ჯანდაცვა

ახალბედა




- სახლში საჭმელს დედა გიგზავნის თუ შენ აკეთებ?

- მე ვაკეთებ. გუშინ კარტოფილი შევწვი, დღეს ვერმიშელი მოვხარშე. ეხლა ლობიოს ჩავადგამთ. კი, დედაც მიგზავნის, ჩამოდის ხოლმე. პროდუქტები დედას მოაქვს. 

- დედა გიგზავნის პროდუქტებს?

- ხო, ან პროდუქტის საყიდელ ფულს. 

გიორგი 18 წლისაა. წელს სტუდენტი გახდა, თბილისში სასწავლებლად ჩამოვიდა და მეგობართან ერთად ცხოვრობს. სწავლის პარალელურად, ერთ-ერთ კაფეში მუშაობაც დაიწყო, თუმცა, მისი თქმით, ყველაფრის კეთება თვითონ უწევს და ეს არ მოსწონს.

- დღეს ვხვდებოდი კლიენტებს და ვეუბნებოდი, მობრძანდით-მეთქი. 

-  გარეთ იდექი?

- “არკაში” ვიდექი. უბრალოდ ვიღაცამ რაღაც გვერდზე გახსნა და იქ მიდიან კლიენტები… წინა დღეებში კურიერი ვიყავი, რაღაცეები ვიყიდე, მერე რაღაც ჩამოვკიდე, ბანერი... მერე მოლარე ვიყავი ცოტა ხანი. ჯერ არ დამიწყია, მაგრამ უკვე ძაან დამღლელია.

დღის განმავლობაში საკუთარი მოვალეობების შესრულების შემდეგ, ღამით გიორგი გასართობად კლუბებში დადის. 

გაყალბებული პირადობის მოწმობა

გიორგი პირველად კლუბში 16 წლის ასაკში მოხვდა, როდესაც თბილისში პერიოდულად ჩამოდიოდა. “ახლობელი მუშაობდა დაცვაში და ეგრე შევძელი შესვლა,” - იხსენებს გიორგი.  - “დიდია ჩემზე ბევრად და წამოდი, წაგიყვანო, განახებო და მანახა. ასე გავიცანი, რა ხდება კლუბში.”

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანი იყო, გიორგიმ ინტენსიურად დაიწყო კლუბებში სიარული. შესვლას კი გაყალბებული პირადობის მოწმობით ახერხებდა. 

- 17 წლის რომ ვიყავი, გაყალბებული პირადობა მქონდა. მთელი სეზონი ეგრე ვიარე. მაშინ არ იყო იმდენად კონტოლი ამ პირადობებთან დაკავშირებით. ეხლა უფრო არის კონტროლი, მაგრამ ეხლაც დადიან 18 წელზე დაბალი ასაკის მქონე ადამიანები. 

- და ეს პირადობა ვინ გაგიკეთა?

- მე თვითონ, "ფოტოშოპით" გავაკეთე. ტელეფონში მქონდა. შვედეთშიც სიგარეტს ეგრე ვყიდულობდი. 

- ანუ ტელეფონიდან აჩვენებდი პირადობას?

- ეხლა რო აჩვენო ტელეფონიდან, აზრი არ აქვს, თუ მოგთხოვეს პირადობა. მიხვდნენ, რომ ვიღაცები გაყალბებული პირადობით დადიოდნენ.  

მარიხუანა

მარიხუანა პირველად გიორგის საკუთარ დაბადების დღეზე  მამის მეგობარმა მოაწევინა. მაშინ გიორგი 15 წლის გახდა.  

“მარიხუანა, ჩემი აზრით, უფრო საშიში ნარკოტიკია, ვიდრე გგონია,” - ამბობს გიორგი. - "მინახავს, მარიხუანას რომ ეწევიან 16, 15 წლისები. მეც ვიყავი 15 წლის და მეც ვეწეოდი და ნევროზს იწვევს ძაან. სახლში, აი, ძალიან გაბრაზებული ვყოფილვარ რაღაცაზე, გამოვსულვარ, მომიწევია და დავმშვიდებულვარ. მაგრამ ნევროზიც იმის გამოწვეული იყო, რო მარიხუანა არ მქონდა.”

MDMA

გიორგი 17 წლის იყო, როდესაც კლუბში ყოფნის დროს MDMA პირველად გასინჯა. აბი მისთვის უცნობმა ადამიანმა შესთავაზა.

- კონტაქტში შევედი ადამიანთან და ხო არ გინდაო და კი, მინდა-მეთქი.

- და აი უცნობისგან რომ იღებდი, ენდე, რეალურად?

- ხო, თვითონაც ის პრეპარატი ჰქონდა მიღებული და თავის მეგობრებსაც. მეგობრებთან ერთად იყო და მაგიტომ არ შემეშინდა. სანამ მე მივიღებდი, იმათ მიიღეს.

დაახლოებით მომდევნო 7 თვის განმავლობაში გიორგი ინტენსიურად იღებდა სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკებს.

- აი, 17 წლის რო გავხდი და გავსინჯე და დავიწყე, მას შემდეგ ძაან გადაბმულად ვიყავი მომხმარებელი…ესე ზუსტად არ მახსოვს, რის მერე რა იყო. უბრალოდ, ნელ-ნელა ყველაფერი გავსინჯე, რაც, ძირითადად, შეიძლებოდა გამესინჯა. ვისწავლე, როგორ უნდა მეყიდა და ასე შემდეგ. მივყევი, მივყევი და რავი, კოკაინი არ მაქვს მარტო “კლუბური” ნარკოტიკებიდან გასინჯული.

- კოკაინი არც არის “კლუბური” ნარკოტიკი. 

- ხო, ნუ მარა მოიხმარენ კლუბში. საქართველოში ყველაფერს მოიხმარენ. 

სხვადასხვა ნარკოტიკების 7-თვიანი ინტენსიური მოხმარების შემდეგ  გიორგის მდგომარეობა სახლში, მშობლებთან დაბრუნებამ, შეცვალა. 

- [იქ] ძაან სიმშვიდეში ვიყავი ჩემთვის. არც ნარკოტიკი მინდოდა, მოსაწევს თუ მოვწევდი და ეხლა ჩამოვედი [თბილისში] და ეხლა უფრო სტაბილურად ვარ. უფრო ვხვდები, რო ამ კუთხით გავიზარდე, იმიტომ რომ მაშინ თუ ნარკოტიკი იყო და მეტი არაფერი არ მინდოდა, ეხლა აღარ ვარ ეგრე ... შეიძლება ვიღაცამ რაღაც შემომთავაზოს და არ მინდა-მეთქი, ვუთხრა. 

გიორგისთვის კლუბი მნიშვნელოვან ადგილად რჩება, თუმცა მისი თქმით, არა ნარკოტიკის, არამედ ელექტრონული მუსიკის გამო, რომელსაც თავადაც ქმნის.

-  კლუბი ადგილია, სადაც უკრავენ და უსმენენ ელექტრონულ მუსიკას. ამიტომ მიყვარს იქ სიარული და აი, დღესაც მივდივარ, გუშინაც ვიყავი და რავი, სანამ არ დავიღლები, სულ ვივლი. ოღონდ აი, ნარკოტიკი არც გუშინ, არც გუშინწინ არ მიმიღია. არც დასალევი. ძაან მშვენივრად ვიყავი. ანუ, ჩემი აზრით, კლუბი და ნარკოტიკი ერთმანეთზე მიბმული არ არი… ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც აი, სამი-ოთხი წელია, დადიან და არანაირი კლუბური ნარკოტიკი არ აქვთ მიღებული.

ნარკოტიკის ყიდვა და ფასები

გიორგის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბში ნარკოტიკის ყიდვა ადვილია. ამბობს, რომ ნარკოტიკების რეალიზატორებმა, ახალბედას, შეიძლება, ფული გადაახდევინონ, მაგრამ სანაცვლოდ შეპირებული აბი არ მისცენ. 

თუმცა, მისივე თქმით რუს დილერებს ფასდაკლებები აქვთ ხოლმე. 

- აბებით იყიდება ექსტაზი. ერთი ცალი ღირს 80-დან 120-ლარამდე ... და როგორ არის: თუ ყიდულობ ერთ ცალს, დავუშვათ, იხდი 100 ლარს, მარა თუ ყიდულობ 10 ცალს ერთად, მერე უკვე 80 ლარის გადახდა გიწევს [თითოში]... ბევრს რომ ყიდულობ, “სკიდკები” აქვთ რუს დილერებს. 

- რუსები არიან?

- კი, ძირითადად.

- მარტო ექსტაზიზე თუ დანარჩენებსაც რუსები ყიდიან?

- არა, დანარჩენებზეც. ძირითადად, რუსები არიან. 

- აქაური თუ უფრო ჩამოსული?

- შეიძლება, თვითონ არც იყოს საქართველოში და ისე კურიერები ჰყავთ, რომლებიც განათავსებენ იმ მისამართებს, საიდანაც შენ უნდა აიღო. აი, საიტიც არის რუსული. 

გიორგის თქმით, ინტერნეტით ნარკოტიკების შეძენის შემთხვევაში დილერებთან პირისპირ კონტაქტი არ ხდება. 

- დილერს ვერ ნახულობ. ემესიჯები და გაძლევს მისამართს. მიდიხარ ადგილზე და მაგალითად, ნარკოტიკი მიწაშია ჩაფლული და მიწიდან იღებ. ჰყავთ სტაფი, კურიერები, რომლებიც ანთავსებენ  ნარკოტიკებს ამა თუ იმ მისამართებზე. 

“დავუკრავ რომელიმე ოთხშაბათს”

გიორგის თქმით, კლუბში სიარული კლუბური ნარკოტიკის მიღების მიზნით არ დაუწყია. ამბობს, რომ ელექტრონული მუსიკა უყვარს, რომელსაც თავადაც წერს. 

“ელექტრონულ მუსიკას ვაკეთებ, ელექტრონულ მუსიკას ბენდი იმდენად არ უნდა. მარტოც შეგიძლია, რომ ძალიან ბევრი რამე გააკეთო. მარა, მყავს მეგობარი, ვინც მასწავლა დაკვრა და მითხრა რო 'აი, ეს დაუკარი, აი, ამას მოუსმინე.' გემოვნება დამიხვეწა.”

გიორგი ფიქრობს, რომ, შეიძლება, გამოიყენოს ის საშუალება, რომელსაც თბილისის ერთ-ერთ კლუბი ახალბედა მუსიკოსებს აძლევს: ოთხშაბათობით კლუბი სივრცეს newcomer-ებს - ახალბედებს - უთმობს.

“შეიძლება დავუკრა რომელიმე ოთხშაბათს,” - ამბობს გიორგი. 

გიორგის მშობლებმა მისი კლუბში სიარულის შესახებ იციან, თუმცა ნარკოტიკების მოხმარების შესახებ - არა. ის მშობლების მოსანახულებლად სახლში ხშირად ვერ ჩადის. 

- იმიტო, რომ მანდ რომ უნდა ჩავიდე, მაგ დღეს ივენთი არის ხოლმე და აქ ყოფნას ვამჯობინებ. სამ კვირაში ერთხელ მაინც ჩავდივარ, რომ ვნახო ჩემები. 

- ანუ ივენთი ემთხვევა, ალბათ, შაბათ-კვირას, ხო?

- შაბათს. ხოდა ყოფილა პარასკევი-შაბათი ივენთზე ვყოფივარ, მერე კვირა დილას წავსულვარ [მშობლებთან] და ორშაბათს წამოვსულვარ.” 

იქიდან გამომდინარე, რომ კლუბში შესასვლელი კარი ღამის 12 საათზე იღება, გიორგი ხშირად სახლში გვიან ბრუნდება ან საერთოდ დილამდე კლუბში რჩება.

იხსენებს, რომ ჰქონდა შემთხვევა, როდესაც 48 საათის განმავლობაში არ დაუძინია. 

- წინა კვირაში [კლუბში] ვიყავი სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს. 4 დღე ვიყავი.

- და რამდენი საათი რჩები ხოლმე?

- დილამდე, ძირითადად. ანუ გააჩნია სიტუაციას… თუ, აი ვიცი, რომ ხვალ, 7 საათზე, სადღაც უნდა წავიდე, შეიძლება წამოვიდე, მარა, შეიძლება 7 საათზე პირადაპირ იქიდან წავიდე, არ წამოვიდე სახლში. ივენთს გააჩნია, ვინ უკრავს.

გიორგი სამსახურისა და სწავლის პარალელურად მაინც ახერხებს ასეთი ინტენსივობით კლუბებში სიარულსა და ღამის თენებას. თუმცა ამბობს, რომ ყველაფრის შეთავსება მარტივი არ არის. 

- მიჭირს ძაან. აი, მე მგონი მუშაობას თავი უნდა დავანებო და სადმე კლუბში უნდა დავიწყო.

- ბარემ სულ იქ რომ იყო, ხომ?

- ხო. დილას სამსახურში თუ მომიწევს წასვლა, დავრჩები ბარემ იქვე. მაქვს გაგზავნილი CV.

- უკვე კლუბში გააგზავნე CV? ანუ უკვე ფიქრობ რომ გადახვიდე?

გიორგი თანხმობის ნიშნად თავს აქნევს.  

 

 გმირის სახელი შეცვლილია, სხვა დეტალები კი ზუსტია.

 ილუსტრაცია დახატა სოფი დათიშვილმა

წაიკითხეთ სამეცნიერო წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაცია სტატიის გმირის ნახსენებ ნარკოტიკულ საშუალებებზე:

 11 ფაქტი MDMA-ზე

 რა ვიცით მარიხუანაზე?

  მარიხუანა ახალგაზრდების თავის ტვინს აზიანებს

  თავის ტვინი და ნარკოტიკები

  იწვევს თუ არა მარიხუანის მოხმარება შიზოფრენიას?

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>