ჯანდაცვა

შარდით ტესტირების შეზღუდვები




ურინოტესტირება ორგანიზმში ნარკოტიკების აღმოჩენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზაა, ვინაიდან მისი ნიმუშების აღება მარტივია. ამ მეთოდის სიმარტივემ მასზე მოთხოვნილება გაზარდა. 

იმუნოფერმენტული ტესტი იმუნოფერმენტაციაზე  [immunoassay] დაფუძნებული ტესტია, რომლის საშუალებით შარდში კონკრეტული ნივთიერების [ამ შემთხვევაში, სხვადასხვა ნარკოტიკის] ცილის აღმოჩენა ხდება, სპეციფიური ანტიგენის ან ანტისხეულის მასზე რეაქციის გზით.  

იმუნოფერმენტაციის მეთოდით ტესტირება სრულყოფილი არ არის. შედეგები, შესაძლოა, ხშირად იყოს ცრუ-დადებითი [როცა ადამიანს ორგანიზმში, რეალურად, არ აქვს ნარკოტიკები და ტესტი დადებითს აჩვენებს] და ცრუ-უარყოფითი [როცა ადამიანს ორგანიზმში აქვს ნარკოტიკები, მაგრამ ტესტერმა ვერ აღმოაჩინა]. 

ურინოტესტირების ცრუ-დადებითმა [false-positive results] შედეგებმა შესაძლოა სერიოზულ უარყოფით სამედიცინო ან სოციალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს, თუკი იმუნოფერმენტაციის შედეგები მეორადი, კერძოდ კი გაზ-ქრომატოგრაფიულ-მასს- სპექტომეტრიის მეთოდით არ იქნება დაზუსტებული.

მიზანი შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა უნდა იყოს.  

შარდით ტესტირების შეზღუდვები

შარდის ანალიზი ორგანიზმში ნარკოტიკების აღმოჩენისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია. სოციალური და ლეგალური გადაწყვეტილებების მიღების დროს, მისი ვალიდურობისა და საიმედოობის ზუსტი ინერპრეტირება გადამწყვეტია.   

ამერიკული სამედიცინო დაწესებულება - მეიოს კლინიკის ვებ-გვერდზე განთავსებული აკადემიური მიმოხილვა, რომელსაც ხელს სამი პროფესორი: კარენ მოელერი - კანზასის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ფარმაცევტული სკოლის ასისტენტ-პროფესორი, კელი ლი - სკაგსის ფარმაციისა და ფარმაცევტული მეცნიერებების სკოლის პროფესორი და ჯული კისაკი - ჰარდინგის უნივერსიტეტის ფარმაციის სკოლის პროფესორი - აწერს, ნათქვამია, რომ მედიკოსებმა უნდა იცოდნენ, რომ იმუნოფერმენტაციის გზით შარდში ნარკოტიკების სკრინინგი მხოლოდ სავარაუდოა და ტესტის დადებით თუ უარყოფით შედეგებზე სხვა უამრავი ფაქტორი ზემოქმედებს. 

ორგანიზმში ნარკოტიკების აღმოჩენა საბოლოოდ გაზ-ქრომატოგრაფიული მასს-სპექტომეტრიით უნდა დადასტურდეს. 

მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ხალხი შარდის ნიმუშებს სპეციალურად, უარყოფითი შედეგების მიღების გამო, სხვადასხვა ნივთიერებებით აზავებს.

ზემოთ ნახსენები სამი პროფესორის და მათ მიერ ციტირებული კვლევებისა და სამედიცინო მტკიცებულებების თანახმად, ზუსტი შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია პაციენტის სამედიცინო ისტორიის ცოდნაც, მათ შორის, ინფორმაცია იმ სარეცეპტო და არასარეცეპტო მედიკამენტებსა თუ მცენარეულ საშუალებებზე, რომლებსაც პაციენტი იღებდა შარდის ჩაბარების მომენტისთვის, ვინაიდან ყველა ეს ნივთიერება ჯვარედინად შედის რეაქციაში ნარკოტიკების მეტაბოლიტებთან და ანალიზის საბოლოო პასუხზე ახდენს გავლენას.  

გარდა ამისა, შარდის სკრინინგი არ იძლევა საკმარის ინფორმაციას, მაგალითად, იმაზე, თუ რამდენი ხანი გავიდა ბოლო ინექციის/მოხმარების შემდეგ, ზოგადად რამდენი ხანი მოიხმარდა ადამიანი ნარკოტიკ[ებ]ს ან როგორია მისი სხეულის ინტოქციკაციის დონე.  

მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცნობიერებდნენ ურინოტესტირების შეზღუდვებს და საბოლოო დასკვნების გაკეთებამდე, მოიძიონ ობიქტური ფაქტები და კლინიკური ინფორმაცია პაციენტზე.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტენდერები ურინოტესტერებზე

ტესტერები, რაც შინაგასან საქმეთა სამინისტრომ 2017-2018-2019 წლებში შეიძინა და რაც სახელმწიფო ტენდერების ვებ-გვერდზე, სამედიცინო და ფარმაცევტული პროდუქტების კატეგორიებში იძებნება, სწორედ იმუნოფერმენტაციის საშუალებით ორგანიზმში ნარკოტიკების გამოსავლენი ტესტები იყო. მათი ნაწილი შარდს, ნაწილი კი - ნერწყვს იყენებს ბიოლოგიურ ნიმუშად.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი სატენდერო დოკუმენტის თანახმად, რომელიც 2017 წლის 31 მაისს გაფორმდა, შესყიდული ტესტერების [იგულისხმება მხოლოდ ურინო] მწარმოებელი ჩინური კომპანია Hangzou Biotest Biotech Co.,LTD-ა. თვით კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, მათ მიერ წარმოებული ტესტები სწრაფი სკრინინგის საშუალებებია, რომლებიც, სხვა აკადემიური წყაროების თანახმად,  შემდგომ გადამოწმებას საჭიროებს.

მეორე დოკუმენტის თანახმადაც, სამინისტრომ იგივე კომპანიის წარმოებული, იგივე ტესტერები შეიძინა. 

შსს-ს მიერ შესყიდული ტესტერების სახელები და მუშაობის მექანიზმები

JWH-018 pentanoic acid - პენტანოინის მჟავა - კანაბინოიდი CB2-ს რეცეპტორის ანტაგონისტი, რომელიც შარდში მისი არსებობის შემთხვევაში, მასთან შედის რეაქციაში და წინასწარ ადასტურებს მის არსებობას

JWH-073 N-hydroxybutyl - კანაბინოიდ CB1-ს რეცეპტორის ანტაგონისტი, რომელიც შარდში მისი არსებობის შემთხვევაში, მასთან შედის რეაქციაში და წინასწარ ადასტურებს მის არსებობას

JWH-398 N-hydroxypentyl - კანაბინოიდ CB-ს რეცეპტორის ანტაგონისტი, რომელიც შარდში მისი არსებობის შემთხვევაში, მასთან შედის რეაქციაში და წინასწარ ადასტურებს მის არსებობას

JWH-200 -  CB-ს რეცეპტორის ანტაგონისტი,  რომელიც შარდში მისი არსებობის შემთხვევაში, მასთან შედის რეაქციაში და წინასწარ ადასტურებს მის არსებობას

ინსტრუქციის მიხედვით, ყველა ამ ტესტერით მიღებული შედეგი გადამოწმებას საჭიროებს. 

ორგანიზმში ნარკოტიკების შემოწმების ბიოლოგიური საშუალებები და მასალები

შარდი, სისხლი, თმა, ნერწყვი, ოფლი და ფრჩხილები  [ფეხისა და ხელის თითების] ის ბიოლოგიური ნიმუშებია, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკების აღმოჩენის მიზნით, ლაბორატორიული შემოწმების დროს გამოიყენება და შედეგები სპეციფიურობის, სენსიტიურობისა და სიზუსტის სხვადასხვა ხარისხს აჩვენებენ.

სხვა ბიოლოგიურ მასალებს შორის, შარდი ყველაზე ხშირად გამოიყენება, ვინაიდან მისი აღება ყველაზე იაფი და მარტივია.  ნარკოტიკებისა და მათი მეტაბოლიტების კონცენტრაცია შარდში ნამდვილად მაღალია, უფრო დიდხანს რჩება ორგანიზმის სწორედ ამ ბიოლოგიურ სითხეში და აღმოჩენის ხანგრძლივობა მეტია, სხვა ზემოთჩამოთვლილ ბიოლოგიურ მასალასთან შედარებით. 

ურინოტესტირების დროს ორგვარი ხერხი გამოიყენება: იმუნოფერმენტირება [ immunoassay] და აზ-ქრომატოგრაფიული მასს-სპექტომეტრია [gas chromatography-mass spectrometry (GC-MS)] . 

იმუნოფერმენტირების დროს სისხლში კონკრეტული ცილის აღმოჩენა ხდება, მის სპეციფიურ ანტიგენზე ან ანტისხეულზე რეაქციის გზით, რომელიც თავდაპირველი სკრინინგის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია.  

იმუნოფერმენტირების მთავარი მინუსი ის არის, რომ ის ხშირად ცრუ-დადებით შედეგებს იძლევა და აუცილებლად საჭიროებს დამადასტურებელ, საბოლოო ტესტირებას.  იმუნოფერმენტაციის შედეგები ყოველთვის სავარაუდოა მანამ, სანამ, მაგალითად, გაზ-ქრომატოგრაფიული მასს-სპექტომეტრიით არ გადამოწმდება. 

ზოგჯერ გაზ-ქრომატოგრაფიული მასს-სპექტომეტრიაც კი შეიძლება შეცდეს და ვერ აღმოაჩინოს შარდის  ნიმუშში, მაგალითად, ისეთი ნივთიერებები, როგორებიცაა ჰიდრომორფინი ან ფენტანილი მაშინ, როდესაც კონკრეტული ტესტერი მხოლოდ მორფინის ან კოდეინის აღმოსაჩენად არის შექმნილი და ზემოთხსენებულ ნარკოტიკებზე სენსიტიურობა არ აქვს. 
 
გაზ-ქრომატოგრაფიული მასს-სპექტომეტრიით შარდის კვლევა და მასში ნარკოტიკების აღმოჩენა სტანდარტიზებული, საბოლოოდ დამადასტურებელი, ტესტია. ამ მეთოდს შეუძლია ნიმუშში არსებული, თუნდაც მცირე, კონცენტრაციაც კი აღმოაჩინოს, მაგ. მორფინი, ოპიატების კვლევის შემთხვევაში.  ეს არის შარდით ტესტირების ყველაზე ზუსტი, მგრძნობიარე და სანდო მეთოდი.
 
ტესტირების ეს მეთოდი დიდ დროსა და საქმის მცოდნე ადამიანებს მოითხოვს და ძვირია. სწორედ ამ მიზეზების გამო, გაზ-ქრომატოგრაფიული მასს-სპექტომეტრია მხოლოდ პირველადი სკრინინგის [იმუნოფერმენტული ან იმუნოქრომ ტესტით] დადებითი შედეგის შემდეგ კეთდება. 

კვლევის ხანგრძლივობა

შარდში ნარკოტიკების აღმოჩენის სიზუსტეს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს.  ფარმაკოკინეტიკა, მეტაბოლიტების არსებობა, პაციენტის მდგომარეობა [მაგალითად, სხეულის მასა], ნარკოტიკების მიღების მოკლე- თუ გრძელვადიანი გამოყენების გამოცდილება, შარდის მჟავა-ტუტიანობის დონე, ნარკოტიკების ბოლოს მიღების დრო - ის ფაქტორებია, რომლებიც შარდში ნარკოტიკების აღმოჩენის წარმატებას განაპირობებენ.

 

შარდის სინჯების შეფასება

შარდის ნიმუშის პირველადი შეფასების დროს, მისი ფერი და გარეგანი მდგომარეობა მოწმდება.  თავდაპირველად, შარდის ნიმუში სპეციალურად უნდა შეიმღვრეს,  იმის დასადგენად, არის თუ არა მასში შერეული საპონი. თუ სითხეს ნორმალურზე მეტი ბუშტუკები გაუჩნდა, ეს იმის მაჩვენებელია, რომ შესაძლოა, შარდის ნიმუში განზავებულია სხვა, არაბიოლოგიური მინარევებით. 

შარდის ნიმუშით მანიპულირებისთვის და შეცდომაში შეყვანის მიზნით, მასში გაჭედილი მილის გამხსნელ ქიმიკატს, ქლორს, თხევად საპონს, ამონიუმს, წყალბადის ზეჟანგს, ლიმნის წვენს ან თვალის წვეთებს ამატებენ. ტეტრაჰიდროკანაბინოლის ტესტირება ყველაზე მეტად მგრძნობიარეა მინარევების მიმართ და თუ შარდი განზავებულია, ხშირად მცდარი უარყოფითი შედეგები მიიღება.  

შარდის ფერი

ჩვეულებრივ, შარდის ნიმუში მკრთალი ყვითელი ან გამჭვირვალე ფერისაა, მისი კონცენტრაციიდან გამომდინარე.  შარდის ნიმუში, რომელიც ადრე დილით არის აღებული, ყველაზე კონცენტრირებულია და ყველაზე სანდო ინფორმაციას იძლევა.  შარდის უჩვეულო ფერი, შესაძლოა, იყოს მედიკამენტების, საკვების ან დაავადებების მიზეზი, რომელიც შარდის ნიმუშის აღების ოქმში აუცილებლად უნდა აღიწეროს. 

შარდის ტემპერატურა

შარდის ტემპერატურა უნდა აღიწეროს აღებიდან 4 წუთის განმავლობაში. მისი ტემპერატურა უნდა მერყეობდეს 32-38 °C [ცელსიუსის საზომით] შორის და კიდევ 15 წუთის განმავლობაში, შესაძლოა შეინარჩუნოს 33°C. ამ ტემპერატურისგან განსხვავებული მონაცემები იმის მანიშნებელია, რომ ნიმუში ჩანაცვლებულია და არ არის სანდო.  

შარდის მჟავიანობა

ნორმალური შარდის ნიმუშში მჟავიანობის დონე [pH] დღის განმავლობაში მერყეობს 4.5-სა და 8.0-სშორის. თუ ნიმუშში pH 3-ზე ნაკლებია ან 11-ზე მეტია, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს მის დაბინძურებასთან ან განზავებასთან.

კრეატინინის კონცენტრაცია ნორმალური შარდის ნიმუშში უნდა იყოს 20 მგ/დლ [მილიგრამი/დეცილიტრზე].  შარდის ნიმუში, რომელშიც კრეატინინის კონცენტრაცია 20 მგ/დლ-ზე ნაკლებია, უნდა ვივარაუდოთ, რომ შარდი განზავებულია. 

შარდში ნიტრიტების კონცენტრაცია 500 მკგ/მლტ-რზე [მიკროგრამი მილილიტრზე] დაბალი უნდა იყოს.

როცა არის გონივრული ეჭვი, რომ შარდი განზავებულია, მისი ხელახლა აღება უნდა მოხდეს, აწ უკვე პირდაპირი დაკვირვების პირობებში. 

 შარდის ტესტერები

ისეთი ტესტერები, როგორებიცაა  Intect 7 [მწარმოებელი: Branan Medical Corp, აშშ], Mask Ultra Screen [მწარმოებლები: Kacey, Asheville, აშშ], AdultaCheck 4 და AdultaCheck [მწარმოებელი: Chimera Research and Chemical Inc, ფინეთი] სწორედ შარდის პირველადი კვლევისთვის გამოიგონეს.  

ყველა ეს ტესტი ერთნაირად კარგად ზომავს შარდის ნიმუშის ისეთ პარამეტრებს, როგორებიცაა კრეატინინის შემცველობა და მჟავიანობა, მაგრამ სხვა ისეთი მინარევების მიმართ, როგორებიცაა: ქლორი, გლუტარალდეჰიდი, პირიდინუმ ქლოროქრომატი, ნიტრიტები და ოქსიდანტები, მათი მგრძნობიარობის დონე სხვადასხვაა. 

ბოლო დროს ჩატარებულმა ორმა კვლევამ აჩვენა, რომ ტესტერი Intect 7 ყველაზე მგრძნობიარეა ისეთი დანამატების მიმართ, როგორებიცაა ქლორი, პირიდინუმ ქლოროქრომატი და ძმარი.  

კანაბინოიდების აღმოჩენა შარდში

დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი არის მცენარე კანაფის შემადგენლობაში შემავალი ყველაზე ძლიერმოქმედი ფსიქოაქტიური ქიმიური ნივთიერება. 

შარდის ტესტერები მომზადებულია იმისთვის, რომ შარდში  THC-ს მეტაბოლიტები აღმოაჩინონ [მეტაბოლიტი არის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ანუ მეტაბოლიზმის დროს წარმოქმნილი ნივთიერება. ამ შემთხვევაში იგულისხმება ორგანიზმში THC-ის  დაშლის შედეგად მიღებული ნივთიერება]. 

THC ლიპიდებში [ცხიმში] ხსნადია,  შესაბამისად, კანაფის ეს კომპონენტი სხეულის ლიპიდურ [ცხიმოვან] ფენებში უფრო დიდი კონცენტრაციით “ლაგდება” და რჩება.  იმის გამო, რომ ცხიმებში იხსნება, მისი სხეულიდან გამოსვლა/გამოდევნა და შარდში მეტაბოლიზმი შედარებით ნელა ხდება.

მარიხუანის ერთხელ მოხმარება შარდში, შესაძლოა, დადებითად გამოჩნდეს მიღებიდან დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში, მაშინ, როცა გრძელვადიანი გამოყენების დროს შარდში დადებითი შედეგები მოხმარების შეწყვეტიდან დაახლოებით 46 დღის ფარგლებში ჩნდება. 

რამდენიმე კვლევის თანახმად, შარდში THC დადებითი შეიძლება გამოჩნდეს პასიური მოხმარების - ანუ სხვისი ამონასუნთქი ჰაერის ჩასუნთქვის შედეგადაც. 

ადამიანები, რომლებიც THC-ს შემცველ ნივთიერებებს მოიხმარენ, ხშირად სპეციალურად აზავებენ შარდს, რომ ტესტმა უარყოფითი შედეგები აჩვენოს. ამისთვის ისინი შარდში თვალის წვეთებს - ვიზინს ასხამენ. ვიზინის ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მისი აქტიური ინგრდიენტები: ბენზალკონიუმის ქლორიდი და ბორატის ბუფერი შარდში 9-კარბოქსი-THC-ს კონცენტრაციას ამცირებს და იმუნოფერმენტაციის ხერხით მის აღმოჩენას შეუძლებელს ხდის. თუმცა, ვიზინის აქტიური ინგრდიენტები  9-კარბოქსი-THC-ს ქიმიურად არ ცვლიან: მისი შარდში აღმოჩენა გაზ-ქრომატოგრაფიული მასს-სპექტომეტრიის მეთოდით ისევ შეიძლება.  

ამფეტამინების აღმოჩენა შარდში

ამფეტამინები და მეტამფეტამინები სამკურნალოდაც გამოიყენება ექიმის დანიშნულებით, ყიდვას კი რეცეპტი სჭირდება. თუმცა, ამფეტამინები ყველაზე ხშირად მათი მასტიმულირებელი და ეიფორიული შედეგების მიღწევის გამო გამოიყენება უკანონოდ, რეკრეაციისთვის.  ამფეტამინების ტესტების უმეტესობა შექმნილია იმისთვის, რომ აღმოაჩინოს ამფეტამინი, რაცემატი ნაერთები [მაგ. დექსტროამფეტამინი, მეტამფეტამინი] და მათი არალეგალურად წარმოებული ანალოგები [მეთილენდიოქსიქსიეთილამფეტამინი, მეთილენედიოქსიამფეტამინი და მეთილენდიოქსიმეთილამფეტამინი [იგივე MDMA)]. 

საუბედუროდ, სხვა სტიმულატორები, ანორექსანტები და ქიმიურად მათთან დაკავშირებული ნაერთები [მაგ. ფსევდოეფედრინი] ტესტში ცრუ-დადებით შედეგებს აჩვენებენ, რაც ამფეტამინების ტესტს ყველაზე რთულად ინტერპრეტირებადს ხდის. 

დამატებით სირთულეს წარმოადგენს ამფეტამინის აღმომჩენი ტესტის MDMA-ს მიმართ დაბალი მგრძნოებლობა. თუმცა, ცალკეულ ამფეტამინებისა და მეტამფეტამინების მონოკლონურ იმუნოფერმენტულ ტესტებს, ჯვარედინი რეაქციის წყალობით, MDMA-ს შარდში აღმოჩენა შეუძლია; მაგრამ MDMA-ზე მგრძნობიარობა ამფეტამინებთან და მეტამფეტამინებთან შედარებით, 50%-ით დაბალია. 

ამფეტამინის იმუნოფერმენტული ტესტით, შარდში MDMA-ის აღმოსაჩენად, მისი მაღალი კონცენტრაციაა საჭირო. სწორედ ამიტომაც გამოიგონეს სპეციფიკური ტესტერები, რომლებიც შეიცავენ სამ მონოკლონურ ანტისხეულს სპეციფიურად ამფეტამინის, მეტამფეტამინისა და MDMA-სთვის, რომლებიც მათთან შედიან რეაქციაში და ამ გზით აღმოაჩენენ მათ შარდში.  თუ ეჭვია MDMA-ს მოხმარებაზე, სწორედ ეს ტესტერები უნდა იყოს გამოყენებული.  

 

≈ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამჟამად 8 გაზ-ქრომატოგრაფი/მას სპექტომეტრი აქვს; 4 მათგანი - თბილისშია, ხოლო დანარჩენი 4 - რეგიონებში: გურჯაანში, ქუთაისში, ზუგდიდსა [ჭითაწყარი] და ბათუმში.  ინფორმაციას იმუნოფერმენტული ტესტების პირველადი შედეგების ამ დანადგარებით გადამოწმების სიხშირესა და ღირებულებაზე "კაქტუს-მედია" მომავალ მასალებში მოგიყვებათ. 
 
 
≈ შარდით ტესტირების საშულებით ორგანიზმში სხვადასხვა ნარკოტიკის აღმოჩენის შეზღუდვებზე მასალა მოამზადა ცირა გვასალიამ. მასალის წყაროს ნახვა შეიძლება მეიოს კლინიკის ვებ-გვერდზე, ორიგინალი სახელწოდებით -  Urine Drug Screening: Practical Guide for Clinicians. მეიოს კლინიკა ამერიკული სამედიცინო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მინესოტის შტატის ქალაქ როჩესტერში მდეობარეობს. ის 1889 წელს შეიქმნა. ამჟამად მეიოს კლინიკაში 4,500-ზე მეტი ექიმი და მეცნიერი მოღვაწეობს. 

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>