ყოველ საღამოს, სკოლიდან დაბრუნების შემდეგ, 13 წლის ერეკლე სადილს შეჭამდა, შევიდოდა საკუთარ ოთახში, მთავარ, ჭახჭახა ნათურას გამორთავდა, მკრთალ განათებას აანთებდა, მოცარტის რომელიმე ნაწარმოებს ან ჩაიკოვსკის “მაკნატუნას” ჩართავდა [კლასიკურ მუსიკას იმიტომ, რომ ტექსტის აყოლას არ მოითხოვდა და ფიქრში ხელს არ უშლიდა], ფეხებს ფანჯრის რაფაზე ჩამოაწყობდა, სიგარეტს მოუკიდებდა და იწყებდა ფიქრს.
მისი ფიქრის საგანი, შესაძლოა, ყოფილიყო ნებისმიერი რამ: მაგალითად, “შუშანიკის წამება” [ვერ იტანდა შუშანიკს] ან “ვეფხისტყაოსანი,” რომელსაც, რატომღაც, სულ აზეპირებინებდნენ ბავშვებს.
ბულინგი სკოლაში, მაგალითად, რომელიც მას პირდაპირ ეხებოდა. მართალია, სიმსუქნის გამო კონკრეტული ზედმეტსახელი მისთვის კლასელებს არ შეურქმევიათ, მაგრამ ჭარბი წონა მისი კომპლექსებისა და დეპრესიის მიზეზი ნამდვილად იყო [მაშინ ერეკლე 120 კილოგრამს იწონიდა.]
- იყო ხალხი სკოლაში, ვინც თავს აბულინგებინებდა, ეგუებოდა სიტუაციას და ვიყავი მე, ვისაც სახეში მუშტი ხვდებოდა იმის გამო, რომ სიტუაციას არ ეპუებოდა. არასოდეს მრქმევია “ჩმორი.” სკოლა ხომ ანგრევს და ანადგურებს ადამიანს. მე კი გავუძელი და ვამაყობ, რომ გადავრჩი.
სხვა საღამოს, შესაძლოა, ეფიქრა, თუ ვინ იყვნენ თბილისში მცხოვრები გეი ადამიანები, რატომ გამოვიდნენ აქციაზე და საერთოდ, რა უნდოდათ და რა პრობლემები ჰქონდათ? რატომ სცემეს ისინი სასულიერო პირებმა? 2013 წლის მაისში ერეკლე 13 წლის იყო და გულში კიცხავდა სასულიერო პირების საქციელს, მაგრამ ოჯახში ხმამაღლა ლაპარაკს თავს არიდებდა.
- გეებზე ცუდი ბებიაჩემისგან არაერთხელ გამიგია. 82 წლის ბებია მყავს და მესმის მისი: განსხვავებულ სოციუმში გაიზარდა. მე რომ გეი ვიყო, ვიცი, დედაჩემს არ ესიამოვნებოდა, მაგრამ მხარდაჭერა რომ მექნებოდა, ზუსტად ვიცი.
დედ-მამა რომ ერთმანეთს დაშორდნენ, ერეკლე დაბადებულიც არ იყო. პირველად მამა 6 წლის ასაკში გაიცნო. ერეკლეს მამასთან დაშორების შემდეგ, დედა საკუთარ სახლში, მშობლებთან და ძმასთან, დაბრუნდა საცხოვრებლად. ერეკლეს კი ბებია-ბაბუის სახლში საკუთარი, ცალკე ოთახიც, ერგო.
მისი ოთახისკენ მიმავალი გზა სამზარეულოს კარსა და მისაღებ ოთახს შორის გადიოდა. მისაღებში ტელევიზორი სულ ჩართული იყო: ან ბიძა უყურებდა რაღაცას, ან ბებია - სერიალებს. გზა საკუთარი სივრცისკენ ბიძისა და ბებიის კრიტიკულ მზერას შორის გადიოდა. თუ ერეკლე მალულად თავის ოთახში რამე სასუსნავს წაიღებდა, ბებია ქოქოლას მიაყრიდა.
- კიდე ჭამ? ნუ, რამდენი შეიძლება?
მართალია, ბებია ცდილობდა, ხუმრობის ტონი შეერჩია, მაგრამ ეს სიტყვები და გაფრთხილებები ერეკლეს უსიამოვნო მოგონებებად შემორჩა. დღესაც კი, როცა დიდი ძალისხმევისა და ნაწილობრივ, ჯანმრთელობის ფასადაც [“დუნკანის” დაურეგულირებელი დიეტის თვითნებურად დაწყების შემდეგ 6-ჯერ გადაიტანა ბრონქიტი, მაშინ, როცა მანამდე საერთოდ არ გაციებულა] ერეკლე 85 კილოგრამი გახდა, მაინც მუდმივად უმალავს ბებიას თუ ბიძას საკუთარი ოთახისკენ წასაღებად გამზადებულ სასუსნავს.
ბებია-ბაბუის სახლში გადმოსვლის შემდეგ ერეკლე ახალი უბნის ბავშვებს არ იცნობდა და სკოლის შემდეგ საღამოებს, ძირითადად, სახლში ატარებდა. მართალია, მხიარულ, საკუთარ თავში დარწმუნებულ, მებრძოლ ბავშვად ითვლებოდა და მის დაბადების დღეზეზე ბევრი კლასელიც შეიძლებოდა მოგროვებულიყო, მაგრამ არც ერთი ახლო მეგობარი არ ჰყავდა, ვისთანაც განსაკუთრებულად ახლოს იქნებოდა. 4 სკოლა გამოიცვალა და ვერავისთან დამეგობრებას ვერ ასწრებდა: თუ ვინმეს დაუმეგობრდებოდა, მალევე იმ სკოლიდან გადადიოდა.
ამ პერიოდში დაიწყო საღამოობით ხატვაც. ხატვაში ნიჭიერი არ ეთქმოდა და არც არაფერს კონკრეტულს არ ხატავდა: უფრო წითელ და ყვითელ აბსტრაქციებს ავლებდა ტილოზე, ზეთით ან გუაშით, რომელთა ნაწილი დღესაც მის საწოლ ოთახში კიდია; ნაწილს უინტერესო გაკვეთილის განმავლობაში, დროის მოსაკლავად, ხატავდა. ქიმიის ერთ-ერთ გაკვეთილზე, ფანქრით ქაღალდზე სევდიანი გოგოს პორტრეტი გამოსახა, ფართო თვალებით, წითელი ტუჩებით და ინგლისურად მიაწერა: “L.G. To be Continued.”
ერეკლემ მარიხუანის მოხმარება 15 წლის ასაკში დაიწყო. პირველად რომ მოწია, სოფელში იყო და მეგობრებმა გაასინჯეს. უჩვეულოდ გამხიარულდა, მადა მოემატა: ერთი ცალი პური და ერთი ტაფა შემწვარი კარტოფილი მარტომ შეჭამა.
- მარიხუანამ ჩემი თავი გამაცნო. მარიხუანა ქვეცნობიერს აღვიძებს. ქვეცნობიერში კი ისეთი რაღაც გაქვს ადამიანს დალექილი, რაც ყველაზე საინტერესოა. ისეთ საკითხებზე დავიწყე ფიქრი, რაზეც იქამდე არ მიფიქრია და შესაძლოა, არც მეფიქრა არასოდეს. შემიძლია, თან მოვწიო და თან სხვა რამეებიც ვაკეთო: წამოვწვე, ვიკითხო და სხვა თვალით შევხედო, მაგალითად, “ჰეკლბერი ფინის.”
- უარყოფით გავლენაზე რა იცი?
- სისულელეა თქვა, რომ ნარკოტიკი ბოლომდე კარგია. ისევე, როგორც კარგი არ არის ბევრი შაქარი, ბევრი სიგარეტი, ბევრი ყავა.
- კვირაში რამდენჯერ ეწევი?
- კვირაში 3-4-ჯერ.
- ეს ხშირი არაა?
- სხვა ნებისმიერი ნარკოტიკი კვირაში სამჯერ დამღუპველი იქნებოდა, მაგრამ ეს არაა. ყოველ შემთხვევაში, ჩემზე ჯერ არ აისახება.
- ახლა არ აისახება, მაგრამ მომავალში, შესაძლოა, აისახოს.
მარიხუანას მიღებას ტვინის ფუნქციონირებაზე მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეფექტები აქვს. განსაკუთრებით საშიში მარიხუანას მიღება თინეიჯერობიდან 25 წლამდეა, როცა ტვინი ფორმირდება. მარიხუანას აქტიური ბიოლოგიური ინგრედიენტების [ტეტრაჰიდროკანაბინოლი, THC, კანაბიდიოლი, CBD] ტვინზე გრძელვადიან მოქმედებაზე კვლევები აქამდეც არსებობს, ნაწილი კი ამჟამად მიმდინარეობს.
2012 წელს ახალ ზელანდიაში, დიუკის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანებში, ვინც თინეიჯერობიდან ზრდასრულ ასაკამდე მოიხმარდა მარიხუანას, 13-დან 38 წლამდე შუალედში ინტელექტუალური ტესტის [IQ] მაჩვენებელმა 8 ქულით დაიკლო.
კლუბები და ნარკოტიკები
პირველად წელიწადნახევრის წინ, ღამის კლუბში, მისმა, აწ უკვე ყოფილმა მეგობარმა, წაიყვანა ერეკლე. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო სრულწლოვანი, მაგრამ მეგობრის გავლენით და მიბაძვით, წავიდა.
- ის ადამიანი ძალიან მიყვარდა. გაიდეალებული მყავდა და ავყევი კიდეც. შემდეგ კლუბების სიტუაციაც მომეწონა.
- მაინც რა მოგეწონა?
- ყველაფერი. განსაკუთრებით საზოგადოების დამოკიდებულება ჩემს მიმართ: უკრიტიკოდ მიღებდნენ. უფრო ეგ იყო, ვიდრე ის, რომ მე კვირაში სამჯერ დასვენების გამო მეარა კლუბებში.
კლუბებში რომ შეეღწია, ერეკლემ პირადობის მოწმობა გააყალბა: დოკუმენტის ორიგინალი ჯერ სკანერში გაატარა, შემდეგ “ფოტოშოპში” დაბადების წელი - 2000 1998-ად შეცვალა, ამობეჭდა, პირადობის ზომაზე ამოჭრა და პლასტიკურ ჩარჩოში ჩასვა.
- ხანდახან ამართლებდა, ხანდახან - არა. ზოგჯერ საერთოდ არც მთხოვდნენ, მცირეწლოვნის “ვიდი” არ მქონია არასოდეს. უფრო დიდის შთაბეჭდილებას ვტოვებდი.
ერეკლე ამბობს, რომ გარშემო არაერთი მისი ნაცნობი აყალბებდა ასე პირადობის მოწმობებს. თვითონ მალე 18 წლისაც გახდა და იმ მეგობარსაც დაშორდა, ვის გამოც კლუბებში სიარული დაიწყო. ადამიანს დაშორდა, მაგრამ კლუბებში სიარული გააგრძელა.
იმ პერიოდში, ანუ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ლამის კვირაში სამჯერ კლუბში იყო: სამშაბათს - “გალერიში,” პარასკევსა და შაბათს - “ბასიანში” ან “ხიდზე.” ცდილობდა, რომ აქტიურ ღამის ცხოვრებას მისთვის სწავლაში ხელი არ შეეშალა, თუმცა მისმა აკადემიური მოსწრების მაჩვენებელმა [Grade Point Average, GPA] 3,75-დან დაღმა იწყო სვლა და ერთი საგანიც გასული სემესტრიდან “შეეტენა.”
ამავე პერიოდიდან დაიწყო ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მიღება: LSD, MDMA; მარიხუანასაც ისედაც იქამდეც იღებდა. იყო პერიოდები, როდესაც ხელოვნური მარიხუანა - “ბიოც” მიუღია - ადრეულ გაზაფხულზე, როცა ბუნებრივი კანაფი არ იშოვებოდა.
- ბიოს მოხმარების დროს ვიყავი ძალიან ცუდად, უძრავად, არაფერი არ “მისწორდებოდა,” არაფრის კეთება არ მიხაროდა. ლამის ვგრძნობდი, როგორ კვდებოდნენ ჩემში თავის ტვინის ნეირონები. ამიტომ უარი ვუთხარი “ბიოს” - აღარ მოვიხმარ. ზოგადად, ყველამ იცის, რომ ბიო ცუდია, მაგრამ მაინც იღებენ იმიტომ, რომ იმ მომენტში ალტერნატივა არ არსებობს.
ერთხელაც, “ბასიანში” ყოფნის დროს, მეგობარმა ნარკოტიკი გაუზიარა და მხოლოდ მიღებიდან რამდენიმე წუთში უთხრა, რომ ნივთიერება მეფედრონი იყო. ეს ის დრო იყო, როდესაც 4 გოგო უცნობი ნივთიერების ზედოზირების გამო გარდაიცვალა. ერეკლეს ძალიან შეეშინდა და მიღებიდან 24 საათი საერთოდ არ უძინია.
- შოკში ვიყავი.
- დედაშენს უთხარი?
- არა, რა თქმა უნდა.
შუა კვირაში, მაგალითად, სამშაბათს, როცა LSD-ს პლასტირს დაიკრავდა ენაზე, ამჩნევდა, რომ ნარკოტიკები მის ცხოვრებასა და განათლების მიღების პროცესს ყოფდა, მთლიან კვირას შუაში ხლეჩდა და გადაწყვიტა, რომ ოდნავ შეენელებინა ნარკოტიკების მიღების და კლუბებში სიარულის ინტენსივობა.
შემდეგ კვირაში ერთხელ მიღებაზე გადავიდა. გასართობ დღედ პარასკევი საღამო აირჩია: კვირის ბოლო, როდესაც ორი სამსახურისა და ერთი უნივერსიტეტისგან, დასვენება უნდოდა. ღამის კლუბში სექსიც ჰქონია.
- კლუბში ძალიან მარტივია, გქონდეს სექსი. გოგო ხარ თუ ბიჭი, მეორე დღეს არც იხსენებ, წინა ღამეს რაც მოხდა, იმიტომ, რომ იმ ღამეს უნდა იყო იქ და არ არის აუცილებელი, ამას რამე გაგრძელება მოჰყვეს მეორე დღეს. იქ ხარ და მორჩა. What happens in Las Vegas, stays in Las Vegas - რაღაც ამ გამოთქმის მსგავსია.
ამ ჩვევაში ერეკლემ მკაცრი წესი შემოიტანა: სექსის უსაფრთხოების დაცვა. მის საფულეში მუდმივად იყო პრეზერვატივი. ახლა ყოველ სამ თვეში ერთხელ მიდის უროლოგთან და ნაცხის ანალიზს იღებს, რათა დარწმუნდეს, რომ ყველაფერი რიგზეა. თუმცა, ამბობს, რომ თავისუფლებამ ყველა მის მეგობარს პასუხისმგებლობის გრძნობა არ მოუტანა.
- არასოდეს მქონია დაუცველი სექსი.
- შენი ბევრი ნაცნობი ეგრე იქცევა?
- არა, ნამდვილად არ არის ასე.
თავისუფლების მართვა
კლუბები, ერეკლეს აზრით, უკვე აღარაა მხოლოდ გართობის ადგილი. კლუბი არის სივრცე-სუბკულტურა, სადაც ხალხი ერთმანეთს არ აკრიტიკებს, იღებს ისეთად, როგორიც არის და ეხმარება გასაჭირის ჟამს მაშინ, როცა დახმარება სხვა წყაროებიდან - ოჯახიდან, სხვა მეგობრებიდან, საზოგადოებიდან - არ ჩანს.
- საბჭოთა კავშირის მერე - აბსოლუტური დამონებიდან ადამიანი გადახტა აბსოლუტურ თავისუფლებაში. არც ერთი არის კარგი და არც მეორე, მე თუ მკითხავთ. რამე შუალედური უნდა ვიპოვოთ. შუალედი კი იქნება ის, რომ ადამიანმა კვირაში სამჯერ კი არ იაროს კლუბებში, არამედ კვირაში ერთხელ, როგორც ეს ევროპულ ქალაქებშია.
ქვეყნებს, რომლებიც წარსულში საბჭოთა კავშირში იყვნენ გაერთიანებულნი, განსაკუთრებული მოთხოვნილება გაუჩნდათ, ყოფილიყვნენ თავისუფლები. ამიტომაც, მისი თქმით, აღმოსავლეთ ევროპის ტექნოსცენა განსაკუთრებით გახდა პოპულარული იმ ახალგაზრდებში, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დროს დაბადებული მშობლებისა და ოჯახისგან დამოუკიდებლად ყოფნა უნდოდათ. თუმცა, მისი თქმით, არც მისი თაობაა დღეს ბოლომდე თავისუფალი.
- ძალიან რთულია თავისუფლებას მიაღწიო, ჭეშმარიტს. აი, ახლა მე არ ვარ თავისუფალი, ძალიან ბევრი მიზეზის გამო. ჯერ ჩემზე კიდევ ახდენს გავლენას საზოგადოებრივი აზრი: ზუსტად იმ საზოგადოების აზრი, რომელიც გაუნათლებლად მიმაჩნია.
მისმა ოჯახის წევრებმა იციან, რომ ის მარიხუანას ეწევა, მაგრამ LSD-სა და MDMA-ზე არაფერი უთქვამს.
- არც გავაგებინებ, არასოდეს.
- რატომ? აკი ამბობ, დედა ჩემი მეგობარიაო.
ერეკლეს დედა 43 წლისაა და თვითონაც დადის კლუბებში ევროპაში, ერეკლეს თქმით.
- პატივისცემის და ზრუნვის გამო არ ვეუბნები, უნდა ინერვიულოს ტყუილუბრალოდ.
- არცთუ ისე ტყუილუბრალოდ. კვლევებით ცნობილია, რომ რომ 15-დან 25 წლამდე განსაკუთრებით საშიშია ნარკოტიკების მიღება და შესაძლოა, ტვინის სტრუქტურა და ფუნქციონირება შეცვალოს.
- ყველაფერი სასიამოვნო რაღაც მსხვერპლს მოითხოვს. შევამჩნიე, თქვენც ჩაიყარეთ ცოტაოდენი შაქარი ყავაში - შაქარიც მავნებელია ჯანმრთელობისთვის.
ნარკოტიკები, ისევე როგორც სასმელი თუ სიგარეტი, კანონით დაშვებული უნდა იყოსო, ამბობს ერეკლე. მისი თქმით, უნდა არსებობდეს მინაწერი ინფორმაცია თითოეულ პროდუქტზე, რასაც ადამიანი მოიხმარს. შემდეგ კი ადამიანს თვითონ ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება - მიიღოს თუ არა ესა თუ ის პროდუქტი, იქნება ეს მარიხუანა თუ შაქარი.
- იცი, რომ “კლუბური ნარკოტიკები” უკანონოდ იწარმოება და მათი რეალური შემადგენლობა უცნობია?
- რა თქმა უნდა, ვიცი. არავინ არ იცის, რას იღებს. რომ არ კონტროლდება, სწორედ ამიტომ არის, რომ ბევრი “ბიოს” მოიხმარს. ახლა რომ მაღაზიაში მარიხუანა კანონიერად იყიდებოდეს, დამიჯერეთ, “ბიოს” არავინ მოწევს.
19 წლის ერეკლე ამჟამად ბიზნეს-ადმინისტრირებას სწავლობს და ორ სამსახურში მუშაობს. ერეკლე ამბობს, რომ დროთა განმავლობაში, აუცილებლად შეეშვება MDMA-ს მიღებას - ისევე, როგორც უარი თქვა “ბიოზე” თავის დროზე.
- ვცდილობ, დავაბალანსო ნარკოტიკების მიღება. ჯერ-ჯერობით არ გამომდის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გამომივა. ეტყობა, მოტივაცია არ მქონია აქამდე, რომ უფრო დამებალანსებინა. ის გამომივიდა, 37 კილო დამეკლო და ეს არ გამომივა?!
♦ ეს ადამიანური ისტორია მომზადებულია პროექტის - “კლუბური ნარკოტიკების ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება” ფარგლებში, რომელიც “ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს დონორის პოზიციას.
♦ სტატიის გმირის სახელი შეცვლილია, სხვა დეტალები კი ზუსტია.
♦ ნახეთ სხვა ისტორიებიც:
♦ "შეზღუდული თავისუფლება"
♦ "პირადი ომი ნარკოტიკებთან"
♦ "რეპრესიის ფასი"