დაკავება
10 მაისს, დილის 4 საათზე, დამაკავეს. თავიდან “ხიდზე” ვიყავი. იქიდან წავედი “ბასიანზე”. არაფხიზელი ვიყავი - მიღებული მქონდა MDMA და კეტამინი. კლუბთან რომ მივედი, ეტყობა, შეამჩნიეს [პოლიციელებმა], რომ ფხიზელი არ ვიყავი.
გამაჩერეს და მკითხეს, რა გაქვსო. საფულე შემიმოწმეს. ცოტა მოსაწევი მეყარა. მითხრეს, “ბიო” არისო. არადა, ძალიან მაგარი, სვანეთიდან ჩამოტანილი სუფთა მოსაწევი [მარიხუანა] იყო.
“ბიოსგან” შორს ვარ. ვერ ვიტან.
“გაიხადეთ, რაც გაცვიათ”
[დაკავების ადგილიდან] გადამიყვანეს დაწესებულებაში, წერეთელზე. ამიყვანეს მეორე სართულზე, ცალკე ოთახში. ის ორი პოლიციელი ამყვა, ვინც დამაკავა. მითხრეს, ყველაფერი, რაც გაცვია, გაიხადეო.
ჩემი ნებით გავიხადე ყველაფერი. არ გამიპროტესტებია. არც მათ უძალადიათ. ფეხსაცმელიც გაიხადეო. არადა, ფეხსაცმელში მქონდა ის ფაქტ[ებ]ი, რის გამოც გამასამართლეს: 0,5 გრამი MDMA, 0,5 გრამი კეტამინი და 2 ცალი მარკა [LSD].
გაშიშვლებამ გატეხა, უბრალოდ. რაღაცნაირი მომენტი იყო, როგორ გითხრა. შეიძლება, [მოპყრობის] უკეთესი გზებიც არსებობს, მაგრამ იმ მომენტში... თან, რო იცი, რო დამნაშავე ხარ - და ამ კანონით ასეა, - ვერ ატრაკებ.
თორე, ისე, თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ.
მოშარდვის პროცედურები
ის კაცი [პოლიციელი] შემყვა საპირფარეშოში. იქ უეჭველი ვინმე შემოგყვება - მარტო, შანსი არაა, შეგიშვან. მერე ტრიალდება - ესე დგას, ზურგით. მოშარდვის დროს პირდაპირ არ გიყურებს - მე ასეთი შემთხვევა მქონდა, ყოველ შემთხვევაში.
იმ დღეს მიღებული მქონდა MDMA, კეტამინი და ძან ბევრი რაღაც, თუმც, შარდმა არ ამოაგდო [ნარკოტიკული თრობა]. ის ქალი [ლაბორატორიიდან] იძახის, მე რომ ჩავაბარო შარდი, ასეთ სუფთა ანალიზს მე არ მიჩვენებსო. რომ გითხრა, რომ ტესტერი გაფუჭდა ან რამე, არაო. ამ ბიჭს არასოდეს არაფერი მოუხმარიაო.
სასჯელი
შემდეგ იყო ნარკოტიკების ექსპერტიზა. [საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის] 260-ე მუხლის მესამე ნაწილით წამიყენეს ბრალი. სანამ სასამართლო დაინიშნებოდა, ოთხი დღე გავატარე გლდანის ციხეში, იქამდე წინასწარი დაკავების იზოლატორში, მცხეთაში.
შემდეგ გამოვედი [საპროცესო შეთანხმებით]. ახლა ხუთი წელი მაქვს პირობითი სასჯელი, ხოლო ჯარიმა - შვიდი ათასი ლარი.
ჯარიმა მამამ გადაიხადა. მამას ფულს არასოდეს ვართმევდი, მაგრამ მომიწია. თვითონ ჰქონდა ძან ცუდი რეაქცია: გაუტყდა. შეპირებული ვიყავი, რომ ჩემს თავს არასოდეს ჩავიგდებდი ცუდ სიტუაციაში.
მარიხუანა
მარიხუანის მოწევა 18 წლის ასაკში დავიწყე. ჩვეულებრივ, როგორც ხდება ხოლმე: გამოვთქვი სურვილი და მოვწიე. პირველ მოწევაზე რეაქცია არ მქონია. ბევრი ადამიანია ეგრე: პირველ მიღებაზე რეაქცია არ აქვთ.
გულაობის შემდეგ, სახლში რომ მივდივარ, ჩვეულებრივი რიტუალი მაქვს: მოვწევ ერთ ნაპასს [მარიხუანას]. არის ასეთი დიჯეი - ლევან ყურაშვილი, იგივე ცა [მუსიკალური ფსევდონიმი]. ვგიჟდები. მაგარი სეტი აქვს. საუნდქლაუდზე ვუსმენ სულ. ფხიზელიც და ისედაც.
[ზოგადად] რაც არ უნდა გქონდეს მიღებული, გულაობის შემდეგ დაძინების პრობლემა ყოველთვის არის. მე - არა, მაგრამ ბევრი ადამიანია, ვისაც გულაობის შემდეგ დაძინების პრობლემა აქვს. [მარიხუანის მოწევის შემდეგ] კარგად ვიძინებ და ვიღვიძებ.
პირველი გამოცდილება
მანამდე აქ [კლუბ “გალერიში”] დავდიოდი და არაფერს არ ვიღებდი, უბრალოდ, ვსვამდი და ვეწეოდი. შემდეგ გერმანიიდან ჩამოიტანა მეგობარმა LSD და საერთო მეგობრის გადასაცემად მომცა. მეგობარმა არ აიღო და მე რომ დამრჩა, ვთქვი, მოვიხმარ, რა რეაქციები ექნება ჩემზე-მეთქი. დავგუგლე და მივიღე. მე 18 წლის ვიყავი მაშინ, მეგობარი, ვინც მომცა, 21-ს. იმდენად კარგი იყო, რომ … სახლშიც მივედი ნორმალურად. მანამდე კი ვსვამდი და [მარიხუანას] ვეწეოდი.
შემდეგ ჩემს ძმას ვუთხარი და პატარა პრობლემები მქონდა მაგაზე. შემდეგ დამალულად ვაკეთებდი. მამაჩემმა არ იცოდა, არც დედაჩემმა. დედაჩემი საქართველოში არ არის. იტალიაში ცხოვრობს.
რა ხდება, როცა ნარკოტიკებს იღებ?
ბევრად ცვლის საგნების აღქმას. მაგალითად, LSD-ს მიღების შემდეგ, ფერები უფრო სხვანაირია. საგნები [რაც ჩვეულებრივი ოპტიკური აღქმით, არ მოძრაობენ] მოძრაობას იწყებენ. სასიამოვნო მდგომარეობაა. არ ვამბობ, რომ რამე განსაკუთრებული ხდება, უბრალოდ, მსიამოვნებს.
წონა და დოზა
56 კილო ვარ - ძალიან მსუბუქი. ალბათ, ნარკოტიკების ბრალია, რომ წონაში ვერ ვიმატებ - ერთი 5 კილო მინდა, რომ მოვიმატო.
ზუსტად ვიცი, რა დოზა რას მიზამს. ვიცი, რა არ უნდა გავსინჯო არასოდეს. მაგალითად, ამფეტამინი: ვერ ვიტან. ერთი ტონა რომ მქონდეს, ხელს არ მოვკიდებ. ბევრს უყვარს ეგ ნარკოტიკი და LSD არ უყვარს, მაგალითად. ადამიანზეა დამოკიდებული.
კლუბის შინ თუ გარეთ?
ნარკოტიკს კლუბის გარეთ ვიღებ და ისე შევდივარ. მქონია პრობლემა, როცა კლუბის შესასვლელში დავუჭერივართ. “ხიდზე”, მაგალითად. შევდიოდი. ორი აბი ექსტაზი “ბერგჰაინი” მქონდა ჯიბეში. არ შემატანინეს, არ შეიძლებაო. მითხრეს, აქ დატოვეთ და გამოსვლისას მოგცემთო. ჩამორთმევით არ ჩამოურთმევიათ, დამიბრუნეს.
ზოგჯერ შიგნითაც შემაქვს. ჩანთაში მიდევს და ჩანთას არ ხსნიან.
ფასი
დღეს 170 [503 ლარი] დოლარი გადავიხადე 2 გრამ MDMA-ში. თან, ძან იაფად ვნახე. დღეს მეყოფა. ძირითადად, ონლაინ ვყიდულობ.
ინექცია?
ნემსისგან ძალიან შორს ვარ.
ალბათ, დიდი დამსახურებაა ჩემი მეზობლის. იკეთებდა თვითონ და იმდენად საშინელი ტიპი იყო ოჯახისა და მეზობლებისთვის, მეგონა, მეც ეგეთი გამოვიდოდი [ინექციით მიღების შემთხვევაში]. რომ ვუყურებდი, არასოდეს არ მეგონა, რომ ნარკოტიკს მეც მოვიხმარდი [მომავალში].
ცოტა მძიმე პერიოდი იყო და ისეთ რაღაცეებს იკეთებდა: ‘კრაკადილი’ და რაღაც ეგეთი. მერე საუბრის უნარი წაერთვა, ახლაც ვერ ლაპარაკობს ნორმალურად. ვერც დადის. 61 წლის გახდება ახლა.
ოჯახში არავის უყვარდა. ფაქტი იყო, რომ არ უყვარდათ. ჰაერზე არ ვიძახი: მისი უფროსი გოგო ჩემი დის ნათლულია. ყოველდღე ჩვენთან რჩებოდა უკვე ბოლო პერიოდში, როცა მამა სახლში ჩხუბობდა.
რა იციან?
ჩემს წრეში [ნარკოტიკებზე] უარყოფითი ინფორმაციის ინტერესი არავის აქვს - სწორად გამიგეთ. ყველამ, მინიმუმ, ის მაინც იცის, რომ ნარკოტიკს კარგი არაფერი მოაქვს ორგანიზმისთვის, მაგრამ მაინც აკეთებენ.
ზოგადად, ვაღიარებ, რომ ცუდი სტრატეგია მაქვს ნარკოტიკებთან დაკავშირებით: იმდენად მიყვარს, რომ ცუდს საერთოდ არ ვუყურებ. პირობითად, MDMA ღვიძლს რომ დამიშლის, ამის გაგება არ მინდა. მინდა, რომ რაც ცუდია, იმაზე არ ვიფიქრო.
მქონია პერიოდი, 6 თვე მჭირდებოდა, არ მიმეღო და არც მიმიღია. რატომ მჭირდებოდა და ისეთ სამსახურში ვმუშაობდი - “ლიდერბეთში”, სადაც ფხიზელი გონება მჭირდებოდა. ერთი შეცდომა და ფინანსებში ავიჭრებოდი. 0,001-ის ნაცვლად 0,01 რომ დამეწერა, ძალიან დიდ განსხვავებას მომცემდა. დრო არ მრჩებოდა ნარკოტიკების მისაღებად.
ეძებთ სანდო ინფორმაციას ნარკოტიკებზე?
[პირველი მიღების წინ] ინტერნეტში წავიკითხე, მაგრამ წყაროები არ მახსოვს, ნამდვილად. ქარულად წავიკითხე, რადგან ინგლისურთან ვერ ვარ კარგად.
ბევრი სტატია ამომიგდო ძალიან [ქართულად]. ჩავთვალე, რომ ყველაზე სანდო ის [ინფორმაცია] იყო, რაც [ბევრ სტატიაში წაკითხულებს შორის] ერთმანეთს ემთხვეოდა. ბევრმა მითხრა, რომ bad trip თუ მექნებოდა, არ გამისწორდებოდა არასოდეს. მაგრამ ისეთი ბედნიერი ადამიანი ვარ, ზოგადად, რომ [good trip] გამომივიდა. ძალიან მესიამოვნა და LSD დღემდე ჩემი ფავორიტია.
თუმცა, თუ ვინმე ზუსტად და კარგად ამიხსნის, რა გვერდითი მოვლენები აქვს, შეიძლება, დავჯდე, წავიკითხო და საბოლოოდ, ამან ჩემზე გავლენა მოახდინოს. ვერ ვიტყვი, რომ ასეთი სახის ინფორმაცია აუცილებლად დაგანებებინებს თავს, მაგრამ დაფიქრდები.
თუ ადამიანი რამეზე სერიოზულად დაფიქრდება, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.
შეიძლება, ცხოვრებაში დამიდგეს ისეთი პერიოდი, როდესაც, უბრალოდ, მომბეზრდეს ეს ყველაფერი. ახლა რომ ვთქვა, დღეს-ხვალ გადავაგდებ-მეთქი, - არა.
ამჟამად
ვიღებ MDMA-სა და LSD-ს, ოღონდ ასე ხშირად არა. ვიცი, რომ ხშირი მოხმარება ცუდია ძალიან. ისედაც ამ ასაკში არ არის კარგი.
21 წლის ვარ.
განმარტება
► ტექსტი მოცემულია პირველ პირში და ინარჩუნებს გმირის თხრობის სტილს: იმ სასაუბრო ლექსიკას, რომლითაც ის ნარკოტიკებს, მეგობრებს, კლუბურ ცხოვრებასა და დაკავების ფაქტს აღწერს.
► ამ ადამიანურ ისტორიაში ნარკოტიკებზე გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ამ სტატიის გმირს, ეფუძნება მის გამოცდლებას, ნარკოტიკების მიღების ჩვევებს და ვერ განზოგადდება სხვა ადამიანებზე. ნებისმიერ ნარკოტიკს ყველა ინდივიდზე სხვადასხვაგვარი გავლენა აქვს, რაც დამოკიდებულია მომხმარებლის ასაკზე, სხეულის წონაზე, სითხის მიღების სიხშირეზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და ბევრ სხვა ფაქტორზე.
წაიკითხეთ სამეცნიერო წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაცია სტატიის გმირის ნახსენებ თრობის საშუალებებზე:
► 11 ფაქტი MDMA-ზე
► რა ვიცით მარიხუანაზე?
► მარიხუანა ახალგაზრდების თავის ტვინს აზიანებს
► თავის ტვინი და ნარკოტიკები
► იწვევს თუ არა მარიხუანის მოხმარება შიზოფრენიას?