გარემო

ჰაერის დაბინძურება და ქალთა უნაყოფობა




ჰაერის დაბინძურება და ქალთა უნაყოფობა

შესავალი

უნაყოფობა ქალებსა და კაცებში მრავალმხრივი რეპროდუქციული დარღვევაა, რომლის მიზეზთა ნაწილი ცნობილია, ნაწილი კი - უცნობი. კლინიკურად, უნაყოფობა არის ჩასახვის ერთწლიანი წარუმატებელი  მცდელობა, ან, თუ ასაკი 35-ს აღემატება, ჩასახვის ექვსთვიანი წარუმატებელი მცდელობა.

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში უნაყოფობის გავრცელება დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენდა, თუმცა, გეოგრაფიული გავრცელება არაერთგვაროვანია - სუბსაჰარულ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში უნაყოფობის სიხშირე სხვა რეგიონებისას აღემატება.

ცნობილია რამდენიმე რისკ-ფაქტორი, რომელიც უნაყოფობის ალბათობას ზრდის, როგორებიცაა, მაგალითად, საშვილოსნოს მილის ვენერიული დაავადებები. ამავე ფაქტორებში შედის: 1) გონადისთვის [სქესობრივი ჯირკვალი] ტოქსიკური რადიაცია ან ქიმიოთერაპია, რომლებიც საკვერცხე ან სათესლე ჯირკვლების ნაადრევ უკმარისობას იწვევს; 2) სხეულის მასის მაღალი  ინდექსი, რომელიც ოვულაციურ უნაყოფობასთანაა დაკავშირებული და 3) დაბადებამდელი შეხება ენდოკრინულ დარღვევებთან, რომელიც საშვილოსნოს პრობლემებით გამოწვეულ უნაყოფობასთანაა ასოცირებული.   

ცნობილია ისიც, რომ თამბაქოს კვამლის ზემოქმედება არასასურველ რეპროდუქციულ შედეგებთანაა კავშირში. რამდენიმე კვლევა ადასტურებს, რომ ჩასახვისთვის მწეველ ქალებს მეტი დრო სჭირდებათ. ამავდროულად, ინ-ვიტრო განაყოფიერებისთვის მწეველ ქალებს ორჯერ უფრო მეტი პროცედურის გავლა უწევთ,  ხოლო მეორად კვამლთან შეხება წარმატებული პროცედურის ალბათობას საგულისხმოდ ამცირებს.

დაბინძურებულ ჰაერთან სიახლოვე ადრეული რეპროდუქციული ეტაპების - განაყოფიერებისა და ჩასახვის - წარმატების ალბათობას ამცირებს და ნეგატიური გავლენა აქვს ნაყოფის წონასა და მის განვითარებაზე. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, PM 2,5 - ის კონცენტრაციის 10 µg/m3 -ით [მიკროგრამი კუბურ მეტრში] ზრდა ნაყოფიერების  22%-იან კლებასთანაა ასოცირებული.

კვლევის მასალები და მეთოდები

“ჰაერის დაბინძურების კავშირი უნაყოფობასთან, მედდებს შორის ჩატარებული კვლევა II” ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1989 წლიდან 2003 წლამდე შუალედში, 25-42 ასაკის შუალედის ქალებს შორის, ჩატარდა. კვლევაში 36,294  ქალის ჯანმრთელობის მონაცემი გაანალიზდა და შედარდა ჰაერის ხარისხს მათ საცხოვრებელ გარემოში.  

კვლევის ყველა მონაწილე მედდა ჯანმრთელობის ამერიკული კვლევიდან [NHS II] იყო შერჩეული, რომელიც 1989 წელს 116,430 მედდის გამოკითხვით დაიწყო. [კვლევაში რეგისტრაციისას, კოჰორტაში შემავალი ქალები ამერიკის 14 სხვადასხვა შტატში ცხოვრობდნენ, თუმცა, დროთა განმავლობაში მათმა ნაწილმა მისამართი შეიცვალა და ამერიკის ყველა შტატი მოიცვა.]

1989 წლიდან 2003 წლამდე, ორ წელიწადში ერთხელ, ამ კოჰორტის წევრები ფოსტით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კითხვარს იღებდნენ [გამოხმაურების სიხშირე: 90%], რომელიც მათი ჯანმრთელობისა თუ ცხოვრების წესის შესახებ მრავალფეროვან კითხვებს შეიცავდა.

ამ კვლევისთვის მონაცემთა სრული ბაზიდან ამოღებულია იმ ქალთა მონაცემები, რომელთა ასაკი 1993 წელს 45-ს აღემატებოდა. ამოღებულია კვლევის ის მონაწილეები, რომლებიც 1) კითხვარს აღარ ეხმაურებოდნენ, ისინი, ვისაც 2) ჰისტეროქტომია ან საშვილოსნოს მილის გადახვევა ჰქონდათ გადატანილი და ისინი, 3) ვისაც ონკოლოგიური დიაგნოზი აღენიშნათ. ამ და სხვა შეზღუდვების მიხედვით გადარჩევის შემდეგ ამ კვლევისთვის გაანალიზებული კოჰორტის მოცულობამ 36,294 ქალი შეადგინა.

უნაყოფობის განსაზღვრის კრიტერიუმები

როგორც პირველი, ისე ყოველი მომდევნო კითხვარი ქალებს სთხოვდა მიეთითებინათ, თუ ჰქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა დაორსულებას, მინიმუმ, 1 წლის განმავლობაში წარუმატებლად ცდილობდნენ. ასეთ შემთხვევაში კითხვარი ქალებს ასაკისა და უნაყოფობის მიზეზის მითითებასაც სთხოვდა.

ქალებს უნაყოფობის მიზეზის მითითებისას ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთის არჩევა შეეძლოთ: (i) საშვილოსნოს მილთან დაკავშირებული ფაქტორები,  (ii) ოვულაციური ფაქტორი, (iii) ენდომეტრიოზი, (iv) საშვილოსნოს ყელის ფაქტორი, (v) კაცთა ფაქტორები, (vi) დაუდგენელი მიზეზი და (vii) სხვა.

შეგროვდა მონაცემები როგორც პირველად, ისე მეორად უნაყოფობაზე. პირველადი უნაყოფობა განისაზღვრა, როგორც დაორსულების პირველი და მინიმუმ ერთწლიანი წარუმატებელი მცდელობა უშვილო ქალთა შორის. მეორადი უნაყოფობა განისაზღვრა, როგორც უნაყოფობის პირველი შემთხვევა იმ ქალთა შორის, რომლებსაც, უნაყოფობის მითითებულ ეპიზოდამდე ან მას შემდეგ, ერთხელ მაინც ჰყავდათ შვილი გაჩენილი.

საცხოვრებელი ადგილების არჩევა

კვლევის მონაწილეების საცხოვრებელი მისამართის შესახებ უახლესი ინფორმაცია ყოველ კითხვართან ერთად გროვდებოდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეიქმნა გეოგრაფიულ მონაცემთა ბაზა, სადაც თითოეული მონაწილის შესახებ მითითებული იყო ისეთი ცვლადები, როგორიცაა: მანძილი სახლიდან საავტომობილო გზამდე და გზის კატეგორია [მთავარი, მეორეხარისხოვანი, ავტომაგისტრალი და ასე შემდეგ].  

მონაწილეთა საცხოვრებელი,  სახლიდან საავტომობილო გზამდე უმოკლესი დისტანციის მიხედვით, ორ კატეგორიად დაიყო: 1) გზიდან ორას მეტრამდე და 2) ორას მეტრზე შორი მანძილით განლაგებულ საცხოვრისებად.

მონაცემები ჰაერზე

შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაციის მაჩვენებლები ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს [Environment Protection Agency, EPA] მონაცემთა ბაზიდან შეგროვდა. ეს ბაზა, 1988 წლის შემდეგ, ყოველთვიურ საშუალო მაჩვენებელს შეიცავდა როგორც ყველაზე დიდი [PM 10], ისე ყველაზე მცირე დიამეტრის (PM 2.5)  მქონე დამაბინძურებელი ნაწილაკების შესახებ. ამ მონაცემების არარსებობის შემთხვევაში ბაზა აეროპორტების მიერ შეგროვებული ხილვადობის მაჩვენებლებით შეივსო, ხოლო მონაცემები საშუალო დიამეტრის მქონდე ნაწილაკების კონცენტრაციის შესახებ მარტივი გამოკლების წესით შეგროვდა (PM10 - PM 2.5).

შედეგები

უნაყოფობისა და საცხოვრისის სამანქანო გზასთან სიახლოვის დასაკავშირებლად 36,294 ქალისგან შემდგარი საკვლევი პოპულაცია გაანალიზდა.

გზებთან ახლოს მცხოვრებ ქალებს, გზისგან შორს მცხოვრებ ქალებთან შედარებით, საშუალოდ უნაყოფობის 20%-ით უფრო მაღალი რისკი აღენიშნათ.

საკვლევ კოჰორტაში უნაყოფობის 2,508 შემთხვევა დაფიქსირდა, ანუ 2,508 ეპიზოდი, როცა კვლევის მონაწილე ქალი დაორსულებას წარუმატებლად, მინიმუმ, ერთი წლის მანძილზე ცდილობდა. დამატებითი ცვლადების გარეშე, საავტომობილო გზასთან სიახლოვე უნაყოფობის რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვან ზრდას დაუკავშირდა. ჰაერში შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაციის ყოველ ერთ კუბურ მეტრში 10 მიკროგრამით ზრდა [µg/m3] უნაყოფობის რისკის მატებას დაუკავშირდა:

  • PM 2,5 -ის შემთხვევაში ალბათობის ზრდამ 15% შეადგინა (ინტერვალი 1%-30%).
  • PM 2,5-10 -ის შემთხვევაში 14% (ინტერვალი 3%-26%)

  • PM 10 -ის შემთხვევაში 10% (ინტერვალი 3%-18%)

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სოციო-ეკონომიკური სტატუსის გათვალისწინება. მოდელში შემოსავლის ინდიკატორის ჩამატების შემდეგ, სტატისტიკური მნიშვნელობა მხოლოდ PM 2,5-10 -ის [საშუალო ზომის შეწონილი ნაწილაკების] შემთხვევაში შემჩნეულმა დამოკიდებულებამ შეინარჩუნა. მიუხედავად მცირე ვარიაციისა, პირველად და მეორად უნაყოფობას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არ გამოკვეთილა.

რაც შეეხება უნაყოფობის მიზეზებს, გამოკითხულ ქალთა უმრავლესობისთვის მიზეზი უცნობი [1,517 შემთხვევა] იყო. დიაგნოზის შემთხვევაში ყველაზე ხშირად დასახელებულ ფაქტორად 1) ოვულაციური დარღვევები [382 შემთხვევა], 2) კაცებთან დაკავშირებული ფაქტორები [295] და 3) ენდომეტრიოზი გამოიკვეთა. უნაყოფობა საშვილოსნოს მილისა და ყელის ფაქტორებმა, შესაბამისად, 126 და 65 შემთხვევაში გამოიწვია. სტატისტიკურ მოდელში დამატებითი ცვლადების შეტანის შემდეგ, რისკის მატების კოეფიციენტები ასე გადანაწილდა:

  • PM 2,5 -ის შემთხვევაში ალბათობის ზრდამ 22% შეადგინა (ინტერვალი 0.99 - 1.70).
  • PM 2,5-10 -ის შემთხვევაში 14% (ინტერვალი 0.87 - 1.49)

  • PM 10 -ის შემთხვევაში 13% (ინტერვალი 0.94 - 1.35)

ქრონიკული ზემოქმედება

შეწონილი ნაწილაკების ქრონიკული ზემოქმედება, ზემოქმედების ორ და ოთხწლიან ფანჯრებთან შედარებით, უფრო დიდი საფრთხეს ქმნის. ეს ან იმის მაჩვენებელია, რომ ქრონიკული ზემოქმედება მოკლევადიან ზემოქემდებაზე უფრო მნიშვნელოვანია, ან იმის, რომ ჯამური ზემოქმედება უნაყოფობის ჩამოყალიბებასთანაა დაკავშირებული, და არა დიაგნოზის დასმის დროსთან. ამ ასოციაცების შესამოწმებლად მეტი ისეთი კვლევაა საჭირო, რომელიც უნაყოფობისა და ჰაერის კონკრეტულ დამაბინძურებლებს შორის არსებულ შესაძლო კავშირებს განიხილავდა.


დასკვნა/განხილვა/დისკუსია

ეს კვლევა ჰაერის დაბინძურების ინდივიდუალური ზემოქმედების განსაზღვრის პირველი მცდელობაა, სადაც საავტომობილო გზასთან სიახლოვე და შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაცია უნაყოფობის შემთხვევების სიხშირეს უკავშირდება. ჩვენ უნაყოფობის სიხშირეზე საავტომობილო გზასთან სიახლოვისა და შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაციის პოზიტიური - მცირე, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი - ეფექტი შევნიშნეთ. გამოკითხულ ქალთა შორის, კონკრეტულად ოვულაციური დარღვევებითა და კაცთა ფაქტორებით გამოწვეული უნაყოფობა ისევეა ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული, როგორც ზოგადი [სხვა მიზეზებით გამოწვეული] უნაყოფობა.

სხვა კვლევები

ყველაზე დიდი რისკის შემცველი, ჩვენი კვლევის თანახმადაც, შეწონილი ნაწილაკების ზომით საშუალო - PM 2,5 - PM 10 - კატეგორიაა.

არსებული კვლევები, რომელიც ჰაერის დაბინძურებასა და პირველად უნაყოფობას შეისწავლის, თითზე ჩამოსათვლელია. აქამდე გამოქვეყნებულ ერთადერთ (ზემოთნახსენებ) კვლევაში ჰაერში შეწონილი ნაწილაკებისა და აზოტის ოქსიდების კონცენტრაციის ზრდა ნაყოფიერების შემცირებას დაუკავშირდა.

მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები, რომელიც ჰაერის დაბინძურებასა და ადრეულ რეპროდუქციულ შედეგებს ერთმანეთს უკავშირებს, არცთუ მოცულობითია, არსებული ლიტერატურა მათ შორის არსებული დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზების შესახებ გარკვეულ მინიშნებებს შეიცავს.

ბარსელონაში ჩატარებულ კვლევაში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი მხოლოდ იმ შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაციის ზრდას აღმოაჩნდა, რომლის დიამეტრი 2.5 მიკრომეტრსა და 10 მიკრომეტრს შორისაა (PM 2,5 - PM 10). ნაყოფიერების შემამცირებელი [მაგრამ არა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი] ეფექტი აღმოაჩნდა შეწონილი ნაწილაკების სხვა კატეგორიებსაც. ჩვენი ანალიზი, რომელმაც ყველა ზომის შეწონილი ნაწილაკის უარყოფითი ეფექტი დაადგინა, ამ მიგნებებთან თანხვედრაშია.

კვლევა, რომელიც 2000-2007 წლებში,  ჩრდილო-აღმოსავლეთ ამერიკაში შეგროვებულ მონაცემებს ეყრდნობა ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკებიდან, აზოტის დიოქსიდისა და PM 2,5-ის კონცენტრირებას დაორსულების ალბათობის შემცირებას უკავშირებს. საგულისხმოა, რომ წარმატებული პროცედურის ალბათობის შემცირება სტატისტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი მაშინ ხდება, როცა ქალი დაბინძურებულ ჰაერში ემბრიონის ჩასახვის შემდეგ ხვდება.

ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებულ მონაცემებზე აგებული კიდევ ერთი კვლევა, ბრაზილიიდან, ადგენს, რომ მაღალი ჩასახვამდელი შეხება დაბინძურებულ ჰაერთან შეწყვეტილი ორსულობის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს, მაგრამ დაორსულების ალბათობასა ან ორსულობის კლინიკურ შედეგებზე  გავლენა არ აქვს.

ეს და მსგავსი კვლევები შეიცავს მინიშნებებს იმ ბიოლოგიური მექანიზმების შესახებ, რომელიც ჰაერის დაბინძურებასა და უნაყოფობას შორის დადგენილ სტატისტიკურ კავშირებს ხსნის.  

ტერმინოლოგიის ახსნა

♦ µg - მიკროგრამი

♦ გონადი - სქესობრივი ჯირკვალი, რომლის საშუალებითაც სასქესო ორგანოები  [კვერცხუჯრედები და სპერმატოზოიდები] და ჰორმონები წარმოიქმნება. მამაკაცის გონადებია სათესლეები, ქალის - საკვერცხეები. 

♦ პირველადი უნაყოფობა - საერთოდ უშვილობა

♦ მეორადი უნაყოფობა - პირველი შვილის გაჩენის შემდგომი უნაყოფობა

♦ დამაბნეველი ცვლადი [Confounding variables] - ეს ისეთი ცვლადია კვლევაში, რომლის სხვა ცვლადთან ერთობლიობა დამაბნეველ შედეგს იძლევა მონაცემების შეჯამებისა და გაანალიზებისას. ხსენებულ კონტექსტში: მაგ. კონტრაცეფციის გამოყენების ფაქტი საკვლევ ქალებში, რომელიც თავის მხრივ, მოქმედებს შვილოსნობაზე, შესაძლოა, იყოს დამატებითი [და დამაბნეველი] ფაქტორი, რომელიც სხვა ცვლადებთან ერთად [ჰაერის დამაბინძურებლებთან], შედეგების ანალიზისას უნდა იყოს გათვალისწინებული.   

 

 

 სტატია თარგმნა გიორგი ცინცაძემ.  გიორგი ცინცაძე არის ჩიკაგოს უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მეცნიერებების მაგისტრი

 სტატიის თარგმანი ნაწილია 'კაქტუსის' პროექტისა "ჰაერის დაბინძურება და ქალთა ავადობები," რომელიც 'ქალთა ფონდი საქართველოში'  Women's Fund in Georgia მხარდაჭერით ხორციელდება და რომელიც გარემოს დაბინძურებასა და ქალთა ავადობების გავრცელებას შორის კავშირს სწავლობს.

 

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>