ახალი ატომური ელქტროსადგურებისა და წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებული ენერგიის პროექტები უნდა შეჩერდეს და მათზე სახელმწიფო სუბსიდიები არ უნდა გამოიყოფოდეს. 

ორგანიზაცია CAN EECCA 2008 წლიდან არსებობს და ის კლიმატის ცვლილების სამოქმედო საერთაშორისო ქსელის ნაწილია, რომელშიც შედის 1 800 საზოგადოებრივი ორგანიზაცია და 130 ქვეყანა. 

CAN EECCA-ში ამჟამად 58 საზოგადოებრივი ორგანიზაცია და რეგიონის 11 ქვეყანა შედის, მათ შორის, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და უკრაინა.

 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>