გარემო

დინოზავრებიც იგივე წყალს სვამდნენ




“ნებისმიერი წყალი გადამუშავებულია. დინოზავრებიც იგივე წყალს სვამდნენ, რასაც ჩვენ,” - წერია პლაკატზე, რომელიც ქალაქ ვაშინგტონში, წყლის გადამუშავების ასოციაციის ოფისის შეხვედრების ოთახის შესასვლელშია გაკრული და მისი მიზანია ყველა დააფიქროს წყალზე, როგორც რესურსზე, რომელიც ბუნებაში ციკლურად ბრუნავს: ჯერ დედამიწის ზედაპირიდან აორთქლდება, ატმოსფეროში ადის, გრილდება, წყლის ან თოვლის სახით კონდენსირდება ღრუბლებში და ნალექების სახით, ისევ დედამიწაზე ბრუდება.

“ასტრონავტები გადამუშავებულ წყალს იყენებენ. ჩვენც გვაქვს ტექნოლოგიები, რომ იგივე გაკავეთოთ.” თუკი კოსმოსის მკვლევარი NASA-ს მეცნიერები ასე იქცევიან, დედამიწაზე მცხოვრებლებს რატომ გვაქვს მეტი ფუფუნების უფლება?

მიუხედავად იმისა, რომ NASA-ს სატელიტებიდან დედამიწის წყლის მარაგი, ოკეანეებისა და ზღვების სახით, უხვად მოჩანს, დედამიწის სხვადასხვა წერტილზე წყლის გადანაწილება მაინც არათანაბარია: 2  მილიარდზე მეტ ადამიანს დედამიწაზე [მოსახლეობის საერთო რაოდენობა - 7 მილიარდი] სუფთა სასმელ წყალზე [შესაბამისად, სანიტარიასა და ჰიგიენაზე] ხელი არ მიუწვდება.

წყლის გადამუშავების ასოციაცია - WaterReuse Association  არის ორგანიზაცია, რომელიც მუნიციპალური წყლის გაყვანილობის სისტემებს, ბიზნესებს, მეცნიერებს, ინსტიტუციებს, ასევე ამერიკის 6 შტატის - არიზონის, კალიფორნიის, კოლორადოს, ფლორიდის, ნევადის და ტეხასის შტატის წყლის გადამუშავების ასოციაციებს აერთიანებს, რომლებიც ერთად ზრუნავენ წყლის რაციონალურად გამოყენებაზე. ორგანიზაცია მონაწილეობს კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემუშავებასა და დახვეწაში, ახალი იდეების შექმნაში, ფონდების მოძიებაში და გადამუშავებული წყლის მიმართ ხალხის ცნობიერების ამაღლებაში. 

რამდენ ლიტრს წყალს ვხარჯავთ, როდესაც შხაპს ვიღებთ, ტუალეტს ჩავრეცხავთ, გაზონს ვრწყავთ,  ჭურჭელს ვრეცხავთ ან სულაც, როცა წყლის ონკანი ცუდად მუშაობს და წვეთავს? იქნებ შხაპის ქვეშ გატარებული ათეულობით წუთი უპასუხისმგებლო ფუფუნებაა?

წყლის გადამუშავება სასმელად უვარგისი მუნიციპალური წყლის, შტორმის, წვიმის, მარილიანი წყლის სხვადასხვა მიზნებით: სასმელად, მოსარწყავად ან გასაგრილებელი სისტემებისთვის გადამუშავების პროცესს გულისხმობს. 

ტუალეტიდან ონკანამდე 

დალევდით თუ არა გადამუშავებულ წყალს, რომელიც იცით, რომ მანამდე ტუალეტის ჩასარეცხად ან შხაპის მისაღებად გამოიყენეს?

ასეთი წყლის სასმელ სტანდარტამდე მიყვანა დღევანდელი ტექნოლოგიებით შესაძლებელია. ადამიანმა ეს ტექნოლოგია დაახლოებით 50 წლის წინ გამოიგონა. თუმცა, წყლის მენეჯერებისა, ქიმიკოსების თუ ინჟინრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა დღემდე მოსახლეობის ცნობიერების შეცვლაა: ადამიანების უმრავლესობა ერთ დროს ტუალეტისთვის გამოყენებული წყლის სასმელად გამოყენებას დიდად არ მიესალმება.  

ამერიკის ისეთ ცხელ შტატებში, როგორებიცაა, მაგალითად, კალიფორნია ან ტეხასი, თითოეული ლიტრი წყალი ითვლება და ფასდება. მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად კი კიდევ უფრო მკაცრად დაითვლება და გაძვირდება. 

სასმელი წყლის ნაკლებობისა და სიძვირის გამო, ტუალეტის წყლის სასმელ წყლად გადამუშავება კალიფორნიის შტატში ჯერ კიდევ 11 წლის წინ დაიწყო: კალიფორნიის შტატის ორინჯის ოლქში [Orange County], სადაც 3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მუნიციპალიტეტმა 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო წყლის გადამამუშავებელი ქარხნის ასაშენებლად

იმისათვის, რომ გადამუშავებული წყლის სასმელად მოხმარების ტაბუ დაენგრიათ, 2017 წელს ამერიკულმა ლუდის მწარმოებელმა კომპანიებმა, მათ შორის, Stone Brewing Co-მ, ლუდის ჩამოსასხმელად გადამუშავებული წყალი გამოიყენა. ეს ფაქტი მედიაში ფართოდ გაშუქდა და მაგალითს სხვა დიდმა მწარმოებელმა კომპანიებმაც მიმართეს. 

მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა კალიფორნიის შტატის ქალაქ სან დიეგოს წყლის გადამამუშავებელი კომპანიისთვისაც, რომლის ერთ-ერთი პროექტია “სუფთა წყალი სან-დიეგოსთვის” [Pure Water San Diego].

“როცა მოსახლეობამ გაიგო, რომ ტუალეტის გადამუშავებული წყალი ონკანში უნდა მიგვეწოდებინა, პროტესტი გამოთქვეს. მათი ცნობიერების შესაცვლელად ცალკე ძალისხმევას ვდებთ. არაერთხელ შევხვდით მათ, ავუხსენით წყლის გადამუშავების ფაზები. ახლა ნაკლები პრეტენზიები აქვთ,” - ამბობს კაროლინ ჯინო, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან დიეგოს კომუნალური სერვისების დეპარტამენტის წარმომადგენელი.  

სან დიეგოს ფილტრაციის ქარხანაში წყალი 5 ბარიერს გადის.

  • ოზონიზაცია [Ozonation] - ოზონი, გაზის სახით, წყალში  იწნიხება და გრძელ მილს გადის, რასაც ოზონის კონტრაქტორს ეძახიან. ოზონი წყალში არსებულ მიკროორგანიზმებს ანადგურებს, მათთან რეაქციაში შედის, ხსნის და შლის დამაბუნძურებლებს. ფილტრაციის შემდეგ ნაბიჯამდე, ოზონის მარაგი უკვე ამოწურულია: ის წყალთან შედის რეაქციაში და ჟანგბადად გარდაიქმნება.     
  • ბიოლოგიურად გააქტიურებული ნახშირბადით დამუშავება [Biological Activated Carbon Filters, BAC] - ფილტრებში არსებული ნახშირბადის გრანულები ბაქტერიებითაა დაფარული, რომლებიც ჟანგბადის არსებობის პირობებში მრავლდებიან. ნახშირბადის გრანულებში არსებული ბაქტერიები წყალში არსებული ორგანული ნაწილაკების 30-50 პროცენტს შთანთქავენ. წყალში დარჩენილი ბაქტერიები წმენდის შემდეგ საფეხურზე ნადგურდებიან.
  • მემბრანული ფილტრაცია [Membrane Filtration] - მემბრანული ფილტრაციის პროცესი მოგრძო ცისტერნებში ხდება. წყალი ბოჭკოვან ფილტრს გადის, რაც წყალს მყარი ნაწილაკებისა და ბაქტერიების 99.99 პროცენტს აშორებს.
  • შებრუნებული ოზმოზის მეთოდი [Reverse Osmosis] - ამ ეტაპზე წყალი დიდი წნევით სპირალურ მემბრანულ ფილტრს გადის, რომელიც წყალს მარილების, მინერალებისა და ორგანული ნაწილაკების 99 პროცენტს აცილებს, მათ შორის, ფარმაცევტულ და სხეულის მოვლის საშუალებების ნარჩენებს. ეს მეთოდი წყლის ბოთლებში ჩამოსხმის დროს ყოველთვის გამოიყენება.
  • დეზინფექცია ულტრაიისფერი სხივებით [Ultraviolet Disinfection] - ეს წყლის დამუშავების ბოლო ეტაპია. რეაქტორში არსებული 72 ულტრაიისფერი სხივი ნებისმიერი მიკრობისა და ვირუსის დნმ-ს შლის. ამავე დროს, გაძლიერებული ოქსიდაცია ძლიერ რეაქტიულ მოლეკულებს წარმოშობს, რომლებიც ჟანგავენ და ანადგურებენ წყალში დარჩენილი ნებისმიერი დამაბინძურებლის ბოლო კვალს. 

ბოლო ეტაპის გავლის შემდეგ, სითხე სასმელი წყლის ამერიკის ფედერალურ სტანდარტს აკმაყოფილებს.  2011 წლიდან დღემდე, სან დიეგოს წყლის გადამამუშავებელი დაწესებულება ყოველდღე დაალოებით 3 მილიონ ლიტრ წყალს გადაამუშავებს. 

რატომ გადამუშავება [და არა წყლის ახალი ბუნებრივი წყაროების ძიება]?

“წყლის გადამუშავება ხარჯთეფექტურია: გადამუშავება უფრო მარტივია, ვიდრე წყლის ახალი ბუნებრივი წყაროების მოძიება, რომელიც ამა თუ იმ შტატში, მოსახლეობის მზარდი დემოგრაფიის ფონზე, საკმარისი არ არის. გადამუშავება სასარგებლოა გარემოსთვისაც: ბუნებაში დაბინძურებული სახით მისი ჩაშვება მეტი ტვირთი იქნებოდა, ვიდრე მისი გადამუშავება,” - ამბობს პატრიცია სინკროპი, ამერიკის წყლის გადამუშავების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. 

WaterReuse-ის ინფორმაციით, აიდაჰოს შტატი 6.5 მილიარდ გალონ წყალს გადაამუშავებს სოფლის მეურნეობის ნაკვეთების მოსარწყავად. კომპანია “ჯენერალ მოტორსი” შტორმის წყალს აგროვებს და შენობების გასაგრილებლად იყენებს, რის შედეგადაც 2 მილიონ დოლარს ზოგავს. ორინჯის ოლქი საკუთარი მოსახლეობის მესამედს გადამუშავებულ წყალს აწვდის. “ჰილტონი” სამხრეთ კაროლინაში გოლფის კორტების მოსარწყავად მხოლოდ გადამუშავებულ წყალს იყენებს. 

Bluefield Research-ის ინფორმაციით, 2027 წლისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველდღე გადამუშავებული წყლის მოცულობა 37%-ით გაიზრდება.  

The Wall Street Journal-ს ინფორმაციით, მომავალში ქალაქების უმრავლესობის წყლის მთავარი მარაგი ტუალეტის წყლის გადამუშავებით მიღებული სითხე იქნება.    

ეს ცირკულარული ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია: ის, რაც ქალაქის ეკონომიკაში შემოედინება, უნდა გადამუშავდეს და ხელახლა მოიხმაროს. ეს ეხება ქაღალდს, მინას, საკვების ნარჩენებს. წყლის მენეჯმენტში ტუალეტის სითხის სასმელ წყლად გადამუშავება კი მომავლის პერსპექტივაა.  

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>