ჯანდაცვა

მუსიკალურ ფესტივალ ექოვეივის მონაწილეები დააკავეს




ბოლო 3 დღის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ფესტივალ "ექოვეივის" მონაწილე არაერთი ახალგაზრდა დააკავეს. დაკავებულების მეგობრების თქმით, ისინი ზუგდიდისა და ფოთის იზოლატორებში გადაანაწილეს. 

განსხვავებული მონაცემები 

დაკავებულების რაოდენობასთან დაკავშირებით სხვადასხვა მონაცემები აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფესტივალის მონაწილეებს.  სამინისტროს განცხადებით, 16 ადამიანი დააკავეს, ხოლო მონაწილეები ამბობენ, რომ დაკავებულები გაცილებით მეტი იყო - დაახლოებით 50 ფესტივალის მონაწილე. 

მონაცემებს შორის ასეთი სხვაობა, მათი თქმით, შესაძლოა, იმიტომ არსებობს, რომ სპონტანურად დაკავებულების ნაწილს მალევე უშვებდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, 13 პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, ხოლო 3 - ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება კი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით და 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

ფესტივალის მონაწილეები, რომლებიც ამჟამად ანონიმურად საუბარს ამჯობინებენ, ამბობენ, რომ პოლიციელებს ფორმები არ ეცვათ და მათი იდენტიფიცირება, როგორც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების, შეუძლებელი იყო. მონაწილეების თქმით, პოლიციელები ფესტივალის ხალხში ისე იყვნენ გარეულები, როგორც ფესტივალის მონაწილეები.  

"ჩვენს მეგობრებს თავისუფლების სანაცვლოდ თხოვენ 7000 ლარს და 5 წელს პირობით სასჯელს," - ამბობენ ისინი.

ერთი დაკავებულის მონაყოლი 

ერთ-ერთი დაკავებულის თქმით, რომელსაც სახელისა და გვარის გამხელა არ სურს, ის და მისი მეგობარი 24 აგვისტოს, დაახლოებით 00:10 საათზე, დააკავეს. მისი თქმით, ის ხიდზე გადადიოდა, როდესაც ჯერ უცნობმა პირებმა მას "ხელი გადაჰხვიეს" და მოფარებულ ადგილას გადაიყვანეს. შემდეგ კი აღმოჩდა, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ. მას შემდეგ, რაც ნარკოტიკები აღმოუჩინეს, უცნობებმა ფორმიანი კოლეგები გამოიძახეს ოქმის შესავსებად.  

"მუქარით ცდილობდნენ გასაღებაზე დაჭერას," - ამბობს ის.

შემდეგ, მისი თქმით, ის ზუგდიდის ნარკოლოგიურში წაიყვანეს, შემდეგ კი - ფოთის იზოლატორში. მისი თქმით, მისი მიყვანის მომენტში ფოთის იზოლატორში უკვე დაახლოებით 40 დაკავებული იმყოფებოდა - "ყველა ექოდან." მათ ნაწილს მალევე უშვებდნენ.  

ფოთის იზოლატორში ყოფნის პერიოდში მასთან სანახავად ფესტივალის წარმომადგენელი მივიდა და "ნარკანი," იგივე "ნალოქსონი" შესთავაზა, რაც მას არ აუღია.

"ორგანიზატორმა ეგ უნდა შემომთავაზოს, როცა მის ფესტივალზე 2 აბი ექსტაზის გამო სტუმარს იჭერენ ? ამ მიზეზის გამო არ გამოვართვი."

 ["ნალოქსონი" სამედიცინო საშუალებაა, რომელსაც ოპიოიდების - ჰეროინის ან ფენტანილის - ზედოზირების მყისიერი მოხსნა და ადამიანის სიკვდილისგან ხსნა შეუძლია. "ნალოქსონი" საქართველოში მხოლოდ ინექციის სახით იყიდება და მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემა].
 
მისი თქმით, ამის შემდეგ, ფესტივალ "ექოვეივის" ორგანიზატორი წავიდა და მისი და მეგობრის მდგომარეობა არ მოუკითხავს. ფოთის იზოლატორში, მისი თქმით, მან და მისმა ერთმა მეგობარმა 48 საათი გაატარეს. შემდეგ გაიმართა სასამართლო, სადაც ის და მისი მეგობარი 7,000 ლარი გირაოს სანაცვლოდ და 5 წლიანი პირობითი სასჯელით, გაათავისუფლეს.   

თანხის გადახდის ვადას მას და მის მეგობარს 5 დღეში შეატყობინებენ. 

სხვა მონაწილის მონაყოლი 

ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც არ დუკავებიათ და წინა წლებშიც ესწრებოდა "ექოვეივს", ამბობს, რომ წელს ფესტივალზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყვნენ პოლიციელები. 

"ამდენი პოლიციელი მუსიკალურ ფესტივალზე არ მინახავს. ყველას სხვადასხვა სახის ფორმა ეცვა, ზოგს - საერთოდ არ ეცვა. მათი ნაწილი საცეკვაო მოედანზეც იყო."

მისი თქმით, 23 აგვისტოს, დაახლოებით 00:10 საათზე, ფესტივალის განმუხურის შესასვლელიდან ნახა, როგორ დააკავეს ახალგაზრდები, ხოლო მისმა მეგობრებმა - მთავარი, ხიდის შესასვლელიდან - შეამჩნიეს დაკავების ტალღა. 

კიდევ ერთი ადამიანის დაჭერის ფაქტი მან 24 აგვისტოს, საღამოს დაახლოებით 11:00 საათზე შეამჩნია. მისი თქმით, ერთი ახალგაზრდა, რომელიც 3 პოლიციელს უძალიანდებოდა, სცენა Sunset-იდან გაიყვანეს.  

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>