გარემო

საავტომობილო გამონაბოლქვი და საშვილოსნოს ყელის დისპლაზია




შესავალი

საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში სიმსივნური დაავადების მესამე ყველაზე გავრცელებული ფორმა და სიმსივნური დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის მეოთხე ყველაზე გავრცელებული მიზეზია მსოფლიოში.

საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის უმეტესობა [85%-ზე მეტი] განვითარებად ქვეყნებში გვხვდება, სადაც სკრინინგის პროგრამები არცთუ გავრცელებულია და საშვილოსნოს ყელის დისპლაზიისა [საშვილოსნოს ყელის დაზიანება, რომელიც სიმსივნის ჩამოყალიბებას უსწრებს წინ] და სიმსივნის ადრეული სტადიის გამოვლენა ხშირად ვერ ხერხდება. 

ცნობილია, რომ პაპილომავირუსული ინფექცია [Human Papilloma Virus, HPV] საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა, პაპილომავირუსით ინფიცირებულ ყველა ქალს საშვილოსნოს ყელის კიბო არ უვითარდება, რაც მიგვანიშნებს, რომ დაავადების განვითარებაზე  სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც ზემოქმედებენ.

ცხოვრების სტილი, სექსუალური ქცევა, მწეველობა, კონტრაცეპტივების გამოყენება, მრავალშვილიანობა და იმუნოდეფიციტური დაავადებები იმ ფაქტორებს შორისაა, რომლებსაც საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩამოყალიბების ალბათობაზე გავლენა აქვთ. ამ ცვლადთა ერთობლიობა ქმნის გარემოსა და გენეტიკასთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორთა სიას, რომლის შესწავლაც საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ მიზეზთა დადგენისთვის აუცილებელია. 

ჰაერის დაბინძურების მნიშვნელოვანი წილი საავტომობილო გამონაბოლქვზე მოდის, რომელიც ქიმიურ ნივთიერებათა რთული ნაზავია. ცნობილია, რომ საავტომობილო გამონაბოლქვის შემადგენელი არაერთი ქიმიური ნაერთი ადამიანისთვის საზიანოა. მათ შორისაა ბენზოლი, პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები [Polycyclic Aromatic Hydrocarbons, PAH] და დიზელის მყარი ნაწილაკები [Diesel Particulate Matter, DPM] — საავტომობილო გამონაბოლქვის შემადგენელი ნივთიერებები, რომლებიც, ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიხედვით ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და ჰაერის საფრთხისშემცველ დამაბინძურებლებლად [HAP] ითვლება. 

ეს დამაბინძურებლები სავარაუდო ან ცნობილი კარცინოგენები არიან. 

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მიხედვით, ბენზოლი და დიზელის მყარი ნაწილაკები დადასტურებული კარცინოგენული ნივთიერებებია. ამავე ორგანიზაციის მიედვით სხვა ჰაერის საფრთხისშემცველი დამაბინძურებლებიც სავარაუდო, დადასტურებული ან შესაძლო კარცინოგენული ნივთიერებებს მიეკუთვნებიან. 

ამას ადასტურებს არაერთი კვლევაც, რომლებშიც ჰაერის დაბინძურებასა და სხვადასხვა სიმსივნურ დაავადებებს შორის არსებული კავშირები დადგინდა, მათ შორის საავტომობილო გამონაბოლქვსა და ლეიკემიას, ფილტვისა და ტვინის კიბოს შორის არსებული კავშირები. 

ურბანიზაციის მზარდ ტემპთან ერთად საავტომობილო გამონაბოლქვის მიერ მიყენებული ზიანი სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს ადგება. 

ჰაერის საფრთხისშემცველ დამაბინძურებლებთან შეხება შესაძლოა საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩამოყალიბებასთანაც იყოს კავშირში. დიზელის გამონაბოლქვით დაბინძურებული სამუშაო გარემო, ერთ კვლევაში, ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩამოყალიბების რისკის მატებასთან აღმოჩნდა ასოცირებული.

ახალ დანიურ კვლევაში საცხოვრებელ გარემოში ნიტრატების [საავტომობილო გამონაბოლქვის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი]  მომატებული კონცენტრაცია ქალთა შორის საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკის ზრდას დაუკავშირდა. 

ამ კვლევის მიზანი ჰაერის დაბინძურებასა და საშვილოსნოს ყელის დისპლაზიას შორის არსებული შესაძლო კავშირების დადგენაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საშვილოსნოს ყელის დისპლაზია საშვილოსნოს ყელის დაზიანებაა, რომელიც კიბოს ჩამოყალიბების უშუალო წინაპირობაა. 

კვლევა ქალთა მრავალეთნიკურ მონაცემთა ბაზას ეყრდნობა, რომელიც ტეხასის ქალაქ ჰიუსტონში შეგროვდა. 

მასალები და მეთოდები

ამ კვლევის მონაწილე ქალთა ჯგუფი ჰიუსტონის ორი საავადმყოფოდან 2000-04 წლებში შეირჩა [ტეხასის უნივერსიტეტის საავადმყოფო და ლინდონ ჯონსონის სახელობის საავადმყოფო]. იმ დროს, მონაწილე ქალები საშვილოსნოს ყელის საკვლევი ტექნოლოგიის საცდელ ეტაპზე კოლპოსკოპიურ შემოწმებას იტარებდნენ. 

კვლევისთვის შეირჩა 736 ქალი, რომელთა ასაკიც 18 წელს აღემატებოდა და რომელთა საცხოვრებელი ადგილისა და პაპილომავირუსული ინფექციის [HPV] სტატუსის შესახებ დეტალური და დაზუსტებული ინფორმაცია არსებოდა. 

ქალები, რომლებსაც საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის რომელიმე ფორმა მაინც აღენიშნებოდათ, კვლევით ჯგუფში მოხვდნენ. მონაცემთა ბაზაში ასეთი 133 ქალი აღმოჩნდა. დანარჩენი ქალები [563] საკონტროლო ჯგუფში გადანაწილდნენ. 

მონაწილე ქალთა 73%-ს პაპილომავირუსული ინფექცია აღმოაჩნდა. ეს მაჩვენებელი საკვლევ და საკონტროლო ჯგუფებს შორის არ განსხვავდებოდა. მონაწილე ქალთა ერთი მესამედი მწეველი იყო. საკვლევი  ჯგუფის 81.5 პროცენტს დისპლაზიის პირველი ეტაპი აღენიშნებოდა, დანარჩენს კი მეორე ან მესამე. 

ინფორმაცია ჰაერში ბენზოლის, დიზელის მყარი ნაწილაკებისა და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების კონცენტრაციის შესახებ ამერიკის გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან შეგროვდა. ამ გეოგრაფიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კვლევის მონაწილე ქალთა საცხოვრებელი მისამართები ჰაერში დამაბინძურებლების კონცენტრაციის მიხედვით ოთხად დაიყო. 

სტატისტიკური ანალიზის მეშვეობით დადგინდა რამდენად ზრდიდა დაბინძურებულ ადგილას ცხოვრება საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის განვითარების ალბათობას. 

შედეგები 

კვლევის მონაწილე ქალთა საცხოვრებელ მისამართებს შორის ბენზოლის საშუალო კონცენტრაცია 1.917 მკგ/მ3 იყო, დიზელის მყარი ნაწილაკების 2.015 მკგ/მ3, ხოლო პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების 0.011 მგკ/მ3. 

ბენზოლი: იმ მისამართებზე მცხოვრებ ქალებს, სადაც ჰაერში ბენზოლის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა [საშუალოდ 3 მკგ/მ3] - ყველაზე ნაკლებად დაბინძურებულ მისამართებზე [საშუალოდ 1.4 მკგ/მ3] მცხოვრებ ქალებთან შედარებით - საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩამოყალიბების 2.3-ჯერ უფრო მაღალი რისკი აღმოჩნდათ [95% ნდობის ინტერვალი 1.19 - 4.46]. იქ, სადაც ბენზოლის კონცენტრაცია 2.3 მკგ/მ3 იყო, საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის გაორმაგებული რისკი დაფიქსირდა [95% ნდობის ინტერვალი 1.07 - 3.62]. 

დიზელის მყარი ნაწილაკები: ქალებს რომლებიც ისეთ მისამართებზე ცხოვრობდნენ სადაც ჰაერში დიზელის მყარი ნაწილაკების კონცენტაცია მაღალი [2.175 მკგ/მ3] ან ძალიან მაღალი [2.794 მგკ/მ3] იყო, ყველაზე ნაკლებად დაბინძურებულ მისამართებზე მცხოვრებ ქალებთან შედარებით, საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის გაორმაგებული [x2.1, ინტერვალი 1.07 -4.11] ან თითქმის გასამმაგებული  [x2.8, ინტერვალი 1.55 - 5.16] რისკი აღმოაჩნდათ. 

პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები: რაც შეეხება, არომატულ ნახშირწყალბადებს: წინა ორი დამაბინძურებლის მსგავსად, კავშირები საშვილოსნოს ყელის დისპლაზიასა და ჰაერში ამ ნივთიერებების კონცენტრაციას შორის აქაც დადასტურდა. დაბინძურებულ მისამართებზე, სადაც კონცენტრაცია 0.013 მკგ/მ3-ს შეადგენდა, დისპლაზიის რისკის 2.5-ჯერ ზრდა დაფიქსირდა [95% ნდობის ინტერვალი 1.35 - 4.48]. 

განხილვა

კვლევა გვიჩვენებს, რომ ჰაერის საავტომობილო გამონაბოლქვით დაბინძურება საშვილოსნოს ყელის დისპლაზიასთანაა კავშირში. ქალები, ვინც ბენზოლით, პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადებით და/ან დიზელის მყარი ნაწილებით დაბინძურებულ გარემოში ცხოვრობენ, ნაკლებად დაბინძრებულ გარემოში მცხოვრებ ქალებთან შედარებით, დისპლაზიის 2-ჯერ ან 3-ჯერ მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებიან. 

ეს კავშირები მნიშვნელოვანია, რადგან საშვილოსნოს ყელის დისპლაზია, პაპილომავირუსულ ინფექციასთან ერთად, საშვილოსნოს ყელის კიბოს წინაპირობად ითვლება. 

სხვა კვლევები, რომლებიც ჰაერის დაბინძურებას საშვილოსნოს ყელის დისპლაზიას უკავშირებს, აქამდე არ ჩატარებულა. თუმცა არსებობს კვლევები, რომლებიც ჰაერის დაბინძურებას საშვილოსნოს ყელის კიბოს უკავშირებს. ასეთია, მაგალითად, ზემოთ ნახსენები დანიური კვლევა ნიტრატებზე და შვედური კვლევა სამუშაო გარემოში ჰაერის დიზელის გამონაბოლქვით დაბინძურებაზე. 

სავარაუდოა, რომ ჩვენს კვლევაში გამოვლენილი კავშირი იმავე მექანიზმებით მუშაობს, რომლითაც სიგარეტის მოწევა საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩამოყალიბების რისკ-ფაქტორია. დადასტურებულია, რომ პასიური მწეველობაც კი ამ სიმსივნური დაავადების გაჩენის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. სიგარეტის კვამლი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც აქ განხილულ დამაბინძურებლებთან - ბენზოლთან, პოლიციკლურ არომატულ ნახშირწყალბადებთან და დიზელის მყარ ნაწილაკებთან - ქიმიურად ახლოსაა, ამიტომ შესაძლოა საავტომობილო გამონაბოლქვის ეფექტი სიგარეტისას ჰგავდეს. 

ჰაერის საფრთხისშემცველი დამაბინძურებლები შესაძლოა საშვილოსნოს ქსოვილისთვის გენოტოქსიკური იყოს - ანუ დნმ-ის მოლეკულაში მუტაციებს იწვევდეს - რაც მის კარცინოგენულ თვისებებს წარმოშობს. ამას ადასტურებს მწეველთა საშვილოსნოს ქსოვილში აღმოჩენილი პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მაღალი კონცენტრაცია. არ დადასტურებულა იმავე ქსოვილში ბენზოლის ან დიზელის მყარი ნაწილაკების დაგროვების შემთხვევები, მაგრამ ზოგადად ცნობილია, რომ გენოტოქსიკური თვისებები მათაც გააჩნიათ.

შესაძლო ალტერნატიული მექანიზმის მიხედვით, ჰაერის აქ განხილული დამაბინძურებლები სისხლში ოქსიდაციურ სტრესის ზრდიან, რაც ასევე დნმ-ს აზიანებს. შესაძლოა ისიც, რომ ისინი იმუნური სისტემის დაქვეითებას იწვევდნენ, რადგან სხეულში ქრონიკული ანთებითი პროცესების ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს. 

კიდევ ერთი შემოთავაზებული მექანიზმის თანახმად, ეს დამაბინძურებლები საშვილოსნოს ყელის ქსოვილს ვირუსული ინფექციისკენ მიდრეკილს ხდიან, რაც მას პაპილომავირუსული ინფიცირებისთვის განსაკუთრებით დაუცველს ხდის. 

ამ კვლევის ერთერთ ძლიერ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მისი მონაცემთა ბაზა მრავალეთნიკურია, რაც თანამედროვე ურბანულ კონტექსტში — სადაც ჰაერის საავტომობილო გამონაბოლქვით დაბინძურება ყველაზე მეტადაა გავრცელებული — განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სუსტ მხარედ კი შეგვიძლია ის ჩავთვალოთ, რომ კვლევა ქალთა მხოლოდ საცხოვრებულ გარემოს მოიცავს და მათ სამუშაო გარემოში არსებულ შესაძლო რისკ-ფაქტორებს არ ითვალისწინებს. 

ურბანიზაციასთან  ერთად, გაიზრდება ქალაქებში ჰაერის დაბინძურებაც, რაც, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში სადაც სკრინინგისა და დიაგნოსტირების სისტემები ნაკლებად გამართულია, ქალებში საშვილოსნოს ყელის დაავადებების რაოდენობას, სავარაუდოდ, გაზრდის. ამ კონტექსტში საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მიზეზების კვლევა პრევენციული ღონისძიებებისთვის აუცილებელია.  

 

♦ სტატია Association of Traffic-related Hazardous Air Pollutants and Cervical Dysplasia in an Urban Multiethnic Population: a Cross-Sectional Study თარგმნა გიორგი ცინცაძემ.  გიორგი ცინცაძე არის ჩიკაგოს უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მეცნიერებების მაგისტრი

♦ სტატიის თარგმანი ნაწილია კაქტუს-მედიის პროექტისა "ჰაერის დაბინძურება და ქალთა ავადობები," რომელიც "ქალთა ფონდი საქართველოში/Women's Fund in Georgia" მხარდაჭერით ხორციელდება და რომელიც გარემოს დაბინძურებასა და ქალთა ავადობების გავრცელებას შორის კავშირს სწავლობს.

 

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>