შესავალი
ინდუსტრიალიზაციის შედეგად ბუნებრივ გარემოში მოხვდა ათასობით ახალი ქიმიური ნივთიერება, რომელიც მედიკამენტების, თავის მოვლის საშუალებების და სხვა ფართოდ გავრცელებული სამომხმარებლო პროდუქტების წარმოებისას გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების მდგრადობა [persistence] და ბიოაკუმულაცია შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი იყოს, მონაცემები მათი ტოქსიკური თვისებების შესახებ არასრულია.
ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი შესაძლო გავლენის განსაზღვრას ის ართულებს, რომ ქიმიურ დამაბინძურებლებთან შეხებას გეოგრაფიული, დემოგრაფიული და სოციო-ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს. ხშირად ასეთი კვლევები განსაკუთრებით ძვირადღირებულია. პრობლემაა ისიც, რომ კონკრეტული ქიმიური ნივთიერების ეფექტების გამოცალკევება ხშირად ვერ ხერხდება, აღმოჩენილი ეფექტი კი დაავადების რისკის მხოლოდ მცირე მატებით შემოიფარგლება.
ენდოკრინული დამრღვევები - ქიმიური ნივთიერებები ან ქიმიურ ნივთიერებათა ნარევები, რომლებიც ცოცხალი ორგანიზმის ჰორმონალურ მეტაბოლიზმში ერევა - განსაკუთრებული ყურადღების საგანია. წარსულში გამოვლენილა კავშირები ენდოკრინულ დამრღევევებთან შეხებასა და რამდენიმე სიმსივნური დაავადების, მეტაბოლური სინდრომისა და გულსისხლძარღვთა დაავადების რისკის ზრდას შორის. ენდოკრინული დამრღვევები ისეთ პრობლემებსაც დაკავშირებია, როგორიცაა სპერმის ხარისხის გაუარესება, სქესობრივი სიმწიფის ასაკისა და ნაყოფიანობის კლება და ორსულობის გართულება.
ეს კვლევა პირველია, რომელიც ენდოკრინულ დამრღევებსა და მენოპაუზის ასაკს შორის არსებულ შესაძლო კავშირებს ეხება და მათ დასადგენად დიდ მონაცემთა ბაზას ეყრდნობა. თუ ენდოკრინული დამრღვევები მენოპაუზას აჩქარებს, მაშინ მათ ქალის ცხოვრების ხარისხსა [ვაზომოტორული სიმპტომები, განწყობისა და მეხსიერების ცვლილებები) და ხანგრძლივობაზე (ოსტეოპოროზი და გულსისხლძარღვთა დაავადებები] შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეთ.
აქამდე, ენდოკრინული დამრღვევების სხვადასხვა კატეგორიებს შორის, ნაადრევ მენოპაუზასთან კავშირი გამოვლენილა პერფორირებული ნივთიერებების შემთხვევაში.
ჩვენი ნაადრევ მენოპაუზასა და ისეთ ენდოკრინულ დამრღვევებთან არსებული კავშირების დადგენა ვცადეთ, როგორებიცაა პოლიქლორირებული ბიფენილები [ნახევრადქლორირებული ბიფენილები] და პესტიციდები. ამისთვის ჩვენ ამერიკის ჯანმრთელობისა და ნუტრიციის ეროვნული გამოკითხვა გამოვიყენეთ, რომელიც დაავადებათა მართვის და პრევენციის ცენტრის პროექტია.
ეს მონაცემთა ბაზა ამერიკის მოსახლეობის წარმომადგენლობითი ჯგუფისგან შედგება და მონაწილეთა ჯანმრთელობისა და ნუტრიციული სტატუსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეიცავს.
მასალები და მეთოდები
ეს კვლევა შარდსა და სისხლის შრატში 111 სხვადასხვა ენდოკრინული დამრღვევის კონცენტრაციის მიხედვით მენოპაუზის ასაკზე მათ შესაძლო გავლენას ადგენს. მონაცემები 1999-დან 2008 წლამდე გროვდებოდა, სამწუხაროდ კვლევაში ვერ მოხვდა იმავე მონაცემთა ბაზის 2009-2014 წლებში შეგროვებულ ინფორმაცია, რადგან ისინი ხელმისაწვდომი არ ყოფილა.
დაავადებათა მართვისა და პრევენციის ცენტრის მონაცემთა ბაზა თანდათან დავიწროვდა და საბოლოოდ კვლევისთვის შეირჩა 1,442 მენოპაუზაგავლილი ქალი.
მონაწილე ქალთა შესახებ, ენდოკრინული დამრღვევების კონცენტრაციასთან ერთად, შეგროვდა ინფორმაცია მენოპაუზის დადგომის ასაკზე, ცხოვრების წესზე, სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და სხვა მნიშვნელოვან ცვლადებზე. კვლევაში მოხვედრილი ქალების საშუალო ასაკი 60 წელი იყო, მენოპაუზის საშუალო ასაკი კი 45 წელი.
ლაბორატორიული ანალიზის მეშვეობით დადგინა მონაწილე ქალთა სისხლის შრატსა და შარდში ენდოკრინული დამრღვევების კონცენტრაცია. გაანალიზებული დამრღვევები ქიმიურ ნივთიერებათა 7 ძირითადად კატეგორიას მიუკუთვნებოდნენ. ესენია:
-
დიოქსინები [ინდუსტრიული პროცესების ნარჩენები]
-
პოლიარომატული ნახშირწყალბადები [გამოიყოფა ორგანული მასალის წვისას - ანუ ძრავაში, ხანძრისას და ასე შემდეგ]
-
პოლიქლორირებული/ნახევრადქლორირებული ბიფენილები [გამოიყენება გასაგრილებელ სითხეებში, ელექტროტექნიკის წარმოებაში და ასე შემდეგ]
-
პესტიციდები [გამოიყენება სოფლის მეურნეობაში]
-
ფენოლები [გამოიყენება მედიკამენტების წარმოებაში]
-
ფიტოესტროგენები [მცენარეული ესტროგენები]
-
ფტალატები [გამოიყენება პლასტმასის პროდუქტებში, მათ შორის სათამაშოებში]
ლაბორატორიაში ამ ნივთიერებათა კონცენტრაცია სხვადასხვა ტიპის სპექტრომეტრული ანალიზის შედეგად დადგინდა. შემდეგ ეტაპზე ენდოკრინულ დამრღვევთა კონცენტრაცია მენოპაუზის ასაკს დაუკავშირდა, რათა მათ შორის არსებული შესაძლო კავშირები სტატისტიკურად გადამოწმებულიყო.
შედეგები
გამოკვლეულ ნივთიერებათა შორის 15-ს მენოპაუზის ასაკზე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა აღმოაჩნდა. მათ შორის 9 პოლიქლორირებული ბიფენილია [PCB - 74, 99, 105, 118, 138, 153, 156, 170, 183] მათთან შეხება მენოპაუზის ასაკის 1-დან 2-წლამდე შემცირებას დაუკავშირდა.
სამ სხვადასხვა პესტიციდთან [p,p’ - DDE, Mirex, ბეტა-ჰექსაქლოროციკლოჰექსანი] შეხება მენოპაუზის ასაკის ერთ წლამდე შემცირებას დაუკავშირდა. მსგავსი ეფექტი აღმოჩნდა ერთერთ დიოქსინსაც [ერთ-ერთ ბენზოფურანს].
დადასტურდა ორი სხვადასხვა ფტალატის გავლენა მენოპაუზაზეც. მათთან შეხება, საშუალოდ, მენოპაუზას 3 თვით დაჩქარებას დაუკავშირდა.
ენდოკრინული დამრღვევების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია მენოპაუზის 4 წლამდე (3.8) დაჩქარებას დაუკავშირდა.
განხილვა
ამერიკელი ქალების წარმომადგენლობითი ჯგუფის მონაცემებზე დაყრდნობით, ეს კვლევა მდგრად ენდოკრინულ დამრღვევებსა და მენოპაუზის ასაკს შორის კლინიკურად მნიშვნელოვანი კავშირის არსებობას ადასტურებს.
9 პოლიქლორირებული ბიფენილი, სამი პესტიციდი, ერთი ფურანი და ორი ფტალატი ადრეულ მენოპაუზასთან აღმოჩნდა ასოცირებული.
15-დან 9 ენდოკრინულ დამრღვევს დოზა-ეფექტის დამადასტურებელი ეფექტიც აღმოაჩნდა, რაც ნიშნავს, რომ ამ ქიმიურ ნივთიერებებთან შეხებას ოვარიალური ჯანმრთელობისთვის მზარდი ზიანის მიყენება შეუძლია.
ეს 15 ქიმიური ნივთიერება მენოპაუზას 1.9-დან 3.8 წლით აჩქარებს, რაც იმაზე დიდი ეფექტია, რაც თამბაქოს მოხმარებას აქვს. მოწევა მენოპაუზას 0.8 და 1.4 წლამდე აჩქარებს.
აქ განხილულ ნივთიერებათა ნაწილი შეიძლება აღარც იწარმოებოდეს, მაგრამ რადგან ისინი გარემოში დიდხანს რჩება, მათთან შეხება სავარაუდოდ მომავალი წლების განმავლობაში ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებას განაგრძობს. ამასთან, განხილული ნივთიერებების ნაწილი ზოგიერთ ქვეყანაში მკაცრ კონტროლსა და შეზღუდვებს ექვემდებარება, თუმცა მათი დიდი ნაწილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღემდე გამოიყენება.
შესაძლებელია ენდოკრინულ დამრღვევებთან ხანგრძლივი შეხება ფოლიკულარულ ქსოვილებს აზიანებდეს, რაც, დროთა განმავლობაში, ადრეულ მენოპაუზას გამოიწვევდა. ასეთ შემთხვევაში ეს ნივთიერებები შესაძლოა მენოპაუზის დადგომამდე უნაყოფობის რისკსაც ზრდიდნენ. ერთმა კვლევამ დაასტურა კიდეც, რომ გარკვეულ პოლიფლორირებულ ბიფენილებთან შეხება ნაყოფიანობის ალბათობას 20%-ით ამცირებს. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დამატებითი კვლევებია ჩასატარებელი.
შესაძლებელია ისიც, რომ ენდოკრინული დამრღვევები ფოლიკულარული მარაგების შემცირებას იწვევენ, რაც საკვერცხის უკმარისობას აყალიბებს. ამ მექანიზმს ადასტურებს კვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ გოგონები, ვინც ინდუსტრიულად განვითარებულ რეგიონებში ცხოვრობდნენ, სადაც პოლიქლორირებულ ბიფენილებთან შეხება ჰქონდათ, სექსუალური სიმწიფის უფრო ადრე აღწევდნენ ვიდრე ისინი, ვინც ინდუსტრიულად ნაკლებად დაბინძურებულ გარემოში იზრდებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევაში გამოვლენილი გავლენის გამომწვევი ზუსტი მექანიზმების დადგენა ვერ ხერხდება, როგორც ჩანს, აქ განხილულ ნივთიერებებს შორის ყველაზე დიდი საფრთხე პოლიქლორირებული ბიფენილებს უკავშირდება.
ბიფენილების ნაწილი ესტროგენულად ინერტულია, ნაწილი კი [მეტად ქლორირებული ბიფენილები] ესტროგენულ რეცეპტორებთან რეაქციაში უფრო ადვილად შედის. თითოეული ნახსენები ნივთიერება, სავარაუდოდ, ზიანს განხვავებული ფიზიოლიგიური და ქიმიური პროცესების შედეგად იწვევს.
ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ნივთიერებასთან ასოცირებული ზიანის მექანიზმი ცალკე ყურადღებას იმსახურებს.
♦ სტატია Persistent Organic Pollutants and Early Menopause in the U.S. Women თარგმნა გიორგი ცინცაძემ. გიორგი ცინცაძე არის ჩიკაგოს უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მეცნიერებების მაგისტრი
♦ სტატიის თარგმანი ნაწილია კაქტუს-მედიის პროექტისა "ჰაერის დაბინძურება და ქალთა ავადობები," რომელიც "ქალთა ფონდი საქართველოში/Women's Fund in Georgia" მხარდაჭერით ხორციელდება და რომელიც გარემოს დაბინძურებასა და ქალთა ავადობების გავრცელებას შორის კავშირს სწავლობს.