გვანცა მაშინ 24 წლის იყო და სტამბულში ისვენებდა. უცნობმა მეზობელმა გოგომ მარიხუანა შესთავაზა, რომელიც სინამდვილეში არა კანაფი, არამედ სინთეტიკური ნივთიერება - “ბენზაი” აღმოჩნდა. მისი მოწევიდან დაახლოებით 10 წამში გვანცა ცუდად გახდა. კიდურებში მგრძნობელობა დაკარგა.
- რომ ვიდექი, იმას ვიაზრებდი, რომ არ უნდა წავქცეულიყავი, მაგრამ ვეღარც ვგრძნობდი და ვერც ვამოძრავებდი ხელებს. მხედველობა დამეკარგა, იმიტომ რო მარტო ერთ წერტილს: რასაც ვუყურებდი, მხოლოდ იმას ვხედავდი. დანარჩენი ყველაფერი “ბლარში” იყო გარშემო.
- არ შეგეშინდა იმ მომენტში?
- ძალიან შემეშინდა. ეგრე ცხოვრებაში არ შემშინებია… სიკვდილის შემეშინდა. სასტუმროს დერეფანში ვიჯექი, ჩემი ნომრის კარებთან და ვერ ვაღებდი, იმიტომ რომ ხელს ვერ ვწევდი, რომ კარი გამეღო და შიგნით შევსულიყავი.
გვანცა მეგობრის სატელეფონო ზარმა გადაარჩინა.
- შემთხვევით დამირეკა ჩემმა დაქალმა ტელეფონზე და რაღაცა ორ სიტყვას მოვაბი თავი. ვუთხარი, მგონი, ვკვდები-თქო. დერეფნის ბოლოდან ვხედავდი ძაან საშიშ რაღაცეებს, რომ მეთქი, მორჩა, ეს ის არის. ანუ ეგეთი შემთხვევა პირველად იყო და უკანასკნელად. ეგეთი რაღაც არ დამმართნია არასდროს. Bad trip-ი ქვია მაგას, ასე ვთქვათ. ცუდი მოგზაურობა.
დასაწყისი
გვანცა 17 წლის გათხოვდა, ბავშვი გააჩინა და მომდევნო სამი წლის განმავლობაში ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობდა. პირველად კლუბში ქმართან განქორწინების შემდეგ, 21 წლის ასაკში წავიდა. პროტესტის გრძნობა ჰქონდა იმის გამო, რომ ნაადრევი ქორწინებით საკუთარ თავს თავისუფლება წაართვა და თავად მოზარდი, არც დედობისთვის იყო მზად. კლუბში წასვლით კი ყველაფრის ანაზღაურებას ცდილობდა თითქოს.
- 17 წლის რადგან გავთხოვდი. მიხვდებით, ალბათ, რომ არ მინახავს არც გართობა, არც ეს კლუბური ცხოვრება. წარმოდგენა არ მქონდა საერთოდ არაფერზე და მერე უცებ თავისუფალი რომ გავხდი, ყველაფერი ერთად მომინდა.
კვირის განმავლობაში კლუბში 3-ჯერ ან 4-ჯერ მიდიოდა და დროს სახლში ნაკლებად ატარებდა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელების გასინჯვა.
შემდეგ იყო მარიხუანა.
ეტაპი N1 - ბედნიერება
წელიწადნახევრიანი ქაოტური კლუბური ცხოვრების შემდეგ გვანცამ კლუბებში სიარულის ინტენსივობის დარეგულირება გადაწყვიტა. გართობისთვის პარასკევი და შაბათი დღე გამოჰყო. ამ დროისთვის, გვანცა უკვე ისეთ გარემოში აღმოჩნდა, სადაც კლუბურ ნარკოტიკებზე საუბარობდნენ. მის გარშემი მყოფები საკუთარი გამოცდილების შესახებ ამბებს ყვებოდნენ.
- მაშინ დაიწყო რაღაც-რაღაცეების ნელ-ნელა გასინჯვის ეტაპებიც უკვე.
პირველი აბის მიღებამდე გვანცამ ნარკოტიკების გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით მოიძია.
- წავიკითხე ჯერ ვიკიპედიაში, მერე ვკითხე მეგობრებს, რომლებიც, ნუ ვიცოდი, რომ არ დამიმალავდნენ და რა თქმა უნდა, გადაფასება ხდება მაგ დროს, რამდენად გიღირს ეს ერთი თუ ორდღიანი სიამოვნება მთელ შენ დარჩენილ ცხოვრებად.
კლუბური ნარკოტიკიდან პირველად მეგობართან ერთად ნახევარი აბი ექსტაზი გასინჯა. [ნარკოტიკი თავად არ უყიდია. დაპატიჟეს.]
- ეს აბი, რომელიც პირველად გასინჯე, ვინ მოგცა?
- არ მახსოვს.
- იყიდეთ თუ?
- არა, არა, არ გვიყიდია. დაგვპატიჟეს კლუბში, ჩემი დაქალის მეგობარმა დაგვპატიჟა. ოღონდ არ მახსოვს ვინ.
- ანუ იცოდი რეალურად რას იღებდი მაშინ?
- კი.
- ენდობოდით ისეთი ადამიანისგან მიიღეთ ეს აბი?
- ყოველ შემთხვევაში, ჩემი დაქალი ენდობოდა.
ეს იყო ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ მოქცევისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, რომელიც დასაწყისში საშიშად არ გამოიყურებოდა.
- მომეწონა ეს მდგომარეობა, ეიფორია, სიხარული. ყველაფერი რომ მაბედნიერებდა. ყველაფერი უფრო ნათელი რო ხდებოდა. ესენი მომეწონა… ცეკვა გინდა. ცეკვის დროს ენერგიას ხარჯავ. უარყოფით ენერგიას, რა თქმა უნდა… გამბედავი ხდები და გგონია, რო აღარაფერი აღარ გაშინებს, თითქოს.
ექსტაზის შემდეგ, 24 წლის ასაკში, გვანცამ, მისი თქმით, უფრო “მძიმე” ნარკოტიკული საშუალება - LSD გასინჯა. ფიქრობს, რომ გაუმართლა, რადგან მისი ხშირი მიღება არ დაიწყო და მასზე დამოკიდებული არ გახდა. გვანცას თავად უნახავს, თუ რა გვერდითი ეფექტი აქვს LSD-ის ადამიანებზე.
- რამდენიმე ადამიანი მინახავს ჩემს გარშემო, რომლებსაც იმდენად მოეწონათ, რომ მერე ინტენსიურად დაიწყეს ამ LSD-ის მიღება და ეტყობათ, ლაპარაკზე ეტყობათ უკვე, რომ აბსოლუტურად სხვა სამყაროში არიან. რეალობის შეგრძნება აქვთ დაკარგული. ესე ვერ იტყვი, რომ ნორმალურები აღარ არიან, მაგრამ რეალობის შეგრძნება დაკარგული აქვთ. აი ეგ საფრთხე არსებობს, თუ ფსიქიკა არ გაქვს მყარი.
ეტაპი N2 - ფიქრი
საკუთარი წარსული გამოცდილების გაანალიზებით, გვანცა ფიქრობს, რომ ნარკოტიკის მიღებას სხვადასხვა პირობითი ეტაპები აქვს. პირველ ეტაპად იმ პერიოდს ასახელებს, როდესაც კლუბური ნარკოტიკი მას პრობლემებს ავიწყებდა, შიშებს უხსნიდა და მისი დახმარებით მთელი ღამე შეეძლო ეცეკვა.
- მეორე ეტაპი როდის არის, იცი? როცა ეს ყველაფერი გბეზრდება. იმიტომ რომ ადამიანს ყველაფერი ბეზრდება, გონებას ბეზრდება… ოღონდ ვერ იაზრებ მაგ დროს, რომ ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდები, მაგრამ იმდენად დამოკიდებული ხარ, წარმოიდგინეთ, რომ ვერ ეშვები და რაღაც სხვა თვისებას უძებნი… და ეს ცეკვა რო გბეზრდება, მერე უკვე ფიქრს იწყებ იმ ყველაფერზე. რამდენი იცეკვე, რა შეგრჩა ამ ცეკვიდან? მერე უკვე სხვა რაღაცეებზე ფიქრობ.
კლუბურ გარემოში ნარკოტიკების მიღებით გამოწვეული ეიფორიის, ცეკვის და ადამიანებთან დადებითი ემოციების გაზიარების, საუბრის და ურთიერთობის შემდეგ გვანცას ცხოვრებაში შემდეგი ეტაპი დადგა.
ეტაპი N3 - დეპრესია
მისი თქმით, ამ პერიოდში ჩნდება განცდა, რომ ნარკოტიკის გარეშე კლუბში ვეღარ გაერთობი.
- პირველ ეტაპზე დაცლილი ხარ ემოციებისგან, ცეკვითაც. მეორე ეტაპზე, ლაპარაკითაც და სითბოს გამოყოფითაც და მორჩა: ამ ენდორფინებს შენი სხეული, ორგანიზმი აღარ გამოჰყოფს, რაც არ უნდა მიიღო და უკვე ხდება დოზის გაზრდა. ადრე თუ იღებდი მეოთხედს, მერე თუ იღებდი ნახევარს, ახლა უკვე მთლიანი გჭირდება. არც ეგ არ გყოფნის და მერე უკვე რაღაცეებს ამატებ. იქ მოსაწევს ამატებ, იქ სასმელს ამატებ... ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ პერიოდში ვერ იაზრებ, რომ რაც არ უნდა დაამატო, აზრი არ აქვს, დაცლილი ხარ ემოციებისგან აბსოლუტურად. იმიტომ რომ უკვე ყველაფერი გააკეთე რისი გაკეთებაც შეგეძლო და იწყება დეპრესია მაშინ, ამ ემოციებისგან რომ იცლები.
- აი ეს ეტაპი რამდენ ხანს გაგიგრძელდა, როდესაც ამატებდი რაღაცეებს და ცდილობდი, ბედნიერი ყოფილიყავი?
- დიდი ხანი არა. ორთვენახევარი. ორთვენახევარი რაღაც ძალიან ქაოსში ვიყავი. გარემომაც შემიწყო ხელი... ძალიან ცუდი პერიოდი იყო. გახსენებაც არ მინდა.
ამ ყველაფრის პარალელურად, გვანცას მეგობრების მიმართ, ვისთანაც 7-8 წლის განმავლობაში ურთიერთობდა, უარყოფითი ფიქრები გაუჩნდა. ეს ძალიან აწუხებდა. მეგობრები გააფრთხილა კიდეც, რომ თუ მისგან რაიმე არასასიამოვნოს მოისმენდნენ, მისთვის ყურადღება არ მიექციათ.
- ყოველთვის ვცდილობდი, რაღაც ახსნა მომეძებნა იმ ცუდი ფიქრებისთვის, ვისზეც რაც არ უნდა მეფიქრა. გავუმკლავდი ყველაფერს ჩემით, აი, ამ ფიქრებსაც.
გვანცას სამეგობროში კლუბური ნარკოტიკით არავინ გარდაცვლილა, მაგრამ იყო შემთხვევა, როდესაც მისი მეგობრის ძალიან ახლო მეგობარი დაიკარგა, 2 დღე ეძებდნენ ბათუმში.
- მან თავი მოიკლა. ნუ ეს იყო კლუბური ნარკოტიკისგან გამოწვეული დეპრესია…
გარდაცვლილი 21 წლის ბიჭი იყო.
- და თქვენი სამეგობრო ფიქრობს რომ ამ კლუბურმა ნარკოტიკმა გამოიწვია ეს დეპრესია?
- ამაზე ღიად არ უსაუბრიათ ოჯახის წევრებს და ახლობლებს. მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რისი ბრალიც იყო: იმიტომ, რომ იყო მომხმარებელი კლუბური ნარკოტიკის და თან - ინტენსიური მომხმარებელი. ინტენსურად როცა მოიხმარ, მაგ პერიოდში სხვანაირად მსჯელობ, სხვანაირად ფიქრობ.
ეტაპი N4 - გამოფხიზლება
გვანცა კლუბებში აღარ დადის. უფრო სწორად, ვეღარ დადის, როგორც თავად ამბობს. დეპრესიის შემდეგ, სცადა მისვლა, თუმცა ხალხმრავლობა და ჩაკეტილი სივრცე უსიამოვნო შეგრძნებებს უჩენს, რომლებიც თითქოს, ისევ წარსულში და დეპრესიაში აბრუნებს. ახლა ცდილობს ისეთ მუსიკალურ ღონისძიებებს დაესწროს, რომლებიც ღია სივრცეებში იმართება და ნარკოტიკის გარეშე გართობაც ისწავლა.
- ღია სივრცეები თან იმიტომ მომწონს, რომ შეგიძლია პლედი წაიღო, ჩამოჯდე, ვიღაცეებს ესაუბრო, ახალი ადამიანები გაიცნო, დრო გაიყვანო. იცეკვო, სადაც მოგინდება.
- ეს უკეთესია?
- რა თქმა უნდა, ეს უკეთესია. ეს არ იწვევს დამოკიდებულებას, პირველ რიგში მაგიტომ, მაგიტო არი უკეთესი.
კლუბური ცხოვრების პერიოდში გვანცამ ბევრი ახალი ნაცნობი და მეგობარი შეიძინა. მათ შორის არიან მოზარდები. თავად გვანცას ჭკუის დარიგება არ უყვარს, მაგრამ საკუთარი ისტორიების გაზიარებით ცდილობს იმ სირთულეების შესახებ მიახვედროს ისინი, რაც თავად გამოიარა.
- შენ იმისკენ უბიძგებ, რო თუნდაც ექსტაზი ან LSD არ მიიღონ?
- მე არ ვეუბნები, რომ არ მიიღონ. მაგას ვერ დაუშლი ადამიანს, მით უმეტეს, მეგობარს, იმიტომ, რომ იმდენჯერ აქვთ ნანახი, მე თვითონ რომ ამ ყველაფერს მოვიხმარდი, ცოტა უხერხულია, იგივეზე ვასწავლო ჭკუა.
გვანცა ცდილობს აჩვენოს საკუთარ მეგობრებს, რომ ნარკოტიკის გარეშეც შეუძლიათ მათ დროის კარგად გატარება.
- მასეც ყოფილა, რომ მაგის გარეშეც ერთობოდნენ და ვაჩვენებ, რომ მაგის გარეშეც შეიძლება ცეკვაც და მუსიკის მოსმენაც. ვეუბნები: ახლა ამდენს თუ იღებ, ცოტა ხანში უფრო მეტი დაგჭირდება.
- ანუ მოგყვებიან?
- კი, ჯერ მომყვებიან.
გვანცა კლუბის გარეთაც აგრძელებს ცხოვრებას. ხოლო როდესაც მეგობრები და ნაცნობები ეკითხებიან, თუ რატომ არ ჩანს და კლუბში რატომ არ დადის, ის გულახდილად პასუხობს:
- ვეუბნები, რომ ვისვენებ. ვეუბნები რო შეყვარებული ვარ. მაგას ვეუბნები ყველას. მეტ დროს ვუთმობ ეხლა ჩემს თავს. მაშინაც ხო ესე გამოდიოდა, რო თითქოს ჩემი სიამოვნებისთვის დავდიოდი, მაგრამ ეხლა, რეალურად, ჩემს მომავალს ვუთმობ თავს და არა აწმყოს.
♦ ეს ადამიანური ისტორია მომზადებულია პროექტის - “ ნარკოტიკების ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება” ფარგლებში, რომელიც “ღია საზოგადოების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს დონორის პოზიციას.
♦ სტატიის გმირის სახელი შეცვლილია, სხვა დეტალები კი ზუსტია. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ნარკოტიკებზე ეკუთვნის სტატიის გმირს და არა - ავტორს.