♦ თავის ტვინი ქმნის ჩვენს იდენტობას: ფიქრებს, სუნთქვას, მოძრაობას, ლაპარაკს და შეგრძნებებს არეგულირებს. კილონახევარი, მოთეთრო-მორუხო მასა თავის ქალაშია მოთავსებული და ორგანიზმის ყველა მისიის მთავარი სტიმულატორი და მაკონტროლებელია.
♦ თავის ტვინი ყოველთვის მუშაობს: მაშინაც კი, როცა გვძინავს.
♦ თავის ტვინი უამრავი ნაწილისგან შედგება. სხვადასხვა უბანი სხვადასხვა რამეზეა პასუხისმგებელი. ტვინის ნეირონების ქსელი, ერთმანეთთან შეთანხმებითა და კოორდინაციით, მუშაობს: განუწყვეტლივ ცვლის ინფორმაციას ერთმანეთში, აწვდის სიგნალებს თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილებს, ასევე ზურგის ტვინსა და პერიფერიულ ნერვულ სისტემას.
♦ იმისათვის, რომ სიგნალი გადაიცეს [ინფორმაცია გაიგზავნოს], ნეირონი გამოყოფს ნეიროგადამცემს. ნეიროგადამცემი ატარებს ინფორმაციას, უკავშირდება რეცეპტორს და ისე ათავსებს სიგნალს [ინფორმაციას] მასში, როგორც გასაღებს - კლიტეში.
♦ ნარკოტიკები ცვლიან ნეირონების მუშაობის პრინციპს. ისეთი ნარკოტიკები, როგორებიცაა მარიხუანა ან ჰეროინი, ნეირონებს ააქტიურებენ, ვინაიდან მათი ქიმიური ზემოქმედება ორგანიზმის ნეიროგადამცემის მოქმედებას 'ბაძავს.' ამ მექანიზმით ნარკოტიკები უერთდებიან და ააქტიურებენ ნეირონებს. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების მოქმედება ტვინის ბუნებრივ, ქიმიურ ფუნქციონირებას ჰგავს, მაინც არის განსხვავება: ნარკოტიკები ნეირონებს ცოტა სხვაგვარად ააქტიურებენ, ვიდრე ბუნებრივი ნეიროგადამცემები. შედეგად, ნარკოტიკების მიღების შემდეგ, ნეირონებიდან ქაოსურად და უსისტემოდ ხდება ინფორმაციის გავრცელება მთელს ნერვულ ქსელში.
♦ ამფეტამინისა ან კოკაინის მიღების შემდეგ ბუნებრივი ნეიროგადამცემები არანორმალური რაოდენობით გამოიყოფა; მათი ნორმალური გადამუშავება ვერ ესწრება. ამის გამო, ნეირონებს შორის ნორმალური 'კომუნიკაცია' ფერხდება, ნეიროგადამცემები და რეცეპტორები ზიანდება.
♦ თავის ტვინის სხვადასხვა უბნები წაგვახალისებენ იმ ქცევებისკენ, რომლებიც ჩვენი კარგად ყოფნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: მაგალითად, ჭამისკენ. ტვინის ამ უბანს “სიამოვნების მასტიმულირებელი და დამაჯილდოებელი უბანი” [Brain Reward Circuit] ჰქვია; განგლიონი [Basal Ganglia] თავის ტვინის ის ნაწილია, რომელიც განგვაწყობს იმისთვის, რომ ვიკვებოთ, ვიურთიერთოთ ადამიანებთან, გვქონდეს სექსი და სხვა ჯანსაღი სოციალური კავშირები. ტვინის ამ ნაწილს განსაკუთრებით ააქტიურებენ ნარკოტიკები, იწვევენ ეიფორიას, რაც თავს კარგად გვაგრძნობინებენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში; მაგრამ განმეორებით და დიდი დოზით ასეთი შეგრძნებების მიმართ ორგანიზმის ტოლერანტობა თანდათან იკლებს და დროთა განმავლობაში, დისკომფორტის დასაძლევ მოთხოვნილებად იქცევა და არა სიამოვნებად;
♦ თავის ტვინის საფეთქელთან მდებარე ნაწილი - ამიგდალა [Amygdala] - შფოთისა და გაღიზიანების სიგნალებს წარმოშობს. ეს გრძნობები სწორედ მაშინ სჭარბობს, როდესაც ნარკოტიკის მოქმედება [რუსულიდან კალკირებული ტერმინით - ‘ატხადნიაკი,’] გადის. ტვინის სწორედ ეს ნაწილი აიძულებს ადამიანს ისევ ეძიოს და მიიღოს ნარკოტიკი;
♦ თავის ტვინის შუბლის წილი - პრეფრონტალური კორტექსი [The Prefrontal Cortex] პასუხს აგებს ფიქრზე, დაგეგმვაზე, პრობლემების გადაჭრაზე, გადაწყვეტილებების მიღებასა და თვითკონტროლზე. ტვინის ეს ნაწილი ყველაზე გვიან მწიფდება, რაც უფრო მოწყვლადს ხდის თინეიჯერებს ნარკოტიკების მიღების თვალსაზრისით;
♦ ოპიოიდები, მაგალითად, თავის ტვინის ღეროზეც [Brain Stem] ზემოქმედებენ. ტვინის ეს ნაწილი ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებს აკონტროლებს, როგორებიცაა გულის მუშაობის სიჩქარე, სუნთქვა, და ძილი. ადვილად მისახვედრია, თუ რატომ იწვევს ზოგი ნარკოტიკით ზედოზირება სუნთქვით ან გულის მუშაობის გართულებებს, მათ მწვავე უკმარისობას და ზოგჯერ - სიკვდილს.
♦ ნარკოტიკების მიღებით გამოწვეულ სიამოვნებასა ან ეიფორიაზე მეცნიერებას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაგები და შესასწავლი, თუმცა, დღეს ცნობილია ის, რომ ნარკოტიკების მიღების შემდეგ ორგანიზმის ბუნებრივი ოპიოიდები - ენდორფინები და სეროტონინი - ტვინის განგლიონსა [Basal Ganglia] და სიამოვნების მასტიმულირებელ უბანში [Brain Reward Circuit] ინტენსიურად გამოიყოფა. როცა ნარკოტიკებს ვიღებთ, ნეიროგადამცემები უფრო აქტიურდება, ვიდრე ჩვეულებრივ;
♦ თავის ტვინი ნარკოტიკების მიღების გარეშეც ააქტიურებს ნეიროგადამცემებს, თუმცა, ბევრად მცირე მასშტაბებით: მაშინ, როცა ვჭამთ, მუსიკას ვუსმენთ, შემოქმედებითი საქმიანობით ვართ დაკავებულები ან/და სასიამოვნო სოციალურ გარემოში ვართ;
♦ წარმოვიდგინოთ ხმა, რომელიც გვესმის მაშინ, როცა ვინმე ყურში გვიჩურჩულებს და შევადაროთ ხმას, როცა ვიღაც მიკროფონში რაღაცას გაჰყვირის. ხმის დიაპაზონებში განსხვავება დიდია. ისეთივე დიდი განსხვავებაა ტვინიდან ჩვეულებრივ მიღებულ სიამოვნებასა და ნარკოტიკებით მიღებულ სიამოვნებას შორის.
♦ როცა რადიოს ხმას დაბლა ვუწევთ და ხმის სიძლიერე იკლებს, ისევე იკლებს და ილევა ტვინში ნეიროგადამცემები ან რეცეპტორები, როდესაც ნარკოტიკებს ხშირად მოვიხმართ. შედეგად, ტვინის პოტენცია, ბუნებრივად გამოიმუშავოს და წაახალისოს სხვადასხვა სახის სიამოვნებანი, იკლებს.
♦ სწორედ ამიტომაა, რომ ადამიანს, რომელიც ხშირად იღებს ნარკოტიკებს, სიცარიელის განცდა აქვს, ეკარგება მოტივაცია, არ აქვს ცხოვრების ხალისი და ვერ იღებს სიამოვნებას ისეთი რამეებისგან, რაც მანამდე სიამოვნებას ანიჭებდა. მარტივი სიამოვნებების მისაღებად უკვე უფრო და უფრო მეტი რაოდენობით სჭირდება ნარკოტიკები.
⇒ მასალა მომზადებულია პროექტის - “კლუბური ნარკოტიკების ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება” ფარგლებში, რომელიც “ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს დონორის პოზიციას.
⇒ ინფორმაციის წყარო: ამერიკის შეერთებული შტატების წამალდამოკიდებულების ეროვნული ინსტიტუტი [NIDA] ⇒ Drugs and the Brain
⇒ ილუსტრაცია: სოფი დათიშვილი, © Cactus Media