ჯანდაცვა

Drugტესტირება, როგორც გამოსავალი




ე.წ. “რეკრეაციული ნარკოტიკები” - ექსტაზი, მარიხუანა, GHB, კეტამინი, როჰიპნოლი, LSD - ნივთიერებები, რომლებსაც ადამიანთა ნაწილი დასვენებისა და განტვირთვის დროს, ხშირად ღამის კლუბებსა და მუსიკალურ ფესტივალებზე, მოიხმარს, გარდა მარიხუანისა, არც ერთ ქვეყანაში კანონით დაშვებული არ არის.  

ეს ნარკოტიკები, ჩვეულებრივ, უკანონო ლაბორატორიებში მზადდება და შავ ბაზარზე იყიდება. ამის გამო მათი შემადგენლობა უცნობია: არ არსებობს ანოტაცია ან მინაწერი, სადაც დატანილი იქნებოდა ინფორმაცია ნივთიერების შემადგენლობის ან გვერდითი მოვლენების შესახებ.

შესაბამისად, ჯანმრთელობაზე მათი გავლენა უცნობია.

მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა

ამ სიტუაციის კონტროლისთვის ევროპის ზოგ ქვეყანაში ნარკოტიკების შემოწმების ცენტრები დაარსდა. ჰოლანდიაში ნარკოტიკების შემოწმების 31 ტესტ-ცენტრი ფუნქციონირებს. ყველა მათგანი ლიცენზირებულია. ამ ცენტრებში ნარკოტიკული ნივთიერების შემოწმება 18 წელს ზემოთ ასაკის მქონე ყველა მოქალაქეს (მათ შორის, ტურისტსაც) შეუძლია.

შემოწმება ანონიმურია.

კვლევის დასრულების შემდეგ მომხმარებელი მის მიერ შეძენილი ნარკოტიკული ნივთიერების შემადგენლობისა და პოტენციის (სიძლიერის) შესახებ ზუსტ ინფორმაციას იღებს.

ერთი შეხედვით, პარადოქსია - ქვეყანაში, სადაც ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვა და მოხმარება იკრძალება (დაშვებულია მხოლოდ მარიახუანის მოხმარება, ისიც წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში), ნარკოტიკების შემოწმება დაშვებულია.

ამ იდეას ყველა ქვეყანაში ჰყავს მოწინააღმდეგე.

საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების ლეგალური შემოწმების დაშვებით ნარკოტიკების მოხმარების წახალისება ხდება. თუმცა, ჰოლანდიელები მიიჩნევენ, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების შემოწმება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის და ზიანის შემცირების განუყოფელი ნაწილია და ამ გზით მომხმარებელიც და ქვეყანაც მოგებული რჩება: მომხმარებელი, რომელსაც ზუსტი ინფორმაცია აქვს მის ხელთ არსებული ნარკოტიკის შემადგენლობის და პოტენციის შესახებ, ინფორმირებულ არჩევანს აკეთებს და თვითონ წყვეტს, მიიღოს თუ არა ნარკოტიკი ან რა დოზით, თუ ის სხვა მინარევებსაც შეიცავს ანდა ძალიან ძლიერია.

რა სარგებელი აქვს სახელმწიფოს?

ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევებით სახელმწიფო ნარკოტიკების შავ ბაზარზე არსებულ ტენდენციებს სწავლობს და როცა შავ ბაზარზე განსაკუთრებულად საშიში ნივთიერება ჩნდება, განგაშს ტეხს და მოსახლეობას აფრთხილებს. შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებით ნაკლები ადამიანი იღუპება და ზედოზირების შედეგად საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტების მკურნალობაზეც ბევრად ნაკლები თანხა იხარჯება.

ნარკოტიკების ასეთი ცენტრი ფუნქციონირებს დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში.  

 საქართველო

საქართველოში ასეთი ცენტრი არ არსებობს. თუმცა, არის პროექტი - „მანდალა - ზიანის შემცირება“ , რომელიც ნარკოტიკულ ნივთიერებებს სპეციალური ტესტერების მეშვეობით ამოწმებს.
 
შემოწმება ამ შემთხვევაშიც ანონიმურია, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობებში, რადგან პროექტის დაფინანსება და არსებობა მთლიანად დონორ ორგანიზაციებზეა დამოკიდებული.

 

“მანდალას” წარმომადგენელი, თემო ხატიაშვილი:

- რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა მამაკაცმა მოგვმართა. გვითხრა, რომ ჩვენი პროექტის შესახებ გაიგო და მეგობრის მიერ ნაჩუქარი 2 აბი ექსტაზის შემოწმება გადაწყვიტა. მივეცით ტესტერი და მისი გამოყენების წესიც ვასწავლეთ.

შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნაჩუქარი აბი ექსტაზი არ იყო. საბოლოო ჯამში საერთოდ ვერ მოხერხდა იმის დადგენა, რა ნივთიერებას შეიცავდა ეს აბი. ამ ადამიანმა უარი თქვა მოხმარებაზე და აბები გადაყარა. ფაქტობრივად, სერიოზულ საფრთხეს გადავარჩინეთ, რადგან ძალიან დიდია იმის შანსი, რომ უცნობი შემადგენლობის მქონე ნარკოტიკული ნივთიერების მიღება საბედისწერო ან სავალალო შედეგით დასრულდეს.

ნარკოტიკული საშუალებების ტესტირება (შემოწმება) გვაძლევს საშუალებას, რომ სპეციალური რეაგენტის მეშვეობით გავიგოთ, არის თუ არა ჩვენს ხელთ არსებული ნივთიერება ნამდვილად ის, რაც გვგონია. ამ ტესტერის მეშვეობით რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ადამიანი სერიოზულ საფრთხეს გადავარჩინეთ.

ისეთი შემთხვევებიც არის, როცა ადამიანი აკეთებს ტესტირებას და ხედავს, რომ საეჭვო ნივთიერებასთან აქვს საქმე, მაგრამ მაინც მოიხმარს. თუმცა, ასეთ შემთხვევაში უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენს: პირველ ჯერზე უფრო ნაკლებ დოზას მოიხმარს და რეაქციას აკვირდება. ესეც კარგი შედეგია.

10 წელზე მეტია, რაც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მუსიკალურ ფესტივალებსა და კლუბებში ზიანის შემცირების პროექტის ფარგლებში ნარკოტიკების ტესტირება ხორციელდება. ასეთი სერვისი ევროპის თითქმის ყველა დიდ ქალაქშია ხელმისაწვდომი.

“მანდალამ” საქართველოში ეს ტესტერები პირველად შარშან გამოიყენა.

- ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ნარკოტიკების დროებითი (მაგ. ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე) ან მუდმივი ტესტ-ცენტრები ფუნქციონირებს, ანონიმურობა გარანტირებულია. იქ არსად პოლიცია არ პატრულირებს და ადევნება და თვალთვალიც გამორიცხულია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან თუ არის მზაობა ან გარანტია, რომ ნარკოტიკული ნივთიერების შემოწმების თხოვნით თქვენთვის მომართვა, თქვენთვისაც და მომხმარებლისთვისაც იქნება უსაფრთხო?

- სამწუხაროდ, ასეთი გარანტია არ არსებობს.

- რომელი კომპანიის მიერ წარმოებული ტესტერები გამოიყენეთ და როგორ მუშაობს ის?

- ჩვენ ორგანიზაციის - DANCESAFE მიერ წარმოებულ ტესტერებს ვიყენებთ. სრული პაკეტი, სადაც ყველა ნარკოტიკული ნივთიერების შესამოწმებელი რეაგენტი შედის, 105 $ ღირს. ერთი ფლაკონი, რომელიც მაგალითად MDMA-ს ამოწმებს, 50-მდე ტესტს აკეთებს. პროექტის ფარგლებში ჩვენ მომხმარებლებს ამ ტესტერებს უფასოდ ვურიგებთ.

ხშირია შემთხვევები, როცა ყიდულობენ ნარკოტიკულ ნივთიერებას, როგორც MDMA-ს, შემოწმება კი აჩვენებს, რომ ეს ნივთიერება არის ამფეტამინი ან აბაზანის მარილი და არა MDMA.  

მარტივად რომ ავხსნათ, როგორ ვამოწმებთ: მაგალითად MDMA მოწმდება რეაგენტით - MARQUIS. ტესტისთვის აბის მცირე ნაწილს ვათავსებთ კერამიკის თეთრ თეფშზე და მას რეაგენტის ერთ წვეთს ვაწვეთებთ. ამის შემდეგ 30-60 წმ-ის განმავლობაში ვაკვირდებით ფერის ცვლილებას. თუ ნივთიერება ნამდვილად MDMA არის, რეაგენტი პირველ რამდენიმე წამში იასამნისფერ შეფერილობას იღებს, 30 წამის შემდეგ კი შავი ხდება. თუ რეაგენტი სხვა ფერს მიიღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ნივთიერება, რომელიც მოგვყიდეს ან გვაჩუქეს როგორც MDMA, სინამდვილეში სულ სხვა ნივთიერებაა.

ეს ტესტერები 100%-ით ზუსტ პასუხს არ გვაძლევს. შემოწმების შედეგად კი ვადგენთ, რომელ ნივთიერებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ვერ ვსაზღვრავთ ამ ნივთიერების პოტენციას ანუ სიძლიერეს.

ჩვენ ყველას ვაფრთხილებთ: თუ ტესტირებამ აჩვენა, რომ შემოწმებული ნივთიერება ნამდვილად MDMA არის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი მიღება უსაფრთხოა. არცერთი ნარკოტიკი არ არის 100%-ით უსაფრთხო!

ბოლო 5-6 თვის განმავლობაში 100-მდე ტესტი მაქვს გაცემული. 50 ტესტი დავარიგეთ შარშან ჩატარებულ ერთ-ერთ მუსიკალურ ფესტივალზეც.

- რა სერვისები შესთავაზეთ ფესტივალებზე დამსწრებ ადამიანებს?

- “მანდალა” არის პროექტი, რომელიც გულისხმობს მუსიკალურ ფესტივალებზე ზიანის შემცირების ახალი სერვისების მიწოდებას. “მანდალა” მუშაობდა საქართველოში შარშან ჩატარებულ ექვსივე ფესტივალზე. ამ 6 ფესტივალის განმავლობაში ჩვენმა მოხალისეებმა ზედოზირების 130 შემთხვევა გამოავლინეს. 40-მდე შემთხვევაში საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩარევა.

სამწუხაროდ, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გამოძახების მერე სასწრაფო დახმარება ძალიან სწრაფად მოვიდა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 20-მდე შემთხვევაში გამოვიყენეთ ნალოქსონი - პრეპარატი, რომელიც ოპიოიდებით ზედოზირების დროს გამოიყენება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტში მოხალისეთა ჯგუფია. ესენი არიან თანაბარგანმანათლებლები - ახალგაზრდები, რომლებსაც თვითონაც აქვთ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების გამოცდილება, გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი და შეუძლიათ ნარკოტიკული ნივთიერებებით ზედოზირების შემთხვევების ამოცნობა.

ჯგუფში 20 თანაბარგანმანათლებელი გვყავს.

ტერიტორიას, სადაც მუსიკალური ფესტივალი ტარდება, ვყოფთ ზონებად. ყველა მოხალისეს აქვს თავისი ზონა და მას აკონტროლებს. მოხალისეს აქვს რაცია და ზურგჩანთა, რომლითაც წყალი და ზიანის შემცირების სხვა მასალები დააქვს. ვარიგებთ ყურის საცობებს - როცა ადამიანი ცუდად არის, ხმის მაღალმა სიხშირემ შეიძლება მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს.

ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ხშირია კრიჭის შეკვრა, კბილების კრაჭუნი და ყბის დაძაბულობა. ეს სიმპტომები რომ ავიცილოთ თავიდან, ვარიგებთ საღეჭ რეზინებს. ზოგიერთი ნარკოტიკული ნივთიერება აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას, რაც დაუცველი სქესობრივი კონტაქტის და სქესობრივი დაავადების გადადების რისკს ზრდის. ეს რომ არ მოხდეს, ვარიგებთ კონდომებს.

გვაქვს საინფორმაციო მასალები ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ. საინფორმაციო მასალებში აღნიშნულია ნარკოტიკული ნივთიერებების ზოგადი მახასიათებლები, გავრცელებული დასახელებები, მოქმედების ხანგრძლივობა, მოსალოდნელი ეფექტები და ზედოზირების ნიშნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თუ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს რომელიმე ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, იცოდეს, რას უნდა ელოდოს და როგორ მოიხმაროს ის ისე, რომ საკუთარ თავს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს.

ფესტივალზე გვაქვს კარავი. ეს არის უსაფრთხო და მეგობრული სივრცე ყველასთვის. ადამიანს, რომელიც თავს ცუდად გრძნობს, შეუძლია მოვიდეს კარავში და მოისვენოს. შეუძლია დაწვეს, წაიხემსოს და წყალი დალიოს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემდეგ, მზის ქვეშ, რამდენიმესაათიანი ცეკვის ფონზე ძალიან დიდია გაუწყლოების რისკი. დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ახალგაზრდები ხშირად ზოგავენ ფულს წყალსა და საჭმელზე, იმისთვის რომ სასმელი ან ნარკოტიკი იყიდონ. ამიტომ კარავში ყველასთვის გვაქვს უფასო წყალი და რაიმე წასახემსებელი. გვყავს “სითერიც”, რომელიც ე.წ. bad trip-ში მყოფ ადამიანს მეგობრულ მეთვალყურეობას უწევს და მდგომარეობიდან გამოსვლაში ეხმარება.

- რა აჩვენა თქვენმა გამოცდილებამ? რა ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ ფესტივალებზე და რატომ გახშირდა ნარკოტიკული ნივთიერებით ზედოზირების შემთხვევები?

- ყველაზე ხშირად მოიხმარდნენ ექსტაზს (MDMA), ამფეტამინს, კეტამინს, ჰაშიშს, LSD-ს და მარიხუანას. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასეთი ინფორმაცია ჰქონდათ მოხმარებული ნივთიერების შემადგენლობის შესახებ.

ტესტერების საჭიროება და ნარკოტიკული ნივთიერებით ზედოზირების შემთხვევები გაიზარდა მას შემდეგ, რაც შავ ბაზარზე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები (აფნ) გამოჩნდა. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ტრადიციული ნარკოტიკების - კანაფის, კოკაინის, LSD-ის და ექსტაზის ეფექტების იმიტირებას ახდენს. მათი მოხმარების გრძელვადიან შედეგებზე მეცნიერებას საკმარისი ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას რომ ის ზიანი, რაც ამ ნივთიერებების გამოყენებას მოაქვს, ტრადიციული ნარკოტიკების გამოყენებით მიღებულ ზიანს ბევრად აღემატება.

ამჟამად 500-ზე მეტი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება არსებობს. შავ ბაზარს ყოველკვირეულად თითქმის 1 ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ემატება. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ყველაზე მეტად 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებშია პოპულარული. თუმცა, მას ხშირად მოიხმარენ უფრო მაღალი ასაკის მქონე ადამიანებიც.

ამ ნივთიერებების პოპულარობის მთავარი მიზეზი სიიაფე და ადვილი ხელმისაწვდომობაა: ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ტრადიციულ ნარკოტიკებთან შედარებით ბევრად იაფია და ინტერნეტის მეშვეობით მათი ყიდვაც ძალიან ადვილია. აქვს ფართო არჩევანი და ფერადი, თვალშისაცემი დიზაინი. გარდა ამისა, მცირე ოდენობის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება საკმაოდ კონცენტრირებული და ძლიერია.

იმ ქვეყნებში, სადაც მკაცრი ნარკოპოლიტიკაა და გარკვეული რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისა და შეძენისთვის ადამიანი მკაცრად ისჯება, ბევრმა მომხმარებელმა მასზე არჩევანი, შესაძლოა, სწორედ ამ მახასიათებლის გამო გააკეთოს.

კანონისთვის გვერდის ავლის მიზნით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემადგენლობა მუდმივად იცვლება, რაც შეუძლებელს ხდის მისი ეფექტის და დოზის წინასწარ განსაზღვრას. შესაძლებელია ერთი “დილერისგან” ნაყიდი ნივთიერება მოვიხმარო რაღაც დოზით და ვიფიქრო, რომ ეს ჩემი დოზაა, მაგრამ ხვალ იმავე დილერისგან ნაყიდი იგივე ნივთიერების იგივე დოზა აღმოჩნდეს სასიკვდილო.

ნარკოტიკული ნივთიერებებით ზედოზირების შემთხვევების ნახევარზე მეტი გამოწვეული იყო ნარკოტიკის ალკოჰოლთან ერთად მოხმარებით. ყოველი 3-დან 2 შემთხვევაში კი ადამიანს ერთდროულად რამდენიმე ნარკოტიკული ნივთიერება ჰქონდა მოხმარებული.


 

 

 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>