გარემო

საწვავის შემოწმება - რატომ არ ქვეყნდება შედეგები?




გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, რომელიც საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაა, გასული წლის სექტემბერს საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმა. შემოწმების შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა.  

დეპარტამენტმა ორი სხვადასხვა სახის საწვავის 100 ნიმუში აიღო, მათგან 50 სინჯი ბენზინის, ხოლო 50 - დიზელის. ზედამხედველობის დეპარტამენტის ოფიციალური ფეისბუქის გვერდზე 2022 წლის 20 სექტემბერს გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, სინჯები მთელი საქართველოს მასშტაბით აიღეს. პოსტში არ იყო მითითებული სადგურების მისამართები და შემოწმების გეოგრაფიული მოცვა. 

ფოტოები: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, 2022 წლის სექტემბერი


გარემოსდაცვითმა ზედამხედველობის დეპარტამენტმა საწვავის ხარისხის შემოწმებაზე ტენდერი გამოაცხადა, რის შედეგადაც ორივე სახის საწვავის შემთხვევაში ხარისხი შპს “მაგიმ” შეამოწმა.


რა შემადგენლები აიღეს დიზელიდან?

დიზელიდან შემდეგი კომპონენტები აიღეს: ცეტანის რიცხვი, გოგირდის შემცველობა, სიკვრივე 15 გრადუს ცელსიუსზე, დისტილაცია, აფეთქების ტემპერატურა და წყლის შემცველობა.

ამ მახასიათებლებზე 50 სინჯი დიზელის შემოწმება დეპარტამენტს 46 000 ლარი დაუჯდა.

 

რა შემადგენლები აიღეს ბენზინიდან?

ბენზინიდან შემდეგი კომპონენტები აიღეს: ოქტანური რიცხვი, ტყვიის შემცველობა, გოგირდის შემცველობა, ნაჯერი ორთქლის წნევა ზაფხულის პერიოდში, 100 გრადუს ცელსიუსზე აორთქლებულის მოცულობითი წილი, 150 გრადუს ცელსიუსზე აორთქლებულის მოცულობითი წილი. 

ამ კომპონენტებზე 50 სინჯი ბენზინის შემოწმება დეპარტამენტს 39 500 ლარი დაუჯდა.

ჯამში საწვავის ხარისხის შემოქმებისთვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 85 500 ლარი გამოიყო. 

 

გარემოსდაცვით მონაცემთა გამჭვირვალობა

საწვავის შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით “კაქტუსმა” საჯარო ინფორმაცია 2022 წელის 20 სექტემბერს მოითოხვა. წერილით ვითხოვდით შემოწმების ოქმების ასლებს, სინჯების აღების ლოკაციების მისამართებს, ლოკაციების არჩევის კრიტერიუმებს, შემოწმებულ კომპონენტებს და მსგავსი შემოწმებების პერიოდულობას და ლაბორატორიული შემოწმების შედეგების მიღების შემდეგ, შედეგების ასლების გაზიარებას. 

ამ საჯარო ინფორმაციის წერილზე პასუხი “კაქტუსს” პასუხი დღემდე არ მიუღია. 

ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გარემოსდაცვითი ინფორმაციაა, “კაქტუსმა” არაერთხელ მიმართა გარემოსდაცვითმა ზედამხედველობის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს. მან ჩვენს ზარებს და წერილობით შეტყობინებებს ბოლო კვირის განმავლობაში არ უპასუხა. 

გასულ წელს ამავე საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციის დროს დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გვპირდებოდა, რომ საწვავის შემოწმების ლაბორატორიული პასუხების ასლებს ლაბორატორიული შედეგების მიღებისთანავე გაგვიზიარებდა, რაც აქამდე არ მომხდარა.


 

დასრულდა თუ არა კვლევა?

ხელშეკრულებების თანახმად [1,2], მომსახურების გამწევს - შპს “მაგის” ლაბორატორიული კვლევები სინჯების გადაცემიდან 30 დღეში უნდა დაესრულებინა. გასული წლის ნოემბერს გარემოსდაცვითმა ზედამხედველობის დეპარტამენტმა ლაბორატორიული შემოწმების შედეგები უკვე ჩაიბარა. 

მიღება ჩატარების აქტებს [1,2]  ხელი გასული წლის 15 ნოემბერს მოეწერა, რომელსაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან ხელს დიმიტრი ღლონტი აწერს, ხოლო შპს “მაგის” მხრიდან - ლელა ელბაქიძე. 

“კვლევა დამთავრდა, შედეგები ჩავიბარეთ,” - გვითხრა დიმიტრი ღლონტმა სატელეფონო ინტერვიუზე გუშინ.

კვლევის შედეგების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მან გვიპასუხა: 

“გამოქვეყნებასთან დაკავშირებით პრესცენტრს მიმართეთ.”  

2023 წლის 9 თებერვლის მდგომარეობით, სინჯების აღებიდან 4 თვის შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გასულ წელს საწვავის შემოწმების შედეგებთან დაკავშირებული მონაცემები ჯერ კიდევ არ არის გამოქვეყნებული. 

წყარო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებ-გვერდის “ინსპექტირების” განყოფილებაში შემოწმების ბოლო ანგარიში ქალაქ რუსთავში მომუშავე კომპანიების საქმიანობის მოკლე ანგარიშებს ეხება.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>