ჯანდაცვა

რეგიონული ამბულატორიების მწირი რესურსები




ზესტაფონი, ჭიათურა, ბოლნისი

“კაქტუს-მედიამ” ინფორმაცია საქართველოში ინდუსტრიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული სამი მუნიციპალიტეტიდან: ზესტაფონიდან, ჭიათურიდან და ბოლნისის მუნიციპალიტეტებიდან, მათ ტერიტორიაზე აღრიცხული კლინიკების შესახებ გამოითხოვა. ინფორმაციის გამოთხოვნის მიზანი იყო ყველაზე დაბინძურებულ ლოკაციებში ქალებში სიმსივნის ახალი შემთხვევებს ტენდენციის გამოკვეთა.  

სამივე მუნიციპალიტეტმა იმ კლინიკებისა თუ ამბულატორიების სია მოგვაწოდა, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს. მათ მიერ მოწოდებულ სიაში არ შედიან კერძო კლინიკები, რომლებიც ხსენებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ.  მუნიციპალიტეტებს კერძო კლინიკების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. 

სამიდან ერთმა - ბოლნისის კლინიკების მმართველებმა - საერთოდ არ მოგვაწოდეს ინფორმაცია. დანარჩენი ორი მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის სიმწირემ და არასრულობამ არ მოგვცა ქალთა სიმსივნეების ტენდენციების გამოკვეთის საშუალება, თუნდაც ამ ორი მუნიციპალიტეტის ფარგლებში. 

2019 წლიდან, ყველა კლინიკა, კერძო თუ სახელმწიფო დონაციაზე მყოფი, ვალდებული იქნება, მოგროვებული ინფორმაცია ციფრულად მიაწოდოს ცენტრალურ სისტემას: საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.  ჩვენი მოკვლევით აღმოჩნდა, რომ მათი ნაწილი ჯერ-ჯერობით ამისთვის მზად არ არის. 

ციფრული ტექნოლოგიები

სამივე მუნიციპალიტეტში 56 რეგისტრირებული სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებიდან მხოლოდ 13-მა გვიპასუხა და მოგვაწოდა გარკვეული ხარისხის ინფორმაცია. 

სოფლების ამბულატორიების მენეჯერებმა - მაგალითად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის არაერთი სოფლიდან - გვითხრეს, რომ სამედიცინო ინფორმაციის ციფრულად აღსარიცხად არც ელექტროენერგია აქვთ და არც კომპიუტერი. 

კლინიკის მენეჯერების უმრავლესობა რუსული ელექტრონული მეილის - mail.ru-ს მომხმარებელია. მხოლოდ რამდენიმეს აღმოაჩნდა გუგლის მეილი [gmail] ხსენებული მუნიციპალიტეტების კლინიკების მმართველებიდან.  

სერვისებზე ხელმისაწვდომობა

ხსენებული სამი მუნიციპალიტეტის სოფლებში მომუშავე პატარა კლინიკები თუ ამბულატორიები, ძირითადად, მხოლოდ პირველადი სერვისების მიმწოდებლები არიან. ისეთ პათოლოგიებზე, როგორებიცაა სხვადასხვა სახის სიმსივნეები, დიაგნოსტირებასა და კვლევაზე ადგილობრივი ხელმისაწვდომობა დაბალია და ქალებს უფრო შორს, მაგალითად, ქუთაისში ან თბილისში, უწევთ გამგზავრება.  

ფინანსური და გეოგრაფიული სირთულეების გამო, ქალების მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების: სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დანიშვნულებასა და მიღებას. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის კლინიკები

ბოლნისიდან საკუთარი მუნიციპალიტეტის ფარგლებში დონაციაზე მყოფი 5 კლინიკის [შპს ,,ბოლნისის ცენტრალური კლინიკა“, შპს ,, კაზრეთის საავადმყოფო- პოლიკლინიკური გაერთიანება“, შპს ,,ქვეშის საექიმო ამბულატორია“, შპს ,, ბოლნისის პირველადი ჯანდაცვის“ და შპს ,, ტრიო-მედი“ ] სია მოგვაწოდეს. 

მენეჯერთან გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ოფიციალურად მოწოდებული სიიდან ერთ-ერთი კლინიკა - შპს “ბოლნისის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“, სამი წელია, აღარ ფუნქციონირებს.

დანარჩენი ოთხი კლინიკიდან, ერთ იმეილზე წერილი ვერ გაიგზავნა, ხოლო დანარჩენი სამი კლინიკიდან, სატელეფონო ზარებით წერილებზე პასუხების არაერთხელ  მოთხოვნის მიუხედავად, არ გვიპასუხეს. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის კლინიკები

ჭიათურის მუნიციპალიტეტმა 17 კლინიკის სია მოგვაწოდა.   

შპს ჯეო ჰოსპიტლის ჭიათურის ამბულატორიული ცენტრის მენეჯერმა, თენგო ცაბაძემ, გვითხრა, რომ მათთან ქალთა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა არ ხდება და შესაბამისად, არც ინფორმაცია ინახება.  

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სხვა 6 ამბულატორიის [მათ შორის, შპს ტყემლოვანის საექიმო ამბულატორია, შპს ქვაციხის საექიმო ამბულატორია, შპს წირქვალის საექიმო ამბულატორია, შპს ხრეითის საექიმო ამბულატორია, შპს რგანის საექიმო ამბულატორია, შპს ითხვისის საექიმო ამბულატორია] მენეჯერებმა გვითხრეს, რომ მათ კლინიკებს ელექტრონული ფოსტა არ აქვთ, ნაწილს - არც ელექტროენერგია, კომპიუტერი და შესაბამისად, არც ინტერნეტი.   

5 კლინიკას ელექტრონული მეილი აღმოაჩნდა, მაგრამ გვითხრეს, რომ მხოლოდ პირველად ამბულატორიულ ინფორმაციას აგროვებდნენ, სიმსივნეზე დიაგნოზები კი მათთან არ ხდებოდა.  

ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭიათურის მუნიციპალური სამსახურის დირექტორმა, ნანა კუპატაძემ კი გვითხრა, რომ ისინი ინფორმაციას შპს ჯეო ჰოსპიტლის ჭიათურის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში აგზავნიდნენ. ხსენებული კლინიკის დირექტორს, დავით ტაბაღუას, შესაბამისი ინფორმაცია, დაპირების მიუხედავად, არ გამოუგზავნია. 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კლინიკები

ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა მოგვაწოდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 35 სამედიცინო დაწესებულების სია და მათი დირექტორების საკონტაქტო ინფორმაცია. 

მათგან საჯარო ინფორმაციის გადაგზავნა ვერ მოვახერხეთ 6 კლინიკასთან [შ.პ.ს.,,აისი-96"(თვალის კლინიკა); ქვედა საზანოს ამბულატორია; ფუთის ამბულატორია; როდინაულის ამბულატორია ; ზედა საქარის ამბულატორია; ზედა საქარის ამბულატორია], შეცდომით მოწოდებული იმეილების ან სხვა ტექნიკური მიზეზების გამო.

დანარჩენ 29 კლინიკაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შეტყობინება გავაგზავნეთ რამდენჯერმე,  თუმცა წერილებს გამოეხმაურა მხოლოდ 8 კლინიკა.

შ.პ.ს. ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” იმერეთის რეგიონული ამბულატორიის განყოფილებას არ აქვს შეხება სიმსივნურ დაავადებებთან.

კოტე ქავთარაძის დაქვემდებარებაში მყოფი შ.პ.ს. “ფერომედისგან" მივიღეთ ინფორმაცია, რომლის მიხედვით მათ კლინიკაში არ ხდება ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოსტირება, მათთან მისულ პატიენტებს უკვე დადგენილი აქვთ დიაგნოზი და კლინიკაში პოლიატიური სერვისების მისაღებად მიდიან.

შ.პ.ს. “კლინიკა ელიტემ", რომლის დირექტორია კოტე ბოჭორიშვილი, ონკოლოგიური პაციენტების რაოდენობათა მონაცემები 2016, 2017 და 2018 წლის მიხედვით მოგვაწოდა.  

2016 წელს აღნიშნულ კლინიკაში ძუძუს კიბოს სიმსივნით იმყოფებოდა 10 პაციენტი, საშვილოსნოს სიმსივნით - 2 პაციენტი. 2017 წელს ძუძუს სიმსივნით იყო 5 პაციენტი, საშვილოსნოს სიმსივნით - 3.  2018 წელს ძუძუს სიმსივნით 12, საშვილოსნოს სიმსივნით კი - 2 პაციენტი.

შორაპნის ამბულატორიის დირექტორის, თამარ გიორგაძის ინფორმაციით, მათ ამბულატორიაში არ ხდება სიმსივნური დაავადების დიაგნოსტირება, მათთან მიდიან პაციენტები უკვე დადგენილი დიაგნოზით  პოლიატიური მკურნალობისთვის. 2016-17-18 წლის განმავლობაში ჰყავდათ 1 პაციენტი ნაღვლის ბუშტის კარცინომით, 2018 წელს კი - 1 პაციენტი ფილტვის კარცინომით.

ქვედა საქარის ამბულატორიის დირექტორის, ია რაზმაძის, მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სოფლის ამბულატორიაში ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზის დადგენა არ ხდება.

ქვედა საქარის საექიმო ამბულატორიაში 2016-2018 წლებში პალიატიურ, ქრონიკულ და მწვავე დაავადებებით მკურნალობას გადიოდა 6 პაციენტი.

რაზმაძის ინფორმაციით, 2016 წელს 1 ქალი 72 წლის ასაკში, კუჭის სხეულის კარცინომის დიაგნოზით გარდაიცვალა.  2017 წელს 2 ასეთი პაციენტი აღირიცხა, ერთ-ერთი კი -59 წლის ქალი - გლიობლასტომით გარდაიცვალა. 2018 წელს 3 პაციენტი გარდაიცვალა სხვადასხვა სახის სიმსივნის დიაგნოზით, მათ შორის, 78 წლის ქალი  კანის მელანობლასტომით, 74 წლის ქალი - თავის ტვინის სიმსივნით, ხოლო 65 წლის ქალი - სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზით, აგრძელებს მკურნალობას თავის ონკოლოგთან. 

ასევე, ქვედა საქარის ამბულატორიის დირექტორის, ნანა კაპანაძის, მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს იყო ერთი პაციენტი, რომელსაც არა-ჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი დაუდგინეს თბილისში და მკურნალობას აგრძელებდა მათ დაწესებულებაში, მაგრამ გარდაიცვალა 2018 წელს.

ბოსლევის ამბულატორიის დირექტორის,  ელზა გაჩეჩილაძის, მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამბულატორიიდან სკრინინგი ჩაუტარდა 115 ქალს. მათგან სამს გამოუვლინდა სარძევე ჯირკვლის კარცინომა. 

მონაცემების ნაკლებობა

საქართველოში გარემოს მდგომარეობაზე უწყვეტი მონაცემები მწირია, არ ასახავს ქვეყნის მდგომარეობას და არ იძლევა საშუალებას, რომ დაავადებების მონაცემებს შედარდეს, რომ კვლევის შესაბამისი მეთოდოლოგიისა და დიზაინის შერჩევის შემდეგ, რომელიმე დაავადებასა და გარემოს რომელიმე დამაბინძურებელს შორის პირდაპირი კავშირი დადგინდეს ან გამოირიცხოს.   

საქართველოში სიმსივნეებზე ინფორმაციის შეგროვება, ე.წ. კიბოს რეესტრი, მხოლოდ 2015 წლიდან დაიწყო. იქამდე არსებული ინფორმაცია არასრულია.  ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი აგროვებს - დაავადებათა სტატისტიკა. 

საქართველოში როგორც ჰაერის, ასევე ნიადაგისა და წყლის მდგომარეობაზე ინფორმაციას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს ეროვნული სააგენტო ატარებს და აქვეყნებს. 2018 წლის წლიური ანგარიში ატმოსფეროს მდგომარეობაზე სააგენტოს ჯერ არ გამოუქვეყნებია.  ჰაერზე ყოველდღიური მონაცემების ნახვა კი შემდეგ მისამართზე შეიძლება - air.gov.ge

2017 წელი

2017 წელს სააგენტომ სტაციონარული [ავტომატური და არაავტმატური] სადგურებიდან 8,849 სინჯი დაამუშავა, ხოლო ინდიკატორული გაზომვიდან - 523 სინჯი. 

საქართველოში მუდმივად ჰაერის შემოწმება მხოლოდ 6 ქალაქის რამდენიმე წერტილში [თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზესტაფონი და ჭიათურა] მიმდინარეობს. ამ ქალაქებში მხოლოდ 12 სადგური ფუნქციონირებს, აქედან - 4 არაავტომატური და 8 ავტომატური [ამათგან 4 თბილისშია].

ჰაერის ინდიკატორული შემოწმება განსხვავდება ჰაერის კომპონენტების სტაციონარული, მუდმივი დაკვირვებისგან. ქალაქებს, სადაც  ინდიკატორული გაზომვები უნდა ჩატარდეს, სააგენტო დაბინძურების წყაროებიდან გამომდინარე, არჩევს.    

2017 წელს ჰაერის ინდიკატორული გაზომვა საქართველოს 2,161 საქალაქო დასახლებიდან მხოლოდ 20 ქალაქში მოხდა. აგროვებული მონაცემებიდან ნორმიდან გადაჭარბება იყო აზოტის დიოქსიდისა და PM10-ს - მტვრის ნაწილაკებზე.  თბილისში ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული წერეთლის გამზირია.  

ასობით სინჯში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია ევროპულ ნორმაზე მეტი იყო როგორც თბილისში, ასევე რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.  

საქართველოს დანარჩენი ქალაქების მდგომარეობა უცნობია.  

2017 წელს ინდიკატორულად გაზომილი კომპონენტების ჩამონათვალში არ მოხვდა მტვრის მცირე ნაწილაკი - PM 2,5, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამაბინძურებელია. სხვადასხვა აკადემიური ნაშრომები მას სხვადასხვა დაავადებების გამოწვევას უკავშირებენ. 

 

ჰაერის დაბინძურებასა და ჯანმრთელობას შორის არსებულ კავშირებზე გაეცანით შემდეგ აკადემიურ მასალებს: 

ჰაერის დაბინძურება და კოგნიტური დაქვეითება ასაკოვან ქალებში

კავშირი ძუძუს კიბოსა და ჰაერის დაბინძურებას შორის

იოდი და ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობა

ჰაერის დაბინძურება და ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ჰაერში გაბნეული ლითონური ნაწილაკები და ძუძუს კიბო

ძუძუს კიბო და მწვანე სივრცეები

გარემო და ფარისებრი ჯირკვლის კიბო

ჰაერის დაბინძურება და ქალთა უნაყოფობა

ძუძუს კიბო და აზოტის დიოქსიდი

 

♦ მასალა ნაწილია კაქტუს-მედიის პროექტისა "ჰაერის დაბინძურება და ქალთა ავადობები," რომელიც "ქალთა ფონდი საქართველოში"  Women's Fund in Georgia მხარდაჭერით ხორციელდება და რომელიც გარემოს დაბინძურებასა და ქალთა ავადობების გავრცელებას შორის კავშირს სწავლობს.

♦ ილუსტრაციის ავტორია სოფი დათიშვილი.  მთავარ ფოტოზე - ჯეო-ჰოსპიტალსის ჭიათურის ცენტრალური ამბულატორია. ფოტო აღებულია მათი ვებ-გვერდიდან 

 



 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>