♦ შეიძლება უკვე გსმენიათ კიდეც: ზოგჯერ ადამიანები სექსუალური ძალადობის მიზნით სხვა ადამიანებს სასმელში ჩუმად ნარკოტიკულ ნივთიერებებს უყრიან. ასეთ ნარკოტიკულ ნივთიერებებს “გაუპატიურების ნარკოტიკებს” [Date Rape Drugs] უწოდებენ.
Date Rape ისეთი თავყრილობაა, სადაც ორი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ხვდება ერთმანეთს და მათი ნაწილი, სხვაზე სქესობრივი კონტროლის მოპოვების მიზნით, სასმელში ჩუმად ნარკოტიკულ ნივთიერებას უმატებს. შესაბამისად, ასეთ შეკრებებს “გაუპატიურების პაემანს” ეძახიან.
♦ ნარკოტიკებს, რომლებსაც ადამიანთა ნაწილი სხვების მოსატყუებლად იყენებს, არ აქვთ ფერი, სუნი და გემო: ადამიანები ვერც კი ხვდებიან, რომ სასმელთან ერთად რაიმე საეჭვო ნივთიერება მიიღეს.
♦ გახსოვდეთ, რომ გაუპატიურების ნარკოტიკი თქვენს წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენოს არა მარტო იმ ადამიანმა, რომელიც ახლახანს გაიცანით, არამედ იმანაც, ვისაც უკვე დიდი ხანია იცნობთ და ენდობით.
საშიში ტრიო: როჰიპნოლი, GHB და კეტამინი
როჰიპნოლი
♦ ბენზოდიაზეპინების ტიპის ნარკოტიკია. ის ქიმიური შემადგენლობით ძალიან ჰგავს ქსანაქსსა (Xanax) და ვალიუმს (Valium), მაგრამ მათგან განსხვავებით, სამედიცინო მიზნით არ გამოიყენება.
♦ როჰიპნოლი სასმელს არც სუნს უცვლის, არც ფერს და არც გემოს. მსხვერპლი ვერ ხვდება, რომ ის ჩუმად მიაღებინეს. როჰიპნოლის მოქმედება მისი მიღებიდან 30 წუთში იწყება და რამდენიმე საათს გრძელდება. ადამიანი თავს სუსტად გრძნობს, დაბნეულია და ძალიან ეძინება. ზოგჯერ მოძრაობა და სუნთქვაც უჭირს. ნარკოტიკის ეფექტის გავლის შემდეგ კი თითქმის ვერაფერს იხსენებს.
♦ როჰიპნოლი ბოროტად რომ არ გამოიყენონ, მწარმოებლების ნაწილმა მისი შემადგენლობა შეცვალა და ტაბლეტის შიგთავსში ლურჯი საღებავი დაამატა: ასეთ ტაბლეტს ღია ფერის სასმელში რომ აგდებენ, სითხე ლურჯად იღებება და ადამიანი ხვდება, რომ სასმელში რაღაც გაურიეს. ცუდი ის არის, რომ ახლა როჰიპნოლს ძალიან ბევრი კომპანია აწარმოებს და ბევრი მათგანი ამ პრეპარატს ლურჯ საღებავს არ უმატებს.
GHB [Gamma Hydroxybutyrate]
♦ უფერო სითხე ან ფხვნილია. ეს ნარკოტიკი ისევე მოქმედებს, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტი, რომელიც ნარკოლეფსიის (ძილის დარღვევის) სამკურნალოდ გამოიყენება.
♦ სასმელში გახსნილი GHB-ის მოქმედება მისი დალევიდან 15-30 წუთში იწყება და 3-6 საათს გრძელდება. ამ დროს ადამიანს სუნთქვა უძნელდება, გულისცემა უნელდება და ღებინება ეწყება. ალკოჰოლთან შერევის შემთხვევაში მისი ეფექტი კიდევ უფრო მძიმეა. GHB-ის დიდი დოზით მიღებამ, შესაძლოა, კომა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
კეტამინი
♦ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია. GHB-ის მსგავსად, ისიც შეიძლება იყოს როგორც უფერო ფხვნილის, ისე სითხის სახით. კეტამინს ხშირად იყენებენ როგორც ადამიანების, ისე ცხოველების ქირურგიული ოპერაციების დროს. კეტამინის ეფექტი 30-60 წთ-ის განმავლობაში გრძელდება. ამ დროს ადამიანს დაქვეითებული აქვს მგრძნობელობა, ვეღარ გრძნობს ტკივილს, ცუდად ესმის და გარკვევითაც ვეღარ ხედავს. კეტამინის დალევა იწვევს ჰალუცინაციას, გულის აჩქარებას, წნევის აწევას და გულისრევას.
ყველა ნარკოტიკი ამცირებს ადამიანის თავდაცვის უნარს
♦ გახსოვდეთ, რომ ყველა ნარკოტიკი გავლენას ახდენს თქვენი სხეულისა და ტვინის მოქმედებაზე. სასმელთან შერეული გაუპატიურების ნარკოტიკის დალევის შემდეგ ადამიანი ძალიან დაუცველი ხდება: ამ დროს ის ფიზიკურად სუსტდება, ებინდება გონება, კარგავს განსჯისა და სწრაფი რეაქციის უნარს და ფიზიკურად წინააღმდეგობის გაწევაც არ შეუძლია. ამიტომ მასზე ძალადობა ამ მისით მანიპულირება ძალიან ადვილია.
♦ ისიც უნდა იცოდეთ, რომ ასეთი შეხვედრა ან წვეულება გაუპატიურებით ყველაზე ხშირად ალკოჰოლური სასმელით თრობის შემდეგ მთავრდება.
როგორ ავიცილოთ თავიდან “გაუპატიურების ნარკოტიკის” მიღება?
♦ არა აქვს მნიშვნელობა, ამ შეხვედრასა თუ წვეულებაზე რას სვამთ - თუ ვინმეს თქვენზე ძალადობა აქვს გადაწყვეტილი, ნარკოტიკი, შეიძლება, ხილის წვენში ან სულაც, მინერალურ წყალში ჩაგიყაროთ. ამიტომ, სასმელი ყოველთვის თვითონ დაისხით ჭიქაში და ის ყურადღების გარეშე არასოდეს დატოვოთ (სხვა ოთახში, ან აბაზანაში თუ შედიხართ, ჭიქა თან წაიღეთ).
♦ თუ ისე მოხდა, რომ რაღაც დროის განმავლობაში ჭიქაში დასხმულ სასმელს ყურადღება ვერ მიაქციეთ, ის საერთოდ აღარ დალიოთ.
♦ ეცადეთ, იყოთ მეგობრებთან ერთად, მარტო არ დარჩეთ. ზოგჯერ რამდენიმე მეგობართან ერთად ყოფნა უფრო უსაფრთხოა.
♦ თუ ისე მოხდა, რომ ვინმემ სასმელში ნარკოტიკი ჩაგიყარათ და ძალადობის მსხვერპლი გახდით, გახსოვდეთ, ეს თქვენი ბრალი არ არის და თავი არ დაიდანაშაულოთ. ის, ვინც ნარკოტიკს იყენებს იმისთვის, რომ სხვაზე იძალადოს, დამნაშავეა. დანაშაულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინეთ პოლიციას!
♦ თუ ხედავთ, რომ მოხდა ძალადობა ან ძალადობის საშიშროება არსებობს, აუცილებლად მიმართეთ გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურს. ამისთვის შეგიძლიათ 112-ის მობილური აპლიკაცია გამოიყენოთ. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ისე iOS-ის მომხმარებლებისთვის.
♦ თუ მოძალადის გეშინიათ ან სხვა რაიმე მიზეზით ხმამაღლა ვერ საუბრობთ, 112-თან დაკავშირება ჩათითაც შეგიძლიათ. მიწერასაც თუ ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ SOS ღილაკით ისარგებლოთ. 112-ის ოპერატორი თვითონ დაადგენს თქვენს ადგილსამყოფელს. ოღონდ, გახსოვდეთ: ადგილმდებარეობის გადაგზავნისთვის აუცილებელია, რომ ტელეფონის პარამეტრებში ლოკაციის სერვისი გაააქტიუროთ.
♦ ნახეთ და ჩამოტვირთეთ უსაფრთხოების აპლიკაცია.
⇒ მასალა მომზადებულია პროექტის - “კლუბური ნარკოტიკების ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება” ფარგლებში, რომელიც “ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს დონორის პოზიციას.
⇒ ინფორმაციის წყარო: ამერიკის შეერთებული შტატების წამალდამოკიდებულების ეროვნული ინსტიტუტი [NIDA] ⇒ What Are the Rape Drugs and How to Avoid Them?
⇒ Photo Credit © Cosmopolitan