მარიხუანის შეძენაში ფული 32 წლის ანას არასოდეს გადაუხდია. არც სპეციალურად “უჩალიჩია,” მოსაწევი რომ ეშოვნა. თუმცა, მეგობრების წრეში თუ მოხვდებოდა, არასოდეს ამბობდა უარს ერთ-ორ მოქაჩვაზე. ასეთი შემთხვევებიც იშვიათი იყო: წელიწადში რამდენჯერმე.
მარიხუანის მოწევის სიხშირეებმა გასული წლიდან, მას შემდეგ, იმატა, რაც ანამ შეამჩნია, რომ პარასკევ საღამოს ერთი ჭიქა თეთრი ღვინო თავს ატკიებდა და სულაც არ ეხმარებოდა სტრესული კვირის დავიწყებაში. ამიტომაც, დასვენებისა და მოშვების მცდელობის ახალ გზას მიმართა: მარიხუანას.
“თუ საღამოს მოვწევდი, იმ ღამეს კარგად მეძინა, დილით კი - მხნედ და ხალისიანად მეღვიძებოდა. არანაირი ცუდი ეფექტი არ ჰქონდა.”
თუმცა, რეკრეაციისთვის მარიხუანის მოწევის შემდეგ გულის არაერთხელ წასვლამ ანა კიდევ ერთხელ დააფიქრა: იყო თუ არა კავშირი გონების დაკარგვასა და მარიხუანის მოწევას შორის და უნდა ყოფილიყო თუ არა მომავალში უფრო ფრთხილად?
ნეპალი
პირველად ანამ კანაფის პროდუქტი - ჰაშიში 2013 წელს, ნეპალში, მოწია მეგობართან ერთად. მეორე დღეს, ის და მისი მეორე მეგობარი ქალაქის დასათვალიერებლად წავიდნენ. ნეპალში ნაცნობი ქართველები შეხვდნენ. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ, ანას და მის მეგობარს მოსაწევი საშუალება შესთავაზეს, რომელიც, მათი თქმით, ჰაშიში იყო, რომელიც თამბაქოსთან ერთად, მოსაწევად იყო გახვეული.
ანამ პირველი მოქაჩვისკენ იგრძნო, რომ ძალა ეცლებოდა.
“რამდენიმე ადამიანი ეწეოდა ერთ შეკეთებულს და სანამ მეორე ჯერი ჩემთან მოვიდოდა, თვალთ დამიბნელდა. მერე არაფერი მახსოვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ 3 საათი მასულიერებდნენ. კრიჭა შეკრული მქონდა, ეგონათ, რომ მოვკვდი. შემდეგ ერთი ვედრო წყალი დამასხეს. შემდეგ საავადმყოფოში წამიყვანეს, რაღაც დამალევინეს და დღის ბოლოს მოვედი აზრზე. როცა იმას ვკითხე, ვინც მოგვცა, მითხრა, რომ მათზე იგინევაირად არ უმოქმედია: მითხრა, ისეთი ხუთი გვქონდა მოწეული იმ დღესო. მაშინ ძალიან დავისტრესე და მის შემდეგ ძალიან ფრთხილად ვიყავი.”
ამ შემთხვევიდან ანას მარიხუანა საერთოდ არ მოუწევია, ვიდრე, გასული წლის გაზაფხულამდე, 1-2 მოწევის ისევ გაბედვის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ მარიხუანის მოხმარება დროგამოშვებით ისევ გაეგრძელებინა.
“ჰაშიში გამოვრიცხე. ბიო თავისთავად - არასოდეს მომიწევია და არც ვაპირებ. ვისაც შედარებით ვენდობოდი და ვიცოდი, რომ მისი იყო ან მისი ნაცნობის, როცა ვიცოდი, რომ ნამდვილად მარიხუანაა, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვეწეოდი, ორ კვირაში ან სამ კვირაში ერთხელ”.
ანა ბევრად უფრო ფრთხილი მწეველი გახდა: ცდილობდა, ცოტა რაოდენობით მოეწია და ინფორმაციაც გადაემოწმებინა, რომ მოსაწევ საშუალებაში მაღალი კონცენტრაციით არ ყოფილიყო აქტიური ნივთიერება [მარიხუანის შემთხვევაში, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, THC]. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ თრობის სხვა საშუალებებისგან განსხვავებით, კანაფის პროდუქტების მარტივი ტესტერი არ არსებობს, მცენარის წარმომავლობასა და მასში THC-ს კონცენტრაციაზე ინფორმაცია მაინც გადაუმოწმებელი რჩებოდა.
გონების დაკარგვის მეორე შემთხვევა
3 თვის წინ, მეგობარმა ბიჭმა ანას ჩვეულებრივზე ოდნავ ძლიერი ზემოქმედების მარიხუანის მოწევა შესთავაზა. თან აუხსნა, რომ მოსაწევი მასა, რომელიც ჩიბუხით უნდა მოეწიათ, გრინდერით დაფქული [და არა ხელით დაფშვნილი] კანაფის მცენარის ის ნაწილი იყო, რომელიც წვრილი სახით, დაფქული მასის ქვემოთ რჩებოდა და მისი თქმით, შედარებით ძლიერი ზემოქმედებისა იყო. თან აუხსნა, რომ მცენარე ჰიბრიდული ჯიშის მარიხუანა იყო [გაურკვეველია, რომელი და რომელი ჯიშის ნაერთი].
“კანაფი არის ნამდვილადო. რომ ვუსუნე, ძალიან მძაფრი სუნი კი ჰქონდა. დაეჭვებულმა შევხედე და ვკითხე, რა ეფექტი ექნებოდა. მითხრა, არაფერი, ლაითია. გაგისწორდებაო”.
რადგან შეთავაზებული პროდუქტი ახალი იყო, ანამ კომფორტის შეგრძნება ოდნავ დაკარგა. გადაწყვიტა, რომ ჯერ ცოტა გაესინჯა და შესაბამისად ემოქმედა. პირველი შესუნთქვისთანავე დიდი ჩასუნთქვა მოუვიდა და უსიამოვნო შეგრძნებებიც მაშინვე დაეწყო.
“ჩვეულებრივ, სასიამოვნო ეფექტი აქვს ხოლმე: კეფის ნაწილი ოდნავ გიბუჟდება და სასიამოვნოდ დაგივლის მთელს სხეულში. ეს სხვანაირი იყო: აგრესიულად მომაწვა, ეგრევე ჩამწვა, თავი გამიბრუვდა. მეთქი, ‘ვაი’, მაგრამ ცოტა ხანი ‘დავრილექსდი’. ვხუმრობდით კიდეც, მერე ოდნავ ამერია აზრები”.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, ანამ იგრძნო, რომ გული აუჩქარდა, სუნთქვა ეკვროდა, ენერგიისგან დაიცალა, მუცელი ძლიერად ასტკივდა. იმის გამო, რომ აქამდე გულის წასვლის გამოცდილება ჰქონდა, შეეცადა, მობილიზებული შეხვედროდა ჯანმრთელობის უეცარ ცვლილებას. მართალია, მეგობარს ვერ გააგონა, მაგრამ იმის თქმაც კი მოასწრო, რომ არ შეშინებოდა, რადგან გულის წასვლები მისთვის საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
შემდეგ, მეგობრის დახმარებით, წამოდგა და საპირფარეშოსკენ დააპირა წასვლა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, გული წაუვიდა. შემდეგ აღარაფერი ახსოვს. მეგობრის მონაყოლიდან კი იცის, რომ ფეხზე დადგომიდან რამდენიმე წამში წაიქცა და რომ არა მეგობარი, თავსაც დაარტყამდა.
როცა ცნობიერება ოდნავ მაინც დაუბრუნდა, ახსოვს, რომ მის სახელს სწრაფად და განმეორებით იძახდა შეშინებული მეგობარი. ანას მეგობრის ხმა ესმოდა და რეაგირება უნდოდა, მაგრამ პირის აპარატი არ ემორჩილებოდა. თვალზეც რაღაც აწვებოდა.
შემდეგ დაძაბულობა თანდათან მოეშვა, გონზეც მოვიდა. თავიდან ერთმანეთთან დაუკავშირებელ წინადადებებს ამბობდა, თან აცნობიერებდა, რომ აზრს ვერ აყალიბებდა. თუმცა, თანდათან დაუსტაბილურდა.
შემდეგ მალევე დაიძინა. როცა გაიღვიძა, თავი ისევ უბრუოდა. თვალები კი ისეთი გამომშრალი ჰქონდა, რომ ძლივს ახელდა. მაშინვე წვეთები მიაშველა, თავის ტკივილის რამდენიმე წამალი დალია და ისევ გააგრძელა ძილი. დაახლოებით 2 საათში, ისევ გაიღვიძა.
“გაღვიძების შემდეგ, ცუდად არ ვიყავი, მაგრამ რაღაცნაირად რომ არის ორგანიზმი - ‘დადებილებული.’ გამოფიტული, dumb ვიყავი. არადა, მთელი დღე მქონდა დაგეგმილი ისე, რომ ძალიან პროდუქტიული უნდა ვყოფილიყავი. რაღაცეები გავაკეთე, მაგრამ თავს ძალიან ვატანდი ძალას, რომ ელემენტარული გონებრივი ფუნქციები შემენარჩუნებინა.”
ინფორმაციის მოძიება უცნობ სუბსტანციაზე
მეორე დილით, გამოღვიძებისთანავე, ანამ მეგობარს მისწერა და მიღებული ნარკოტიკის შესახებ მეტი ინფორმაცია სთხოვა. მეგობარმა უთხრა, რომ მიღებული ნივთიერება ნამდვილად მარიხუანა იყო, რადგან ის მის სხვა მეგობარს, საკუთარ ბაღში [თუ კარადაში], მოჰყავდა. მეგობარმა ასევე უთხრა, რომ ეს მარიხუანის ორი სახეობის ჰიბრიდი იყო, თუმცა, კონკრეტულად, რომლების, ვერ გაარკვია.
გაურკვეველი დიაგნოზი
აღწერილ ორ შემთხვევამდე ანას არაერთხელ წასვლია გული, მაგრამ არა მარიხუანის მოწევის ფონზე. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს ის სახლში მარტო იყო: უცებ იგრძნო, როგორ სუსტდებოდა. გარშემო არავინ იყო, რომ საშველად ეხმო.
ყოველი ასეთი შემთხვევის დროს, ეშინოდა, გამოღვიძებულზე არ აღმოეჩინა, რომ უკონტროლობის წამებში, თავი რამე წვეტიანი საგნისთვის არ მიერტყა. აქამდე ყველა შემთხვევას გადაურჩა. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა გარეგნულად.
გინეკოლოგთან მორიგი კონსულტაციის დროს, როდესაც ექიმი ანას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას აგროვებდა და გულის წასვლის არაერთი ფაქტი მოისმინა, უთხრა, რომ შესაძლოა, ეს მცირე ეპილეფსიური შეტევა ყოფილიყო და ანას დამატებით ნევროლოგთან კონსულტაცია ურჩია.
ნევროლოგმა ანას ენცეფალოგრაფია ჩაუტარა. არც ამ პროცედურამ, რომელიც თავის ტვინის ფუნქციონირებას ზომავს და მასში მიმდინარე პათოლოგიებს აღმოაჩენს ხოლმე, არავითარი ნეგატიური ცვლილება არ აჩვენა.
“ვერაფერს ვერ დაგინიშნავო - ასე მითხრა ნევროლოგმა. იარე ფეხით. კომპიუტერთან ნაკლები დრო გაატარე. ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრეო. სულ ეგ იყო.”
თავის ტვინი & მარიხუანა
მარიხუანის ცენტრალური ნერვული სისტემის მთავარ ორგანოზე - თავის ტვინზე გავლენა დღევანდელ მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სადისკუსიო თემაა. სპეციალისტები, ძირითადად, იმას იკვლევენ, არსებობს თუ არა კავშირი ახალგაზრდებში მარიხუანას დიდი დოზით მოხმარებასა და ფსიქოზს შორის.
ექიმებმა ამ კავშირის შესახებ პირველი ეჭვები დაახლოებით 70 წლის წინ გამოთქვეს. წიგნში “უთხარი შენს შვილებს”, ავტორი ალექს ბერენსონი, ნიუ-იორკ ტაიმზის ყოფილი ჟურნალისტი, ამბობს, რომ მარიხუანის ლეგალიზება მოზარდებს [მოზარდობიდან 25 წლამდე შუალედში მოწევის შემთხვევაში] შიზოფრენიისა და სხვა ფსიქიკური სინდრომების საფრთხის წინაშე დააყენებს.
ამ აზრს კრიტიკოსებიც ჰყავს, მათ შორის, პატივსაცემი მეცნიერები და მკვლევარები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს მოსაზრება გადაჭარბებულია და მეცნიერებას არც მთლად ასეთი კატეგორიული მტკიცებულებები აქვს ამ მოსაზრების გასამყარებლად.
თავის ტვინის კვლევა
ბოლო 10 წლის განმავლობაში ანამ ნევროლოგებს არაერთხელ მიმართა. არც ერთ მათგანს ანასთვის თავის ტვინის - ნერვული სისტემის ცენტრალური ორგანოს კვლევა: არც თავის ტვინის ტომოგრაფია და არც მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა [MRI] არ მოუთხოვია.
“არც ერთ მათგანს ეს სიმპტომი სერიოზულად არ მიუღია. ერთადერთი, გინეკოლოგმა მირჩია, რომ ამისთვის ყურადღება მიმექცია.”
გულის წასვლის პერიოდები ხშირი არ არის: წელიწადში ერთხელ მეორდება და ანასთვის, ჯერ-ჯერობით, სერიოზული ფიზიკური ტრავმის გარეშე მთავრდება.
“აშკარად, რაღაც პრობლემა არის, მაგრამ ვერაფერს ზუსტად ვერ ვუკავშირებ. მგონია, რომ ჩემს თავის ტვინში არის რაღაც მოვლენა, რაც იმ მცენარემ დროებით გაააქტიურა, რაც იმ დღეს მივიღე.”
სხვა, უფრო მკაფიო დიაგნოზი ან ინფორმაცია საკუთარი თავის ტვინის მუშაობის აქამდე ამოუხსნელ მდგომარეობაზე ანას ჯერ-ჯერობით არ აქვს.
“აწი უფრო ფრთხილად ვიქნები და ექსპერიმენტებს არ ჩავატარებ. ეგ ხომ მაინც ექსპერიმენტი იყო: ცოტა განსხვავებული რამ მოვწიე. კაი experience [გამოცდილება] იყო-მეთქი, ვერ ვიტყვი. მასეთი რამ კიდევ რომ მომივიდეს, მართლა რამეს დავიზიანებ ჩემს ორგანიზმში”, - ამბობს ანა.
განმარტება
► ამ სტატიის მიზანი არ არის გმირის ნევროლოგიურ პრობლემებსა და კანაფის პროდუქტების მიღებას შორის პირდაპირი კავშირის დადგენის მცდელობა
► კანაფის პროდუქტებსა და საკუთარ დაავადებაზე გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ამ სტატიის გმირს, ეფუძნება მის გამოცდლებას, თრობის ამ საშუალების მიღების ჩვევებს და ვერ განზოგადდება სხვა ადამიანებზე.
► თრობის ნებისმიერ საშუალებას ყველა ინდივიდზე სხვადასხვაგვარი გავლენა აქვს და დამოკიდებულია მომხმარებლის ასაკზე, სხეულის წონაზე, სითხის მიღების სიხშირეზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და ბევრ სხვა ფაქტორზე.
► გმირის სახელი შეცვლილია, სხვა დეტალები კი ზუსტია.
► ილუსტრაცია დახატა სოფი დათიშვილმა
წაიკითხეთ სამეცნიერო წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაცია სტატიის გმირის ნახსენებ ნარკოტიკულ საშუალებებზე:
► რა ვიცით მარიხუანაზე?
► მარიხუანა ახალგაზრდების თავის ტვინს აზიანებს
► თავის ტვინი და ნარკოტიკები
► იწვევს თუ არა მარიხუანის მოხმარება შიზოფრენიას?