ჯანდაცვა

ფსიქოდელიური საშუალებები




მარკ ჰადენი არის კანადაში ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის ნივთიერებებზე დამოკიდებულების ცენტრის ხელმძღვანელი. ჰადენი ასევე არის კვლევის -  PRIME Study [Psilocybin Research Investigating Medical Efficacy] ხელმძღვანელი, რომელიც ფსიქოთერაპიაში ფსილოსიბინის დახმარებით მკურნალობის ეფექტურობას სწავლობს.

მარკ ჰადენს აქვს ფსიქოდელიური საშუალებებით მკურნალობისა და პაციენტების კონსულტირების 30-წლიანი გამოცდილება. ის ასევე არის ორგანიზაცია “ფსიქოდელიური საშუალებების კვლევის მულტიდისციპლინარული ასოციაციის” [Multidisciplinary Association for Psychedelic Studies, MAPS] კანადის ბიუროს ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია ფსიქოდელიური საშუალებების, მათ შორის, MDMA-ს, LSD-ს სამკურნალო პოტენციალს იკვლევს.

2013 წელს, ინგლისის დედოფალ ელიზაბეტ მეორის ბრილიანტის იუბილეზე, მარკ ჰადენმა, კოლეგებთან ერთად, ჯილდო მიიღო ნარკოტიკული ნივთიერებების სფეროში საზოგადოების წინაშე გაწეული ღვაწლისთვის.

ეს სიტყვა მარკ ჰადენმა 2017 წლის 21 ნოემბერს წარმოთქვა TEDTalk-ზე.  

 

►  "30 წელია, რაც აუდიტორიის წინაშე გამოვდივარ და ნარკოტიკებზე ვსაუბრობ. ჩემს პრეზენტაციებს ხშირად ბოდიშებით ვიწყებ. ბოდიშს ვიხდი ნარკოტიკების შესახებ ძველი თაობის განმანათლებლების ნაცვლად, რომლებიც ნარკოტიკებზე ტყუილებს ავრცელებდნენ.  

►  მეც ბოდიშს გიხდით.

► ვაღიარებ, რომ, ძირითადად, სამ ტყუილს ვღეჭავდით და ვიმეორებდით: 1) ნარკოტიკების მავნეობის შესახებ ინფორმაციას ვაბუქებდით; 2) არასოდეს გვისაუბრია ნარკოტიკების სიკეთეებზე, 3) არასოდეს გვილაპარაკია ჩვენს საზოგადოებაში ნარკოტიკების კონტროლის დომინანტურ მოდელზე - აკრძალვაზე, რომელიც, თავისი არსით, დიდი შეცდომაა.   

►  ნარკოტიკები ავკრძალეთ და ამან უფრო მეტი ზიანი მოგვიტანა, ვიდრე ხეირი.

►  ჩემი კარიერის ბოლო პერიოდში სწორედ ამ ბოლო ნაწილს ვიკვლევ: ნარკოტიკების აკრძალვის საკითხს.

►  აკრძალვა არ მუშაობს.  

►  დღეს კი ნარკოტიკების დადებით მხარეებზე ვისაუბრებ. კონკრეტულად კი - ფსიქოდელიურ მედიკამენტებზე.   

►  ფსიქოდელიური მედიკამენტები ადამიანურ კულტურაში ჩვენს წელთაღრიცხვამდეც არსებობდა. დღემდე მოსული, სულ მცირე, ოთხი თემი თუ კულტურა ფსიქოდელიურ საშუალებებს ამჟამადაც იყენებს საკუთარ სოციუმში: მექსიკელი შამანები ფსილოსიბინს, ამაზონის აუზში მცხოვრებლები - აიაჰუასკას, ჰუიჩოლის ტომის წარმომადგენლები - პეიოტის, ციმბირელი შამანები კი - ამანიტა მასკარიას [სოკოს სახეობა].

► ფსიქოდელიური საშუალებების მიღების დროს ეს ოთხი სხვადასხვა ცივილიზაციის წარმომადგენელი უსაფრთოების ზომას სხვადასხვანაირად მიმართავდა და იცავდა, მაგრამ ფსიქოდელიური გამოცდილების დადებითად გამოყენების პრინციპი ყველა კულტურაში ერთი და იგივეა: ფსიქოდელიურ საშუალებებს სამკურნალოდ იყენებენ, როგოროც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ტკივილების დასამარცხებლად.  

► ამ უძველეს კულტურებში ფსიქოდელიური საშუალებები სეზონების ცვლილების დროს თუ ნაყოფიერების გასაკონტროლებლად გამოიყენებოდა; ასევე სულიერებისთვის: იმისთვის, რომ ადამიანები ერთმანეთისთვის დაეკავშირებინა.

►  ერთი სიტყვა რომ ავარჩიო ამ ყველაფრის აღსაწერად, ეს იქნებოდა “პრო-სოციალური,” დაკავშირებისთვის, ურთიერთობის აღდგენისთვის, გამიზნული.

►  ფსიქოდელიური საშუალებები ყოველთვის გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ერთმანეთთან დაეკავშირებინა ხალხი, კულტურები და შესაბამისად, სამყარო.  

►  ისტორიულად უპრეცენდენტო რამ მოხდა 1960-იანებში:  ფსიქოდელიური საშუალებები პირველად გახდა ანტისოციალურ, განმარტოებისა და თვითჩაღრმავების იდეასთან ასოცირებული.  

►  იქამდე პირიქით იყო.

► ტიმოთი ლირიმ თქვა: “Turn on, Tune in, Drop out” [მიმოიხედე გარშემო, გამოიყენე შენი ინტელექტუალური რესურსები, ისწავლე, გამოსცადე, შეცდომა დაუშვი, გამოცდილების გზით იპოვნე შენი ყველაზე ჭეშმარიტი იდენტობა, შეეცადე, შეწყო გარემოს, მაგრამ თუ ის არ მოგეწონა, განუდექი მას და გათავისუფლდი მისგან თავსმოხვეული წნეხისგან].

► ლირის ამ მოწოდებისადმი შესატყვისმა სოციალურმა რეაქციამაც არ დააყოვნა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ცუდი შედეგები დღესაც გრძელდება.  ცხადია, 1960 წელს ამ ყველაფერს შესაბამისი სოციალური კონტექსტი ჰქონდა, რაც მაშინ მიმდინარეობდა ევროპასა და ამერიკაში, მაგრამ “გამოეცალე ჯგუფს, განცალკევდი” გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ანტისოციალური მესიჯი იყო ლირის მხრიდან.  

►  მედიამ ილუზიის ეს ქსელი კიდევ უფრო გააფართოვა და ჩახლართა. “LSD-მ გამაბოზა,” “გოგონამ ბაყაყი გააჩინა” - მედიაში გაშუქებული ეს ფსევდო-ანომალური ქცევები თუ მოვლენები LSD-ს მიეწერებოდა.

►  მეცნიერებაც კი რეპრესირებული იყო - მედიკოსები თავიანთ საქმეს ვერ აკეთებდნენ, კვლევის საშუალება წაერთვათ.  ვცდილობ გავიხსენო, ისტორიის რა მონაკვეთში იყო მეცნიერება ასე რეპრესირებული ან კრიმინალიზებული?

►  გამახსენდა: 1616 წლიდან დაწყებული, მომავალი 143 წელი. უკანონო იყო იმის თქმა, თუ რას ხედავდა ადამიანი ტელესკოპის ლინზიდან. განსაკუთრებით აკრძალული იყო იმ იდეის თქმა და განვითარება, რომ დედამიწა არაა სამყაროს ცენტრი.  

►  LSD იგივეა გონებისთვის, რაც ტელესკოპი - ასტრონომიისთვის და მიკროსკოპი - ბიოლოგიისთვის, თუ სტანისლავ გროფს დავესესხებით.  

►  გვინდა თუ არ გვინდა, ფსიქოდელიური საშუალებები დაბრუნდნენ ჩვენს ცხოვრებაში. არსებობს სამეცნიერო ჟურნალი - Canadian Medical Association Journal და მასში დაბეჭდილი არაერთი სტატია, სადაც აღწერილია გამოცდილი და პროფესიონალი ექიმების კლინიკური ცდები, სადაც ისინი სუფთა ფსიქოდელიურ მედიკამენტებს ადამიანების სამკურნალოდ იყენებენ. მკურნალობის პროცესი ძალიან გაკონტროლებულია.

►  აქვე გარკვევით უნდა ვთქვა, რომ მე არ ვლაპარაკობ უპასუხისმგებლო ახალგაზრდებზე, რომლებიც ქუჩაში ნაყიდ, დანაგვიანებულ ნარკოტიკებს იღებენ.

►  და მაინც: როგორ უყურებენ დღეს მეცნიერები და სამედიცინო მკვლევრები ფსიქოდელიურ საშუალებებს?  მოდით, სამ კატეგორიად დავყოთ: პირველი ჯგუფია კლასიკური ფსიქოდელიური საშუალებები: LSD, მესკალინი, DMT და ფსილოსიბინი. ეს ნივთიერებები მეცნიერებს ბევრ საინტერესო შესაძლებლობას სთავაზობს, რისი გამოკვლევაც ნამდვილად ღირს.   

►  ერთ-ერთია სულიერების ძიება. ბუდისტებმა იპოვეს თავიანთი იმედი და საყრდენი - ბუდა, ქრისტიანებმა - ქრისტე, აგნოსტიკოსებმა - მთელი სამყარო.  

►  მაგრამ ღმერთის არსებობის დაშვების პირობებშიც კი, როცა საქმე ეხება ისეთ ეგზისტენციალურ კრიზისს, როგორიცაა სიცოცხლის დასასრული, სიკვდილის მოახლოება, საქმე ძალიან რთულადაა და მხოლოდ ღმერთი ვერ გვშველის. ფსიქოდელიური მედიკამენტები კი განსაკუთრებით სასარგებლოა. ადამიანს სიკვდილის მოახლოებასთან დაკავშირებული შფოთი აქვს. როდესაც ვკვდებით, ძალიან გვეშიანია ამ ახალი, უცნობი გამოცდილების.

►  თუ ფსილოსიბინის დოზას მივიღებთ, თითქოს [პირობითად] ვხვდებით ჩვენს გამჩენს [ღმერთს] და ვგრძნობთ, რომ შეგვიძლია, დავმშვიდდეთ, ჩავთვალოთ, რომ დიდი მოგზაურობის [ცხოვრების] ]შემდეგ, ისევ სახლში დავბრუნდით [ვამთავრებთ სიცოცხლის მოგზაურობას].

►  ფსიქოდელიური მედიკამენტები მძიმე გარდასახვის ამ უდიდეს სტრესს ამცირებენ.   

►  კლასიკური ფსიქოდელიური საშუალებები ასევე გვთავაზობენ შემდეგ მდგომარეობას: “ეგოს დეზორიენტაციის” შეგრძნებას, რომელიც ძალიან სასარგებლოა, მაგალითად, ალკოჰოლიზმის მკურნალობის დროს.  

► ფსიქოდელიური საშუალებები ასევე გვეხმარებიან ცნობიერისა და არაცნობიერის შერწყმაში. გვეხმარებიან, რომ შევაღწიოთ ჩვენს არაცნობიერში, რაზეც, უამისოდ, ხელი არ მიგვიწვდება.  

►  თუ ჩვენს ცხოვრებას კრიტიკულად შევხედავთ, ვნახავთ, რომ ჩვენი ქცევების უმრავლესობა გაუცნობიერებლად მიმდინარეობს.

►  დინებას მივყვებით. მანქანის ტარება ავიღოთ: ჩვენი ცნობიერი ფიქრობს რადიოზე, ლანჩზე, ჩვენს პარტნიორთან ურთიერთობის პრობლემებზე - რაზე არა, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ფეხის ტერფებზე, რომლის საშუალებითაც იმ მომენტში ვმართავთ მანქანას.

►  ჩვენს ცხოვრებაში დროის უმეტესობა სწორედ ასე, გაუცნობიერებლად, მიედინება.

►  თუ რამე ცუდი მომხდარა ჩვენს ბავშვობაში, ეს სულ თამაშდება და თამაშდება, ისევ და ისევ და პრობლემებს გვიქმნის ზრდასრულ ცხოვრებაში. ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ, რადგან ეს ყველაფერი ცნობიერს მიღმა მუშავდება.  

►  ფსიქოდელიური საშუალებები სწორედ ამის გადააზრებაში გვეხმარებიან.

►  კლასიკური ფსიქოდელიური საშუალებები ასევე გვთავაზობენ ისეთ ეფექტს, რასაც მე “აუუ, რა მაგარია” ეფექტს ვეძახი. ეს დაახლოებით ჰგავს დედამიწის ყველაზე მაღალი მწვერვალის - ევერესტის დალაშქვრას ან უნივერსიტეტის დამთავრებას - თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი გამოვცადეთ და მოვიტოვეთ უკან, გარდამავალი პერიოდი დგება.  

►  ფსიქოდელიური საშუალებების მეორე ჯგუფია: MDA, MDMA და სხვები. ესენი აერთიანებენ ადამიანებს და ემპათიის გრძნობებს აღვიძებენ მათში. ნდობის გაღვივება ძალიან მნიშვნელოვანია ექიმისა და პაციენტის გასაერთიანებლად, პაციენტისა, რომელიც დახმარებას ეძებს. გახსნილობისა და ნდობის ფასილიტაცია ფსიქოდელიური მედიკამენტების საშუალებით არის შესაძლებელი.

►  ჯარისკაცი, რომელიც ავღანეთიდან დაბრუნდა, სულ იმეორებს და იმეორებს იმ ტრავმას, რომელიც ომში მიიღო. ჩვეულებრივი თერაპია ვერაფერს ხდება ასეთ ტრავმასთან, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს გაუცნობიერებელი ქცევაა და ნაწილობრივ იმიტომ, რომ როცა ექიმი პაციენტთან ამაზე საუბარს იწყებს, პაციენტს შიშის დაუძლეველი ტალღა აწვება.  ტვინიდან სიგნალის სახით მომავალ შიშის ამ გრძნობას მხოლოდ MDMA ანეიტრალებს. ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ MDMA-ს დახმარებით ჩატარებული ფსიქოთერაპია ეფექტური იქნება პოსტ-ტრავმული სტრესული სინდრომის [PTSD] სამკურნალოდ.

►  ჩემი აკადემიური კვლევის მთავარი თემა კი ნარკოტიკების აკრძალვის აღწერა და ანალიზია. ანალიზი იმისა, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს ამჟამად არალეგალური ნარკოტიკები, რომლებიც, აკრძალვის მიუხედავად, მაინც არსებობენ ბაზრის მიმოქცევაში  და მაინც ექცევიან მომხმარებლების ხელში.

►  ჩემი ძირითადი ამოსავალი საყოველთაო ჯანდაცვის ინტერესების გათვალისწინებაა.  

►  ალბათ, შეამჩნიეთ, რომ ნარკოტიკების აკრძალვა თავისივე არაეფექტურობის ჭაობში ეფლობა.  აკრძალვა არ იცავს საზოგადოებას, ჩვენს ოჯახებსა და შვილებს, ვერ გვაცილებს იმ საფრთხეს, რაც ნარკოტიკების არალეგალურ გამოყენებას ახლავს თან.  

►  შესაბამისად, აკრძალვა, ადრე თუ გვიან, აზრს დაკარგავს და დამთავრდება. და აქ ვსვამ კითხვას: რითი ჩავანაცვლებთ აკრძალვას, თუ საზოგადოებრივ ჯანდაცვასაც გავითვალისწინებთ?

► საზოგადოებრივი ჯანდაცვი პრინციპი ასეთია: მაქსიმალური სიკეთის მიღება მინიმალური ზიანის ხარჯზე.  

►  რახან სიკეთეებზე ვისაუბრე, ცოტა ცუდ მხარეებზე საუბარსაც უნდა დავუთმო დრო.

►  ზიანი, რომელიც ყველა სახის ნარკოტიკს მოაქვს, სამ ძირითად კატეგორიაში შეიძლება გადავანაწილოთ:  დამოკიდებულება, ტოქსიკურობა და მიღების თავისებურებები (behaviour).

►  დამოკიდებულება - სამკურნალო დაწესებულებებში 30 წელზე მეტია, რაც ვმუშაობ.  არავინ, არასოდეს ჩემს ოფისში არ შემოსულა და არ უთქვამს, რომ LSD-ზე დამოკიდებულია და მისი მიღების შეწყვეტა არ შეუძლია.  

►  დასკვნა: ფსიქოდელიკების დამოკიდებულების პოტენციალი ნამდვილად მცირეა.  

►  ტოქსიურობა - გაიხსენეთ, ბოლოს როდის მიიღეთ ნებისმიერი ლეგალური წამალი, რომელიც ექიმმა გამოგიწერათ.  თუ ერთის ნაცვლად, ექვსჯერ მეტი დოზა მიიღეთ, ცხადია, ეს მავნებელია. LSD-სთან მიმართებით, დამოკიდებულების გაჩენის საფრთხე ძალიან მცირეა, სწორი დოზის შერჩევის პირობებში. ალბერტ ჰოფმანი, ვინც LSD-ის ფორმულა გამოიგონა, ამბობდა, რომ ის ყველაზე ნაკლებად ტოქსიური ნივთიერებაა დედამიწის ზურგზე.

►  გამოდის, რომ დამოკიდებულების გაჩენისა და ტოქსიურობის გაჩენის საფრთხე ძალიან მცირეა. შესაბამისად, ფსიქოდელიური საშუალებების ზიანი ერთადერთი მიზეზიდან მოდის:  ეს არის ქცევა, მოხმარების თავისებურება, ისეთ გარემოში და პირობებში მიღება, სადაც მისი სისუფთავე და დოზები გაკონტროლებული არ არის.

►  ადგილობრივმა თემებმა თუ დედამიწის სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებმა ეს სულ იცოდნენ.  ისინი თავიანთი თემის წევრებს მხოლოდ ისეთ პირობებში აღებინებდნენ ფსიქოდელიურ საშუალებებს, სადაც უსაფრთხოების ზომები ზედმიწევნით იყო დაცული.  

► მკვლევრები  ფსიქოდელიური მედიკამენტების აკრძალვა-კონტროლს შემდეგნაირად უყურებენ: ესაა მოსალოდნელი შედეგების გათვლა [Set], მიღების ადგილი [Setting], დოზა [Dosage - რას იღებ და რამდენს] და უსაფრთხოება [Safety], რომელიც ყველა ამ პრინციპს აერთიანებს.  

►  Set, Setting, Dosage and Safety - ყველა ეს პრინციპი უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ფსიქოდელიური საშუალებების მიღების სიკეთეების ხარისხი ავამაღლოთ.  

►  თუ ნარკოტიკების აკრძალვის ერაში ჩვენი მიზანი იქნება სარგებლის მაქსიმალურად მიღება და ზიანის შემცირება, ხალხს ექნება საშუალება, რომ ფსიქოდელიურ გამოცდილებას ზიანის გარეშე ეზიარონ - იმის მკაცრად გათვალისიწნებით, რომ ყველაფერი გაკონტროლდება.  

►  ვინმე უნდა იყოს პასუხისმგებელი უსაფრთოების უზრუნველყოფაზე - იდეალურ შეთხვევაში, განათლებული, საკუთარ თავში დარწმუნებული, გამოცდილი პროფესიონალი, რომელსაც შესაბამისი ლიცენზიაც ექნება და რომელიც ხალხს ამ გამოცდილების მიღებას პროფესიონალურ დონეზე შესთავაზებს.  

►  ადამიანი, როგორც სახეობა, საფრთხეშია. კლიმატის გლობალური ცვლილება ყველას გვეხება. სიმდიდრის მხოლოდ ადამიანების მცირე ჯგუფში აკუმულირების მასშტაბები აქამდე უნახავია: ძალიან ცოტა ადამიანი დიდი მასშტაბების სიმდიდრეს აკონტროლებს.  რელიგიის სახელით ხდება ექსტრემიზმი და ძალადობა.

►  ისეთი საზოგადოება მივიღეთ, სადაც რაღაცის ყიდვა ბედნიერებას პირდაპირ უკავშირდება.  თუ ამ პრობლემებს გააერთიანებთ და განაზოგადებთ, ესაა ადამიანების ერთმანეთისგან დაშორებისა და გათიშვის დილემა.  

►  ადამიანები დავშორდით დედამიწას, რომელიც ჩვენი სახლია.  დავშორდით ერთმანეთს, ცხოვრების არსსა და მიზანს, მოვწყდით სულიერების განცდის იდეას.

►  კარგი ამბავი ისაა, რომ ფსიქოდელიური საშუალებების იდეა გაერთიანება და დაკავშირებაა.

►  შეხედეთ ამ გამოსახულებას: მარცხენა მხარესაა ადამიანის ტვინი, ჩვეულებრივ მდგომარეობაში. მარჯვენა მხარეს გამოსახულ სურათზე ფსილოსიბინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის ტვინია. ნახეთ კავშირების ახალი ქსელი, რომელიც ფსილოსიბინიან ტვინშია გაბმული.  

►  ფსიქოდელიკებიც სწორედ ასეთი გამაერთიანებელია. ესაა კავშირი საკუთარ თავთან: ჩვენ ვუკავშირდებით ჩვენს შინაგან სამყაროს ისე, რაც უამისოდ შეუძლებელია. ფსიქოდელიური საშუალებები გვაკავშირებს ერთმანეთთან, ცხოვრების მთავარ იდეასა და საზრისთან.  

►  ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ეს საუკუნეებია, იციან.

► ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი ასპექტი თანამედროვე ცხოვრებისა ისაა, რომ მეცნიერება ცოდნას ძალიან სწრაფად აგროვებს, კაცობრიობა კი გამოცდილებას უფრო ნელა იღებს.  ჩვენ, როგორც ადამიანები - ჰომო საპიენსები, უნდა განვვითარდეთ და გამოვიყენოთ ის ცოდნა, რაც უკვე დავაგროვეთ.

►  და იქნებ, როგორც სახეობა, მოვმწიფდეთ და მივიდეთ იქამდე, რომ ფსიქოდელიური საშუალებების მიღება განვაგრძოთ ჩვენდა სასიკეთოდ და არა პირიქით - როგორც ახლა ხდება.”

 

              

 აიაჰუასკა [Ayahuasca] არის ნაყენი, რომელიც მზადდება მცენარისგან, რომლის ლათინური სახელია Banisteriopsis caapi, რომლის ერთ-ერთი აქტიური ბიოლოგიური ინგრედიენტია დიმეთილ ტრიპტამინი [DMT]. მას ამაზონის აუზში მცხოვრებლები იყენებდნენ, როგორც ზოგი წყარო ამბობს, “სულიერების მაღალი საფეხურების” მისაღწევად. ტრადიციულ კულტურებში მისი მიღება გამოცდილი შამანების მეთვალყურეობის ქვეშ ხდებოდა.

 

 ფსილოსიბინი და ფსილოსინი [Psilocin and psilocybin] ჰალუცინოგენებია, რომლებსაც, ძირითადად, ორი სახეობის სოკო შეიცავს ბუნებრივად, რომლებიც მექსიკაში ხარობენ - Psilocybe mexicana და Stropharia cubensis. ჰალუცინოგენური სოკოები მექსიკელი აბორიგენების რელიგიურ რიტუალებში გამოიყენებოდა, აცტეკები კი მას “ღვთიურ ხორცსაც” კი ეძახდნენ. 1950 წელს, სოკოების სხენებული სახეობებისგან პირველად გამოაცალკევეს მათი აქტიური ინგრედიენტები: ფსილოსიბინი და ფსილოსინი.  ავადმოხმარების თავიდან ასაცილებლად, მოგვიანებით, ფსილოსიბინი, ფსილოსინი და მათი შემცველი სოკოები აიკრძალა. ისინი ამჟამადაც აკრძალულია როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში, თუმცა, ზოგი მეცნიერის მოსაზრებით, მათი გამოყენება სამკურნალოდ შეიძლება. ამ კუთხით კვლევები მიმდინარეობს.

 

 

 პეიოტი კაქტუსის მსგავსი მცენარეა, ლათინური სახელით Lophophora williamsii, რომელიც მხოლოდ ტეხასში, ჩიჰუაჰუას უდაბნოში და ჩრდილოეთ მექსიკაში ხარობს. მცენარე ცნობილია, როგორც ძლიერი ჰალუცინოგენი, რომელიც, სულ მცირე, 28 ალკალოიდს შეიცავს, რომელთაგანაც ყველაზე ძლიერია მესკალინი.  ამერიკის შეერთებულ შტატებში გამხმარი მესკალინის გაყიდვა და ფლობა ისჯება კანონით, თუმცა, ამერიკელი ინდიელების რელიგიის თავისუფლების აქტის მიხედვით, რომელიც 1978 წელს შემუშავდა, რელიგიურ რიტუალებში პეიოტის გამოყენება დასაშვებია.

 

⇒  მასალა მომზადებულია პროექტის - “კლუბური ნარკოტიკების ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება” ფარგლებში, რომელიც “ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს დონორის პოზიციას.

⇒  ილუსტრაციის ავტორია სოფი დათიშვილი © Cactus Media

 



 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>