მე კლიმატის ცვლილების მკვლევარი მეცნიერი ვარ და ეს-ესაა შევიტყვე, რომ მე-4 სტადიის პანკრეასის სიმსივნე მქონია.
ამ დიაგნოზმა უცნაურ მდგომარეობაში ჩამაყენა. ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი კლიმატის ცვლილების შესახებ ფიქრს მოვანდომე და ამას ათწლეულები შევალიე. რაღაც მომენტში, დარწმუნებული ვიყავი, რომ 60 წლის რომ გავხდებოდი - ანუ ჩემს ახლანდელ ასაკში, უფრო ბევრი რამ იქნებოდა ცნობილი ამაზე, მეტად იქნებოდა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის მეთოდები შესწავლილი და ამ გეგმის ნაწილს ჩემი ცხოვრების განმავლობაში, მეც განვახორციელებდი.
ახლა, როცა ამ დიაგნოზმა ჩემი სიცოცხლე მნიშვნელოვად შეზღუდა, დავფიქრდი, როგორ უნდა გავატარო დარჩენილი სიცოცხლე.
ღირს კი ჩემი ისედაც ცოტა დარჩენილი დრო ისევ კლიმატის ცვლილებაზე ვიფიქრო?
მას მერე, რაც აუცილებელი საქმეები მოვილიე - როგორიცაა, დიაგნოზის ოჯახის წევრებისთვის, უახლოესი მეგობრებისთვის შეტყობინება; ფინანსური ამბებიც მოვაკვარახჭინე; ‘ნიუ-იორკ ტაიმზის წიგნების რევიუების’ რეკომენდებული წიგნის წაკითხვაც გადავიფიქრე, დაგეგმილი გრანდიოზული არდადეგებიც - რა დროს ეგ იყო; დრო დადგა, ჩემი სამზარეულოს მაგიდასთან დავმჯდარიყავი და ჩემი დარჩენილი სიცოცხლე დამეგეგმა.
ძალიან მალე, ჩემს თავს შევუთანხმდი, რომ არაფერი მესაქმებოდა ლამაზ და მდიდრულ პლიაჟებზე, არც ევერესტის მწვერვალზე - უარს ვამბობდი მსგავს ფუფუნების საგნებზე, რომლითაც იანვრის თვეში ვერთობით ყველანი. რეალურად, გავიაზრე, რომ მინდოდა მეტი დროის გატარება იმ ადამიანებთან, რომლებსაც ვიცნობდი და ვინც მართლა მიყვარდა. და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავბრუნებულიყავი ჩემს ოფისში.
მე NASA-ში ვმუშაობ, სადაც იმ მეცნიერების დიდ ჯგუფს ვხელმძღვანელობ, რომლებიც პლანეტა ‘დედამიწის’ სისტემას იკვლევენ [აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აქ გამოთქმული აზრები მე მეკუთვნის და არა ‘NASA-ს’]. ეს გულისხმობს მძლავრი კომპიუტერული მოდელირებით, დედამიწის სხვადასხვა ადგილებში, ამინდზე და კლიმატზე დაკვირვებას.
ეს მოდელები აღწერენ, თუ როგორ ფუნქციონირებს დედამიწა და რა შეიძლება მოხდეს, თუ კიდევ გავაგრძელებთ დედამიწაზე ნახშირორჟანგის გამოფრქვევას. ჩემი სამუშაო ძალიან რთულია, მაგრამ ამავე დროს საინტერესო და აღმაფრთოვანებელი.
გასული წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცხელი, აქამდე. მე მგონია, რომ როცა მომავალი თაობა 2015 წელზე ილაპარაკებს, იფიქრებს, რომ დიდად არაფერი გაგვიკეთებია ამ დროის თანამედროვე ადამიანებს, რათა კლიმატური რეალობა და პოლიტიკა ერთმანეთთან თანხმობაში მოგვეყვანა.
რთული საქმეა, მესმის.
მეცნიერების მხრიდან თუ ვილაპარაკებთ, ბოლო 15 წლის განმავლობაში მოგროვებული სამეცნიერო მონაცემები თუ ინფორმაცია საკმარისია იმისთვის, რომ ვიფიქროთ, რომ ძალიან მალე ამ პლანეტაზე ძალიან საშიშ ფაზაში შეიძლება გადავიდეთ.
პოლიტიკის მხრიდან თუ შევხედავთ: პარიზის შეთანხმებით გადაწყდა, რომ პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდა 2 გრადუს ცელსიუსამდე უნდა შეიზღუდოს.
ბევრმა დასცინა ამ გადაწყვეტილებას. ჩათვალეს, რომ შეუძლებელია ამის მიღწევა და აზრი არ აქვს ამ ნიშნულის სამიზნედ აღებას. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკის შემქმნელებმა აიღეს ის ციფრი, რის საშუალებასაც დღეს არსებული მეცნიერული ინფორმაცია/სტატისტიკა და ჩვენი კომპიუტერული მოდელირება იძლეოდა.
მეც მეეჭვება, რომ 2 გრადუსში ჩავეტიოთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამას არ გადავაჭარბოთ. თუ ამ ნიშნულს გადავაჭარბებთ, შედეგად გვექნება უხვი ნალექები და ტემპერატურული ცვლილებები, ცუდი გავლენა წყლისა და საკვების უსაფრთოხებაზე. აიწევს ზღვების დონე. რამდენადაც მოიმატებს ტემპერატურა, იმდენად ჩვენი კომპიუტერული მოდელირება ბუნდოვანი გახდება და დაუგეგმავი და წინასწარ გაუთვლელი მოვლენებისა და კატარსტროფების შანსიც ერთი-ორად მოიმატებს.
ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ 2050 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა დედამიწაზე 9,5 მილიარდი იქნება, დღევანდელ 7 მილიარდთან შედარებით. ყველაზე მეტად ეს ყველაფერი პლანეტის უღატაკეს ხალხზე იმოქმედებს - მათზე, ვისაც ადაპტაციისთვის ყველაზე ნაკლები რესურსი აქვს.
ისინი განვითარებული და წინ წასული მსოფლიოს საცოდავი მსხვერპლები იქნებიან. ისტორიისკენ რომ მივიხედოთ, 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციის შედეგები ისტორიკოსებისთვის უცნაური არაა; მაგრამ მომავალში თუ გავიხედავთ, ასეთი რადიკალიზმის ყველაზე ცუდ ‘გახურებას’ მომავალში უნდა ველოდოთ, რომ არაფერი ვთქვათ კლიმატის ‘გახურებაზე’.
გასული წელიც ალბათ იმის მაგალითი იყო, რომ სირაქლემის პოზაში ყოფნას აზრი არ აქვს. მეცნიერები ცდილობენ, არსებული მონაცემები გამოიყენონ და პოლიტიკაში დანერგონ შესაბამისი ცვლილებები. და ამერიკელი ხალხის 70 პროცენტს - თუ მონმუთის უნივერსიტეტის კვლევას მოვიყვანთ - სჯერა კლიმატის ცვლილების.
ასე რომ, იქნებ დროა, ამ საქმეს უფრო სერიოზულად მოვკიდოთ ხელი?!
ყველაზე დიდი შრომა პოლიტიკის შემომტანებმა და დამნერგავებმა უნდა გასწიონ. პირადად ვგრძნობ მათი ტვირთის სიმძიმეს. ძნელია, პრინციპულად იდგე მაშინ, როცა არსებობს საფრთხეები, რომ ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება ეკონომიკასაც ცოტა უკან დახევს და შეიძლება ზოგმა ქვეყანამ მოიტყუოს და რეალური გამოფრქვევის თარგეთ-რიცხვი გააყალბოს.
აი რა შეუძლია მეცნიერებას: დააკვირდეს და აღნუსხოს ყველა ცვლილება დედამიწის სისტემაში - სწორედ ამას აკეთებს NASA და მეცნიერების ჯგუფი მთელი დედამიწის მასშტაბით - კომპიუტერული მოდელირებით და დღემდე არსებული სამეცნიერო ინფორმაციით აღჭურვილი. მოდელები დაგვეხმარება გავიგოთ, როგორი პოლიტიკა უნდა გავატაროთ ამა თუ იმ სფეროში, რომ არც ეკონომიკა დახვიოთ უკან და მომავალიც ისე დავგემოთ, რომ ეს პლანეტა ვიხსნათ.
საბოლოო ჯამში, ინდუსტრიალებმა და ინჟინრებმა უნდა გვიხსნან. მათ ახალი ტექნოლოგიები უნდა გამოიგონონ და იმაზე იფიქრონ, თუ როგორ დანერგონ ეს ყოველდღიურობაში. სუფთა ენერგიის წარმოების, შენახვის და განაწილების დანერგვის ორგანიზაციული და ტექნიკური გამოწვევები უზარმაზარია. მაგრამ ეს გამოწვევა მომავალი ათწლეულების განმავლობაში უნდა გადაწყდეს ისე, რომ გლობალური ეკონომიკა მინიმალურად დაზარალდეს.
ამ გეგმით, ალბათ, უფრო მეტად მივმართავთ ატომურ, მზის თუ სხვა განახლებად ენერგიებს, გადავალთ ელექტრო-ჰიბრიდულ ტრანსპორტზე, რამდენადაც შეგვიძლია. ამ ინდუსტრიალებს და ინჟინრებს მაქიმალურად ბევრი წამახალისებელი უნდა მივცეთ, რომ ეს საქმე გააკეთონ.
მარტო ის რად ღირს, რასაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიაღწია კაცობრიობამ: 1945 წელს ამერიკულმა ტექნოლოგიებმა და წარმოებამ არნახულ ნიშნულს მიაღწია ომის შემდგომ პირობებში, 1930 წლის ბოლოსთან შედარებით; ჩვეულებრივ პირობებში, ალბათ, ასე არ იქნებოდა.
სხვებმა რა უნდა ვქნათ?
ორი რამ მომდის თავში: განვითარებას და ცვლილებას უნდა შევეგუოთ - ეს გარდაუვალია. ეს აისახება იმ ცვლილებებში, რაც ჩვენს მიერ ენერგიის გამომუშავების და გამოყენების პროცესში მოხდება. მეორე: ამ ცვლილებებსაც შესაბამისად მომზადებულები უნდა შევხვდეთ.
ბევრი რამ ცუდი იქნება, მაგალითად, ზღვების დონის მატება. მაგრამ იქნება დადებითი მხარეებიც. ახალმა ტექნოლოგიებმა შეიძლება ენერგიის შენახვის ისეთი მეთოდები გვასწავლოს, რასაც ვერც კი წარმოვიდგენთ. არ არსებობს არც ერთი დამარწმუნებელი, არგუმენტირებული მოსაზრება იმაზე, რომ ჩვენი მომავალი ბევრად უარეს იქნება, ვიდრე ის არის დღეს, თუ სწორად დავგეგმავთ მომავალს და შეძლებისდაგვარად, თავიდან ავიცილებთ რისკებს. ისტორია სავსეა იმის დამადასტურებელი ფაქტებით, რომ კაცობრიობა უფრო რთული სიტუაციიდანაც გამომძვრალა.
ვინ იმარჯვებდა წარსულში? ისინი, ვინც სწრაფად ადაპტირდებოდნენ, იყვნენ პრაგმატულები და მოქნილები; ვინც საფრთხეებს თვალი არ გაუსწორა, დამარცხდნენ კიდეც. ვერ გადარჩნენ.
მე თუ მკითხავთ, კმაყოფილი ვარ - აღარაფერზე ვწუწუნებ.
საოცარი გამოცდილება მიმაღებინა პლანეტა ‘დედამიწამ’. როგორც ასტრონავტს, დედამიწიდან 220 მილის ზემოთ მიფრენია. საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან მოლივლივეს, მინახავს, თუ როგორ გადაუვლიდა ქარიშხალი ოკეანეებს; ჩემს თვალს არ გამოჰპარვია ისიც, თუ როგორ მისრიალებდა უზარმაზარი გველი ამაზონის მწვანე ბალახის ხალიჩაზე; მინახავს, თუ როგორ ანათებდა დედამიწას ღამის ჭექა-ქუხილი და ელვა.
ამ ღმერთის გადმოსახედიდან - კოსმოსიდან არაერთხელ მიფიქრია, რა უსაზღვროდ ძვირფასი და ამავე დროს, მოწყვლადია პლანეტა ‘დედამიწა’.
მე მაინც მჯერა მისი მომავლის.
ასე რომ, ხვალ ოფისში უნდა მივიდე და მუშაობა გავაგრძელო.
♦ ეს მოსაზრება ეკუთვნის პიერს ჯონ სელერს. სელერი NASA-ს სამეცნიერო და კვლევითი სადგურის დირექტორის მოადგილე და NASA-ს დედამიწის მეცნიერების კვლევის განყოფილების დირექტორი იყო. როგორც ასტრონავტი, ის სამჯერ არის ნამყოფი NASA-ს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში და ექვსჯერ - კოსმოსში.
♦ ეს მოსაზრება დაიბეჭდა The New York Times-ის 2016 წლის 16 იანვრის გამოშვებაში. ამ მოსაზრების გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, სელერი პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა.
♦ ილუსტრაცია მთავარ გვერდზე: ტაცურო კიუჩი