ჯანდაცვა

წარმოსახვითი ბუშტი




პირველად რომ შევედი კლუბში, 18 წლის ვიყავი.  თავიდან განათებები მომეწონა. თავი კიბერ-პანკში მეგონა, მომავლის სცენარში. 

პირველივე დღეს აღმოვაჩინე, რომ კლუბი არის ადგილი, სადაც შეიძლება თვითრეალიზდე: ჩაიცვა ისე, როგორც გინდა. არავინ არაფერს გეტყვის. არანაირი დისკრიმინაცია. არანაირი სექსიზმი. არანაირი ჰომოფობია. ყველა free არის, აბსოლუტურად. 

- რაც ეგრე არ არის გარეთ?

- გარეთ ეგრე არ არის. მეტ-ნაკლებად, კი ცდილობენ ისე. უკვე იმდენად განვითარდა ჩვენთან rave კულტურა, რომ არის მცდელობა, რაც dance floorზე თავისუფლებაა, გადმოიტანო რეალურ ცხოვრებაში.  მეტ-ნაკლებად გამოდის კიდეც ეგრე: მე მყავს ძალიან ბევრი ლგბტ მეგობარი და ჰომოფობიის თვალსაზრისით, dance floorზე რომ ხედავენ და ეგუებიან მსგავს ტიპებს: გეებს, ბისექსუალებს, - რეალურ ცხოვრებაშიც რეაქცია აღარ აქვთ. შეიძლება, ამაზე იმანაც მოახდინა გავლენა, რომ კლუბიდან ნებისმიერ მოძალადეს აძევებენ.   

რამდენად ხშირად დადიხარ კლუბში? 

ამ ბოლო დროს, ძალიან მოვუხშირე, რადგან ძალიან ბევრი სტრესი მაქვს. მივდივარ და უარყოფით ენერგიებს ვუშვებ ხოლმე. სტრესი, პირველ რიგში, ისევ საზოგადოებისგან არის გამოწვეული.  

მე ბევრი ტრანსი [ტრანსსექსუალი] მეგობარი მყავს. ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრული ჯგუფია ამ საზოგადოებაში.  ერთადერთი ადამიანი ვიცი, ვინც საკუთარმა ოჯახმა მიიღო, ყველა დანარჩენი ოჯახებმაც კი უარყვეს. როგორც კი კაბითა და მაღალი ქუსლებით სიარულს იწყებენ, ყველასგან გარიყულები არიან, აბსოლუტურად ყველასგან.  

მუსიკით მოგვრილი ორგაზმი  

- ყურგაზმი რა არის? 

- ალბათ, ეს არის გრძნობა, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს იმ ყველაფერს, რაც კარგი ტრეკის მოსმენისას გეუფლება. ხანდახან, მუსიკას ვერ უწოდებ კარგს ან ძალიან კარგს და სწორედ აქ შეიძლებს ვიხმაროთ ეს სიტყვა, ჩემი აზრით.

- და ყურგაზმის მიღწევა რა მდგომარეობაა?

- შენს გარშემო ქრება ყველა და ყველაფერი, მუცელში ყველაფერი გიბრუნავს. ხართ მხოლოდ მუსიკა, შენ და უკარგესი feelingები. აი, იმ გიფის მსგავსია, ყურსასმენს რომ გაიკეთებ და მომენტალურად ყველაფერი ფერადდება. ერთი სიტყვით, ზენიტში ხარ მაგ დროს. 

ნარკოტიკები

კარგად კი არ მახსოვს, პირველად როდის გავსინჯე ნარკოტიკები. მგონი, 18 წლის ვიყავი. “ბასიანზე” გავსინჯე. პირველი იყო NBome. საშინლად არ მომეწონა. მე არ მიყიდია, შიგნით შემომთავაზა მეგობარმა. დოზაც ძალიან ცოტა იყო. 

კლუბში რომ შედიხარ, ჩემი აზრით, მზად ხარ, რომ რაღაც გასინჯო. ალბათ, მაგ ყველაფერს ეძებ კიდეც.  ჩემს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ასე აკეთებენ. როცა ვფიქრობდი, რომ, შესაძლოა, რამე მიმეღო, ამ ყველაფერზე წავიკითხე რაღაცები. Google-ში წავიკითხე, კონკრეტული წყარო არ მახსოვს. სხვადასხვა საიტზე იყო რაღაც ინფორმაციები.  

არც ვიცოდი, რას მივიღებდი და კონკრეტულად მხოლოდ NBome-ზე არ მიფიქრია.  მთლად გაგიჟებაც არ მინდოდა, მაგრამ მეტ-ნაკლებად, მზად ვიყავი [რამე მიმეღო]. მაგის მერე ეგ [NBome] არ გამისინჯავს: ჩემი თავი მაგ ნარკოტიკში ვერ ვიპოვე და ვერც - psy და treebal ფეტივალებში.  

[პირველად მიღების შემდეგ] რამდენიმე ხანი ისე გავიდა, რომ საერთოდ არაფერი არ მიმიღია, ალკოჰოლიც კი.  მხოლოდ მარიხუანას ვეწეოდი. გარკვეული პერიოდი ფხიზლად ვგულაობდი.  

ახლაც შემიძლია ეგრე. უბრალოდ, იმდენად კარგი feelingები არ არის, რაც იმ დროს [ნარკოტიკების მიღების შემთხვევაში].  

ფხიზლად?

აი, დილით, მაგალითად, ყველა რომ გასულია [თრობით] dancefloorზე და ერთ ფხიზელ ადამიანსაც ვერ ნახავ, შენც ეგრე უნდა იყო, რომ ფეხი აუწყო. მე მგონია, რომ ნარკოტიკი კლუბური ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ამის გარეშე სრულყოფილად არ გამოდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმდენი უნდა მიიღო, რომ განარკომანდე, “შეჯდე” ამაზე და ამის გარეშე ცხოვრება არ შეგეძლოს და ბლა-ბლა-ბლა.  

სავსებით ნორმალურია, რომ თვეში ერთხელ ან ორჯერ, სასწაული ივენთი რომ იდება, განტვირთვის მიზნით მიიღო [ნარკოტიკი]. იმას არ გეუბნები, ისე მოიქცე, ცხრა ათას რამეს რომ ურევენ ერთმანეთში და სად არიან, აღარ ახსოვთ.  

დოზები

ნახევარი ტაბლეტი ექსტაზით რომ იგულაო, ფიზიკურად ვერ გაგიძლებს ეს პატარა ტაბლეტი 9 საათი, ხვდები? დილით, აუცილებლად, რაღაც უნდა დაამატო, რომ გააგრძელო ეს ყველაფერი. თუნდაც, ალკოჰოლი რეაქციაში ისე შედის ამ ყველაფერთან, რომ თავიდან გაბოლებს და იწყებ ამ ყველაფერს.  

რას იღებ ყველაზე ხშირად?

ახლა, ძირითადად, ექსტაზს  ვიღებ, თვეში დაახლოებით ერთხელ ან ორჯერ, ერთ ჯერზე ნახევარ აბს. ძირითადად, არის 250-გრამიანი და შუაზე იყოფა.  

რისკის მართვა

რისკი არის, რა თქმა უნდა. მაგრამ თუ გყავს ნაცნობი, ისეთი დილერი, ვისგანაც ძალიან ხშირად იღებენ და ის ნარკოტიკი ყოველთვის არის სუფთა, ნდობა შეგიძლია.  

100%-ით დარწმუნებული ვერ იქნები, მაგრამ იმასთან შედარებით, რომ ვიღაც უცხოსგან აიღო, მაგას ჯობია [ნაცნობი დილერი]. თან, პახოდუ, დილერის სიტყვაც რომ არის და თან test-kitty-ც იგივეს ამტკიცებს, შეგიძლია შედარებით მშვიდად იყო.   

ნარკოტიკების ტესტერები 

პირველად მეოთხედი ექსტაზი მივიღე.  ძალიან მომეწონა. მაშინ არ შემომიწმებია, რადგან არ ვიცოდი, ტესტ-კიტები არსებობდა თუ არა. გარტყმაში არ ვიყავი, მაგრამ ეგ იყო 3 წლის წინ და მაშინ არც არსებობდა [საქართველოში]. მაშინ ვენდე ჩემს მეგობარს და მის ნაცნობ დილერს, რომ სუფთა იყო.  

ბევრმა ახლაც არ იცის, რომ [ტესტერები] არსებობს.  რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, მით უფრო safe იქნება rave.  

ტესტერი რომ ზუსტი არ არის, ეგ ვიცი.  თუმცა, “ექოვეივსზე” რომ ვიყავი, შევედი “მანდალას” კარავში და შევამოწმე ნარკოტიკი. ახლაც სულ ვამოწმებ.  რამდენიმე ტესტერი ვიყიდე დედაენის ბაღში. ახლაც მაქვს სახლში, უბრალოდ, არ მახსოვს, სად მიდევს.  მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეს ჩვევები ჩემს მეგობრებშიც დავნერგო. 

- შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერს ტესტირების შემდეგ იღებ?

- ბოლო დროს რასაც ვიღებ, შეიძლება ითქვას, რომ ასეა. მე თუ არ ვამოწმებ, აუცილებლად მყავს ადამიანები, ვინც ამოწმებენ იმას, რასაც მე ვიღებ.  

ფასი 

კონკრეტულად, ერთი “კანალიდან” შემოდის ეს ყველაფერი, ოღონდ რა “კანალია,” არ ვიცი. მართლა არ ვიცი, როგორ ახერხებენ. ძან მაინტერესებს, როგორ შემოდის ეს ყველაფერი საზღვარზე.   

როცა აქ შემოდის ეს ყველაფერი, მერე ე.წ. “ფეხი” იღებს ამ კონკრეტული დილერისგან ამ ნარკოტიკებს, უფრო იაფად, ვიდრე ყიდის. მაგალითად, ერთ ცალს 50 ლარად.  შემდეგ ეს ტიპი ყველაფერ ამას ყიდის თითქმის გაორმაგებულად, მაგალითად, 80-90 ლარში. 

ის ტიპები, რომლებიც 80 ლარად  ყიდიან, მათგან ყიდულოებენ ჩემი მსგავსი ტიპები, რომლებიც შემდეგ მას მოიხმარენ. მათშიც არიან გადამყიდველები, რომლებიც კიდევ - მესამე ხელზე - ყიდიან: 110-180 ლარად - ძალიან ძვირად. მაგ ტიპებისგან, ძირითადად, გამოუცდელი ადამიანები ყიდულობენ. 

მეც შემიძლია, ეგეთი რამე გავაკეთო: ვიყიდო ერთი აბი ექსტაზი 80 ლარად, ვიპოვო გამოუცდელი ადამიანები და მივყიდო 120 ლარად. რეალურად, 110 ლარიც უძვირესია. მე 80 ლარიც მეძვირება იმის ფონზე, რომ ვიღაც 50 ლარად იღებს პირველ ჯერზე.  

შენ როგორ ყიდულობ?

პირდაპირი დილერი არ მყავს. დილერებს ძალიან ცოტა ადამიანები იცნობენ. ძირითადად, მეორე კატეგორიაა, ე.წ. ფეხები. “ფეხები” ბარიგასთან მიდიან, იღებენ და მერე არიგებენ. ასეთი ფეხისგან ვიღებ მეც. 

- ფეხი ერთი და იგივე გყავს?

- კი. 

- ერთი და იგივე სამი წლის განმავლობაში?

- არა, რამდენიმე გამოვიცვალე. 

- დაახლოებით რამდენი გამოიცვალე?

- დაახლოებით, სამი, ალბათ.  

 

“ფეხის” გამოცვლის მიზეზები

თავიდან, როცა ექსტაზში ჩემი თავი ვიპოვე და თან ძალიან კარგი line up დაიდო, მივწერე ყველა ჩემს მეგობარს. ერთ-ერთმა დამაკავშირა კონკრეტულ ადამიანთან. 

ნაროტიკის აღებამდე, ამ ადამიანს ფული გადავურიცხე. შემითანხმდა ადგილზე, დროზე. მივედი და ავიღე. ამას ძვირად ჰქონდა მაშინ, 100 ლარად მაძლევდა ერთს.  

ჯერ ფული იმიტომ გადავურიცხე, რომ ჩემი ნაცნობი აღმოჩნდა რომელსაც, ასე თუ ისე, ვენდობოდი. ისე, წინასწარ არავინ რიცხავს, რადგან გადაგდების რისკი დიდია და მაგას მაქსიმალურად ვერიდები.

სმს-ით ხდება ურთიერთობა, ძირითადად, “ტელეგრამს” იყენებენ. ვინც გამოცდილია, იცის, რომ [ერთი აბი ექსტაზის] მაქსიმალური ფასი 90 ლარია იმ შემთხვევაში, თუ ძან სასწაული ექსტაზია. თუ არადა, 70-80 ლარი არის მიღებული ფასი და მაგაზე ყველა შეჯერებულია. 

“ფეხის” შეცვლა გამოიწვია იმან, რომ უკეთესი ტიპი ვნახე, უფრო იაფად. იგივეს მთავაზობდა, რასაც წინა. 

 

ხარისხი?

ხარისხი, ისედაც, ყველგან ერთი და იგივეა. 100%-ით [ხარისხს] ისედაც ვერავინ ვერ გეტყვის, თუმცა, მე, ასე თუ ისე, დარწმუნებული იმიტომ ვარ [რომ ერთ პერიოდში შემოსული ნარკოტიკები ერთი და იგივეა], რომ სხვადასხვა “ფეხისგან” აღებული ნარკოტიკი დატესტილი მაქვს და შედეგები მსგავსია: ფერი და ფორმა ემთხვევა.  

 

სად არის დამზადებული ის ნარკოტი, რასაც იღებ?  

სიმართლე გითხრა, სად არის დამზადებული, არ ვიცი და ვერც ვამოწმებ. შემიძლია ვენდო იმ ადამიანის სიტყვას, ვისი ნათქვამიც ხშირად ემთხვევა ტესტერის შედეგებს.    

ვცდილობ, გადავამოწმო DrugsData.org-ზე. მაგასაც ბოლომდე ვერ ვენდობი, რა თქმა უნდა. 

 

წყალი კლუბში

უფასო წყალი კლუბის საპირფარეშოებშია.  

- ზოგი ტუალეტის რიგს ჩივის, მასეთ შემთხვევაში.

- რიგი კაბინასთან არის, სადაც ზოგი მოსაწევად შედის, ზოგი - [ნარკოტიკის] ჩასაყლაპად. წყალთან მისვლა შესაძლებელია. ერთადერთ დისკომფორტს შეიძლება გიქმნიდეს ის ფაქტი, რომ საპირფარეშოში უნდა შეხვიდე წყლის დასალევად.  

- ბარში წყალი ძვირია?

- სადაც ნარკოტიკში 80 და 100 ლარს იხდი, მოდი რა, 3 ლარი შეინახე, რომ შიგნით არ მოკვდე და წყალი დალიო.  ამ წყალს რომ ბარში იყიდი, მოდი, ეს ბოთლი შეინახე, არ გადააგდო, წყლით ისევ ტუალეტში შეავსე. 

 

ტესტირება კლუბში

ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, ეს ყველაფერი [ტესტირება] რომ იყოს თვითონ შიგნით, კლუბში.  “ექოვეივსზე” როგორც იყო, ისეთი კარვის პონტში უნდა იყოს. 

ჯერ-ჯერობით ეს ჩვენს კლუბებში არ არსებობს.  სხვა ქალაქებში, მაგალითად, ბათუმსა და ქუთაისში, უფრო რთულია ეს ყველაფერი და მაგ ქალაქებს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.   

 

სხვა სამედიცინო დახმარება 

შეიძლება, რომ კლუბებს ჰყავდეთ ექიმი. რატომაც არა? სასწრაფო როგორც კი მსგავს შემთხვევას შეესწრება, პატრულში კი არ უნდა დარეკოს. ეგ აღარ უნდა იყოს, რადგან შემდეგ  ყველა ერიდება სასწრაფოში დარეკვას, რომ მერე ციხეში არ მოხვდეს.  

ციხეში ადამიანი არ უნდა მოხვდეს მეოთხედი ნარკოტიკის მიღების გამო.

 

  რას ფიქრობს საზოგადოება რეივერებზე?

რეივერების მიმართ საზოგადოებისგან უარყოფითი ენერგია არ უნდა მოდიოდეს.  მე ჩემი ოჯახის წევრებს ვამუშავებ, ტრენინგებს ვუტარებ, ბევრს ველაპარაკები, რომ ეს ყველაფერი მიიღონ.  არა მხოლოდ კლუბებზე, არამედ იმაზეც, ჰომოფობები, რასისტები და სექსისტები რომ არ იყონ, მეზობლების აზრები არ აინტერესებდეთ.  

ჩემი მშობლები 50-მდე წლისები არიან და მათთან ჯერ კიდევ შეიძლება საუბარი და მოლაპარაკება. მამაჩემი ცოტა შეუვალი ციხესიმაგრეა, მაგრამ დედაჩემზე უფრო მუშაობს. ჩემი ბებიისა და ბაბუის თაობა - ვსიო. მაგათ დრო მოჭმული აქვთ. მოხაზული.  

არ არის კლუბი ნარკომანების ბუდე.  ძალიან ბევრი რამ კეთდება კლუბში და მას ძან დიდი წვლილი შეაქვს საზოგადოების განვითარებაში.  

 

Closely გეი 

მე გეი ვარ.  მამაჩემთან ვერიდები ამაზე საუბარს.  დედაჩემთან მაქვს ნასაუბრები. 18 წლის ვიყავი, დედას და ძმას რომ ვუთხარი, იმიტომ, რომ ძალიან მომბეზრდა, იცი, ტყუილი. ეგეც კლუბმა განაპირობა, სხვათა შორის. აქ ვნახე, რომ ყველა ძან openly გეი, ბი ტიპები იყვნენ. არავინ არ მალავდა ორიენტაციას.  ყველამ იცოდა, ვინ ვინ იყო, არანაირი აგრესია არ მოდიოდა და მაგიტომ გავბედე დედაჩემისთვის თქმა. მამაჩემისთვის - ჯერ ვერა.    

თავიდან დედასაც უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ კატასტროფული - არა.  ყველაზე კარგი სიტყვები, რაც მითხრა, იყო: “ჩემი შვილი ხარ, ჩემს მუცელში იჯექი, მე გაგაჩინე და როგორიც არ უნდა იყო, ჩემი შვილი იქნები.”  დედაჩემი აქ არ ცხოვრობს, იტალიაშია და მისთვის უფრო მძიმე იყო ამის გაგება. 

ყველაფერი ვაიბერში მივწერე.  შეიძლება, მიწერა უფრო მარტივი იყო, ვიდრე პირისპირ თქმა იქნებოდა.  მერე იტალიაში ჩავედი და რაღაცებზე ვილაპარაკეთ. თან, მასზე იმანაც იმოქმედა, რომ იტალიაში ცხოვრობს. იქ ყველა ასე დადის, როგორც მე: შეღებილი თმებით და საყურეებით.  

 


“გინდა, პიდარასტი იყოს” 

ზაფხულის ადრიანი დილა იყო, გასული აგვისტოს თვე. მეძინა. უცებ, მეორე ოთახიდან, დედაჩემისა და მამაჩემის ლაპარაკმა გამომაღვიძა. ჯერ ინსტინქტურად მომესმა დიალოგი, მერე ძალიან ცუდად მოვიქეცი და ყველაფერს მოვუსმინე. 

ვაიბერზე საუბრობდნენ და ხმა მესმოდა. დედაჩემი ეუბნებოდა მამაჩემს: “გააკეთოს ის, რაც უნდა. გინდა, პიდარასტი იყოს. მაინც ჩემი შვილია.” ეს ძალიან დიდი სტიმული იყო ეს ჩემთვის. ძალიან.

მე  გამივლია ქუჩაში იმ ბიჭთან, ვინც მიყვარდა, მაგრამ ხელჩაკიდებული - ვერა. რაც არ უნდა open ტიპი იყო, ჯერ-ჯერობით უნდა მოერიდო მაგას.  იქნება ეგ მომენტი, რა თქმა უნდა. მაგრამ ჯერ კაი ხანი გვიკლია იქამდე.  

სტალინისდროინდელი თაობა რომ წავა და უფრო ჩვენი თაობა რომ გახდება მშობლები, მაშინ დადგება ეგ მომენტი. თუმცა, იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი, რომ შეიძლება, უფრო მალეც მოხდეს. ისე, მგონია, რომ დაახლოებით 10 წელში აუცილებლად ეგრე იქნება. 

ერთ-ერთი მიზეზი, კლუბში რატომაც მომწონს, ისიც არის, რომ არავინ გიშლის არაფერს. რაც გინდა, ქენი. მაინცდამაინც dancefloorზე სექსი ნუ გექნება, მაგრამ ოქეია, რომ ვიღაცას, ძან ბედნიერმა, ხელი მოკიდო, აკოცო, ჩაეხუტო, ჩახუტებულმა იცეკვო. ყველამ იცის, რომ ერთმანეთი მოგწონთ, ან გიყვართ. საზოგადოებაში ამით ვერ იქნები ბედნიერი, ჯერ. 

როდის გასკდება ბუშტი? 

როცა ეჩვევი, რომ ეს ყველაფერი მალული უნდა იყოს, იქმნება წარმოსახვითი ბუშტი. ამ ბუშტში გყავს ყველა ის ადამიანი, ვინც გიყვარს და ვისთანაც ბედნიერად და კომფორტულად და ოქეი ხარ. ამ ბუშტის გარეთ არსებული ადამიანი არაფერს ნიშნავს შენთვის.  უნდა დააიგნორო ყველა, ვინც მაგის იქითაა.  

ისიც მალულადაა, რომ შენ იქ რაღაცას ყლაპავ.  მხოლოდ კონკრეტულმა ჯგუფმა იცის ეს ყველაფერი.  საზოგადოებამ არ იცის და არც უნდა გაიგოს. ოჯახმა ნარკოტიკების შესახებაც არ იცის ისევე, როგორც მამაჩემმა  არ იცის ჩემს ორიენტაციაზე. არც ვაპირებ თქმას.  

ჩემი აზრით, ეგ ამ მომენტში ყველაზე სწორი მიდგომაა.  დადგება დრო, როცა ეს ბუშტი გაიზრდება, გადიდდება და ერთ დღესაც - ბახ, გასკდება და ყველას მოედება.  მიხვდი, ხო, იმედია, რასაც ვამბობ?!

 


სტატიის გმირი არის 21 წლის მამაკაცი. 

  სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ნარკოტიკებზე, მათ ფასებზე, ყიდვების გზებზე, ხარისხსა და ჯანმრთელობაზე ზემოქმედებაზე ეკუთვნის მხოლოდ მას და ვერ გავრცელედება ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე. თრობის ნებისმიერ საშუალებას ყველა ინდივიდზე სხვადასხვაგვარი გავლენა აქვს და დამოკიდებულია მომხმარებლის ასაკზე, სხეულის წონაზე, სითხის მიღების სიხშირეზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და ბევრ სხვა ფაქტორზე.

 კვლევა თბილისში, ღამის კლუბებსა თუ მუსიკალურ ფესტივალებზე, ნარკოტიკების მოხმარების უნარ-ჩვევებსა და ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონეზე ნახეთ შემდეგ  ბმულში - http://bit.ly/2JeFPMk

 ამჟამად თბილისში ნარკოტიკების სწრაფი ტესტირებისთვის საჭირო რეაგენტების უფასოდ მიღება შეიძლება"მანდალაში", რომელიც თითქმის ყოველთვის არის ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე წარმოდგენილი. ასევე შესაძლებელია "ტესტ-ქითის" რეაგენტების შეძენა. სწრაფი ტესტერებით მიღებულ შედეგებში ცდომილების ხარისხი არსებობს იქამდე, სანამ სწრაფი ტესტების შედეგების გადამოწმება გაზ-ქრომატოგრაფიული სპექტომეტრიით არ მოხდება. 

 გმირის მიერ ნახსენები ონლაინ რესური - DrugsData.org ასევე ეხმარება მომხმარებლებს. ხშირად, ამ ორგანიზაციას მომხმარებლები ნარკოტიკების ფოტოებს უზიარებენ. ასეთ ფოტოზე ჩანს ნარკოტიკის ფერი და დაღი, რასაც მწარმოებლები ნარკოტიკებს ასვამენ. ამ ნიშნებით, შესაძლოა, კონკრეტული ტაბლეტი წარმოების გარკვეულ პარტიას მიაკუთვნონ. თუმცა, ნარკოტიკების შემადგენლობისა და ხარისხის დისტანციურად, მხოლოდ ვიზუალურად შემოწმება ზუსტი არ არის, სანამ მისი ქიმიურად გადამოწმება არ მოხდება. 

  საქართველოში ნარკოტიკების ხარისხის გადასამოწმებელი სახელმწიფო სერვისი ჯერ-ჯერობით არ არსებობს. ზემოთ ნახსენები ორი სერვისი კერძო ინიციატივებია.

  ილუსტრაცია © სოფი დათიშვილი / Cactus Media

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>