შესავალი
ძუძუს კიბო, რომელიც ქალთა შორის ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებაა, სამედიცინო ლიტერატურაში განსაკუთრებული ყურადღების საგანია. მიუხედავად იმისა, რომ ქალებში ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მეტი შემთხვევა ძუძუს კიბოს უკავშირდება, დღეს დადგენილი მის გამომწვევ მიზეზთა მხოლოდ მცირე ნაწილია - დანარჩენ შემთხვევებს დღემდე უცნობი ფაქტორები იწვევს.
ცნობილია ძუძუს კიბოსთან დაკავშირებული რამდენიმე რისკ-ფაქტორი: მათ შორისაა გენეტიკური მიდრეკილება, პირველი მშობიარობის 30 წელს გადაცილებული ასაკი, ადრეული მენოპაუზა, ალკოჰოლის მიღება, ჭარბი წონა და რადიაცია.
თუმცა — გავრცელებული მოსაზრების თანახმად — დღემდე გამოვლენილი რისკ-ფაქტორები ძუძუს კიბოს შემთხვევათა მხოლოდ ნახევარს ხსნის. დანარჩენი შემთხვევები ჯერაც უცნობი ფაქტორებითაა გამოწვეული.
ასეთი მდგომარეობა — ერთი მხრივ ძუძუს კიბოს ეპიდემიოლოგიური გავრცელება, მეორე მხრივ კი მის გამომწევ მიზეზთა გრძელი და ჯერაც არასრული სია — მრავალმხრივი და ამავდროულად ფრთხილი მიდგომის აუცილებლობაზე მიუთითებს.
განსაკუთრებით იმედისმომცემია კვლევები, რომლებიც ჯანმრთელობას არა მხოლოდ ტრადიციულ რისკ-ფაქტორებს — მაგალითად გარემოს ქიმიურ დამაბინძურებლებსა და გენეტიკურ მემკვიდრეობას — არამედ ცხოვრების წესისა და საცხოვრებელი გარემოს სხვა, ნაკლებად შესწავლილ, მახასიათებლებს უკავშირებენ.
ასეთია კვლევა, რომელსაც ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ. მისი მიზანი მწვანე სივრცეებსა და ძუძუს კიბოს შემთხვევათა სიხშირეს შორის არსებული შესაძლო კავშირების დადგენაა. ის ესპანეთში ჩატარდა და 2018 წელს გამოქვეყნდა.
ცნობილია კავშირები მწვანე სივრცეებსა და ჯანმრთელობის ზოგად მაჩვენებლებს შორის. აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინეს, რომ საცხოვრებლის მწვანე სივრცეებთან სიახლოვე გულსისხლძარღვთა დაავადებების სიხშირეს და სიკვდილიანობას ამცირებს. მწვანე სივრცეებთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას გაუმჯობესებული ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა და შობადობის უკეთესი მაჩვენებლებიც ახასიათებს.
რამდენიმე ეპიდემიოლოგიური კვლევა მწვანე სივრცეებს ონკოლოგიურ დაავადებებსაც უკავშირებს. ერთი კვლევის თანახმად, გამწვანება სახლის გარშემო პროსტატის კიბოს შემთხვევების სტატისტიკურად მნიშვნელოვან კლებასთანაა ასოცირებული.
ქალთა ჯანმრთელობის დიდმა კოჰორტულმა კვლევამ კი, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ გამწვანება ქალებს შორის ონკოლოგიური დაავადებების სიკვდილიანობას ამცირებს.
იმ მექანიზმების ამოცნობა, რომელიც მწვანე სივრცეების ამ ეფექტებს წარმოშობს, განსაკუთრებით რთულია და ხშირად არც ხერხდება.
მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ მწვანე სივრცეებთან სიახლოვე ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესის გავრცელებას უწყობს ხელს და ჯანმრთელობის გაუმჯობესებულ მაჩვენებლებს ამით ხსნის. დადასტურებულია, რომ უბნებში, სადაც მწვანე სივრცეები მრავლადაა, ადამიანები ფიზიკურად უფრო აქტიურ ცხოვრების წესს მისდევენ, ფიზიკური აქტივობა კი, თავის მხრივ, ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენციის დადასტურებული გზაა.
კვლევა, რომელიც მწვანე სივრცეებთან სიახლოვეს არა ჯანმრთელობის ზოგად მაჩვენებლებს, არამედ კონკრეტულად ძუძუს კიბოს უკავშირებს, აქ განხილულ კვლევამდე არ ჩატარებულა.
მასალები და მეთოდები
ამ კვლევისთვის მონაცემები 2008 წლიდან 2013 წლამდე გროვდებოდა. მასში 17 საავადმყოფო მონაწილეობდა ესპანეთის 10 რეგიონიდან. მონაცემთა ბაზისთვის საავადმყოფოების მიერ მოწოდებული საინფორმაციო არქივიდან ძუძუს კიბოს მქონე 1,738 პაციენტი შეირჩა, რომლებმაც საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე თანხმობა განაცხადეს.
რაც შეეხება საკონტროლო ჯგუფს, ის იმავე მონაცემთა ბაზიდან შემთხვევითობის პრინციპით აირჩა. მათი ასაკი, პაციენტთა მსგავსად, 20-დან 85 წლამდე მერყეობდა და არცერთ მათგანს სამედიცინო ისტორიაში ძუძუს კიბო, ან სხვა რომელიმე ონკოლოგიური დაავადება, არ აღენიშნებოდათ.
კვლევის მონაწილე ქალთა დიდმა რაოდენობამ უზრუნველჰყო, რომ კვლევაში მოხვედრილი თითოეული რეგიონიდან ძუძუს კიბოს შემთხვევებისა და საკონტროლო მონაწილეების მეტ-ნაკლებად თანაბარი რაოდენობა მოხვდა.
პირველ ეტაპზე მკვლევარებმა 1,738 პაციენტთან და საკონტროლო ჯგუფის წევრ 1,910 ქალთან სიღრმისეული ინტერვიუები ჩაატარეს და კითხვარების საშუალებით მათი ცხოვრების წესის, სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის, განათლებისა და ჯანმრთელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეაგროვეს.
მეორე ეტაპზე, კვლევის მონაწილე პაციენტთა და საკონტროლო ჯგუფები, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რამდენიმე კატეგორიაში გადანაწილდა. ქალაქში მაცხოვრებელი ქალებისთვის კატეგორიები გამწვანებული სკვერებისა და ქალაქის პარკებისგან მანძილის მიხედვით სამ ბუფერულ ზონად განისაზღვრა. ეს ზონები შემდეგნაირად გადანაწილდა: (1) მწვანე სივრცე 100 მეტრის რადიუსში, (2) მწვანე სივრცე 100-დან 300-მდე მეტრის რადიუსში, (3) მწვანე სივრცის გარეშე 300 მეტრის რადიუსში.
რაც შეეხება ქალაქგარეთ მაცხოვრებელ ქალებს, მათი საცხოვრებლებიც 3 კატეგორიად, სასოფლო-სამეურნო მიწებიდან დისტანციის მიხედვით დაიყო.
კვლევისთვის “მწვანე სივრცედ” განისაზღვრა ქალაქის ის სკვერები და პარკები, სადაც მწვანე საფარი მინიმუმ 0.25 ჰექტარს მოიცავს, ხოლო ქალაქგარეთ ის სივრცეები, სადაც ტყე მინიმუმ ერთ ჰექტარს ფარავს.
შედეგები და განხილვა
საცხოვრებლის მწვანე სივრცეებთან სიახლოვე ძუძუს კიბოს რისკის მნიშვნელოვან კლებას დაუკავშირდა.
ქალებს, რომლებიც მწვანე სივრცეებიდან 300 მეტრის რადიუსში ცხოვრობენ — მათთან შედარებით, ვისი საცხოვრებლის გარშემოც ამ მანძილზე მწვანე სივრცე არ არსებობს — ძუძუს კიბოს ჩამოყალიბების 35%-ით შემცირებული რისკი აღმოაჩნდათ.
მწვანე სივრცის არსებობა საცხოვრებლიდან 100 მეტრის რადიუსში რისკის კიდევ უფრო მნიშვნელოვან, 45%-იან კლებას დაუკავშირდა.
საინტერესოა ისიც, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებთან ახლოს [300 მეტრის რადიუსში] მცხოვრებ ქალებს ძუძუს კიბოს ჩამოყალიბების გაზრდილი რისკი აღენიშნათ. აქ რისკის 33%-იანი ზრდა გამოვლინდა.
რისკსა და მწვანე სივრცესთან სიახლოვეს შორის აღმოჩენილი ეს კავშირები მაშინაც შენარჩუნდა, როცა სტატისტიკურ ანალიზში სხვა შესაძლო დამაბნეველი ცვალდებიც — მაგალითად სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა, ჭარბი წონა და ცხოვრების წესი — შევიდა.
მონაწილე ქალთა საცხოვრებლის მწვანე სივრცესთან სიახლოვის მიხედვით სამ კატეგორიად დაყოფამ მკვლევარებს მწვანე საფარსა და ძუძუს კიბოს ჩამოყალიბების რისკს შორის ხაზობრივი ურთიერთობის განსაზღვრის საშუალება მისცა. მათი ანალიზით ხაზობრივი ურთიერთობა ამ ორ ცვლადს შორის მკაფიოდ გამოვლინდა — რაც უფრო ახლოსაა საცხოვრებელი მწვანე საფართან, მით ნაკლებია ძუძუს კიბოს ჩამოყალიბების რისკი.
ამ კავშირების გამომწვევი მექანიზმების გამოვლენა, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, განსაკუთრებით რთულია.
კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ მწვანე სივრცესთან სიახლოვე ძუძუს კიბოს რისკს რამდენიმე ურთიერთდამოკიდებული გზით ამცირებს. მწვანე სივრცესთან სიახლოვეს ფსიქიური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ჯანმრთელი ცხოვრების წესის წახალისება შეუძლია. ხშირად მწვანე სივრცეები დამაბინძურებლებისგან დამცავი ერთგვარი ბუფერული ზონაცაა, რომელიც მის გარშემო მაცხოვრებელ მოსახლეობას ქალაქში გავრცებული ჰაერის დამაბინძურებლებისგან იცავს. თუმცა, გამომწვევი მექანიზმების შესახებ შესასწავლი ჯერაც ბევრია.
♦ სტატია თარგმნა გიორგი ცინცაძემ. გიორგი ცინცაძე არის ჩიკაგოს უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მეცნიერებების მაგისტრი
♦ სტატიის თარგმანი ნაწილია 'კაქტუსის' პროექტისა "ჰაერის დაბინძურება და ქალთა ავადობები," რომელიც 'ქალთა ფონდი საქართველოში' Women's Fund in Georgia მხარდაჭერით ხორციელდება და რომელიც გარემოს დაბინძურებასა და ქალთა ავადობების გავრცელებას შორის კავშირს სწავლობს.