ჯანდაცვა

გადაუმოწმებელი ნარკოტესტირებები




შინაგან საქმეთა სამინისტრო შარდის სწრაფი ტესტირების ყველა შედეგს გაზ-ქრომატოგრაფიული სპექტომეტრიით არ ამოწმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შარდის სწრაფი ტესტებით 10 წელზე მეტხანს მიღებული პასუხები, შესაძლოა, ყოფილიყო ცრუ-დადებითი ან ცრუ-უარყოფითი; ადამიანთა ნაწილი კი უსამართლოდ დაისაჯა, ზოგს კი ამა თუ იმ ნივთიერების ორგანიზმში არსებობა ვერც აღმოუჩინეს, ზოგს კი - შეცდომით აღმოუჩინეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ექსპერტი წყვეტს, უნდა გადამოწმდეს თუ არა შარდის კონკრეტული სწრაფი ტესტირების შედეგი. სტატისტიკა კი აჩვენებს, რომ გადამოწმების შემთხვევები ცოტაა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წლიდან 2017 წლამდე 266,663 ადამიანს ჩაუტარა ნარკოტესტირება. აქედან, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2015-2017 წლებს შორის ნარკოტესტირებაგავლილი 98,863 შემთხვევიდან მხოლოდ 4,520 შემთხვევა გადამოწმდა.  

სწრაფი ნარკოტესტირების პასუხები ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ზუსტი არ არის და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, იგი გაზ-ქრომატოგრაფიული სპექტომეტრიით უნდა გადამოწმდეს. 

სამინისტროში ამბობენ, რომ თუ მოქალაქე ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით სამინისტროს პასუხს და საბოლოო დასკვნას არ ეთანხმება, მას სამინისტროს გარეთ შეუძლია პასუხის გასაჩივრება.  გასაჩივრების ალტერნატიულ ადგილად საქართველოში ლევან სამხარაულის სახელობის სახელმწიფო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო რჩება. 

სამხარაულის ბიუროში შარდის ნიმუშის მარტივი ტესტი, რომელზეც პასუხი დაახლოებით ნახევარ საათშია მზად, 5 ნარკოტიკულ საშუალებას ამოწმებს: მარიხუანას, მორფინს, ბუპრენორფინს [სუბუტექსი], ამფეტამინსა და მეთადონს. ამ ტესტირების ღირებულება 41 ლარია. შარდის სიღრმისეული, ქიმიური ესპერტიზა სამხარაულის ბიუროში 175 ლარი ღირს და მასზე პასუხი 30 სამუშაო დღეში გაიცემა. 


რამდენი სწრაფი ტესტის პასუხი გადამოწმდა?

“კაქტუს-მედიამ” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია იმაზე, 2015 წლიდან დღემდე რამდენი ადამიანის სწრაფი ურინოტესტირების გზით მოპოვებული შედეგი გადამოწმდა გაზ-ქრომატოგრაფიული სპექტომეტრიის საშუალებით.

სამინისტროს პასუხებიდან კი ირკვევა, რომ დადებითი პასუხების მხოლოდ მცირე ნაწილი გადამოწმდა.

  • 2015 წელს შემოწმებული 48, 397 ადამიანიდან, ტესტის პასუხის გადამოწმება მხოლოდ 1,835-ის შემთხვევაში მოხდა.
  • 2016 წელს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტესტირება 30,634 ადამიანს ჩაუტარა. ანალიზის პასუხების გადამოწმება კი მხოლოდ 1,577 შემთხვევაში მოხდა.
  • 2017 წელს ნარკოტესტირება 19,832 შემთხვევაში ჩაუტარდა. ამ ურინოტესტირების პასუხებიდან ქიმიურად მხოლოდ 1,108 გადაამოწმეს. 

 

ევალება თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ურინოტესტირების პასუხების გადამოწმება?

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოტესტირების პირველადი ანალიზის სიღრმისეული გადამოწმება კანონით არ ევალება. 

უნდა გადამოწმდეს თუ არა კონკრეტული შემთხვევა, კონკრეტული საქმის ექსპერტი წყვეტს.  თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტი გადაწყვეტს, რომ ესა თუ ის ანალიზი გადამოწმებას საჭიროებს, ხარჯებს სამინისტრო იხდის, ხოლო თუ მოქალაქე პასუხს გაასაჩივრებს და სხვაგან მოინდომებს გადამოწმებას, გადახდაც თვითონ უწევს. 

კითხვაზე, თუ რომელი საკანონმდებლო აქტი არეგულირებს სწრაფი ტესტირების გადამოწმების საკითხს, პასუხად შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივ ბრძანებაზე” მიგვითითა.

ამ ბრძანებაში არსად არის მითითებული, რომ სამინისტროს შარდით სწრაფი ტესტირების ყველა პასუხის სიღრმისეული მეთოდებით - გაზ-ქრომატოგრაფიული სპექტომეტრიით - გადამოწმება ევალება.  

ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მოქალაქეს აქვს უფლება ალტერნატიული კვლევა მოითხოვოს და ამისთვის მისი ბიოლოგიური ნიმუშის - შარდისა თუ ნერწყვის - საკონტროლო ულუფა შეინახოს, მაგრამ მოთხოვნის შემთხვევაში, ხარჯები თვითონ უნდა გადაიხადოს. 

“კონფირმაციული [გადასამოწმებელი] ტესტის ჩატარების ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს,” - ამბობს გურო იმნაძე, EMC-ს იურისტი, რომელიც ამ საკითხებს იკვლევს. - “სწრაფი ტესტით თუ დადგინდა მოხმარება, ეგ აბსოლუტურად საკმარისია სასამართლოსთვის და თუ ადამიანი არ ეთანხმება, მას თავადვე ეკისრება შესაბამისად დამატებითი ექსპერტიზის ხარჯები.” 

ამჟამად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 გაზ-ქრომატოგრაფი/მას სპექტომეტრი აქვს; 4 მათგანი - თბილისშია, ხოლო დანარჩენი 4 - რეგიონებში: გურჯაანში, ქუთაისში, ზუგდიდსა [ჭითაწყარი] და ბათუმში.  მათი ნაწილი სამინისტროს ნარკოტიკებისა და კანონაღსრულების საერთაშორისო ბიუროსგან [International Narcotics and Law Enforcement Agency (INL)] გადაეცა საჩუქრად. 

თითოეული სპექტომეტრის ღირებულება დაახლოებით 225,000-275,000 აშშ დოლარია.  

რას ამბობს მეცნიერება?

ირმა კირთაძე, დამოკიდებულების კვლევით ცენტრ “ალტერნატივა ჯორჯიას” მკვლევარი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ამბობს, რომ შარდის და ნერწყვის ტესტები არ არის სადიაგნოსტიკო საშუალება, არამედ ისინი პირველად, სკრინინგულ შედეგებს იძლევა.

“სკრინინგის პასუხი, შეიძლება, იყოს არაზუსტი და ის გადამოწმებას ექვემდებარება,”- განმარტავს კირთაძე. - “ნერწყვის ტესტი, შარდის ტეტსი, ყველა ეს არის სწრაფი სკრინინგული ტესტი, რომელიც გაძლევს საშუალებას გაიგო, იმ წუთას, იმ მომენტში რა ხდება. თვითონ ამ ტესტების მწარმოებლებსაც უწერიათ, რომ ამ ტესტების საფუძველზე მიღებული პასუხი არ უნდა იყოს გამოყენებული პირის სადამსჯელო ღონისძიებისთვის და ის აუცილებლად უნდა დაზუსტდეს კლინიკულ-ლაბორატორიული, შედარებით უფრო ღრმა კვლევით, მათ შორის ექიმის კონსულტაციით და გაზ-ქრომატოგრაფიული კვლევით, ან თმის ანალიზით და ასე შემდეგ.”  

შარდი, როგორც ბიოლოგიური მასალა, ორგანიზმში ნარკოტიკების აღმოჩენისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია. სოციალური და ლეგალური გადაწყვეტილებების მიღების დროს, მისი ვალიდურობისა და საიმედოობის ზუსტი ინერპრეტირება გადამწყვეტია.   

ამერიკული სამედიცინო დაწესებულების - მეიოს კლინიკის ვებ-გვერდზე განთავსებული აკადემიური მიმოხილვა, რომელსაც ხელს სამი პროფესორი: კარენ მოელერი - კანზასის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ფარმაცევტული სკოლის ასისტენტ-პროფესორი, კელი ლი - სკაგსის ფარმაციისა და ფარმაცევტული მეცნიერებების სკოლის პროფესორი და ჯული კისაკი - ჰარდინგის უნივერსიტეტის ფარმაციის სკოლის პროფესორი - აწერს, ნათქვამია, რომ მედიკოსებმა უნდა იცოდნენ, რომ იმუნოფერმენტაციის გზით შარდში ნარკოტიკების სკრინინგი მხოლოდ სავარაუდოა და ტესტის დადებით თუ უარყოფით შედეგებზე სხვა უამრავი ფაქტორი ზემოქმედებს. 

მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ხალხი შარდის ნიმუშებს სპეციალურად, უარყოფითი შედეგების მიღების გამო, სხვადასხვა ნივთიერებებით აზავებს.

ზემოთ ნახსენები სამი პროფესორის და მათ მიერ ციტირებული კვლევებისა და სამედიცინო მტკიცებულებების თანახმად, ზუსტი შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია პაციენტის სამედიცინო ისტორიის ცოდნაც, მათ შორის, ინფორმაცია იმ სარეცეპტო და არასარეცეპტო მედიკამენტებსა თუ მცენარეულ საშუალებებზე, რომლებსაც პაციენტი იღებდა შარდის ჩაბარების მომენტისთვის, ვინაიდან ყველა ესა თუ ის ნივთიერება ჯვარედინად შედის რეაქციაში ნარკოტიკების მეტაბოლიტებთან და ანალიზის საბოლოო პასუხზე ახდენს გავლენას.  

ზემოთ ნახსენები მედიკოსების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცნობიერებდნენ ურინოტესტირების შეზღუდვებს და საბოლოო დასკვნების გაკეთებამდე მოიძიონ ობიექტური ფაქტები და კლინიკური ინფორმაცია პაციენტზე და გაზ-ქრომატოგრაფიული სპექტომეტრიის შედეგები გადაამოწმონ.   

პრეცედენტული უარი ურინოტესტირებაზე

2006 წლიდან დღემდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადამიანების ორგანიზმში ნარკოტიკების აღმოჩენის მიზნით, შარდის სინჯებს იღებს. 

2015 წლის თებერვალში  „ახალი ვექტორის" წევრმა თემურ ხატიაშვილმა, კონსტიტუციის მაშინდელი რედაქციის 42-ე მუხლის მე-8 ნაწილის გათვალისწინებული უფლება გამოიყენა და თავისი თავის წინააღმდეგ თავისივე ბიოლოგიური მასალა არ ჩააბარა. ხატიაშვილმა, თავისი ადვოკატის, კახა კვაშილავას, დახმარებით, საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მოგვიანებით მას თრობის ნიშნები კლინიკურად არ დაუდგინდა. 

საქართველოს კონსტიტუციის ახლანდელი რედაქციის 31-ე მუხლის მე-11 ქვეპუნქტით, არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება. სწორედ ამ პუნქტის ინტერპრეტირება ხდება, როდესაც მოქალაქეები უარს ამბობენ შარდის, როგორც საკუთარი ბიოლოგიური მასალის, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩაბარებაზე.  

ამ ცნობილი შემთხვევის შემდეგ, რამაც ცნობიერების ამაღლებას ხელი შეუწყო, სულ მცირე, თემის წევრები უარს ამბობენ ურინოტესტირებაზე. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, მათ 2010 წლიდან 2017 წლამდე 266,663 ადამიანს ჩაუტარეს ნარკოტესტირება, ამათგან სწრაფმა ტესტირებამ დადებითი შედეგი 89,609 შემთხვევაში აჩვენა.  

მათი უმრავლესობის სიზუსტე სიღრმისეული მეთოდით არ გადამოწმებულა. 

ტესტირების სხვა ხარჯები და ჯარიმები

საქართველოს ელექტრონული ტენდერების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ურინოტესტებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის მაისიდან დღემდე 166,600 ლარი დახარჯა. 

დამოკიდებულების კვლევის ცენტრ “ალტერნატივა ჯორჯიას” მიერ მოძიებული ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს საქართველოში ნარკოტიკების მოხმარებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ადმინისტრაციული კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე, , რაც ნარკოტიკების პირველად მოხმარებას გულისხმობს, 1,893,500 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ.  

ამაში არ შედის სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ზომები, რომელიც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებას გულისხმობს და რომლის სასჯელის ზომებია თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, სადაც უმცირესი ფულადი ჯარიმა განისაზღვრება 1,000 ლარის, ხოლო უმაღლესი - 3,000 ლარის  ოდენობით.

“კაქტუს-მედიის” მიერ მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი მონაცემების თანახმად, 2015-2019 წლებს შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გამოსული განაჩენებიდან 16,000 ლარის ოდენობის ჯარიმა შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

♦ სტატიის ავტორები: ცირა გვასალია და ნანა ნასყიდაშვილი.

♦ ამავე თემაზე იხილეთ: “შარდით სწრაფი ტესტირების შეზღუდვები

შსს-ს მიერ შეძენილი ნარკოტესტერების სახეობები, 2013-2018 წლები

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>