გარემო

ანიმაციური დედამიწა & კლიმატის ცხადი ცვლილება




2 მეტრი დიამეტრის მქონე დედამიწის ანიმაციური ანალოგი ქალაქ ვაშინგტონში, ამერიკის ოკეანოგრაფიისა და ატმოსფეროს შესწავლის ადმინისტრაციის [National Oceanic and Atmospheric Administration, NOAA] შენობის პირველ სართულზე, ცალკე გამოყოფილ ოთახში დგას და მუდმივად მასპინძლობს სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მეცნიერებით დაინტერესებულ საზოგადოებას.    

დედამიწის ეს შემცირებული  მოდელი მის ზედაპირზე მიმდინარე ატმოსფერულ შტორმებს, კლიმატსა და ოკეანურ ტემპერატურულ ცვლილებებს რეალურ დროში, ზუსტად ასახავს. ოთახი მკრთალადაა განათებული, რომ მნახველმა გლობუსზე მიმდინარე დინამიური ცვლილებები უფრო ვიზუალურად და ნათლად აღიქვას.

ეს ინფრაწითელი ღრუბლებია”, - ამბობს ადმინისტრაციის მეცნიერ-თანამშრომელი და სფეროზე გამოსახულ წითელ ლაქებზე მიუთითებს, რომლებიც ჩნდებიან, მკრთალდებიან და სხვა ზონისკენ მიიწევენ.

პლანეტა დედამიწის ცვალებადი  ატმოსფეროს შესახებ მონაცემების ერთ ანიმაციურ სფეროზე დატანას ერთი მთავარი მიზანი ჰქონდა: საგანმანათლებლო. მისი შექმნის იდეა NOAA-ს თანამშრომელ მეცნიერს, ალექსანდერ მაკდონალდს ეკუთვნის.  დედამიწის მსგავსი სფერო 2005 წელს, იდეის გაჩენიდან 10 წლის შემდეგ შეიქმნა. შემდეგ მისთვის სპეციალურად შეიქმნა პროექტორები და დაიწერა პროგრამები. ამჟამად სფეროს პროგრამები Linux-ზე მუშაობს. გუნდის მიზანი იყო დედამიწის შესახებ მონაცემები ყველა ასაკის ადამიანთან მიეტანათ და ენახებინათ, რომ მასში მიმდინარე ცვლილებები არა მხოლოდ საყურადღებო, არამედ ვიზუალურად მომნუსხველიცაა.  

მეცნიერებისა პრომოუშენის ონლაინ პლატფორმაც ისეთივე ეფექტურია, როგორც გლობუსი: Goes Image Viewer-ით თუ რუკის რომელიმე ადგილას დააწკაპუნებთ, ალიასკიდან დაწყებული, კანადით გაგრძელებული და სამხრეთი ამერიკით დამთავრებული, წყნარი ოკეანის ჩრდილო და ტროპიკული ნაწილის, ატლანტიკის ოკეანის ტროპიკული ნაწილის, კარიბის კუნძულების, მექსიკის ყურის და სხვა ადგილების ზემოთ, ატმოსფეროში ჰაერის, ნალექების: წვიმისა და თოვლის მასების გადაადგილების, ხილვადობის, ფერების შესახებ მონაცემების ნახვა შესაძლებელია როგორც რეალურ დროში, ასევე ფოტოებით. სატელიტებიდან ონლაინ შემოსული ფოტო-იმიჯები ყოველ 10 წუთში ერთხელ ახლდება და მისი ჩამოტვირთვა ყველას უფასოდ შეუძლია.  

როგორც გლობუსზე, ასევე ონლაინ ასახული მონაცემები კოსმოსში გაგზავნილი სატელიტებიდან მოდის. NOAA-ს ამ ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, სუზან ბიუქენენი ამბობს, რომ მათ სატელიტურ რაკეტებს კოსმოსში ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის ადმინისტრაცია [NASA] უშვებს. ასე რომ, NOAA-ს მონაცემები, შესაძლოა, უფრო ექსკლუზიური ან განსხვავებული იყოს, ვიდრე NASA-ს სატელიტებიდან მიღებული მონაცემები.  

NOAA GOES-ს ონლაინ პლატფორმის სატელიტები სტაციონარულია, რომლებიც აღმოსავლეთ და დასავლეთ შტატებში დგანან, სწორედ ამიტომაც მათი შეგროვებული ინფორმაცია ამერიკის ორ: ჩრდილო და სამხრეთ კონტინენტსა და ოკეანის აუზებს მოიცავს, ისიც ნაწილობრივ. თუმცა, NOAA-ში საერთაშორისო შეთანხმებებიც მუშაობს, რომლის თანახმადაც მათი მონაცემებისა და ფოტოების გამოყენება სხვა, მაგალითად ევროკავშირის წევრ, ქვეყნებსაც შეუძლიათ ამინდის წინასწარმეტყველების ან სხვა მიზნებისთვის.

სატელიტებიდან მიღებული ინფორმაციის მიზანი

კოსმოსიდან დედამიწაზე მიღებული ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამინდის პროგნოზირება, მომავლის მოდელირება და შესაბამისი დაგეგმვაა. მიუხედავად იმისა, რამდენად მშრალია დედამიწის ესა თუ ის ნაწილი, ერთ დღესაც მას, შესაძლოა, ტორნადო, ქარბუქი, წყალდიდობა ან სხვა ბუნებრივი სტიქია დაატყდეს თავს, ადამიანების სიცოცხლე გაანადგუროს და ქონება წყალს გაატანოს.   

თვით NOAA-ში წყლის ინსტიტუტი ფუნქციონირებს, რომელის წყლისგან გამოწვეულ სტიქიებს იკვლევს.  წყლის ნაკადების ეროვნული მოდელირების პროექტის ონლაინ პლატფორმაც ინსტიტუტის ერთ-ერთი პროდუქტია და თითოეულ შტატზე დაწკაპუნებით იძლევა ინფორმაციას იმ შტატის მდინარ(ებ)ის ყოველდღიური მოდინების ხარჯების შესახებ.   

ეს მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული შტატის ადმინისტრაციისა თუ უფრო წვრილი მუნიციპალური ერთეულისთვის.  NOAA-ს მეცნიერები შტატის ადმინისტრაციას წვრთნიან, რათა მათ ინფორმაციის წაკითხვის და გადამუშავების უნარები გამოუმუშავონ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობის გაფრთხილება ან ევაკუირება მოხდეს.    

ნალექების პროგნოზირებისა და მოდელირებისა გარდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ამინდის შემსწავლელ მეცნიერებს აწუხებთ, გვალვაა. განსაკუთრებით ისეთი შტატებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ტეხასი.  

ზედაპირული წყლები ტეხასში  ფუფუნებაა და მოსახლეობა მდინარე კოლორადოდან იმპორტირებულ, გრძელგზაგამოვლილ, ძვირ წყალს იყენებს. ამჟამად მიწისქვეშა წყლების ამოქაჩვის საკითხიც ტეხასის ქალაქ ოსტინში აქტიურად დგას, მაგრამ პროექტი ძვირია: ენერგიის ხარჯისა და მარილიანი წყლის გადამუშავების საჭიროების გამო. 

შესაბამისად, ოსტინში მოქმედებს კანონი, რომლიც თანახმადაც განსაკუთრებით მშრალ პერიოდებში ეზოს გაზონის მორწვა კვირაში მხოლოდ ორჯერ შეიძლება. გაზონის მორწყვის ამ წესს მისდევს ყველა, მათ შორის, ტეხასის წყლის ფონდის დირექტორი, სარა შლეზინგერი. შტატის წყლის მმართველო ორგანოები მოსახლეობას ურჩევენ, რომ გაზონის დაბალი მცენარეების ნაცვლად, ისეთი სახეობები მოაშენონ ეზოში, რომლებსაც ხშირი მორწყვა არ სჭირდებათ [მაგალითად, კაქტუსის მსგავსი სახეობები].  გაზონის მორწყვის ამ წესს მისდევს ყველა, მათ შორის, სარა შლეზინგერიც.

მე ჩემს გაზონს კვირაში მხოლოდ ორჯერ ვრწყავ”, - ამბობს ის და მიწისქვეშა წყლების გამოყენების გეგმებზე საუბრობს. - “მიწისქვეშა მლაშე წყლების გადამუშავება ძვირი პროექტია. ამიტომ, მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ზედაპირული წყლების მარაგებს.” 


კლიმატის ცვლილება და ამერიკელი მეცნიერები

მიუხედავად იმისა, რომ NOAA-ს ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის მონაცემები კლიმატზე, მათ შორის, ტემპერატურის ცვლილებაზე 1870 წლიდან და პროგნოზირება 2100 წლამდე, NOAA-ს მეცნიერებისგან რთულია გაიგოთ სიტყვათშეთანხმება: კლიმატის ცვლილება.  

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, რომელიც კლიმატის ცვლილების პარიზის შეთანხმებიდან 2017 წლის მაისში გავიდა, ფედერალურ დონეზე დასაქმებული მეცნიერები კლიმატის ცვლილებაზე საუბარს ერიდებიან. მეცნიერები საუბრობენ გვალვებზე, ტემპრატურის მატებაზე, ზღვების დონეების აწევაზე, სახეობების გაქრობაზე, მუშაობენ შემარბილებელ ღონისძიებებზე, მაგრამ ამ სიტყვებმა მათ, შესაძლოა, სამსახური დააკარგინონ. 

მეცნიერების ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა ტრამპის გადაწყვეტილება 2017 წელს პარიზის შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ. პროტესტის ნიშნად, ზოგმა მეცნიერმა თავისი ნებით დატოვა კიდეც სამუშაო ადგილი, ნაწილი კი თანამდებობაზე დარჩა და გააგრძელა ამინდის დაკვირვება, მომავლის პროგნოზირება და მოდელირება და სიტყვების ავლით, გააგრძელა კლიმატის ცვლილების ცუდი შედეგების შერბილება.  

ერთ-ერთი მათგანია ტომას გრაზიანოც, რომელიც NOAA-ში მუშაობს და წყლით გამოწვეული სტიქიების ეროვნული წინასწარმეტყველებისა და ეროვნული ამინდის სერვისის დირექტორია. მისი ოფისი დედამიწის ანიმაციური გლობუსის ოთახის შენობაში, მეათე სართულზეა. 

ამინდის მოდელირებასა და ნალექების შესახებ მონაცემებზე [რასაც მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა] ერთსაათიანი საუბრის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვაზე, სჯერა თუ არა კლიმატის ცვლილების, გრაციანო რამდენიმე წამით ყოვნდება და პასუხს ამზადებს. 

ამ დროს, ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, სუზან ბიუქენენი, თვითონ სცემს პასუხს ჟურნალისტს.

ბატონ გრაზიანოს ასეთ კითხვას ნუ უსვამთ. ის პოლიტიკოსი არ არის. ის მეცნიერია.”

სიტყვებს “კლიმატის ცვლილება” უფრო თამამად წარმოთქვამენ კალიფორნიაში მოღვაწე მეცნიერები - შტატში, სადაც კლიმატის ცვლილების უარმყოფელმა დონალდ ტრამპმა არჩევნები წააგო. სკრიპის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელი მეცნიერი დაგლას ოლდენი, რომელიც კლიმატის ცვლილების ოკეანეებსა და მასში ბინადარ ცოცხალ არსებებზე გავლენას 15 წელია სწავლობს, არ ერიდება დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებზე საუბარს.

კლიმატის ცვლილება რეალურია,” - ეუბნება ის ჟურნალისტებს და მის ხელთ არსებულ სხვადასხვა ხელსაწყოებს უჩვენებს, რომლებითაც ის და მისი გუნდი ამინდსა და წყნარ ოკეანეში მიმდინარე ცვლილებებს ყოველდღე აკვირდებიან, ინიშნავენ და მომავლის დასაგეგმად იყენებენ. 

  

 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>